მთავარი » ქრისტიანობა

დიდმარხვის პირველი შვიდეული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.02.2010 | 3,768 ნახვა

მრევლიმარხვის სწორად წარმართვა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარებს ქრისტიანი დიდმარხვის პირველ კვირას. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ნაწყვეტი აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავლიდან”, სადაც აღწერილია როგორ ამარხულებდნენ ბავშვებს:

“უმთავრესი ყურადღება ჩვენი წირვა-ლოცვაზე და მარხვაზე იყო მიქცეული, სამწუხარო დრო ჩვენთვის დიდმარხვა იყო: მთელი დღე საღამომდის, სანამ ლოცვა არ გამოვიდოდა, წყლის მეტს არაფერს მიგვაკარებდნენ; საღამოსაც მარტო ხმელ პურს გვაძლევდნენ. არათუ შეჭამადი რამე, ღვინო, მარილი და ზეთიც კი აკრძალული გვქონდა…”

ჩვენი წინაპრების მიბაძვის სურვილი ყველა ჩვენგანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არც ზომიერების გრძნობამ უნდა გვიღალატოს. დღეს ბევრი ჩვენგანი ცდილობს გაიმეოროს მათი ღვაწლი. ღმერთმა შეგვაძლებინოს! უთუოდ, ჩვენს შორისაც არიან ამის შემძლებელნი, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ეს სურვილი ზედაპირული და ცალმხრივია. ძველი ქრისტიანების მარხვის ასეთი სიმკაცრე მათ შინაგან სულიერ მდგომარეობას შეესაბამებოდა. ჩვენ კი არათუ პირველ ქრისტიანებზე, არამედ ასი წლის წინ მცხოვრებ ჩვენს პაპებზეც კი ბევრად უძლურნი ვართ; მათი ოდენ ზედაპირული მიბაძვა ჩვენს შინაგან და გარეგან მდგომარეობებს შორის დარღვევას იწვევს, რასაც ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. საგულისხმოა, რომ თვით აკაკიც ზემოთმოყვანილ ნაწყვეტში ასეთ მომეტებულ სიმკაცრეს შეცდომად მიიჩნევს.

ასე რომ, თუ, ერთი მხრივ, მარხვისადმი გულგრილობაა დაუშვებელი, მეორე მხრივ, ზედმეტმა სიმკაცრემ სხვა, ვინ იცის, იქნებ უფრო მძიმე განსაცდელი მოგვიმზადოს. ამიტომ ქრისტიანმა ზომიერად უნდა ილოცოს, ზომიერად უნდა იმარხულოს და თუ ცხოვრების წესის გამკაცრება სურს, მოძღვარს უნდა დაეკითხოს.

ეკლესიური წესით მცხოვრები დღევანდელი ჩვენი ქრისტიანებიდან ვისაც შეუძლია, დიდმარხვის პირველ კვირაში ჭამს დღეში ორჯერ უზეთო საჭმელს, ხოლო ვისაც ეს უჭირს – ზეთიანს და დღეში სამჯერ; თუ შეძლებს ასეთმა ადამიანმა სასურველია ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც შეიკავოს თავი ზეთისაგან.

რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით ვკითხულობთ წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს “უფალო და მეუფეო…” ოთხი სრული მეტანიით (ტაძარში ეს ლოცვა სრულდება 16 მეტანიით. ამასთან 16-დან 12 არის მცირე მეტანია).

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II რჩევითა და ლოცვა-კურთხევით ვინც მარხვას ინახავს, სასურველია, მარხვის პერიოდში ყოველ კვირას ეზიაროს. ამისთვის საჭიროა დავესწროთ ლოცვას შაბათ საღამოს, ვთქვათ აღსარება, წავიკითხოთ ზიარების ლოცვები და კვირის წირვაზე უზმოდ მივიდეთ; ე.ი. თუ სხვა დროს ზიარების წინ საჭიროა რამოდენიმე დღე მარხვის შენახვა, ახლა ეს პირობა თავისთავად სრულდება, რაც გარკვეულწილად აიოლებს ზიარებისათვის მომზადებას. მეორე მხრივ, თუ ხსნილში წირვა შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს, მარხვაში ეს შესაძლებელია მხოლოდ შაბათსა და კვირას. გარდა ამისა, მათთვის, ვინც შაბათს ან კვირას ვერ ეზიარა, ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება ეგრეთწოდებული წირვა პირველშეწირულთა ძღვენთა, როდესაც მორწმუნეთა ზიარება ხდება შაბათის ან კვირის წირვიდან გადანახული წმიდა ნაწილებით.
მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი დიდმარხვისა, აგრეთვე “ხორციელის” შაბათი ანუ “კორკოტობა” არის მიცვალებულთა მოხსენიების დღეები; ეკლესიებში გაშლილია მაგიდები საკურთხისათვის და წირვის შემდეგ სრულდება საზოგადო პანაშვიდი.

უკანასკნელი დღე მკაცრი მარხვისა პირველ კვირაში არის პარასკევი. შაბათს და კვირას მკაცრი მარხვა აღარ შეიძლება. ამ ორ დღეს დასაშვებია ზეთისა და ცოტაოდენი ღვინის მიღებაც.

როგორ უნდა მოიქცეს მორწმუნე, თუ რაიმე მიზეზით მარხვის შენახვა არ შეუძლია

ხანდახან ხდება, რომ ადამიანს მარხვის შენახვა უჭირს: ან ძალიან დასუსტებულია, ან ხნიერია, ან ავადაა და ექიმმა სპეციალური დიეტა დაუნიშნა. ასეთ შემთხვევაში არასამარხო პროდუქტის მიღება მარხვის დარღვევად არ ჩაითვლება, თუ მორწმუნე აიღებს ლოცვა-კურთხევას, რომელსაც იძლევა ან მღვდელმთავარი, ან მღვდელი. ამ ლოცვა-კურთხევის ძალით მორწმუნემ შეიძლება მიიღოს რძის ნაწარმი და ხორციც კი, თუ ეს აუცილებელია.

მარხვის შენახვა არაა სავალდებულო აგრეთვე ბავშვებისთვის 12 წლის ასაკამდე. თუ მშობლებს მაინც უნდათ ბავშვი თავიდანვე შეაჩვიონ მარხვას, ვურჩევთ ასე განსაჯონ: ბავშვისათვის ყოველდღიურად ხორცის მიღება არათუ სავალდებულო არ არის, არამედ მავნებელიცაა. ამიტომ მისი რეჟიმი ისე უნდა განვსაზღვროთ, რომ ხორცისაგან განტვირთვის დღეები იყოს ოთხშაბათი და პარასკევი.

როგორც აღვნიშნეთ, დიდი წმიდა მარხვა ყველა სხვა მარხვაზე საძნელოა, მაგრამ შემწეობაც გვეძლევა უფლისაგან.
ღმერთმა მოგვცეს მადლი, გულისხმისყოფა და სულიერი თუ ფიზიკური ძალები, რათა ყოველმა ჩვენგანმა – სრულიად საქართველომ ერთიანი მარხვითა და ლოცვით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმიდა. ამინ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი