მთავარი » ჯანმრთელობა

“დავიყვანოთ ნულამდე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.12.2011 4 კომენტარი | 2,366 ნახვა

“უფალს უყვარს ყოველი თქვენგანი, ყოველგვარი განსხვავებისა და შეზღუდვის გარეშე… თქვენ შორის მას ისინიც უყვარს, ვინც დაავადებულია შიდსით. მას უყვარს დაავადებულთა მეგობრები და ნათესავები და ისინი, ვინც თქვენზე ზრუნავს. მას უყვარს ყველა უპირობოდ და მუდმივი სიყვარულით”,- პაპი იოანე პავლე II (1989წ.)

მსოფლიო შიდსის დღე“დავიყვანოთ ნულამდე” – ეს გახლავთ შიდსის მსოფლიო დღის, 1-ლი დეკემბრის ახალი თემა, რაც ნიშნავს: “ნული ახალი აივ ინფექცია. ნული დისკრიმინაცია. ნული სიკვდილი შიდსის გამო.” წელს მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან 30 წელი შესრულდა.

საქართველოში 2011 წლის 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3080 შემთხვევა. მათგან 2268 – მამაკაცია და 812 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 1891 პაციენტს, 680 გარდაიცვალა. 2011 წელს გამოვლინდა 366 ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზეა 1066 პაციენტი, მათგან 39 – ბავშვი.

აივი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის შემოკლებული სახელწოდებაა. ის ასუსტებს იმუნურ სისტემას – ორგანიზმის დამცავ ძალებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. შიდსი კი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის აივით გამოწვეული დაავადებაა, რომლის დროსაც დამცავი ძალები ბოლომდე განადგურებულია და ნებისმიერ ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.

აივი გადაეცემა:

შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით; სხვისი ნახმარი ნემსის ან შპრიცის გამოყენებით; აივ ინფიცირებულ პირთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტით; ინფიცირებული დედიდან შვილს მუცლად ყოფნის, მშობიარობის ან ძუძუთი კვებისას.

აივი არ გადადის:

ხელის ჩამორთმევითა და კოცნით; ხველებითა და ცემინებით; ოფლითა და ცრემლით; საერთო ჭურჭლით, პირსახოცითა და თეთრეულით; საერთო აბაზანითა და ტუალეტით; მწერების ნაკბენით; აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობით სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში.

საგულისხმოა, რომ დაავადება ნელა ვითარდება. ადამიანმა შეიძლება რამდენიმე წელი არც კი იცოდეს, რომ ის აივ-ინფიცირებულია, ამ დროს კი სხვას გადასდოს ინფექცია. აუცილებელია სისხლის აღება აივზე ტესტირებისათვის, რათა დადგინდეს, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული. მაგრამ აივს აქვს ერთი თავისებურება – ორგანიზმში შეჭრიდან სამი თვის განმავლობაში ტესტის პასუხი შეიძლება იყოს უარყოფითი, ანუ არ დადგინდეს ვირუსის არსებობა. ამიტომ აუცილებელია განმეორებითი ანალიზის ჩატარება.

აივით ინფიცირებულმა მკურნალობის გარეშე შეიძლება 8-10 წელი იცოცხლოს. გასათვალისწინებელია ცხოვრების წესი. თუ ადამიანი ჯანსაღად იკვებება, არ არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მომხმარებელი, ამასთან, იღებს აივის საწინააღმდეგო წამლებს, ის დიდხანს და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცოცხლობს.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არასწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული აივით ინფიცირებულთა მიმართ. ისინი განიცდიან დისკრიმინაციას, რისი მიზეზიც ამ დაავადების შესახებ არასრული და მცდარი ინფორმაციის ფლობაა. ამის ფონზე ბევრი კარგავს სამსახურს, მეგობრებსა და უახლოეს ადამიანებსაც კი, რადგან ბევრს სამარცხვინოდ მიაჩნია მათთან ურთიერთობა.

გვახსოვდეს, ამ დაავადებისგან არავინაა დაზღვეული, თუკი გაუფრთხილებლად მოიქცევა. აივ ინფექციასთან დაკავშირებული სტიგმა კი გულისხმობს აივ დადებითი ადამიანების სტერეოტიპულ, ან უარყოფით შეფასებას მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ინფიცირებული არიან.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • კოტე says:

    2011 წლის ზაფხულში, იტალიაში, ქალაქ რომში გაიმართა შიდსის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 6000-სი წამყვანი ექიმი, მათ შორის იყვნენ თბილისიდანაც, დარგის ლიდერი ბატონი თენგიზ ცერცვაძე და მისი კოლეგები. რომში გამართულ კონფერენციაზე საერთაშორისო კატეგორიის მკვლევართა და მეცნიერთა მხრიდან გაცხადდა, რომ უკვე შექმნილია თერაპიული ვაქცინა (რომელიც მოხმარდება ინფიცირებულ პირებს), რომელიც გამოცდის მე-2 ფაზაშია და უახლოეს 2-3 წელიწადში დაინერგება სამკურნალო მედიცინაში. ამ ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა პარიზის პასტერის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ლუკ მონტანიე და მისი ჯგუფი. ასე რომ უახლოეს წლებში შიდსის ვირუსი მთლიანად დამარცხებული იქნება.

  • ანი says:

    ღმერთმა ინებოს!! ძალიან მაგარია, კოტე, გაიხარე ასეთი ინფორმააციისათვის..

  • კოტე says:

    რისკ ფაქტორები:

    ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი ნემსის და/ან სქესობრივი პარტნიორები;
    სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მქონე პირები და მათი სქესობრივი პარტნიორები;
    ჰომო/ბისექსუალური კავშირის მქონე მამაკაცები და მათი პარტნიორები;
    პირები, რომლებიც აღნიშნავენ ხშირ დაუცველ სქესობრივ კონტაქტს;
    სექს მუშაკები და მათი კლიენტები;
    პირები, ვისაც ხშირად უხდებათ სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური ან სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება;
    პირბი, რომლებსაც არასამედიცინო დაწესებულებაში გაკეთებული აქვთ პირსინგი და/ან ტატუირება.

  • კოტე says:

    “დავიყვანოთ ნულამდე” – შიდსის მსოფლიო დღის თემა შერჩეულია

    1 ნოემბერი, 2011 წელი

    “დავიყვანოთ ნულამდე” – ასეთი თემა შეირჩა წელს შიდსის მსოფლიო დღის, 1-ლი დეკემბრის, კამპანიისთვის, და ეს ახალი თემა დარჩება 2015 წლამდე. იგი შესანიშნავად ეხმიანება UNAIDS-ის სტრატეგიულ მიზანს “ნული,” რაც ნიშნავს: “ნული ახალი აივ ინფექცია. ნული დისკრიმინაცია. ნული სიკვდილი შიდსის გამო.”

    შიდსის მსოფლიო დღის კამპანიისთვის, თემა “დავიყვანოთ ნულამდე,” შეირჩა აივ ინფიცირებულ ადამიანებთან, ჯანმრთელობის დაცვის დარგის აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ.

    “ამ თემას მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს კრეატიული, მნიშვნელობით აქტუალური და შინაარსობრივად გამომხატველობითი კამპანიის ჩასატარებლად,” ამბობს აფრიკის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიის დირექტორი ლინდა მაფუ. “ჩვენი ორგანიზაცია ძირითად აქცენტს გააკეთებს ამოცანაზე “ნული სიკვდილი შიდსის გამო.” სხვებმა შეიძლება აირჩიონ რომელიმე სხვა, ან სულაც სამივე კომპონენტი ერთად. დროა, მთელი ჩვენი წარმოსახვა გამოვიყენოთ და ავუხსნათ ყველას და თითოეულს, რომ მიზანი “დავიყვანოთ ნულამდე” მიღწეულ უნდა იქნეს,” – დასძენს იგი.

    შიდსის მსოფლიო დღის კამპანიის თემის შერჩევისას, გადამწყვეტი არგუმენტი იყო არჩევანის თავისუფლება რეგიონების, ქვეყნებისა და სხვა მონაწილეებისთვის, თავად შეარჩიონ ერთი ან რამდენიმე მიზანი “ნული” იმის მიხედვით, თუ რომელი მიზანი უფრო აქტუალურია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, და UNAIDS-ი სრულად უჭერს მხარს ასეთ მიდგომას.

    “დავიყვანოთ ნულამდე” – საერთო სტრატეგიული ამოცანაა აივ საწინააღმდეგო ქმედებების სფეროში, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. რომელიმე ერთი რიგი ქვეყნებისთვის, ძირითადი პრიორიტეტი შეიძლება იყოს “ნული დისკრიმინაცია,” ხოლო სხვა ქვეყნებისთვის – “ნული სიკვდილი შიდსის გამო.” მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ასეთი მიდგომები ადგილებზე რეალურ საჭიროებებსა და სიტუაციებთან” – განაცხადა ჯიბრილ დიალომ, UNAIDS-ის დირექტორმა საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის დარგში.

    მოსალოდნელია, რომ წლევანდელ შიდსის მსოფლიო დღის კამპანიაში განსაკუთრებით მაღალი იქნება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რადგან ამ დღეს, 2011 წლის 1 დეკემბერს, ზუსტად 6 თვე რჩება აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ვაშინგტონში. გარდა ამისა, წელს შესრულდა 30 წელი, მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან. შიდსის მსოფლიო დღე იქნება პლატფორმა, პატივი მივაგოთ პირველ აქტივისტებს, რომლებიც ემხრობოდნენ ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების რეალიზაციის საჭიროებას.

    შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 1 დეკემბერს. ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთიანდება, რათა პატივი მიაგოს აივ ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნას, აღნიშნოს მიღწეული წარმატებები ეპიდემიასთან ბრძოლაში და დაადასტუროს საკუთარი მზაობა ეპიდემიის დასრულებისთვის.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი