მთავარი » ქრისტიანობა

დაწინდვის (ნიშნობის), ჯვრისწერის შესრულების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2019 | 272 ნახვა

უძველეს დროში ქორწინების საიდუმლოს წესი – ჯვრისწერა აღესრულებოდა ლიტურგიის დროს, ლოცვის, ეპისკოპოსის მიერ ქალ-ვაჟის დალოცვა- კურთხევისა და მათზე ხელთდასხმის გზით. ამჟამად კი ქორწინების საიდუმლოს აღსრულება მდგომარეობს დაწინდვისა და გვირგვინების დადგმის წესის შესრულებაში.

დასაქორწინებელთა დაწინდვა სიმბოლურად გამოხატავს ქორწინებაში შემსვლელთა მიერ ერთმანეთისათვის მიცემულ აღთქმათა სიმტკიცესა და დაურღვევლობას.

თავდაპირველად მას მხოლოდ სამოქალაქო მნიშვნელობა ჰქონდა (რაც მხოლოდ X-XI საუკუნეში დაიკარგა) და ძალზე დიდი ხნის განმავლობაში ჯვრის- წერის – გვირგვინების დადგმის წესისაგან ცალკე აღესრულებოდა, მცირე ხნით ადრე ჯვრისწერამდე (თუმცა, ამის შესაძლებლობა პრინციპულად ახლაც შენარჩუნებულია).

დაწინდვის წინ საქმრო და საცოლე სტოაში დგებიან (ტაძრის შესასვლელთან, შიგნითა მხარეს, პირისახით საკურთხევლისაკენ), საქმრო – მარჯვენა მხარეს, საცოლე – მარცხენა მხარეს. ბეჭდებს (ორი ადამიანის კავშირის მარადიულობისა და დაურღვევლობის ნიშანს), რომლებითაც დაწინდვის წესი უნდა აღსრულდეს, მღვდელი წინდაწინვე დებს საკურთხეველში, ტაძრის საყდარზე – ტრაპეზზე, ჯვრისწერის წინ.

მღვდელი გამოდის საკურთხევლიდან, მიდის საქმროსთან და საცოლესთან, სამგზის აკურთხევს მათ და ანთებულ სანთლებს აძლევს ხელთ – ნიშანს სიხარულისა და სიმბოლოს სიწმინდისა და კეთილკრძალულებისა. შემდეგ მას ტაძარში შეჰყავს დასაქორწინებელნი და კმევის შემდეგ აღასრულებს დაწინდვას – იღებს საყდრიდან ბეჭდებს, სამგზის წარმოთქვამს: „დაიწინდვის მონა ღმრთისა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. თითოეული წარმოთქმის დროს იგი ჯვარის ნიშს გადასახავს საქმროს, რის შემდეგაც ბეჭედს წამოაცმევს მას მარჯვენა ხელის მეოთხე (უსახელო, არათითზე) თითზე. შემდეგ ასევე სამგზის წარმოთქვამს სიტყვებს: „დაიწინდვის მხევალი ღმრთისა (სახელი დედაკაცისა და მამაკაცისა), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. და აქაც თითოეულ წარმოთქმაზე ჯვრის ნიშს გადასახავს სასძლოს და მასაც ბეჭედს წამოაცმევს მარჯვენა ხელის არათითზე (მამაკაცისას ქალს წამოაცმევს და ქალისას კაცს). ამის შემდეგ ნიშნად ერთსულოვნებისა, თანხმობისა და ურთიერთშეწევნისა მომავალ ქორწინებაში, საქმრო და საცოლე ერთმანეთს ბეჭდებს უცვლიან მეჯვარეების დახმარებით. ბოლოს მღვდელი წარმოთქვამს ლოცვებს, რომლებშიც საღვთო კურთხევასა და დაწინდულთა განმტკიცებას ითხოვს უფლისაგან, რითაც დაწინდვის წესი მთავრდება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.