მთავარი » ქრისტიანობა

“მეუფის კურთხევამ ძალა შემმატა და მონასტერში დავიწყე ცხოვრება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2010 10 კომენტარი | 5,771 ნახვა

მონაზონი დედა მართა75 წლის დედა მართას (ტაბატაძე) მალე 20 წელი შეუსრულდება, რაც დუშეთის რაიონის სოფელ მჭადიჯვარში მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში ცხოვრობს. ამ დროის მანძილზე განსაცდელს ყოველთვის ლოცვის ძალითა და ღვთის შეწევნით უმკლავდებოდა. განსაკუთრებული სითბოთი ის მამა გაბრიელთან (ურგებაძე) მორჩილების პერიოდს იხსენებს. სწორედ მამა გაბრიელმა უწოდა მას სახელი მართა და ამ სახელითვე აკურთხა მეუფე ზოსიმემ. დედა მართა მონასტერში 25 წლის მორჩილ ირმასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მონასტერში 12 წლის ასაკიდანაა.

როგორ მოვიდა მონასტერში და რას ფიქრობს დედა მართა მონასტრული ცხოვრების შესახებ? ამ საკითხებზე “ამბიონს” ის თავად გაესაუბრა.

დედა მართა: ბებია მორწმუნე ადამიანი იყო. სურამში, იტრიის მონასტერში ბავშვობიდან დავყავდი. 7 წლის ასაკში პირველად ვეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ბებია წყალს არ დაგვალევინდებდა, თუ მარხვას არ ვინახავდით. თუმცა განსაცდელი თუ არ მოგევლინება, ისე ეკლესიაში წასვლაზე არ იფიქრებ. 3 თვის და 5 თვის ორი ბავშვი გარდამეცვალა…

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხშირად დავდიოდი. ერთხელ მეუფე ზოსიმემ (შიოშვილი) დუშეთის რაიონში მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა მონასტერში მოსალოცად მოგვიყვანა. მაშინ აქ დედა ქრისტინე მოღვაწეობდა. მეუფემ მითხრა, რომ ამ ადგილზე ახალი იერუსალიმი შენდებოდა, სადაც მე უნდა მეცხოვრა. ამ სიტყვებმა გამაკვირვა, რადგან მონასტერში მოსვლას სულ არ ვფიქრობდი. მალე სამსახურს თავი დავანებე და აქ დავიწყე ცხოვრება.

როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, ჩემი ორივე ბიჭი დაქორწინებული გახლდათ. უფროსი მორწმუნე იყო და მითხრა, რომ მონასტერში მანამდეც უნდა წავსულიყავი. მეორე შვილს კი ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავიდან მეც მიჭირდა მონასტერში ცხოვრება, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე. მეუფის კურთხევამ დიდი ძალა შემმატა.

სახლიდან წამოსვლისას ვფიქრობდი, უკან დაბრუნებულს რა მეთქვა შვილებისთვის, რას ვერ გავუძელი მონასტერში, ამიტომ, გადავწყვიტე, აქ დავასრულო სიცოცხლე. შვილები და შვილიშვილები მონასტერში დღესასწაულზე მოდიან და მეხმარებიან. მონასტრის ცოტა ხნით დატოვებაც კი მიჭირს. მონაზონი მონასტერში უნდა იყოს. სახლის მონაზვნობა ვერ წარმომიდგენია და ამის წინააღმდეგი ვარ.

დედა მართა, როგორ გაიხსენებთ მორჩილების პერიოდს?

მეუფე ზოსიმემ მორჩილად სამთავროს დედათა მონასტერში გამგზავნა, სადაც გაჭირვება იყო და შუქიც არ ჰქონდათ. დედა ქეთევანს სატრაპეზოში ვეხმარებოდი, პურს ვაცხობდით.

იმ დროს დედა პარასკევამ ხელი მოიტეხა. იღუმენმა მაკურთხა, დედა პარასკევას მოვხმარებოდი. განსაკუთრებული იყო მამა გაბრიელთან მორჩილების 2 თვე. ის ხის საქათმეში ცხოვრობდა. მონასტერში მოსულ სტუმრებს პატარა სუფრას ვუშლიდით, მათ ლობიოთი და პურით ვუმასპინძლდებოდით. თვითონ არაფერს ჭამდა. ჩიტები ძალიან უყვარდა. მათთვის ფიცრები ჰქონდა მოწყობილი, დაუძახებდა და პურს დაუყრიდა ხოლმე.

როცა მამა გაბრიელს ფეხი ჰქონდა მოტეხილი, დედა პარასკევა მონასტერში არ იმყოფებოდა. მამა გაბერიელს ეხათრებოდა ჩემთვის დახმარების თხოვნა. მე კი ჩავაცივდებოდი და ვეუბნებოდი, როგორც საკუთარ მამას, ყველაფერს ისე გავუკეთებდი. ერთხელ მამა გაბრიელმა ძალიან გამლანძღა. დედა პარასკევას ვუთხარი, მასთან აღარ შევიდოდი, მან კი მითხრა, რომ მოძღვარმა ასე გამომცადა. მართლაც, მამა გაბრიელთან რომ შევედი, თავზე ხელი დამადო და მითხრა, მალე შენ დედა მართა იქნები და იღუმენიც გახდებიო.

მამა გაბრიელი ძვირფასი ადამიანი იყო. როცა მონასტერში მოვედით, ძალიან გვიჭირდა და შეწევნა ვთხოვე. მესიზმრა, ეკლესიასთან ხურჯინი დადო და თვითონ გაიქცა. მაშინ მივხვდი, რომ მამა გაბრიელი შეგვეწია. მის შესახებ ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ აქეთ რომ ვიყავი, სამთავროს მონასტერში ვეღარ ვახერხებდი ჩასვლას. დედა პარასკევამაც მითხრა, ჩამოდი და ერთად დავწეროთ მამა გაბრიელზე მოგონებებიო.

დედაო, რას გვავალდებულებს მონასტრული ცხოვრება?

მონაზვნური ცხოვრების მიზანია – იცხოვრო მონასტერში და შეასრულო ის ტიპიკონი, რაც მონასტრის მიერაა შედგენილი. უფალი გვავალებს, ბევრი ვილოცოთ, ვაკეთოთ კეთილი საქმე. თუ უფალთან იქნები და მას გულს გაუხსნი, ის არასდროს მიგატოვებს. წუთითაც არ გამჩენია მარტოობის განცდა. პირიქით, განსაცდელის მადლობელი ვარ, რადგან უფალი გაჭირვების დროს ჩემთანაა.

ჩვენი მონასტერი სოფლის შუაგულში დგას. მართალია, მოსახლეობა ნაკლებად მორწუნეა, მაგრამ ხშირად მოდიან ადგილობრივი მკვიდრნი. ვცდილობთ, ხალხთან ურთოერთობისას დაკვირვებულები ვიყოთ და ყველას გავუგოთ.

მართალია, მონასტერი განცალკევებულად ცხოვრებას გულისხმობს, მაგრამ მოსული სტუმრები ჩვენგან ბევრს სწავლობენ. ერთხელ გოგონა გვყავდა სტუმრად, ვერ ლაპარაკობდა, ჩაცმულობაც არ ჰქონდა შესაფერისი. მონასტერში ცოტა ხნით ცხოვრებამ მასზე დადებითად იმოქმედა. ძალიან გამოსწორდა და უკვე დაუჯდომელსაც კითხულობს.

მონაზვნის ლოცვას დიდი ძალა აქვს. ჩემი ლოცვით და უფლის შემწეობით ბევრის გაჭირვება შემიმსუბუქებია. ლოცვის შედეგს რომ ვხედავ, ეს კიდევ უფრო მაძლიერებს, უფლის მადლობელი ვარ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • შო says:

    ძალიან კარგია როცა გაქვს ამის ძალა იყო ასეთი მორწმუნე და გწამდეს ასე ძლიერად, ეს ალბათ ნებისყოფით სავსე ადამინებ შეუძლიათ. ხანდახან მინდა ვილოცო, მაგრამ გონება მეფანტება, მინდა წირვაზე ვიარო მაგრამ რატომღაც ვერ ვიცლი და ბოლომდე არ ვინდომებ, მინდა აღსარება ჩავაბარო, ვეზიარო, სულ მინდა მაგრამ რატომღაც ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი.

    • გვანცა says:

      შო – ეს განცდები რაც შენ დაწერე ყველა დამწყებს სჭირს..ასერომ თავს უფალს თხოვე შეწევნა და დაგეხმარება აუცილებლად… მეც შენნაირად ვიყავი ზუსტად.. და არამარტო მე… მაგრამ ეხლა მრევლი ვარ და ვცდილობ უფრო და იფრო გავძლიერდე,, უფალი შეგეწიოს

  • ალე.. says:

    კარგი ინტერვიუა, +++++++++++ თეოს :)

  • მართა says:

    chemi deda martaaa… xalxno,es interviu ra aris imstan shedarebit rogoric deda martaa… rogorc sakutar shvilishvilebs ise gveperebaxolme… didebuli adamiania da meamayeba rom erti saxeli gvqvia… :*:*:*

  • ხატია says:

    gmertma daglocot da gagazlierot..tkveni locva upalma sheiciros da chen gagvazrlieros chventan ar gmerti ………….

  • მზაღო ნინო says:

    ეს ყველაფერი ღვთის ნებაა, და თუ ღმერთს არ უნდა არც ის ნებისყოფა არ გექნება რომ ასე იცხოვრო, როგორც დედა მართა ცხოვრობს. ამ კარებამდე მხოლოდ უფალს მიყავს ადამიანი (და ისიც ყველა არა) ღმერთმა დაგლოცოს დედაო და გაგაძლიეროს…

  • natii says:

    ძალიან საინტერესოა მონაზვნის ცხოვრება =) =)ღმერთმა ძალა და მხნეობა მისცეს.

  • თინათინი says:

    მეც მიცხოვრია მონასტერში და ვიცი რაოდენ ძნელია იქ ცხოვრება. ეშმაკი ყოველთვის ცდილობს დაიმორჩილოს ადამიანი, როდესაც მიდიხარ და მონასტრეში იწყებ ცხოვრებას შენზე ეშმაკი გამეფებას ცდილობს, მაგრამ უფალი დიდია ის არასდროს გტოვებს და მუდამ გეხმარება. ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ღმერთმა ყველა მონაზონი და მონასტერში მცხოვრები ადამიანი გააძლიეროს და გაახაროს.

  • თინათინი says:

    დედაო უფალმა გაგაძლიეროს,შეგაძლებიოს ეს მონასტრული ცხოვრება,ჩემი ოცნებაა ღვთის შეწევნით შევძლო (შემაძლებიოს) უფალმა და ჩემი მცირედი რწმენა გავაძლიერო.
    თაყვანისცემითა და მოწიწებით კეთილისმსურველი თინათინი

  • მაია-მარიამი(ლეკიაშვილი) says:

    დედა მართას ძალიან მადლობელი ვარ. ჩემი მოძღვრის კურთხევით ერთი კვირით დედა მართასთან ჩავედი მონასტერში. ძალიან მიჭირდა საკუთარ პრობლემებთან მარტო დარჩენა მინდოდა გამოსავალი მეპოვა სიმშვიდე შემენარჩუნებინა მელოცა და ეს ყველაფერი იმდენად ადვილი იყო დედა მართას გვერდით დღესაც ვეძებ დროს რომ შევძლო ძალიან ხშირად და ძალიან დიდი დრო გავატარო მათ გვერდით ძალიან კარგი და კეთილი ადამიანია მორჩილი ირმა მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო ვუსურვო დღეგრძელობა გამძლეობა და უფლის შეწევნა უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით მოგიკითხავთ დედაო მართა მე ის ადამიანი ვარ რომელმაც დილის ლოცვები შეგაწყვეტინათ ცუდად ყოფნის გამო მაგრამ თქვენი ლოცვა შემეწია და ისევ ფეხზე დავდექი მჯერა რომ ადამიანი უფალთან ახლოს თუ იქნება ილოცებს და იცხოვრებს ქრისტიანულად ის განსაცდელს ყოველთვის ადვილად გადალახავს უფლის წყალობა ნუ მოგიშალოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.