მთავარი » ქრისტიანობა

წმინდა დიონისე არეოპაგელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.09.2017 | 320 ნახვა

წმინდა დიონისე არეოპაგელი წმინდა დიონისე არეოპაგელი ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის დასაწყისში, ათენში, წარჩინებულთა ოჯახში დაიბადა. მან შესანიშნავი ელინური განათლება მიიღო და შემდგომში სასწავლებლად ეგვიპტეში გაემგზავრა. ჭაბუკი დიონისე თავის მეგობარ აპოლოფონთან ერთად შეესწრო მზის დაბნელებას იესო ქრისტეს ჯვარცმის დროს და უთქვამს: „ახლა ან უფალი, მთელი სამყაროს შემოქმედი იტანჯება, ან ხილული სამყარო ასრულებს არსებობას“. ათენში დაბრუნებული დიონისე ათენის უზენაესი სამსჯავროს, არეოპაგიის, წევრად აირჩიეს. როცა არეოპაგიის წინაშე წარმდგარმა პავლე მოციქულმა წარმართებს „უცნაური ღმერთის“ განკაცება ახარა და ქრისტანული სწავლება უქადაგა, დიონისემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე გახდა. სამი წლის განმავლობაში იგი მოძღვართან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, შემდეგ კი მას მოციქულმა ათენის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ეკლესიის ისტორიის მამად წოდებული ევსები კესარიელი წმინდა დიონისეს იხსენიებს როგორც ათენის პირველ ეპისკოპოსს. წმინდა დიონისეს განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რაც ნათლად ჩანს პავლე მოციქულისადმი გაგზავნილ მის წერილში: „ღმერთია მოწამე, მთელს სამყაროში სხვა არაფერია ღვთაებრივი ძალითა და მადლით ამდენად აღვსილი.

ადამიანური გონება ვერ გაიაზრებს იმას რაც ვნახე. უფლის წინაშე ვაღიარებ: როცა მე იოანესთან ერთად, რომელიც ისე ბრწყინავს მოციქულებში, როგორც მზე – ცის კაბადონზე, ყოვლადწმიდა ქალწულთან წარმადგინეს, ენით აღუწერელი რამ განვიცადე. ჩემს წინ რაღაც ღვთაებრივი ნათელი გაბრწყინდა. მან გააცისკროვნა ჩემი სული. ვგრძნობდი საოცარ კეთილსურნელებას და იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული, რომ არც ჩემს უძლურ სხეულს და არც სულს არ შეეძლო დაეტია მარადიული ნეტარება, ზეციური ნიშნები და საწყისები. კარგად რომ არ მხსომებოდა შენი დარიგებები, მე მას თავად ჭეშმარიტ ღმერთად ჩავთვლიდი. შეუძლებელია წარმოიდგინო იმაზე დიდი ნეტარება, რომელიც მე მაშინ განვიცადე“. დიონისე არეოპაგელი ხედავდა პავლე მოციქულის ღვაწლს, სათანადოდ აცნობიერებდა მის მნიშვნელობას და ცდილობდა თვითონაც მიებაძა მოძღვრისათვის. როდესაც მოციქული პავლე რომში მოწამეობრივად აღესრულა, საღვთო შურით აღვსილი დიონისე პრესვიტერ რუსტიკუსთან და დიაკონ ელეფთერიოსთან ერთად წარმართულ გალიაში(დღევანდელ საფრანგეთში) გაემგზავრა ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად. წმინდა მღვდელმთავრის ღვაწლით მრავალი წარმართი მოინათლა და ეზიარა მაცხონებელ რელიგიას. ქრ.შ.დან 96 წელს, იმპერატორ დომიციანეს მმართველობისას, წმინდა დიონისესა და მის ორ თანამოღვაწეს ქრისტიანობის ქადაგების გამო თავი მოჰკვეთეს. მისი წმინდა ცხედარი დღევანდელი პარიზის ტერიტორიაზე კეთილმსახურმა ქალმა კატულამ დაკრძალა. წმინდა დიონისე არეოპაგელი დაუღალავად იღვწოდა თანამედროვეთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის. მისი საღვთისმეტყველო ნაშრომები: „საღმრთოთა სახელთათვის“, „ზეცათა მღვდელმთავრობისათვის“, „საეკლესიოისა მღვდელმთავრობისათვის“, „საიდუმლო ღვთისმეტყველებისათვის“ და ათი ეპისტოლე, – საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდა და განამტკიცებს ქრისტიანებს და დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული აზროვნებისთვის. ხსენებული თხზულებები XI ს. მეორე ნახევარში ქართულ ენაზე თარგმნა წმიდა ეფრემ მცირემ.

წყარო: http://patriarchate.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.