მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი მამა დავით გარეჯელი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 04.06.20142 კომენტარი | 4,052 ნახვა

ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე ამაღლების დღესასწაულის შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას.

დავით გარეჯელიVI საუკუნეში სულიწმიდის წინამძღოლობით შუამდინარეთის ასურეთიდან ქართლში წმ. იოანე მოვიდა თავის 12 მოწაფესთან ერთად. მოწაფეთა შორის წმიდა მამა დავით გარეჯელიც იყო. იოანემ და მისმა მოწაფეებმა უპირველესად მცხეთა მოილოცეს, პატიოსანსა და ნათლით მოსილ სვეტს სცეს თაყვანი. შემდეგ წმ. იოანე ღვთის ნებით ქალაქის მახლობლად, ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა, რათა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებით, ეს მთა რომელზეც მანამდე კერპთმსახურება სრულდებოდა, განეწმინდა და აღემაღლებინა. მალე წმ. იოანემ თავისი მოწაფენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარგზავნა, ქრისტეს სამწყსოს განსამტკიცებლად. მამა დავითმა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უწყლო უდაბნოს მიაშურა, რათა წუთიერი და წარმავალი გასაჭირის დათმენით საუკუნო და წარუვალი შვება და განსვენება მოეპოვებინა, ამიტომაც ეწოდა შემდეგ ამ უდაბნოს “გარესჯა”, ანუ გარეჯა.

უდაბნოში მოსულმა ბერებმა წყურვილი კლდის ნაპრალში შემორჩენილი წვიმის წყლით მოიკლეს და დასასვენებლად კლდის ჩრდილში ჩამოსხდნენ. მამა დავითმა თავის მოწაფეს იქ დარჩენა შესთავაზა. ლუკიანეს ეჭვი შეეპარა, რომ უწყლო და უნაყოფო უდაბნოს ვერ გაუძლებდნენ, მაშინ მოძღვარმა მას შეახსენა, როგორ დააპურა უფალმა მანანით უდაბნოში მოხეტიალე ერი და როგორ ზრუნავდა უდაბნოში გასულ მოღვაწეებზე.

მოწაფემ და მოძღვარმა საერო კლდეში ერთი გამოქვაბული იპოვნეს და იქ დაივანეს. საზრდელად მად მწვანილეულობა ჰქონდათ, რომელიც გაზაფხულზე უხვად მოიპოვებოდა. დადგა ზაფხული და ბალახიც გადახმა. საზრდელის მოპოვებაზე ფიქრმა ლუკიანე ისევ შეაწუხა, მაშინ წმიდა მამამ თავის მოწაფეს სულმოკლეობა უსაყვედურა და ჰკითხა: “არა უწყია, უკუეთუ მოვწყდეთ შიმშილითა, გინა წყურვილითა, ქრისტეს მცნებათათვს, ცხოველ ვართ წინაშე ღმრთისა უკუნისამდე?” ამას რომ ეუბნებოდა, მეყსეულად გამოჩნდა სამი ირემი, რომელთაც უკან ნუკრები მოსდევდნენ. ისინი ბერებს მიუახლოვდნენ და ვითარცა თვინიერი ცხვარი, ისე გაჩერდნენ. მაშინ მამა დავითმა ლუკიანეს ირმების მოწველა უბრძანა. ამის შემდეგ ირემნი, ოთხშაბათ – პარასკევის გარდა ნუკრებთან ერთად ყოველდღე მიდიოდნენ მამა დავითისა და ლუკიანეს დასაპურებლად. ასე რომ მეუდაბნოვნი, რომელთათვისაც ღმერთთმა იზრუნა, “ესრეთ იშუებდეს ხორცითა და იხარებდეს სულითა”.

იმ გამოქვაბულის ქვემოთ, რომელშიც ბერები ცხოვრობდნენ, სხვა გამოქვაბულიც იყო. მასში საზარელი მხეცი ბინადრობდა, სისხლისფერი თვალებით, შუბლზე რქითა და ქედზე ჯაგარით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ბერებთან მოდიოდნენ, მისი გამოქვაბულის წინ გაიარეს. ვეშაპმა მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა, ლუკიანესთან და დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ აიღი კვერთხი, ის ადგილი ჩავლო, რომლითაც ირმები ამოვიდნენ. იპოვა ვეშაპი და უფლის სახელით იმ ადგილიდან გადახვეწა უბრძანა. ვეშაპი დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა მთის თავამდე აჰყოლოდა და მანამდე არ მოეცილებინა მისთვის თვალი, ვიდრე იმ წყლამდე არ მიაღწევდა, რომელიც ამ მთას სამხრეთით ჩაუდიოდა. მამა დავითი შეპირდა ვეშაპს, თხოვნას აუსრულებდა და წინ წარუძღვა მას ფსალმუნის გალობით: “რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს”.

ვეშაპის დანახვისას, რომლის სვლისას ლოდები ირყეოდნენ, ლუკიანეს ისე შეეშინდა რომ მიწაზე დავარდა ვითარცა მკვდარი. მთის წვერზე რომ ავიდნენ, ვეშაპმა გამალებით დაიყო ჩასვლა და უდაბნოს მინდორზე გავიდა. მამა დავითი პირობისამებრ თვალს არ აცილებდა მიმავალს, მაგრამ ამ დროს უკნიდან უფლის ანგელოზის ხმა მოესმა, „დავით, დავით!“ წმ. მამამ უნებლიედ მიიხედა. ამ დროს ვეშაპს მეხი დაეცა და სრულიად დაწვა. მამა დავითი შეწუხდა და უფალს შეჰღღადა, რად მოკლა ვეშაპი, რომელიც სასოებით იყო მინდობილი მასზე. ანგელოზმა დავითს აუწყა, რომ ვეშაპი მდინარიდან ზღვაში გავიდოდა, სადაც იგი ადამიანებს მრავალ უბედურებას დაატეხდა თავს. ამიტომაც მოიწია ღვთის განგებით მასზე რისხვამ. ანგელოზისავე მითითებით, მამა დავითი გამოქვაბულთან დაბრუნდა, სადაც შიშისაგან მიწაზე პირქვე დაცემული ლუკიანე მკვდარივით იწვა. მოძღვარმა იგი წამოაყენა და ანუგეშა: “ძლიერებაი ღმრთისაი ჩუენთანა არს და მადლი ღმრთისაი ჰფარავს ყოველთა მოშიშთა მისთა”.

უდაბნოში, სადაც ბერები მკვიდრობდნენ, მრავალი სხვადასხვა ცხოველი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა წმიდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდიად მდგარი ირმები იხილეს, რომელთაც ლუკიანე წყევლიდა. გულაჩუყებული მონადირენი, ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და მასთან დარჩენის ნება სთხოვეს. წმიდანმა როგორც ძმები და შვილები დაარიგა ისინი და უთხრა: “უკუნ იქეცით ადგილთავე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, აღმავსებელნი, რამეთუ მოწყალების მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს”.

შინ დაბრუუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. მაშინ ადამიანები, რომელთაც ქრისტეს ტკბილი უღლის დადგმა ეწადათ, უდაბნოსაკენ გაემართნენ, მამა დავითმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეებში ქვევრები, ხოლო სიცხისა და სიცივისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.

მეუდაბნოეთა შესახებ ღირს მონაზონ დოდოსაც ესმა და მანაც მამა დავითს მოაკითხა. მცირე ხნის შემდეგ მოძღვარმა მას რამდენიმე ბერი გააყოლა და ურჩია მოპირდაპირე მთის კალთაზე დამკვიდრებულიყო. წმიდა დოდომ ძმებთან ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე სავანე აღაშენა.

დავით გარეჯელს განმარტოებით ლოცვა უყვარდა. იგი ყოველდღე გადიოდა კლდეთა ნაპრალებში, სადაც წმიდა ლოცვებს აღასრულებდა და ცრემლთა ნაკადულით უდაბნოს რწყავდა. ერთხელ, ასეთი განმარტოებული ლოცვის დროს, მასთან კაკაბი მიფრინდა, რომელსაც უკან ქორი მოსდევდა. კაკაბიცა და ქორიც ბერის ფეხებთან დასხდნენ, მალე მონადირეც გამოჩნდა, ვინმე ბარბაროსი რუსთავიდან, რომელსაც ბუბაქრი ერქვა. მამა დავითმა ურჩია, ხელი აეღო კაკაბის მონადირებაზე, რომელიც სიკვიდილისაგან თავის დასაღწევად მას შეეფარა და სხვა ნადირი მოენადირებინა. ბარბაროსმა თავხედურად უპასუხა, რომ არა თუ კაკაბის, არამედ მისი მოკვლაც სურდა და ცხენზე მჯდომმა ხმალიც მოუქნია. მაშინ მას მეყსეულად შეახმა ხელი “ვითარცა შეშაი”. იგი მიხვდა თავის უკეთურობას, ცხენიდან ჩამოხტა და წმიდა ბერს ცრემლებით განკურნებას შეევედრა.

მამა დავითსაც შეეწყალა იგი და ბარბაროსი იესო ქრისტეს შეავედრა. მართლაც შეახო თუ არა ხელი წმიდა მამამ, ბუბაქრი მყისვე განიკურნა. მაშინ ბარბაროსი მას შეევედრა, მისი ძეც განეკურნა, რომელიც ორივე ფეხით კოჭლი იყო და ვერ დადიოდა. წმიდა მამამ უპასუხა: “წარვედ სახედ შენდა და, უკუეთო ენებოს ღმერთსა, ჰპოო ძე შენი განკურნებული”. შინ მისულ ბუბაქრს მისი ავადმყოფი ძე სრულად განკურნებული დახვდა, იგი მამას სიხარულით მიეგება. გახარებულმა ბუბაქრმა სახედრებს პური, ღვინო, თევზი და მრავალფეროვანი ხილი აჰკიდა, სამივე ვაჟი წაიყვანა და წმიდა მამისკენ გაემართა, რათა მას ისინიც დაელოცა. მამა დავითის კურთხევით სურსათ-სანოვაგის ნაწილი ბუბაქრმა წმ. დოდოსა და მასთან მოღვაწე ბერებს წაუღო. ამის შემდეგ ბარბაროსი თავის შვიულებსა და მხლებლებთან ერთად მოინათლა.

უსაზღვრო იყო მადლიერება ბუბაქრისა. მან უდაბნოში მოღვაწე ბერებისთვის კლდეში ეკლესია გამოაკვეთინა, რომელიც შემდეგში ღირსმა მამამ ილარიონმა განასრულა.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ქალაქის – იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. ბერებზე ზრუნვა მან ლუკიანეს დაავა, ხოლო თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმიდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც ბერები მადლის ქედზე ავიდნენ, საიდანაც იერუსალიმი მოჩანდა, წმიდა მამა მიწაზე ქვითინით დავარდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ღირსჰყო იგი წმიდა ადგილების ხილვისა. გადაწყვიტა ქალაქის მხოლოდ შორიდან დანახვით დაკმაყოფილებულიყო. ბევრს ევედრნენ ძმები შესულიყვნენ ქალაქში, მაგრამ ამაოდ. მაშინ დატოვეს იგი და თვითონ წავიდნენ. წმიდანმა მხურვალე ლოცვის შემდეგ იმ ადგილიდან სამი ქვა წამოიღო და უკან გამობრუნდა.

იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავითს მადლის ქედიდან სამი ქვა მიჰქონდა და თან იერუსალიმის მთელი მადლი მიჰყვებოდა. ანგელოზისავე ბრძანებით წმიდანს დაედევნენ და ორი ქვის უკან მიცემა სთოვეს.

მამა დავითს თავდაპირველად შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ღმერთს მადლობა შესწირა, რომელმაც ამგვარი წყალობის ღირსი გახადა და ქვები მისცა. მალემსრბოლნი მას სთხოვდნენ იერუსალიმის პატრიარქთან შესახვერდად უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ როცა ვერას გახდნენ “ამბორ-უყვეს და განუტევეს იგი”.

უდაბნოში დაბრუნებულ მოძღვარს ძმები სიხარულით შეეგებნენ. დრო და დრო მწყემსი კეთილი განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებთან მიდიოდა ნუგეშის საცემად და გასამხნევებლად. როცა ერთხელ ერთი მათგანი მოინახულა, შეიტყო, რომ კლდიდან, რომლის ძირსაც ბერი მკვიდრობდა, მწარე წყალი მოწვეთავდა. ბერი თავს იმით ინუგეშებდა რომ “სატანჯველნი ჯოჯოხეთისანი” ფრიად უმწარეს არიან და აქ დათმენა სჯობს იქ მარადიულ ტანჯვას.

წმიდა დავითს იგი შეეწყალა და უფალს შეეევედრა დაეტკბო წყალი. მართლაც, როცა მან საწყაული წყლით აღავსო და ჯვარი გადასახა, იგი ყოველთა წყალთა უტკბესი აღმოჩნდა. ამგვარ სასწაულებს მამა დავითი ხშირად სჩადიოდა და “განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა კაცთასა”. მისი ბრძანებით აღეშენა უდაბნო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა უდაბნოში მცხოვრები ბერები მოიხმო და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: “თქვენ ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით დაგანძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქუენთა ცხოვრებისათვს”. იგი უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მადლობის შემწირველმა ღმერთს თავისი სული შეავედრა. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. ვინც წმიდანის ცხედარს ემთხვია, ყველა განიკურნა, მათ შორის ერთი დაბადებიდან ბრმა იყო.

მამა დავითის გვამი ეკლესიაში მშვენიერ ლუსკუმაში დაკრძალეს, რომლისგანაც საამო სურნელება იფრქვეოდა და ყველას ვინც სარწმუნოებით მიეახლოებოდა, კურნავდა.

დღესაც, ვინც ღირსი და საკვირველთმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავსა და მის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვას რწმენით სცემს თაყვანს, სულიერი და ხორციელი სატანჯველისგან იკურნება.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

2 კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი.," - წმ. იოანე ოქროპირი.