მთავარი » საზოგადოება

“დიდი ბედნიერებაა, როცა უყურებ ადამიანი როგორ ძლევს პრობლემებს, როგორ ეშლება წინ ახალი პერსპექტივები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.04.2020 | 584 ნახვა

“ამბიონი” გაგაცნობთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფსიქოლოგს, ქრისტინე კარანაის, რომელიც 6 წლიდან ბავშვებსა და ზრდასრულებს სთავაზობს ონლაინარტთერაპიას, რომელიც საშუალებას იძლევა დაძლიოთ პირადი სირთულეები და შეამციროთ შფოთვის დონე .

მოგვიყევით თქვენზე…

-ეს პროფესია 15 წლის წინ ავირჩიე, ვფიქრობდი, საკუთარი თავის ძიებისკენ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა იყო, დღესაც მგონია, რომ არ შევმცდარვარ. როცა თავად გადიხარ თერაპიას ეს იმდენად საინტერესო პროცესია, როცა შენთვის აქამდე დაფარულ სამყაროს ეცნობი, იმდენ სიახლეს იგებ საკუთარ თავზე და ასჯერ მეტი სიამოვნებაა, როცა სხვას ეხმარები სირთულეები დაძლიოს და თავიდან აღმოაჩინოს საკუთარი თავი. დიდი ბედნიერებაა, როცა უყურებ ადამიანი როგორ ძლევს პრობლემებს, როგორ ეშლება წინ ახალი პერსპექტივები და თვალებში ყოველი შეხვედრისას როგორ უჩნდება ნაპერწაკლი. ამიტომ გაჩნდა იდეა, არტთერაპიული ჯგუფების შექმნის, რაც საშუალებას იძლევა მეტ ადამიანს დაეხმარო. ჯგუფში მუშაობა ადამიანებს ეხმარება გამოიმუშავონ ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარი, უკეთ გამოხატონ საკუთარი თავი, აიმაღლონ თვითშეფასება, გამოავლინონ ლიდერული თვისებები, გამოიმუშავონ პრეზენტაციის უნარი, დაძლიონ აგრესია, სიმორცხვე, შიშები, ჩამოაყალიბონ და გაერკვნენ მიზნებში, დასახონ მიზნის მიღწევის გეგმები, მოიშორონ არასასიამოვნო ფიქრები, დაამუშავონ არასასიამოვნო მოგონებები.

თუ შეიძლება მოგვიყევით უფრო კონკრეტულად რას გულისხობს არტთერაპია? მეტაფორული ბარათები? ზღაპართერაპია?

-არტთერაპია ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდი, რომელიც გვეხმარება ეკოლოგიური და სასიამოვნო გზით დავძლიოთ სხვადასხვა ტიპის მენტალური და ფიზიკური სირთულეები. ის წარმატებით გამოიყენება როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური შეხვედრების დროს. ეს არის შეუცვლელი მეთოდი  ნებისმიერი ასაკის ადამიანთან სამუშაოდ, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ემოციური და ქცევითი დარღვევები. წელიწადზე მეტია გადავწყვიტე, გამეკეთებინა არტთერაპიული ჯგუფები და ამ ძალიან ეფექტური მეთოდით მემუშავა როგორც ბავშვებთან, ისე ზრდასრულებთნ. თუმცა ზრდასრულებთან გარდა არტთერაპიისა, ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკასაც, როგორებიცაა, მაგალითად სიმბოლდრამა ან ნლპ-ნეიროლინგვისტური პროგრამირება. ხოლო ბავშვებთან მუშაობისას არტთერაპიულ ტექნიკებს ვანიჭებ უპირატესობას, რაც შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს და ამავე დროს ხალისიანად ეხმარებათ  სირთულეების დაძლევაში. ბავშვები აღფრთოვანებით ერთვებიან პროცესში და თამაშ-თამაშით აგვარებენ სირთულეებს, თან ყოველი შეხვედრისას ახალ ტექნიკას ვთავაზობ , რაც ინტერესს კიდევ უფრო უმძაფრებთ და პროცესიც ყოველთვის საინტერესოა. ეს ტექნიკებია:

მეტაფორული ბარათები ეს არის ბარათების ნაკრები, რომელზეც გამოსახული სიუჟეტები წარმოადგენს აზრების, გრძნობების, მოგონებების ან გამოცდილების ერთგვარ მეტაფორას. ის, ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას იმოგზაუროს მის შინაგან სამყაროში,  ასოციაციების მეშვეობით ბარათებზე გადაიტანოს საკუთარი სირთულეები და უმტკივნეულოდ, ეკოლოგიურად მოაგვაროს ისინი. ასოციაციური ბარათები, ძალიან კარგია კომუნკაციის დასამყარებლად. კლიენტებს ხშირად უჭირთ საუბრის დაწყება და ზოგჯერ დაძაბულები არიან, ეს ბარათები კი საშუალებას იძლევა მარტივად მოახდინონ საკუთარი სირთულეების ბარათზე პროექცირება. ამასთან, ეს არის უნივერსალური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველა ასაკისა და კულტურის ადამიანისთვის.

ზღაპართერაპია – ზღაპარი ბავშვისთვის ის სამყაროა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომ სუპერ და საშიში გმირების მეშვეობით უფრო უადვილდება გამოხატოს ის სირთულეები, რომლებიც რეალობაში აქვს – ზღაპრის საშიში გმირები რეალურად ბავშვის ის შიშია, რომელსაც პერსონაჟების სახე აქვს; ზღაპარი გვაძლევს საშუალებას, ამ რეალურ შიშს ახლოდან შევეხოთ, ურთიერთობა დავამყაროთ მასთან, შევებრძოლოთ ზღაპრის ბოროტ გმირს და საჭიროების შემთხვევაში დავამარცხოთ ან კეთილ პერსონაჟად გადავაქციოთ კიდეც.

ქვიშათერაპია ეხმარება ბავშვს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში და ბავშვიც შედარებით ადვილად და მისთვის მისაღები ფორმით ახერხებს კონტაქტს თანატოლებთან. ამავდროულად, ეს მეთოდი ეხმარება მას როგორც ემოციურ განმუხტვაში, ისე მათ გამოხატვაშიც, რადგან, სანამ ბავშვი ემოციებითაა გადატვირთული, ის ვერ ითვისებს სხვა ინფორმაციას; ქვიშაში ფიგურებით ის თავის პატარა სამყაროს ქმნის, იმეორებს და ირეკლავს იმ ურთიერთობებს, რომლებსაც გარშემო ხედავს. ქვიშაში შეიძლება ამ ყველაფრის გადათამაშება, სასურველი ქცევის ჩამოყალიბებაზე მუშაობა; შიშთან უსაფრთხო შეხვედრა, მათი განეიტრალება – ქვიშა ამშვიდებს და მეტ შანსს გვაძლევს უკეთესად გავუგოთ ბავშვებს, ჩავწვდეთ მათ გაუცნობიერებელ სწრაფვებს, ემოციებსა და სურვილებს.

ხატვა – ეს არის უარყოფითი ემოციებისგან, შიშისა და დაძაბულობისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება.

ნიღბებით თერაპია – გვაძლევს შესაძლებლობას სხვადასხვა ნიღბის მორგებით გაბედულად შევხვდეთ ჩვენს სურვილებს, შიშს, დაბრკოლებებს, გავაცნობიეროთ ისინი და უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი.

თერაპია ბუნებრივი და დეკორატიული ქვებით
ქვებთან მუშაობისას ჩვენ ჩვენს რესურსებს ვამუშავებთ. ასევე ხდება კომუნიკაციის სირთულეების
დაძლევა, სხვადასხვა კონფლიქტის მოგვარება, შფოთვის კორექტირება.

თერაპია ნიჟარების გამოყენებით – გულისხმობს სასიამოვნო გზით შევქმნათ პოზიტიური განწყობა, გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის სირთულეები, შევამციროთ სტრესი, მოვახდინოთ შფოთვის კორექტირება და დავძლიოთ სხვა პირადი სირთულეები.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი