მთავარი » კულტურა

დავით სარაჯიშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.04.2015 2 კომენტარი | 3,620 ნახვა

“ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი ადამიანი. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო მილიონების პატრონი,” – დავით სარაჯიშვილი.

დავით სარაჯიშვილი გახლდათ ცნობილი ქართველი მეწარმე და მეცენატი, დიდი საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დავით სარაჯიშვილი სახელგანთქმული მრეწველი და ქველმოქმედი.

“დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი დაიბადა თბილისში 1848 წლის 28 ოქტომბერს. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობითა და დამოუკიდებელი ხასიათით. მისმა წინაპრებმა ტფილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1710 წელს მიიღეს. იმ დროს ისინი აქტიურად ვაჭრობდნენ რუსეთთან, ოსმალეთთან, სპარსეთთან…

დავითის მამა, ზაქარია, იმ დროისთვის განათლებული, გონებამახვილი და საკმაოდ შეძლებული ვაჭარი იყო. ზაქარია, მამასთან ერთად, საქართველოს ისტორიული ძეგლების აღდგენას და შენარჩუნებას დიდ ფულს ახმარდა. მისი წყალობით გადარჩა ქართველი ხალხის მრავალი ისტორიული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა.

დავითის დედამ ელისაბედ სავანელმა დიდი როლი შეასრულა თავისი შვილის სულიერ-ზნეობრივ განვითარებაში.

დავითმა დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. ანბანის სწავლისა და სათანადოდ აღზრდის შემდეგ ფრანგი გაკეს კერძო პანსიონში მიაბარეს.

1866 წელს ტფილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მან სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო, ერთი წლის შემდეგ კი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ლექციებს ჯერ მიუნხენის, ხოლო შემდეგ ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში ისმენდა.

1871 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი და ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო.

1878 წლამდე ის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებს თეორიულად და პრაქტიკულად ჰოჰენჰაიმში სწავლობდა.

1878- 1880 წლებში გაემგზავრა საფრანგეთში, სადაც ფუნდამენტურად შეისწავლა მეღვინეობის ტექნოლოგიის ყველა სახე, განსაკუთრებით ღრმად კი, კონიაკისა და მაგარი სასმელების დამზადების ტექნოლოგია. დავით სარაჯიშვილის სახლი სამშობლოში ის ცოდნითა და ენერგიით აღსავსე დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა საქმეს.

1880 წელს დავით სარაჯიშვილმა, შეიძინა სასახლის ქუჩაზე ძველი ბინის ნაწილი, დაანგრია და მის ადგილზე ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა.

დავითის სახლი, სასახლის ქუჩაზე, ქართველი ინტელიგენციის საყვარელი ადგილი იყო. იქ კვირაში ერთხელ თავს იყრიდნენ ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, იონა მეუნარგია, გრიგოლ ყიფშიძე, პეტრე უმიკაშვილი, არტურ ლაისტი, იაკობ ნიკოლაძე დამრავალი სხვა.

კითხულობდნენ ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებებს, იმართებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მთავრდებოდა ვახშმით, ქეიფით. დღეს აქ ფუნქციონირებს მწერალთა სახლი.

1885 წელს სარაჯიშვილმა თბილისში ააგო კონიაკის ცენტრალური საწყობი, სადაც აძველებდა საკონიაკე სპირტს. ასევე დააარსა სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, რომელიც მუშაობდა სამამულო ნედლეულის ბაზაზე. იმავე გახსნა ლიქიორის ქარხანა. სარაჯიშვილის ფირმა აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას, აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში. 1889-1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა და ლიქიორმა რუსეთსა და საერთაშორისო დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

დავით სარაჯიშვილმა რუსეთის იმპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია, მისი წარმოების ფრანგული წესები და ნორმები.სარაჯიშვილის ფირმის ნაწარმი მალე გაიცნეს და აღიარეს პარიზში, ლონდონში,ბერლინში, ვენაში, ჟენევაში, კონსტანტინეპოლში.

დავით სარაჯიშვილი სამშობლოში 1880 წელს დაბრუნდა და იმავე წელს ეკატერინე ივანეს ასულ ფორაქიშვილზე დაქორწინდა.

ფორაქიშვილის ოჯახი, ისევე როგორც სარაჯიშვილებისა, თავისი ტრადიციებითა დაშეძლებულობით ტფილისში ცნობილი იყო. დავითმა და ეკატერინემ ქორწილი მაშინ უკვე საკურორტო ქალაქ ბორჯომში გადაიხადეს. სამწუხაროდ, სიკეთით სავსე წყვილს, შვილი არ ჰყავდა.

“რას მიქვია უშვილობა, განა ყველა ბავშვი, მომავლის იმედად აღზრდილი, ქვეყნის საკეთილდღეოდ გაწვრთნილი, ჩემი შვილი არ არის?!” – ამობობდა დავით სარაჯიშვილი.

როგორც ალექსანდრე ხახანაშვილი აღნიშნავს, “არც ერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა 30 წლის განმავლობაში ისე, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს, გაზეთ-ჟურნალის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა გამოზრდა. ეკლესიისა და სკოლის გამშვენიერება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამანსპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება.

დავითი ღრმად მორწმუნე კაცი იყო, ის საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავით სარაჯიშვილის ინიციატივითა და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას.

დავით სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწე გახდა.

1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ვერ უშველა ბერლინში გაკეთებულმა ოპერაციამ და 1911 წლის 20 ივნისს დიდებული ქართველი გარდაიცვალა. ცნობილმა მეცენატმა 63 წელი იცოცხლა. აქედან 31 წელიწადი ისწავლა, ხოლო დანარჩენი წლები შრომით საქმიანობას მოახმარა.

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დავითს გერმანიაში დაუჩივლია: „ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს“.

დავით სარაჯიშვილმა ანდერძით ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს დაუტოვა!

ჭეშმარიტად მასზედ არის გამოჭრილი სიტყვები: „მოკვდა და თვისის ანდერძით, აწ ისევ საქმობს მკვდარიო“!..

1995 წლის 24 ივნისს სარაჯიშვილის მოწაფეებისა და მისი ღვაწლის თაყვანისმცემელთა მცდელობით, ცნობილი ბიზნესმენის ელგუჯა ბუბუტეიშვილის ძალისხმევით – დავით და ეკატერინე სარაჯიშვილების ნეშტები ვაკის სასაფლაოდან გადმოასვენეს და ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • რუსუდან ხუბულავა says:

    დავით სარაჯიშვილი და ეკატერინე ფორაქიშვილი მთაწმინდის პანთეონში უნდა განისვენებდნენ. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე აქ არის გადმოცემული.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.