მთავარი » ქრისტიანობა

დაუჯდომელი, ანუ აკათისტო – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.01.2012 6 კომენტარი | 18,069 ნახვა

სამებადაუჯდომელი არის სადიდებელი საგალობელი, რომლის შესრულების დროს მღვდელმსახურები და მრევლი არ უნდა დასხდნენ. მისი სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, პირველი აკათისტო შეიქმნა ბერძნულ ენაზე. იგი მიეძღვნა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, მე–7–8 საუკუნეებში მის მიერ კონსტანტინოპოლის განადგურებისაგან სამგზის გადარჩენის სამადლობლად. დაუჯდომელი მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააწესა, რათა საყოველთაოდ ყოფილიყო ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი სადიდებელ-საგალობელი ყოველ წელიწადს, დიდი მარხვის მე-5 შვიდეულის შაბათ დღეს, რადგან დაახლოებით წლის ამ დროს იხსნა ღვთისმშობელმა კონსტანტინოპოლი მტერთაგან. ამ შაბათს ეწოდება დაუჯდომელის შაბათი და ცისკრის ლოცვაში ჩაერთვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტო.

ყველა აკათისტო დაწერილია პირველი აკათისტოს ფორმობრივი მიმსგავსებით.

მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური): აკათისტო არსებითად არის სრული კონდაკი ანუ თავისებური ლიტერატურული ფორმის საეკლესიო პოემა, სადაც აღწერილია ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, დღესასწაული ან ამა თუ იმ წმინდანთან დაკავშირებული ამბავი, ისტორია. იგი საკმაოდ ვრცელია.

პირველი აკათისტო მიძღვნილი იყო დედა ღვთისმშობლისადმი. სწორედ მის მიხედვით შეიქმნა ყველა სხვა დანარჩენი აკათისტო.

აკათისტო შედგება ცალკეული ნაწილებისაგან. პირველ რიგში არის პირველი სტროფი და ეწოდება არომიონი, რასაც მოჰყვება 24 სტროფი. თავდაპირველად პირველი აკათისტო ბერძნული ანბანის 24 ასოს შეუსაბამეს და ამ აკროსტიხით იყო გაწყობილი ისინი, ყოველი ტაეპის დასაწყისი იწყებოდა ამა თუ იმ ბერძნული ასოთი.

როგორც წესი, იგი ძალიან ადვილად გასაგებია, შინაარსობრივად მარტივი ენითაა გადმოცემული. აკათისტო ორ ნაწილადაც კი იყოფა ხოლმე. ასეთ შემთხვევაში ერთი ნაწილი ეძღვნება იმ მოვლენის ისტორიულ მხარეს, რომელიც ასახულია აკათისტოში. ხოლო მეორე ნაწილი ეძღვნება უშუალოდ დოგმატურ საღვთისმეტყველო საკითხებს.

რაც შეეხება პირველი აკათისტოს ავტორის ვინაობას, ეს საკითხი დიდი ხნის განმავლობაში თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა კვლავაც მეტ–ნაკლებად გაურკვეველი რჩება. პირველი აკათისტოს ავტორად მიიჩნევდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს სერგის, რომელიც 610-638 წლებში მოღვაწეობდა. თვლიდნენ, რომ პირველი აკათისტო შეიქმნა მაშინდელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის (შემდგომში კი ბიზანტიის იმპერიის) დედაქალაქის ავარებისა და სლავებისგან გადარჩენის სამადლობლად და ეძღვნებოდა ღვთისმშობელს. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებიც.

აკათისტო თავისი შინაარსით, როგორც უკვე ვთქვით, არის რამდენიმე ნაწილად გაყოფილი. იგი შედგება 24 ერთმანეთთან მონაცვლე მომცრო და უფრო დიდი ზომის სტროფებისგან. მომცროებს ეწოდება კონდაკები და ყოველი მათგანი მთავრდება სიტყვით “ალილუია”, ხოლო მოზრდილები იმავე სიტყვებით მთავრდება, რომლითაც კუკულიონი და იწოდება იკოსებად. ისინი ისე არიან განლაგებულნი, რომ კონდაკები და იკოსები მონაცვლეობით მისდევენ ერთმანეთს. სახელწოდება “აკათისტო”, როგორც უკვე ვთქვით, უკავშირდება არა საგალობლის მუსიკალურ ან ლიტერატურულ მხარეს, არამედ იმ მდგომარეობას, რომელშიც მლოცველები იმყოფებიან. ანუ ისინი არიან ფეხზე მდგომნი, როგორც ეს არის მიღებული.

აკათისტოთა წაკითხვა შეიძლება დღე-ღამის ყოველ დროს. ასევე შეიძლება წაკითხულ იქნეს წლის ყველა დღეს, მაგრამ ჩვეულებრივად ისეც ხდება ხოლმე, რომ ეკლესიაში დაწესებული ლოცვის შემსრულებელს ფაქტობრივად აღარ რჩება საიმისო დრო და ძალა, რომ დამატებით რომელიმე აკათისტო წაიკითხოს, მაგალითად, დიდი მარხვის დღეებში და სხვა. გარდა ამისა, უკეთუ აკათისტოს წავიკითხავთ აღდგომას და ზოგიერთ სხვა დღეებში, მაშინ მისი ლოცვის წესი მცირედ იცვლება. მაგალითად, არის დღეები, როდესაც არ შეიძლება დაჩოქება, არ შეიძლება დასაწყისი ლოცვებიდან “მეუფეო ზეცათაოს” თქმა. უნდა ვიგალობოთ “ქრისტე აღდგა მკვდრეთით…” და სხვა.

ამიტომაც თითოეული მლოცველი ერისკაცი, ვინც არ იცის ამ ცვლილებათა წესი, წინდაწინ უნდა შეეკითხოს თავის მოძღვარს და გაარკვიოს, რა ცვლილებებია შესატანი დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. როდესაც მღვდელი ან მღვდელმთავარი აკათისტოს წაკითხვას ინებებს ღვთის ტაძარში, ცისკრის ლოცვის შესრულებისას, მაშინ მან უნდა იხელმძღვანელოს დაუჯდომელის შაბათის ცისკრის ლოცვის ტიპიკონით. ეს ასე ხდება: “ღმერთი, უფალის…” შემდეგ იგალობება ტროპარი წმინდანისა, ვის აკათისტოსაც ვლოცულობთ. პირველი ფსალმუნების შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი. ამ დროს გაიღება აღსავლის კარები და იგალობება პირველი კონდაკი, გრძლად, ტკბილი ხმით. აჯობებს, რომ სამღვდელოებამ და ხალხმა იგალობონ, გალობის დროს დიაკონი შეასრულებს დიდ კმევას. კმევას იწყებს საკურთხეველიდან. პირველი კონდაკის დასრულების შემდეგ ტრაპეზის წინ წაიკითხავს მის შემდგომ საკითხავებს მეოთხე კონდაკის ჩათვლით. ყოველი კონდაკის წაკითხვის შემდეგ მგალობელნი, ან მრევლი გალობენ თითოჯერ “ალილუიას”, ხოლო იკოსის შემდეგ კი იკოსის ბოლოს წაკითხულ “გიხაროდენ”-ს. მეოთხე კონდაკის წაკითხვის შემდეგ კვლავ იგალობება პირველი კონდაკი და გალობის დასასრულს დაიხურება აღსავლის კარები. შემდგომად მეორე ფსალმუნისა და მცირე კვერექსისა, კვლავ გაიღება აღსავლის კარები და კვლავ იგალობებენ პირველ კონდაკს. დიაკონი ამის გალობის დროს ასრულებს მცირე კმევას. ამის შემდეგ მღვდელი წაიკითხავს ტრაპეზის წინ მეოთხე იკოსს მეშვიდე კონდაკის ჩათვლით, ხოლო მლოცველნი თითოეული კონდაკ-იკოსის დასასრულს იგალობებენ პირველ-თქმულისაებრ. ბოლოს კვლავ პირველ კონდაკს იგალობებენ და დაიხურება აღსავლის კარები. ჩვეულებრივად წაიკითხება ცისკრის ლოცვები და მესამე სძლისპირის შემდეგ ითქმის მცირე კვერექსი. კვლავ გაიღება აღსავლის კარები და იგალობება კვლავ პირველი კონდაკი. დიაკონი შეასრულებს მცირე კმევას. მღვდელი კვლავ წაიკითხავს მეშვიდე იკოსს მეათე კონდაკის ჩათვლით, იგალობება პირველი კონდაკი და აღსავლის კარები დაიხურება. მეექვსე სძლისპირისა და ტროპართა შემდეგ კვლავ ითქმის მცირე კვერექსი.

კვლავ გაიღება აღსავლის კარები და იგალობება პირველი კონდაკი, მღვდელი წაიკითხავს მეათე იკოსსა და ყველა დანარჩენს. მგალობლები და მლოცველნი იგალობებენ თითოეულ კონდაკ-იკოსის შემდეგ ზემოთ თქმულისაებრ, ხოლო დიაკონი კი ასრულებს დიდ კმევას. მეცამეტე კონდაკს მღვდელი სამჯერ წაიკითხავს და თითოეული წაკითხვის შემდეგ მგალობლები ანუ მლოცველები იგალობებენ “ალილუია”-ს სამგზის. ტიპიკონი არ უჩვენებს, მაგრამ მიღებულია, რომ ეს ბოლო კონდაკი სამღვდელოებამ დაჩოქილმა წაიკითხოს და მლოცველებმაც ასევე დაჩოქილებმა მოისმინონ. ამის შემდეგ მღვდელი კვლავ წაიკითხავს პირველ იკოსს, შემდეგ კი პირველ კონდაკს, ანდა პირველ კონდაკს. კვლავ იგალობებენ, უკეთუ დაჩოქილები კითხულობდნენ მეცამეტე კონდაკსა და მის შემდგომთ. ამ დროს წამოდგებიან სამღვდელოება და ხალხი. შემდგომად ამისა წაიკითხავენ სვინაქსარს და ილოცებენ ცისკრის დანარჩენ ნაწილს. მარხვაში არაა სავალდებულო დაუჯდომელის შაბათის ცისკრის ლოცვაში აკათისტოს ბოლოს სათქმელი მუხლმოდრეკის ლოცვა, მაგრამ პრაქტიკულად მიღებულია და კეთილადაც მოეზავება, რომ სვინაქსარის წაკითხვამდე მღვდელმა ან უპირატესმა სასულიერო პირმა წაიკითხოს მუხლმოდრეკის ლოცვა ტრაპეზის წინ, შემდგომად პირველი კონდაკის წაკითხვისა ან გალობისა. ასეთნაირად ჩაურთავენ ცისკრის ლოცვაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკათისტოს დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს და მსგავსად ამისა, ასეთნაირადვე შეიძლება ჩაერთოს სხვა წმინდანის აკათისტო ცისკრის ლოცვაში, როგორც ამა თუ იმ წმიდანის დღესასწაულზე, ასევე სხვა, სადაგ დღეებში, როდესაც ინებებს მღვდელთმსახური, ანდა მორწმუნე ერისკაცი სთხოვს.

ფრიად კეთილი იქნება, უკეთუ მორწმუნეთა თხოვნით (ანუ შეკვეთით) შესასრულებელი წირვის წინ, ცისკრის ლოცვაში აკათისტოსაც ჩაურთავენ იმ წმიდანისა, რომლის მიმართაც აქვს მორწმუნეს განსაკუთრებული ლოცვის სურვილი. ცისკრის ლოცვაში აკათისტოს ჩართვისას მღვდელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკათისტოს საკურთხეველში კითხულობს, ტრაპეზის წინ და კითხვის დროს აღსავლის კარები ღიაა, მაგრამ მღვდელმსახურს შეუძლია აკათისტო წაიკითხოს შუა ტაძარშიც. ასეთ შემთხვევაშიც, მღვდელი მაინც აღებს აღსავლის კარებს, გამოდის, დგება შუა ტაძარში წმიდანის ხატის წინ და იქ კითხულობს აკათისტოს. ყოველი კითხვის დასრულების შემდეგ იგი კვლავ აღსავლის კარებიდან შევა საკურთხეველში და ხურავს მას.

დიაკონი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვეულებრივ აკმევს ხოლმე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი კმევას იწყებს არა საკურთხევლიდან, არამედ შუა ტაძრიდან, ხოლო კმევის დასრულების შემდეგ დგება ანალოგიის წინ, ცოტათი გვერდით და აკათისტოს კითხვის ჟამს გამუდმებით უკმევს წმიდანის ხატს მძიმედ, წყნარად. ასევე აკათისტოს კითხვის დროს ანალოგიის გვერდითა ორივე მხარეს დგამენ დიდ შანდლებს.

თუკი ადამიანს სურვილი ექნება, წაიკითხოს აკათისტო, უნდა მიიღოს მოძღვრის კურთხევა. ამ შემთხვევაში ეს ყველანაირად მისაღები და დასაშვებია.

ნებისმიერ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ბუნებრივია, ყველა ლოცვა დამოკიდებულია ადამიანის გულის მგზნებარებაზე, დამოკიდებულია ადამიანის პირად სიწმინდეზე, ასევე განწყობაზე, ღვთის წინაშე გულწრფელობაზე. ლოცვა ძალმოსილია მაშინ, როცა ადამიანი არის გულმხურვალე, მორწმუნე და თვითონ სჯერა საკუთარი ლოცვისა, თუკი ადამიანი ამ ყველაფერს ასრულებს წესისამებრ და, რაც ყველაზე მთავარია, როცა მლოცველი ლოცულობს მართლმადიდებლური წესით მართლმადიდებლურ ტაძარში.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი