მთავარი » ქრისტიანობა

“დასარიგებლად 2-3 ლარის ხურდა მეყარა ჩანთაში და მე უკვე ჩემი საქციელის გამო გული სიამაყითა და კმაყოფილებით მევსებოდა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2018 | 2,120 ნახვა

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია: დეკანოზი სერაფიმე დანელია “თბილისში სად არ შეხვდები ხელგაწვდილ ადამიანებს. – დუხჭირი ცხოვრება აიძულებს მათ გადადგან ეს ნაბიჯი და დუხჭირი ცხოვრება გვაიძულებს ჩვენც, ხშირად მათგან თავის არიდებას და გვერდზე გახედვას…

თქვენი არ ვიცი და მე ერთხელ ისე შემაწუხა ამ მოცემულობამ, რომ გადავწყვიტე ჩემთან მოსული მთხოველი უნუგეშოდ არ გამეშვა და ყოველთვის თან მეტარებინა რაღაც რაოდენობის თანხა.

ამისთვის გავიმზადე ხატისთვის მოქსოვილი ყელზე ჩამოსაკიდი პატარა ჩანთა და შიგ ხურდები ჩავყარე. ასეთი ხურდა ყოველთვის მოიძებნება, თუ მოინდომებ…

და აი, ამ დღიდან მოყოლებული ყოველდღე ჩემს სამღვდელო ჯვართან ერთად ამ ჩანთასაც ვიკიდებდი მკერდზე და გამართული მივუყვებოდი გზას. მას მერე მთხოველთა ნახვა მიხაროდა და მათი ლოცვა-კურთხევა სიხარულით მავსებდა. ასე გადიოდა დღეები…

მაგრამ როგორც მეფე დავით მეფსალმუნემ ამბობს: “ყოველი კაცი ცრუი არს” და მეც ეს სიხარული, შეუმჩნევლად თვითკმაყოფილებაში გადამივიდა, ფარისევლისა არ იყოს, როცა თქვა, მადლობა შენ ღმერთო ასეთი და ასეთი რომ ვარ, “ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა” და ა. შ…

სულ რამოდენიმე დღე იყო გასული ჩემი ამ მოქმედებიდან და მე უკვე საკუთარი თავი, ღვთის წინაშე დიდ ქველისმოქმედად წარმომიდგა.

რა საცოდავია ადამიანი; დასარიგებლად 2 – 3 ლარის ხურდა მეყარა ჩანთაში და მე უკვე ჩემი საქციელის გამო გული სიამაყითა და კმაყოფილებით მევსებოდა…

მაგრამ დიდება და მადლობა ღმერთს, რომელიც არ ტოვებს ადამიანს ცთომილებაში და სწავლის მას…

ერთხელაც, საღამოს ლოცვაზე ვიდექი, როდესაც სტიქაროსანმა უცნობი ადამიანის ჩემთან შეხვედრის თხოვნა გადმომცა. აღმოჩნდა, რომ თვეების წინ აღსრულებული მსახურების სამადლობლად უცხოეთიდან უცნობი ადამიანები მადლობას მითვლიდნენ და მიგზავნიდნენ თანხას, ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ამ დღეების მანძილზე ჩემგან გაღებული მოწყალების ერთობლივი ოდენობა შეადგენდა…

და როცა მოსულები გავისტუმრე და მწუხრის ლოცვისთვის საკურთხეველში შევბრუნდი, გულიდან თითქოს უფალი დამელაპარაკაო, ასეთი სიტყვები მომესმა: “ეჰ, მამაო, მამაო… შენ კეთილი საქმე ჩაიფიქრე, მაგრამ რატომ გგონია, თითქოს რამე განსაკუთრებულს აკეთებდე?… შენ თუ ორიოდე დღეა მცირედი სიკეთის კეთება დაიწყე სხვისთვის, იცოდე, რომ მე მუდმივად ვაკეთებ დიდს შენთვის და მიუხედავად იმისა, რომ შენ, ჩემგან მოცემულს გასცემ, იცოდე, რომ მე არასოდეს დაგრჩები ვალში, რათა არასდროს სთქვა, თითქოს ბევრი სიკეთე გაქვს ამქვეყნად გაკეთებული და თავი დიდ ვინმედ არ წარმოიდგინო…”

წიგნიდან “მომეფერე უფალო”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი