მთავარი » ქრისტიანობა

დიდი მარხვა – ზეიმი სულისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.02.2017 ერთი კომენტარი | 4,808 ნახვა

ერთხელ უფალთან ეშმაკეული მიიყვანეს და შესჩივლეს, რა არ ვიღონეთ, სად არ მივიყვანეთ, არაფერი გამოგვდის, შენმა მოწაფეებმაც ვერაფერი მოუხერხეს და იქნებ შენ გვიშველო რამეო.

უფალმა გულისტკივილით ამოიოხრა და განკურნა ეშმაკეული. როცა მოწაფეები შეეკითხნენ, ჩვენ რატომ ვერ შევძელითო მისი განკურნება, უპასუხა:

– ურწმუნოებისა თქვენისათვის. ამინ გეტყვი თქვენ, მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას აქედან იქით გადადიო – გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

– ეს უკეთური მოდგმა კი მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება – დაამატა მან და ამით მოგვცა ადამიანებს ბოროტ ძალებთან საბრძოლველი იარაღი.

ტაძარი

ლოცვითა და მარხვით ადამიანი ათავისუფლებს სულს ამქვეყნიური საზრუნავისაგან, ამაო ფუსფუსისაგან, ცოდვის მორევისაგან. იგი ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს.

წმიდა დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს:

– კაცი პატივსა შინა იყო და არა გულის-ხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

რა პატივი ხვდა წილად ადამიანს და რა არ გულის-ხმა-ჰყო?

პასუხი აქვეა, დავითის სიტყვების მეორე ნაწილში.

– ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მას.

დიახ! უგუნურებით მიჰბაძა პირუტყვს და დაემსგავსა მას.

ესე იგი გონიერება ყოფილა დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა უბოძა ადამიანს და ამით განასხვავა იგი ყოველი სხვა ქმნილებისაგან, სწორედ გონებით აამაღლა იგი, შექმნა რა თავის ხატად და მსგავსად.

პირუტყვის ქცევები რითაა განპირობებული?

მხოლოდ და მხოლოდ ხორციელი სურვილებით. სწყურია – უნდა დალიოს, შია – უნდა ჭამოს, ეძინება – უნდა დაიძინოს, სირბილი უნდა – დარბის. მას არც სირცხვილი გააჩნია – ყველაფერს ბუნებრივად აღასრულებს, არაფერია მისთვის მოსარიდებელი.

ადამიანიც ასევე იქცევა, როცა იგი მხოლოდ თავისი სურვილებით მოქმედებს. ამით იგი უგუნურ პირუტყვს ბაძავს და ემსგავსება კიდეც მას.

გონიერება ადამიანისთვის წყალობაა ღვთისა. წმიდა პავლე მოციქული ამბობს:

– ყველაფერი შესაძლებელია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.

უფალმა გონება იმისთვის გვიბოძა, რომ გავარჩიოთ კეთილი ბოროტისაგან და კეთილი ავირჩიოთ. ვინც ბოროტებას ირჩევს, იგი ქურდია და ავაზაკი, რადგან მიითვისა ღვთისაგან ბოძებული ნიჭი და უკეთური მიზნებისთვის გამოიყენა.

კვლავ წმიდა პავლე მოციქულს მოვუხმოთ:

მოციქულის სწავლება

რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, ხორციელზე ფიქრობენ, ხოლო რომელნიც სულიერად არიან – სულიერზე. რადგან ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა.

ხორციელი ფიქრები – ღვთის მტრობაა, რამეთუ არ ემორჩილება ღვთის სჯულს, ამიტომ მათ, რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს (რომ. 8, 5-8).

დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი.

ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა, ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი.

მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით, არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით (რომ. 13, 11-14).

მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს, რამეთუ ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი ხორცის საწინააღმდეგო. ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა არ აკეთოთ ის რაც გსურთ.

ხორცის საქმეები აშკარაა. ეს არის სიძვა, უწმინდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, შური, რისხვა, შუღლი, უთანხმოებანი, მწვალებლობა, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის სჯული.

მათ ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.

თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ, ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მოშურნენი.

ძმანო! თუ კაცი რაიმე შეცოდებაში ჩავარდება, თქვენ სულიერებმა გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილებით, თქვენც რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. ერთიერთის სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული ქრისტესი.

რამეთუ, თუ ვინმეს ეგონოს, რომ რაიმე არს და არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს, არამედ საქმენი თვისნი გამოსცადოს ყოველმა.

ხოლო ეზიარებოდნენ უმეცარნი სიტყვასა მასწავლელისასა ყოველსა შინა კეთილსა.

ნუ სცდებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების, რამეთუ რაცა სთესოს კაცმან – იგიცა მოიმკოს. რამეთუ, რომელმან სთესოს ხორცთა შინა თვისთა, ხორცთა მიერ თვისთა მოიმკოს ხრწნილება, ხოლო, რომელმან სთესოს სულსა თვისსა, სულისაგან თვისისა მოიმკოს ცხოვრება საუკუნო.

სიკეთის კეთება ნუ მოგვწყინდება, რამეთუ თავის დროზე მოვიმკით ნაყოფს, თუ არ მოვდუნდებით.

მაშ ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთი მოვიმოქმედოთ ყველამ და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით (გალ. 5; 16-6; 10).

ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა. ისწრაფეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

ერთია ხორცი, ერთია სული, ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუნოება, ერთია ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩვენ ყოველთა შორის.

აღარ ვიყოთ ყრმები, რომელთა არყევს და იტაცებს ყოველგვარ მოძღვრებათა ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით, არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყვარულსა ზედა.

ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც სხვა ხალხები იქცევიან თავისი გონების ამაოებით. დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხოვრებისაგან ღმრთისა. უმეცრებითა მით, რომელიც არს მათ თანა, სიბრმავითა გულისა მათისათა, რომელთაც გასწირეს თავი თვისი და მისცეს ბილწებასა საქმედ არაწმიდებისა ყოვლითა ანგარებითა, ხოლო თქვენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. რადგან გისმენიათ მისი და გისწავიათ მისგან, რომ ჭეშმარიტება არს იესოს თანა.

განიშორეთ თქვენგან ძველი იგი კაცი, გახრწნილი გულისთქმითა მისებრ საცთურისა, რომელიც თქვენი პირვანდელი ცხოვრების შედეგი იყო, განახლდით თქვენი გონების სულით და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა. ამიტომ განიშორეთ ტყუილი და ყველა ჭეშმარიტებას იტყოდეს.

განრისხებულნი ნუ სცოდავთ, მზე ნუ ჩავა განრიხსებასა თქვენსა. ნუ მისცემ ადგილს ეშმაკსა. ვინც იპარავდა, ნუღარ იპარავს. უკეთესია იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს კეთილი, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისათვის მისაცემად. უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი, დასარიგებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს.

და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა აღიბეჭდენით დღედ გამოხსნისა. ყოველი სიმწარე, რისხვა, გულისწყრომა, ყვირილი და გმობა მოსპეთ თქვენ შორის, ყოველ უკეთურებასთან ერთად. იყავით ერთმანეთის მიმართ ტკბილი, მოწყალე, მომმადლებელ თავთა თვისთა, ვითარცა იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგვმალდა ჩვენ.

ნუცა ვინ გაცდუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა, რამეთუ ამისთვის მიიწევის რისხვა ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა. ნუ იქნებით მათი მსგავსი. რამეთუ ოდესღაც ბნელი იყავით, ხოლო აწ ნათელი ხართ უფლისა მიერ, ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ. რამეთუ ნაყოფი სულისა ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა.

გამოსცადეთ, რა არის სათნო უფლისა და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ ამხილეთ, რამეთუ, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სათქმელადაც კი სამარცხვინოა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან განცხადდება, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს.

ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ გულის-ხმა-ჰყავთ რაი-იგი არს ნება უფლისა და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივენით სულითა. ესაუბრეთ ერთმანეთს ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა და აქებდით თქვენს გულებში უფალსა. ჰმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ღმერთსა და მამასა.

დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა (ეფ. 4; 2-5; 21).

ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის და ახლაც ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი – მუცელი, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ (ფლპ. 3, 18).

ამიერიდან ძმანო, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც წმიდაა, რაც საყვარელია, რაც საქებარია, რაც სათნო და ქებულია, იმაზე იფიქრეთ.

რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემში, ის შეასრულეთ და ღმერთი იქნება თქვენთან (ფლპ. 4, 18).

„მახარებელი“ №7
ჭულევის მონასტერი, 2001 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი