მთავარი » სხვადასხვა

დავით აღმაშენებელი ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2012 2 კომენტარი | 10,821 ნახვა

დავით აღმაშენებელი (1089-1125) საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მეფეა. მისი მმართველობის დროს ჩაეყარა საფუძველი იმ სიძლიერეს, დავით აღმაშენებელი რომელსაც საქართველომ მიაღწია თამარის მეფობის დროს, XII საუკუნის ბოლოს და გახდა მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი ქვეყანა, როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით.

დავით აღმაშენებლის და მისი ეპოქის შესახებ მნიშვნელოვანმა წერილობითმა წყაროებმა მოაღწია. მათ შორისაა, როგორც ნარატიული, ისე დოკუმენტური წყაროები. ნარატიული წყაროებიდან უმნიშვნელოვანესია დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია სახელწოდებით “ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი”. იგი დაწერილია XII საუკუნის პირველ მეოთხედში, დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ. ავტორი უცნობია, თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ იგი დაწერილი უნდა იყოს, დავით აღმაშენებლის მოძღვრის – არსენ ბერის მიერ. ნაწარმოები ჩართულია შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფიის უმნიშვნელოვანეს ძეგლში – ქართლის ცხოვრების კრებულში და ითვლება, რომ ამ კრებულის ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია. მასში დაწვრილებითაა მოთხრობილი დავით მეფის ცხოვრების ისტორია, მის მიერ ქვეყნის განთავისუფლება თურქ-სელჯუკთა ბატონობისაგან, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, ფართო კულტურული აღმშენებლობა და სხვა.

დავით აღმაშენებლის ეპოქიდან შემორჩენილია წერილობითი ძეგლები და ნივთები, რომლებიც მის სახელთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა მისივე ხელით დაწერილი ანუ ავტოგრაფიული ნუსხები:

1. სინის მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში, ჯერ კიდევ VII საუკუნიდან ქართველებს თავისი პატარა კერა გააჩნდათ. ეს კერა ქართველ მეფეთა შეწირულობებით არსებობდა. დავით მეფის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს სინის მთის მონასტერში, სხვა მონასტრებისაგან განსხვავებით, სხვა ქონებასთან ერთად, დავით მეფის მიერ წიგნების გაგზავნის ფაქტს. საერთოდ, სინის მთის ქართულ ხელნაწერთა ეს კოლექცია საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ყალიბდებოდა. იგი ერთ-ერთი უმდიდრესია საზღვარგარეთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციებს შორის (ხოლო ასეთი კოლექციები, როგორც ვიცით, გარდა სინის მთისა, მოიპოვება იერუსალიმში, ათონზე და სხვა). სინის მთის ქართულ ხელნაწერთა ერთ-ერთი №10 ხელნაწერის ბოლო ფურცელზე, XII საუკუნის მხედრულით შესრულებულია მინაწერი: “ქ. მე, დავით, უნარჩევესმან მონამან ყოველთა ქრისტესთამან, განვგზავნე წიგნი ესე მთას წმიდას სინას; ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ”. მართალია დავით აღმაშენებელი ამ მინაწერში თავის თავს მეფობით არ მოიხსენიებს, რაც მისი თავმდაბლობის ნიშანია, მაგრამ მეცნიერთა მიერ, იგი მის ავტოგრაფადაა მიჩნეული. ამის საბუთად მოყავთ ის, რომ ეს მინაწერი XII საუკუნისაა და მისი ხელი აბსოლუტურად მსგავსია უეჭველად დავითის მიერ შესრულებული ორი მხედრული სტრიქონისა მისსავე ანდერძში შიომღვიმისადმი. გარდა ამისა, მინაწერის სიტყვები “მე, დავით განვგზავნე წიგნი ესე მთასა წმიდასა” პირდაპირ ეხმიანება მეფის ისტორიკოსის ცნობას, სწორედ სინის მთაზე მის მიერ ხელნაწერი წიგნების გაგზავნის შესახებ.

2. 1124 წელს ანისის აღების შემდეგ, დავით აღმაშენებელი შარვანში სალაშქროდ გაემგზავრა. გზად მან შეიარა შიომღვიმის მონასტერში, აქ არსენი ბერის და მისი მოძღვრის იოანე მონაზონის თხოვნით მეფემ შეადგინა ვრცელი ანდერძი. ანდერძში ის აღნიშნავს, რომ შიომღვიმეში ააშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ამ ეკლესიას და საერთოდ შიომღვიმის მონასტერს სწირავს სხვადასხვა ქონებას. ეს ანდერძი ერთ-ერთი შესანიშნავი ქართული ისტორიული საბუთია. შეიცავს 165 სტრიქონს, აქედან 163 სტრიქონი დაწერილია ნუსხა-ხუცურით მწერლის მიერ, ხოლო პირველი და ბოლო სტრიქონები – მხედრულით, თვითონ მეფის მიერ. პირველ სტრიქონში წერია “ქ. თავსმდებობითა ღმრთისაითა, მე, დავითს მიწყიეს”. ხოლო ბოლო სტრიქონში წერია: “ქ. სიმტკიცეო ყოველთაო ღმერთო, დაამტკიცე, მტკიცედა უქციე”. მაშასადამე, ამ საბუთის წერა, როგორც თვითონ აღნიშნავს, მეფეს დაუწყია, შემდეგ მწერალს გაუგრძელებია და ბოლო სტრიქონიც, რომელიც თავისი შინაარსით საბუთის დამტკიცებაა, მეფეს დაუწერია. სამწუხაროდ, ამ საბუთმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. მისი უდიდესი ნაწილი 1919 წელს დაიწვა ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქ პროპოტკინში, სადაც 1915 წელს გადაიტანეს შესანახად სხვა საბუთებთან ერთად, თურქეთიდან მოსალოდნელი თავდასხმისაგან დაცვის მიზნით. შემონახული მისი ძალზე მცირე ფრაგმენტი, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, მაგრამ ეს ფრაგმენტი ტექსტის შუა ნაწილია და მასზე, ცხადია, დავით მეფის ავტოგრაფები არ მოიპოვება.

3. არსებობს კიდევ ერთი ანუ დავით აღმაშენებლის მესამე ავტოგრაფი, რომელიც 2010 წელს აღმოაჩინეს საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკის და ქორეოგრაფიის მუზეუმში. იოანე მეგრელიძის ოჯახიდან შესულ დოკუმენტურ მასალებში, ერთ-ერთ ფოტოზე აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი. მუზეუმის დირექტორმა გიორგი კალანდიამ ნახა, რომ სურათზე წარმოდგენილი იყო ორი ხელნაწერის გვერდი. დავითის ავტოგრაფი მინაწერი პროფესორ ვალერი სილოგავას მიერ გამოცემულ ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებთან იქნა შედარებული და აღმოჩნდა, რომ ხელწერი ნამდვილად მეფე დავითს ეკუთვნოდა. პალეოგრაფმა, პროფესორმა ვალერი სილოგავამ აღნიშნული ორი სტროფი ამოიკითხა და მანვე დაადგინა, რომ მინაწერი დავით აღმაშენებლის უცნობი ავტოგრაფია. ტექსტი გარდამავალი მხედრულით არის დაწერილი: “მადლითა წმიდისა უფლისა სინაისითა დავით შეუნდვენ ღმერთმან”. აშკარად გამორჩეული ხელია, ზემოთ ტექსტი დაწერილია ნუსხურით, შემდეგ ღვთისმშობლის ტროპარი, მერე თავისუფალი ადგილი და აი, ამ ადგილას არის დავითის ავტოგრაფი.

გარდა ამისა, დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ორ ნივთზე: ჯვარზე და მონეტაზე მოთავსებული წარწერები.

1. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება ვერცხლის მოოქროვილი ფირფიტა, რომელიც დაკრული იყო ჯვრის ქვედა მკლავზე. ეს ჯვარი ითვლება, რომ დავით აღმაშენებელს თან ჰქონდა ბრძოლებში. ფირფიტაზე მოთავსებულია წარწერა: “ღმერთო, ყოვლისა დამბადებელო, ადიდე შენ მიერ გვირგვინოსანი, დავით აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა მეფე- მზე ქრისტიანებისა, ამენ”.

2. ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში, ინახება სპილენძის ქართული მონეტა. მის წინა მხარეს გამოსახულია, სამეფო ტანსაცმელში ჩაცმული დავით მეფე, ხოლო გამოსახულების ორივე მხარეს, მოთავსებულია ასომთავრული წარწერა: “დავით მეფე”. მონეტის უკანა მხარეს, ცენტრში, გამოსახულია ტოლმკლავიანი ჯვარი, ხოლო მის გარშემო წრიულად მოთავსებულია ასომთავრული წარწერა: “ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”. ესე იგი, აქ წარმოდგენილია მეფის ისეთივე ტიტული, როგორც ეს მის საწინამძღვრე ჯვარზეა. ამ ტიტულების მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ორივე ძეგლს 1122-1124 წლებით ათარიღებენ.

მონეტა

ასევე მეტად მნიშვნელოვანია დავით აღმაშენებლის ფრესკული პორტრეტი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს პორტრეტი XII საუკუნეში შესრულებულად მიიჩნევა, თუმცა იგი შემდეგშიც არაერთხელ განუახლებიათ, მათ შორის ერთ-ერთი განახლება XVI საუკუნით თარიღდება. სწორედ ამ დროისაა ვრცელი განმარტებითი წარწერა რომელიც, მოთავსებულია დავით მეფის თავის ორივე მხარეს. მისი ტექსტი ასეთია: “დიდი, მეფეთა შორის წარჩინებული, აღმაშენებელი დავით; საუკუნოდ – მცა არს ხსენებაი მისი”.

ძირითადად ასეთია ის წერილობითი ძეგლები, რომლებიც დაკავშირებულია დავით აღმაშენებლის სახელთან და რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია.

ლუკა კარკაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ლუკა says:

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბიძაჩემის ვალერი სილოგავას სული… რაც შეეხება სტატიებს, კიდევ ბევრ საინტერესო სტატიებს ვპირდები ინტერნეტ-ჟურნალ “ამბიონის” მომხმარებლებს.

  • მარიამი says:

    უფალმა დაუმკვიდროს მარადიული სასუფეველი დიდი მეცნიერის,კეთილშობილი ადამიანისა და ღირსეული პიროვნების ბატონი ვალერ სილოგავას სულს…მისი დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია მეცნიერებისათვის…იგი არასოდეს დამავიწყდება, როგორც უზადო მეცნიერი და პიროვნება

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი