მთავარი » ქრისტიანობა

დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.08.2017 | 3,756 ნახვა

13 აგვისტოს დირბის ღვთისმშობლის დღესასწაულია.

დირბის მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი, ღვთისმშობლის განსაკუთრებული უიშვიათესი მე-14 საუკუნის გამოსახულება, უპირველეს ყოვლისა, უშვილოთა და ორსულთა შემწედ ითვლება, იგი მრავალი სასწაულით განდიდდა და სწორედ ამიტომ, დირბის ღვთისმშობელი ის მრავალ მორწმუნე მართლმადიდებელში აღძრავს რწმენასა და სასოებას. შვილიერების მოსურნე ადამიანები და ორსულები უწყვეტად მოედინებიან მასთან და ყოველთა დედას გულმხურვალედ ევედრებიან შეწევნასა და მფარველობას.

მრავალი მათგანი უდიდესი მადლიერებით ბრუნდება უკან.

მონასტერში დაცულია რამდენიმე ასეული ადამიანის ჩანაწერი, რომლებიც შვილიერების სასწაულს, უსაფრთხო ორსულობასა და მშობიარობას სწორედ დირბის ღვთისმშობელს უკავშირებენ.

სწორედ ამ საყოველთაო სახალხო სიყვარულის გამოხატულებაა ის, რომ მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა – კურთხევით დაწესდა დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული – 13 აგვისტო.

წელსაც ეს დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნება დირბის დედათა მონასტერში (ქარელის რაიონი, სოფელი დირბი) აღესრულება საზეიმო წირვა 09:00 საათზე. ამ დღეს მონასტერში გასაკუთებული საზეიმო განწყობა და ხალხმრავლობაა. უამრავი მორწმუნე მოედინება მონასტრისაკენ დირბის ღვთისმშობლის თაყვანისსაცემად, მოჰყავთ ბაშვები, ეზიარებიან, იმართება ნათლობები, გადაიხდება დირბის ღვთისმშობლის პარაკლისები და აღევლინება დაუჯდომელები.

იმართება მონასტერში შესრულებული ფერწერული ნამუშევრებისა და დეკორატიული სანთლების გამოფენა – გაყიდვა.

იღუმენია ნატალია (ხახუტაიშვილი) – დირბის დედათა მონასტრის წინამძღვარი:

„13 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების მარხვის აღებას, აღინიშნება დირბის ღვთისმშობლის დღესასწაული. აღსანიშნავია, რომ თავად ჩვენი ტაძრის მთავარი ტრაპეზი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და, ალბათ, განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს დირბის ღვთისმშობლის ხსენების დაწესებას, სწორედ ღვთისმშობლის მიძინების მარხვის აღებისას – 13 აგვისტოს – მარიამობისთვეს.
ასევე, ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ტაძრის მეორე წმინდა ტრაპეზი წმინდა ბარბარეს სახელობისაა, რომელიც ბავშვების მფარველად ითვლება.

მონასტრის ყოველდღიური მსახურება, სწორედ დირბის ღვთისმშობლის განდიდებას ემსახურება. მონასტრის ყოველდღიურ ტიპიკონში დღის 3 საათზე მუდმივად აღევლინება დირბის ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, რომელსაც მრავალი უშვილო და ორსული ესწრება. მაგრამ, წელიწადში ერთხელ, მისი განსაკუთრებული დღესასწაულის დაწესებას, მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ეს არის დღე დირბის ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და მადლიერებისა.

დირბის ღვთისმშობლის ხსენების დღესასწაული მონასტრისათვის განსაკუთრებულად სასიხარულოა. მომლოცველები ჩამოდიან საქართველოს ყველა კუთხიდან. საზეიმო წირვა, პარაკლისებისა და დაუჯდომელების აღვლენა, თითქმის უწყვეტი ლოცვა-ვედრება, ნათლობები – ამ დღეს საზეიმო და ამასთანავე, მნიშვნელოვან სულიერ დატვირთვას ანიჭებს.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე წელია იმდენად იმრავლა სასწაულებმა და ხალხის ნაკადმა, რომ დირბის ღვთისმშობლის დიდება გასცდა საქართველოს ფარგლებს. დირბის ღვთისმშობლის ხსენების დღეს შარშან რუსეთიდან სპეციალურიად ჩამოვიდა ორი სასულიერო პირი.

ხშირია შემთხვევა, როცა ლოცვითი თანადგომისა და დახმარებისთვის მოგვმართავენ ადამიანები უცხოეთიდან, როგორც ქართველი ემიგრანტები, ისე არაქართველი მართლმადიდებლები. დირბის ღვთისმშობლის ხატებს, პარაკლისებსა და დაუჯდომელებს, სარტყელებს აგზავნიან საზღვარგარეთაც. საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე არაერთი სასწაული აღსრულებულა დირბის ღვთისმშობლის მეოხებით, არაერთხელ მოუმართავთ საფრანგეთიდან, გერმანიდან. ეს ადამიანები საქართველოში ჩამოსვლისას არ ივიწყებენ მონასტრის მოლოცვასაც და თავისი პატარები მოჰყავთ დედაღვთისმშობელთან, მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად. საწაულები აღსრულებულა არა მარტო ქართველებზე. ჩვენთვის ცნობილია უშვილო წყვილები – მოსკოვიდან, ალმაატიდან.

მონასტერში მოდიან ასევე უცხოელი ტურისტები და მომლოცველები. საოცარია და აღსანიშნავია ისიც, რომ დირბის ღვთისმშობელი რწმენასა და სასოებას აღუძრავს სხვა რელიგიური მრწამსის მიმდევრებსაც, რომლებიც შვილიერების თხოვნით მოდიან მასთან – მონასტერი, რა თქმა უნდა, უარს არ ეუბნება მოლოცვაზე, ამასთან, ჩვენ მათ ვუხსნით მართლმადიდებლური ნათლობისა და მრწამსის მნიშვნელობას სულის ცხონების საქმეში და სურვილის შემთხვევაში აღვუთქვამთ თანადგომასა და დახმარებას.

დირბის მონასტრმა შესწირა დირბის ღვთისმშობლის ხატი რამდენიმე უცხოეთში არსებულ ტაძარს მაგალითად – ამერიკაში, ალმა-ატაში, რათა იქაურ მართლმადიდებლებსაც მისცემოდათ მისი მოლოცვის საშუალება“.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.