მთავარი » კულტურა

დები გოგოჭურები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.11.2011 5 კომენტარი | 3,942 ნახვა

გოგონათა ანსამბლი “დები გოგოჭურები” 2006 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ფესტივალსა თუ ფოლკლორულ საღამოში. გოგონებმა პირველი სოლოკონცერტი 2009 წელს ჩაატარეს, რასაც მათ კარიერაში დიდი წარმატებები მოჰყვა. ანსამბლში ოთხი წევრია: თამარი, ქეთევანი, მარიამი და მანანა. დები გოგოჭურებიისინი მღერიან როგორც მთის მელოდიებზე ახლადშექმნილ სიმღერებს, ასევე აღადგენენ ძველ ხევსურულ ფოლკლორს.

2010 წელს გოგოჭურებმა პირველი ალბომი სახელწოდებით, “სად დაგიჩოქო, არაგვო?!” გამოსცეს. სიმღერები ორიგინალურ გარემოში, ბუნებრივ პირობებში, მუცოსა და შატილის კოშკებში ჩაიწერა. ხმის რეჟისორი გერმანელი იულიან რაბიუსი იყო. ეს წელი განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა გოგონებისთვის, რადგან სწორედ მაშინ გახდნენ ისინი “საპატრიარქოსთან არსებული დები გოგოჭურების საოჯახო ანსამბლი.” უკვე ოთხი თვეა, რაც მათ ხევსურული სახლი – “სამედაშენისო” გახსნეს.

“ამბიონი” “დები გოგოჭურების” ცხოვრებითა და მომავალი გეგმებით დაინტერესდა.

თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რელიგია და ტრადიციები?

ბავშვობიდან ხევსურულ ტრადიებზე ვიზრდებოდით. მას შემდეგ, რაც წამოვიზარდეთ და გავიგეთ, თუ რას ნიშნავს აღსარება და რა არის ზიარება, ხშირად დავდივართ ტაძარში. ჩვენი მოძღვარი, მამა კახაბერი ძალიან დაგვეხმარა ეკლესიასთან დაახლოებაში. თავდაპირველად – წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ნაქუბაქევის მამათა მონასტერში, მამა იოანე კვაჯაიასთან დავიწყეთ გალობა. მარიამისა და მანანას და, რომელიც გამოირჩეოდა ვოკალური მონაცემებით, დღესდღეობით მორჩილია და რუის-ურბნისის ეპარქიაში, ორთუბნის დედათა მონასტერში იმყოფება.

რა ასაკიდან დაიწყეთ სიმღერა? და სად მიიღეთ მუსიკალური განათლება?

ჩვენ 5 წლიდან ვმღერით, მუსიკალურ განათლებას რაც შეეხება, ძირითადად ოჯახში მივიღეთ. მამა ძალიან კარგად მღერის, ასევე ბებო – მარიამ ჭინჭარაული, რომელიც ახლაც გვეხმარება, მისი მეშვეობით აღვადგინეთ უამრავი ძველი სიმღერა, რომლის ჩანაწერიც არ მოიპოვებოდა. პირველი სერიოზული ნაბიჯები ნატო წიკლაურმა გადაგვადგმევინა. მანვე გვასწავლა ინსტრუმენტებზე დაკვრა. თავდაპირველად ვმღეროდით ანსამბლ “მანდილში”. შემდეგ ნელ-ნელა გამოვეყავით და დამოუკიდებლად განვაგრძეთ სიმღერა.

თქვენი ძირითადი საქმიანობა სიმღერაა თუ გაქვთ სხვა რაიმე პროფესიაც?

მე ერთი წელია დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტის ფოლკლორის ფაკულტეტი. მარიამი სამხატვრო აკადემიაში, ტექ-სტილის ფაკულტეტზე სწავლობს, ქეთევანი ფილოლოგია, სოხუმის უნივერსიტეტი დაამთავრა და მანანა ილიას უნივერსიტეტში ტურიზმს შეისწავლის.

ახლახან გამოეცით 2 დისკი, მათ შესახებ რას გვეტყვით?

დიახ. პირველ დისკში, რომლის სახელწოდებაცაა “მავნატრი გუროს ციხესა”, 14 სიმღერაა შესული, ძირითადად ძველი ფოლკლორი. მათ შორის ბევრი ისეთია, რომელთა ჩანაწერიც არ არსებობს. მეორე დისკს ჰქვია “კიდევაც ვნახავ ხევსურეთს”, მასში 24 სიმღერაა. მათგან ზოგიერთის ტექსტი ქეთევანის დაწერილია, ზოგის ავტორი მამაოა.

იყო პერიოდი, როცა დაშლას აპირებდით, რა მიზეზით?

კი, ნამდვილად ასე იყო. თავდაპირველად კარგად დავიწყეთ, მაგრამ დადგა დრო, როცა ჩვენს სიმღერებს აღარ აფასებდნენ. ალბათ, ასე იმიტომ მოხდა, რომ რეპერტუარი დაგვიძველდა. სიმღერა ძალიან გვიყვარს, მაგრამ ყველას ჩვენი პროფესია გვაქვს და გვინდა ამით გავიკვლიოთ გზა. საბედნიეროდ, წლინახევრის წინ, უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ანსამბლი გავხდით და ამან ძალა შეგვმატა, რეპერტუარიც განვაახლეთ და აქტიურად განვაგრძეთ სიმღერა.

კლიპის გადაღებას ხომ არ აპირებთ?

შემოთავაზებები გვაქვს, გადაღებები ხევსურეთში უნდა შედგეს, ამიტომ გზის გახსნას დაველოდებით. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რომელ სიმღერაზე გაკეთდება კლიპი. ამ საქმეზე ჩვენი მენეჯერი იოსებ ოხანაშვილიც მუშაობს, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღესდღეობით ჩვენ, როგორც ანსამბლი, ვარსებობთ. უწმიდესამდეც მან გვიწინამძღვრა.

უკვე მეოთხე თვეა “დებმა გოგოჭურებმა” ხევსურული სახლი “სამედაშენისო” გახსნეს. ის მდებარეობს ლესელიძეზე. ძირითადად შემეცნებითი ფუნქცია გააჩნია. იქ ხდება სიმღერის, ქსოვისა და ქარგვის შესწავლა, აწყობენ პოეზიის საღამოებს. ასევე აქვთ ტურიზმის ცენტრი და პატარა ოჯახური სამზარეულო. სტუმრებს მთის კერძებით უმასპინძლდებიან. სამომავლოდ გოგონები მსმენელს უამრავ სიახლესა და სიურპრიზს პირდებიან.

ქრისტინე გამთენაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი