მთავარი » ქრისტიანობა

დილის ლოცვათა განმარტებანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.07.2022 | 267 ნახვა

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ“ – ამ სიტყვებით ვადასტურებთ ჩვენს რწმენას ერთი სამპიროვანი ღმერთისადმი.

მეზვერის ლოცვა – „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18,9-14). განგვაწყობს საკუთარ ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე წუხილისათვის. შევიმეცნებთ ჩვენს ცოდვებს და დახმარებისათვის მივმართავთ მათ, ვისი ლოცვებიც, როგორც ნათელი სხივი, ადის ღმერთთან. სწორედ ამას ნიშნავს დასაწყისი ლოცვა, რომელშიც ვთხოვთ ღმერთს მოწყალებას წმინდა მამათა შუამდგომლობით.

წმინდა ბასილი დიდი (330-379) განასხვავებს ლოცვის ოთხ სახეს: სადიდებელი, სამადლობელი, სინანულისა და თხოვნითი. წმინდანთა მაგალითისამებრ ლოცვით კანონს ვიწყებთ წმინდა სამების დიდებით და მაშინვე აღვავლენთ ლოცვას სულიწმიდისადმი – რათა თავისი მადლით შეგვეწიოს და აკურთხოს ჩვენი ლოცვა. „ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩვენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩვენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა“ (რომ. 8,26), – ამბობს პავლე მოციქული.

სამწინდის კითხვისასაც შეწყალებას ვითხოვთ წმინდა სამებისაგან. ამ ლოცვას შემდეგი ისტორია აქვს: საბერძნეთში V საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ძლიერი მიწისძვრა. ხალხი ღმერთს ევედრებოდა ხსნას. ერთმა ყმაწვილმა ხილვის დროს მოისმინა ანგელოზების გალობა – „წმიდაო ღმერთო, წმიდა ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. მან ხალხს აუწყა მოსმენილის შესახებ. ყმაწვილთან ერთად ყველამ დაიწყო ანგელოზთა გალობის გამეორება და დაუმატეს მას სიტყვები: „შეგვიწყალენ ჩვენ“. მიწისძვრა შეწყდა.

მოკლე სადიდებელი ჰიმნი წმინდა სამებისადმი – „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“, შედგენილია ანტიოქიელი პატრიარქების მელენტისა და ფლაბიანეს (IV ს.) მიერ, წმინდა სამების სამი პირის თანასწორობის დოგმატის განსამტკიცებლად.

ლოცვა წმიდა სამებისადმი ხსნის წმიდა სამების თითოეული პირის მონაწილეობას ადამიანის გადარჩენის საქმეში. სიტყვებით „უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან“ – მიმართავენ მამა ღმერთს, რომელიც ძის სისხლით განგვწმენდს ცოდვათაგან; „მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი“, – ძე ღმერთს, რომელსაც აქვს ძალაუფლება განათავისუფლოს ცოდვებისაგან ჩვენი სულები; „წმიდაო, მოიხილენ და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი“, – სულიწმიდა ღმერთს, რომელიც მოდის ჩვენთან და განგვკურნავს სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან.

წმიდა სამების სახელით სამჯერ წარმოვთქვამთ მოკლე ლოცვას: „უფალო, შეგვიწყალენ“.

სხვა ლოცვებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საუფლო ლოცვას „მამაო ჩვენო“. იგი, როგორც ლოცვის ნიმუში, მოგვცა მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ (მთ. 6,9-13 და ლუკა 11,2-4). ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ ლოცვაში ხედავდნენ „მთელ სახარებას შემოკლებით“ და გაოცებულნი იყვნენ მისი უბრალოებით და სიღრმით.

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი (VI-VII სს.) ყველაზე უფრო შემჭიდროებული ფორმით განსაზღვრავს ამ ლოცვას, როგორც „ღვთისმეტყველებას“ (მთ. 6,9-10), უფლის მოწყალებით ადამიანთა ღვთის შვილებად (მუხ.9), ანგელოზების თანაბარ პატივში ყოფნას (მუხ.10), საუკუნო ცხოვრებასთან ზიარებას (მუხ.11), ადამიანური ბუნების აღდგენას მის პირველყოფილ უცოდველ მდგომარეობაში (მუხ.12), დაგმობას ცოდვისა (მუხ.12-13) და ბოროტებისა (მუხ.13).

თითქოს „ადამიანთა ანგელოზებრივ პატივში ყოფნაზე“ მიუთითებენ წმ. სამების ტროპარები, რომლებიც „მამაო ჩვენოს“ შემდგომ იკითხება, მათში ანგელოზთა საგალობლით ვადიდებთ უფალს. ამ საგალობელზე ამბობს ესაია წინასწარმეტყველი: „ვიხილე უფალი მჯდომარე საყდარსა ზედა მაღალსა და აღმატებულსა. და სავსე იყო სახლი დიდებითა მისითა. და სერაფიმნი დგეს გარემოჲს მისსა, ექუსნი ფრთენი ერთსა, და ექუსნი ფრთენი ერთსა და ორითა უკუე დაიბურვიდეს პირსა, ხოლო ორითა დაიბურვიდეს ფერჴთა და ორითა ფრინვიდეს. და ღაღადებდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ და იტყოდეს: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა!“ (ესაია 6,1-3).

ეს სიტყვები შევიდა ევქარისტიულ კანონშიც და იკითხება საღმრთო ლიტურგიაზე წმიდა ძღვენის გარდაქმნის წინ.

ვკადნიერდებით ანგელოზთა საგალობელის წარმოთქმით, მაგრამ ამავე დროს ვაცნობიერებთ ჩვენს უღირსებას, ამიტომაც კიდევ და კიდევ გამოვითხოვთ შეწყალებას ადამიანთა მოდგმის ქომაგის, ღვთისმშობლის მეოხებით.

ლოცვით „უფალო, შეგვიწყალენ“ ვამზადებთ სულიერ და ხორციელ ძალებს, მთელს ჩვენს გონებას, გულს და ნებას ღვთის თაყვანსაცემად და ვთხოვთ უფალ იესო ქრისტეს, იმეფოს ჩვენზე.

შემდეგ ლოცვაში ვმადლობთ წმიდა სამებას, რომელმაც მოგვმადლა კიდევ ერთი დღე ჩვენი ცხოვრებისა და ვთხოვთ, მისი წყალობით ამ დღეს ვაკეთოთ ყოველივე მისი სახელის სადიდებლად.

„მოვედით, თაყვანის-ვსცეთ…“ ამ შევრდომას უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესადმი ვასრულებთ მეტანიებით.

50-ე ფსალმუნი დაწერილია მეფისა და წინასწარმეტყველის დავითის მიერ, მისი ცოდვით დაცემის შემდეგ (იხ. 2 მეფ. 11,12). ამ ფსალმუნში იგი ღრმა, გულწრფელ სინანულს გამოხატავს.

ამ ფსალმუნიდან ეკლესიამ გამოყო ორი ტაეპი: „გული წმიდაჲ დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“. ამ სიტყვებს წარმოთქვამს მღვდელი საღმრთო ლიტურგიაზე წმიდა ძღვენის გარდაქმნის წინ. ამ ლოცვებს წარმოთქვამენ მორწმუნეები დიდი მარხვის დროს მესამე ჟამნის ტროპარში და ითხოვენ ლოცვათა მიტევებას და სულის სიწმინდეს. ეს სიტყვები შეადგენენ წმიდა ზიარების კანონის საფუძველს. ისინი შეიძლება წარმოვთქვათ დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს.

სიმბოლო სარწმუნოებისა – „მრწამსი“ არ არის ლოცვა, მაგრამ შესულია დილის ლოცვებში მართლმადიდებლური ცნობიერები სუფთად შენახვისათვის, ქრისტიანის პირადი რწმენის, როგორც ჭეშმარიტების, აღიარებისათვის, რომელსაც დოგმატი ჰქვია. სარწმუნოების სიმბოლო შედგენილია პირველი (325 წ.) და მეორე (381 წ.) მსოფლიო კრებების მიერ.

ორი შემდეგი ლოცვა უფლისადმი ეკუთვნის ეგვიპტელ მოღვაწეს – ღირს მაკარი დიდს (IV ს.). ცოტათი მაინც თუ ჩავწვდებით მის ღვთიურ სიბრძნეს, ლოცვით შევთხოვთ კაცთმოყვარე მაცხოვარს, „გამოაბრწყინვოს გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი ნათელი“ და ღირს გვყოს ზეციური სასუფევლისა.

შემდეგი ლოცვა შედგენილია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი მოღვაწის ბასილი დიდის მიერ. ეს ლოცვა გვახსენებს ყოვლისმპყრობელი უფლის სიდიადეს, რომელმაც უწყის ჩვენი ნებსითი და უნებლიე ცოდვები. იგი მოგვიწოდებს სინანულისაკენ. ვთხოვთ უფალს, განგვათავისუფლოს სიზარმაცისაგან – ამ მუდმივი შინაგანი მტრისაგან – და გადაარჩინოს ჩვენი სულები.

ლოცვა ჩვენი სულისა და ხორცის მცველი მფარველი ანგელოზისადმი გვეუბნება, რომ ღვთის ნების გამოცხადებას, ჩვენში ღვთისთვის სათნო წმიდა კეთილი აზრების გამღვიძებლის, მფარველი ანგელოზისაგან ვიღებთ. იგი ღვთის წინაშე არის მოწმე იმისა, თუ როგორ მიიღო ადამიანმა ღვთის გამოცხადება და რამდენად გაუღო გული უფლის მოწოდებას ღვთის მცნებების, სულიერი ცხოვრების ამ ურყევი კანონების, შესრულების შესახებ. ქრისტიანს უნდა ახსოვდეს თავისი მფარველი ანგელოზი, ლოცვით სთხოვდეს შუამდგომლობას ღვთის წინაშე, რათა მიიღოს და შეინარჩუნოს კეთილი საქმეების საკეთებლად საჭირო ძალა და მადლი, ითხოვოს შენდობა მისი შეურაცხმყოფელი ყველა ცოდვისათვის.

მთავარანგელოზის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მოკითხვა (ლკ. 1,28) ყოველდღიურად აგვავსებს სიხარულით და გვამცნობს რომ ეს დღე – ხარება – არის „საწყისი ჩვენი გადარჩენისა“.

მფარველი ანგელოზის გარდა „მაქუს გარემოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ“ (ებრ. 12,1) – წმინდანთა, რომელთაც აქვთ ჩვენთვის ლოცვის კადნიერება ღვთის წინაშე. მათგან ყველაზე მახლობელი ჩვენთვის არის წმინდანი, რომლის სახელიც მონიჭებული გვაქვს ნათლობის დღიდან. მისი ტროპარი დღეში ერთხელ მაინც უნდა წავიკითხოთ და, რა თქმა უნდა, ზეპირად უნდა ვიცოდეთ.

ჯვრის ტროპარი გვახსენებს მაცხოვრის მიერ, ჯვარზე გაკვრით, ჩვენს გამოსყიდვას და გვაძლევს ძალას და მადლს ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი. ტროპარის სიტყვები მორწმუნეებს გულში ჩაგვინერგავს ღვთის მოწყალების იმედს, რომელსაც ჩვენი ლოცვებით მოიღებს ღმერთი ჩვენს სამშობლოზე და მართლმადიდებელ ქრისტიანებზე.

ქრისტიანი ლოცულობს წმიდა მსოფლიო საყოველთაო, სამოციქულო ეკლესიაზე, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, სამშობლოზე, მის მთავრობასა და მხედრობაზე, სულიერ მამაზე, თავის მშობლებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, სულიერ ძმებსა და დებზე, უბედურებაში მყოფებზე, თავის მოძულეებსა და მაჭირვებლებზე და სთხოვს ღმერთს მათთვის დახმარებასა და მათ დაცვას.

აგრეთვე ვლოცულობთ ჩვენგან წასულ იერარქებზე, ღვთის მსახურებზე, მონაზვნებსა და საერო ხალხზე, ვითხოვთ მათთვის ცოდვების მიტევებას და სასუფევლის დამკვიდრებას.

ამ ლოცვებით ქრისტიანები განიმტკიცებენ ურთიერთსიყვარულს, სულიერ კავშირს და ეხმარებიან ერთმანეთს სულის გადარჩენაში.

თარგმნა დავით ქერაშვილმა
წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი