მთავარი » ქრისტიანობა

დეკანოზ დავით დათუაშვილის ქადაგება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.09.2012 2 კომენტარი | 4,200 ნახვა

გლდანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა დავით დათუაშვილმა ბოლო დროს ციხეში განვითარებულ მოვლენებზე იქადაგა (23.09.2012). “ამბიონი” ქადაგებას უცვლელად გთავაზობთ:

“სახარება ყოველთვის პასუხობს მიმდინარე მოვლენებს საოცარი სიზუსტით. აღშფოთებულები და გაღიზიანებულები ვართ მომხდარით. დეკანოზი დავით დათუაშვილი ყველას ნანახი გექნებათ საპატიმროში მომხდარის ამსახველი კადრები, როგორ არიან შეურაცხყოფილნი, ღირსებააყრილნი ადამიანები. ჩვენ ამას განვიხილავთ არა როგორც შეცდომას, არამედ როგორც ძალიან დიდ ცოდვას გარკვეული პირების მიერ ჩადენილს.

სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ეს ეკუთვნის მხოლოდ განმხორციელებელ პირებს, ვინც უშუალოდ ასრულებდა რაღაცას. ეს სისტემის, იმ მდგომარეობის ბრალია, როცა უფალი გვაძლევს ტალანტს, ნიჭს ხელისუფლებისა, უფლებას იმისა, რომ ხალხი ვმართოთ და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს, თუმცა ამ ტალანტის გამრავლების ნაცვლად მოდის უზნეობა.

საიდან მოდის ეს უზნეობა? მოდის ვითომდა ზეკაცობრიობის იდეალებიდან. რას ვისმენთ ჩვენ? თურმე საჭიროა ახალი ქართველის შექმნა, რომელსაც რაღაც გარკვეული იდეალები ექნება. რას გულისხმობს ეს იდეალები? გულისხმობს იმას, რომ ადამიანი იყოს ზნეობრივი, ამაღლებული, სიკეთის მკეთებელი, სიმართლის მოყვარე? ჩვენ კი პრაქტიკაში სულ სხვა რაღაცას ვხედავთ. ვხედავთ იმას, რომ ყოველ დღე გვატყუებენ, სიცრუემ დაისადგურა თითოეულ სიტყვაში და სიცრუე იმდენად მისაღები კი არა, სასურველი გახდა, რომ მეტიც არ შეიძლება. თურმე ზნეობრიობა კი არ არის საჭირო, არამედ – უზნეობა, პატიოსნება კი არაა საჭირო და სინდის-ნამუსი, არამედ – გარყვნილება და ამ ყოველივეს საშინელი პროპაგანდა ეწევა. აი, თურმე როგორი ახალი ქართველის შექმნა სჭირდებათ: უნამუსო, უპატიოსნო, გარყვნილი და ეს არის იმის შემადგენელი ნაწილი, რაც საპატიმროებში ხდება. რატომაა საჭირო უზნეო და ყოვლადდაცემული ადამიანი? სწორედ იმისთვის, რომ მისი მართვა ძალიან ადვილად შეიძლება… აი, ეს არის შედეგი იმ უზნეობისა და სირცხვილის, რაც ჩვენ გვერდით ხდება.

სამწუხაროდ, დღეს კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ ითვალისწინებენ, ვერ აცნობიერებენ, ვერ ხვდებიან, თუ რაშია საქმე. თურმე სახელმწიფო პოლიტიკა ის კი არ ყოფილა, რომ მართლაც სიკეთე სუფევდეს, კარგი ცხოვრება იყოს, არამედ უმთავრესი ახალი ქართველის შექმნა ყოფილა. ყველამ იცით, რომ ტელევიზიით გადმოიცემა უამრავი გეი პარადისა თუ მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა და თურმე მათი უფლებები უნდა დავიცვათ.

აი, სადამდე მივედით, სადამდე დაეცა საზოგადოება. ჩვენთვის დღემდე, ცოტა არ იყოს, სიბნელისა და დაზომბირების პერიოდი იყო და სამწუხაროდ, ამაში ტელევიზიებიც მონაწილეობდნენ. ტელევიზიას დიდი ძალა აქვს. ეს არის აგიტაციისა და პროპაგანდის საუკეთესო საშუალება. თუ მას ბოროტებისათვის, უზნეობისათვის გამოიყენებ, შეგიძლია ბოროტება, უზნეობა დაამკვიდრო. თუ იმისთვის გამოიყენებ, რომ ადამიანები დაიმორჩილო და მართო ისინი, იმასაც ადვილად გააკეთებ. შედეგიც სახეზეა.

ჩვენ რომ ის კადრები არ გვენახა, კარგა ხანი საზოგადოება კიდევ დარჩებოდა ამ მდგომარეობაში. თუმცა ეკლესია ყოველთვის იდგა სადარაჯოზე. ჩვენ მუდამ მოვუწოდებდით ადამიანებს, რომ ისინი ყოფილიყვნენ ზნეობრივები, ამაღლებულები, კეთილშობილები. ყოველდღიურად აღსარებებში ვებრძოდით ამ ცოდვებს, ვებრძვით და გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, სანამ იარსებებს ეკლესია და სანამ მეორედ არ მოვა უფალი.

ღვთის წყალობითა და ნებით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველით ვერავითარ შემთხვევაში ეკლესიაზე ბოროტი ვერ იმძლავრებს.

უფალმა თქვა: კლდესა ზედა დავაშენო ეკლესია ჩემი და ჯოჯოხეთის ბჭენი მას ვერ შეეხებიანო. რა თქმა უნდა, ბოროტი ეკლესიას ვერ მოერევა, მაგრამ საზოგადოება უნდა იყოს ყურადღებით, ფრთხილად. პირველ ოქტომბერს გვექნება არჩევნები და ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. არ მოგიწოდებთ, მისცეთ ხმა ამა თუ იმ პარტიას, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ეგ თქვენმა სინდისმა, პატიოსნებამ, გულისკარნახმა უნდა გადაწყვიტოს.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს. თუ გვინდა, რომ საქართველო გაბრწყინდეს, უნდა ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ, ბრმასავით და ყრუსავით არ უნდა მოვიქცეთ, არამედ იმ კუთხით უნდა შევხედოთ, თუ ვინ არის ზნეობრივი, ვინ იცხოვრა უმწიკვლო ცხოვრებით, ვის არ გაუკეთებია ცუდი…

როდესაც იერუსალიმში შესულმა უფალმა იესო ქრისტემ დაინახა, რომ ტაძრის ეზოში ადამიანები ისხდნენ და ვაჭრობდნენ, იგინებოდნენ და ათასგვარ სიბინძურეს სჩადიოდნენ, ჯოხი აიღო, დაერია ამ მოვაჭრეებს და გამოყარა იქიდან. ხომ გასაკვირია, უფალი, რომელიც ქადაგებს, მარჯვენაში თუ გაგარტყამენ, მარცხენა მიუშვირეო, ასე იქცევა. რატომ? იმიტომ, რომ მან დაინახა უზნეობა, სიბილწე და ეს ვერ მოითმინა. ადამიანი რომ უცოდველი არაა, ეს ყველამ ვიცით და სწორედ ამისთვისაა ეკლესია, რომ მოვიდეს ადამიანი და მოინანიოს. სამწუხაროდ, ამასაც ვერ ვხედავთ.

საქართველომ დღემდე რატომ მოაღწია და რატომ არის დღემდე მსოფლიო რუკაზე? იმიტომ, რომ ჩვენ ტრადიციები გაგვაჩნდა და ეს ტრადიციები მოდიოდა არა მარტო ხალხისაგან, არამედ მმართველისაგან, მეფისაგან. როგორ ზრდიდნენ, იცით, მეფეს? ბავშვობიდანვე, ფეხს აიდგამდა და ლაპარაკს დაიწყებდა თუ არა, ეუბნებოდნენ, რომ ის სამართლიანი უნდა ყოფილიყო, გლახაკისათვს შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინა, არ უნდა დაეჩაგრა არავინ, ყველას მეგობარი უნდა ყოფილიყო… ადამიანებისათვის ისინი უნდა ყოფილიყვნენ მაგალითის მიმცემნი. როცა ეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყო, მაშინ საქართველოც ძლიერი გახლდათ. რატომ იყვნენ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე ძლიერები? იმიტომ, რომ ისინი ზნეობრივები, ამაღლებულები გახლდნენ, მათ ჰქონდათ ზუსტად იმის უფლება, რომ თავისი ქვეყნის მეთაურები ყოფილიყვნენ და ეწინამძღოლათ ხალხისათვის. ამიტომ ამასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ არჩევანის გაკეთების დროს. მე არ ვარ აპოლეგეტი იმისა, რომ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, მაგრამ თუკი დავინახავთ, რომ ახალი მოსული მთავრობა იმავეს აკეთებს, ან მსგავს რაღაცას იმეორებს, ისევ უნდა აღვიმაღლოთ ხმა. ეკლესია რომ გვასწავლის პატიოსნებას და გვიქადაგებს სიყვარულს, ჩვენ ეს მოთხოვნა საზოგადოებაში უნდა დავამკვიდროთ, უნდა მოვითხოვოთ ეს ნორმები არა მარტო ხალხისაგან, არამედ მმართველებისაგან.

როცა მხილება საჭირო იქნება, ყოველთვის ვამხილებთ. არასოდეს გავჩერდებით. სიმართლე ჩვენთვის ყოველთვის მთავარი იქნება. პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიმართლე – უფრო დიდი მეგობარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ, გაგაძლიეროთ უფალმა. ღმერთმა დაუშვას ის სიკეთე, სიყვარული, რომელსაც ასე ვითხოვთ ჩვენ ყველასგან. სწორ გზაზე ვდგავართ და უფალმა ბოლომდე სწორ გზაზე გვატაროს. ამინ!“

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი