მთავარი » ჯანმრთელობა

დამწვრობა – პირველადი დახმარება და მკურნალობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.09.2011 26 კომენტარი | 63,626 ნახვა

დამწვრობისგან დაზღვეული არავინაა. მიზეზი მრავალგვარია: სხეულზე გავარვარებული ცხელი საგნის მოხვედრა ან სითხის გადასხმა, ელექტროკონტაქტური, სხივური, ქიმიური დამწვრობა და სხვა.

დამწვრობარა სახის დამწვრობა არსებობს? როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის დროს? ამ საკითხზე “ამბიონი” ექიმ დერმატო-ვენეროლოგს ლიკა ბარელაძეს ესაუბრა:

– ძირითადად დამწვრობის რომელ ფორმებს გამოყოფთ?

დამწვრობა – ეს არის ორგანიზმზე თერმული, ქიმიური, ან სხივური ენერგიის ზემოქმედებით განვითარებული დაზიანება.
არსებობს დამწვრობის სხვადასხვა სახე: თერმული, ქიმიური ნივთიერებებით, ელექტროდენით მიღებული დამწვრობები…
თერმულ დამწვრობას იწვევს მაღალი ტემპერატურა, ცეცხლის ალი, გავარვარებული მკვრივი საგანი, ცხელი ადუღებული სითხე, ორთქლი, მზის სხივები და სხვა.

დამწვრობის სიმძიმეს განსაზღვრავს დამწვარი ზედაპირის სიდიდე და სიღრმე. რაც უფრო ფართო და ღრმაა დამწვარი ზედაპირი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება.

– დამწვრობის რამდენი ხარისხი არსებობს?

არჩევენ 4 ხარისხის დამწვრობას:

I ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. ახასიათებს კანის შეწითლება, შეშუპება და ტკივილი. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი, ან აქერცვლა.

II ხარისხის დამწვრობის დროს კანის დაზიანება უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მისი ზერელე შრის ეპიდერიმისის ქვეშ გროვდება გამჭვირვალე სითხე,რომელიც დაინფიცირების შედეგად შეიძლება დაჩირქდეს. ბუშტუკები უმეტესად ვითარდება დამწვრობის მიღებისთანავე, ან 24 საათის შემდეგ. ეს დამოკიდებულია თერმული აგენტის ტემპერატურასა და მისი მოქმედების ხანგრძლივობაზე. მრავალრიცხოვანი ბუშტუკების მეშვეობით ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით პლაზმას. მეორე ხარისხის დამწვრობის დროს ტკივილი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.

III ხარისხის დამწვრობა კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. აღინიშნება ქსოვილთა ნეკროზი დამწვარ ზედაპირზე შავი ფერის ქერქის წარმოქმნით. თუმცა პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით ნაკლებად მტკივნეული ან უმტკივნეულოა, რადგან თერმული ზემოქმედებით ნერვული დაბოლოებებიც დამწვარია… ამ დროს კანის დვრილოვანი შრე ნაწილობრივ ან მთლიანად ზიანდება. თუ დვრილოვანი შრე ძლიერ დაზიანებულია, კანის მთლიანი რეგენერაცია არ ხდება და მის მაგიერ ნაწიბუროვანი ქსოვილი ვითარდება.

IV ხარისხის დამწვრობას ექიმები დანახშირებას უწოდებენ. ამ დროს ზიანდება კანი, კანქვეშა ქსოვილი, კუნთები, ხშირად – ძვლებიც კი.

– რა პირველადი დახმარება შეიძლება გავუწიოთ ადამიანს დამწვრობის დროს?

დამწვრობაპირველი დახმარების აღმოჩენა იწყება შემთხვევის ადგილზე, რაც გულისხმობს დამწვრობის გამომწვევი თერმული აგენტის მოქმედების შეწყვეტას – ცეცხლის ჩაქრობას, ან დაზიანებულის გამოყვანას დამწვრობის ზონიდან, ტანსაცმელზე მოდებული ალის ჩაქრობას. ტკივილის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია დაზიანებული ტანსაცმელი გახდის მაგივრად შემოვაჭრათ ან შემოვახიოთ. დიდი ფართობის დაზიანების შემთხვევაში უკეთესია ზეწრის შემოხვევა.

I ან II ხარისხის დამწვრობისას გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო გზაა, რომ უჯრედების ტემპერატურა ნორმამდე დავწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი – 15 წუთით.

არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო. მსგავსი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიების გამრავლებისთვის საჭირო პირობებს ქმნის. არ გახეთქოთ დამწვრობაზე გაჩენილი ბუშტუკები.
შეხვევა აუცილებელი არ არის. მთავარია, ჭრილობა სუფთად შეინახოთ. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილი შესაძლებელია, დაგესვაროთ, მშრალად და ფაშარად შეიხვიეთ სტერილური დოლბანდით.

დღეში ერთხელ ჭრილობის დამუშავების წინ ხელები კარგად დაიბანეთ, შემდეგ კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით.

თუ ტკივილი შემაწუხებელი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ.

თუ ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ, – მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ ან შეშუპებამ, ან ჩირქმა დაიწყო დენა, – აუცილებელია მიმართოთ ექიმს!

III ხარისხის დამწვრობისას, სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე, აუცილებელია პირდაპირ ექიმს, ან დამწვრობის ცენტრს მიმართოთ, მანამდე კი შეგიძლიათ, დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ (გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).

დამწვრობაIV ხარისხის დამწვრობის დროს ხშირად ვითარდება დამწვრობითი შოკი, რაც საკმაოდ განსხვავდება სხვა სახის შოკური მდგომარეობებისგან. ამ დროს ადამიანი გონზეა, ადექვატურია, შემაწუხებელ, ძლიერ ტკივილს იშვიათად განიცდის, წნევაც ნორმალური აქვს, მაგრამ უმძიმეს შოკშია. დამწვრობითი შოკის დროს ტკივილის არარსებობის მიზეზი ცნობილია: როდესაც ტკივილი მეტისმეტად ძლიერია, ირთვება თავდაცვითი მექანიზმი და ქერქქვეშა უბნები ითიშება. ამასთანავე, ღრმა დამწვრობისას ტკივილის აღმქმელი რეცეპტორებიც იღუპება, ამიტომ ადამიანი ტკივილს ვერ შეიგრძნობს. ამის კვალობაზე მძიმე დამწვრობისას ტკივილის არარსებობა სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. პირიქით, იმაზე მიუთითებს, რომ საჭიროა გადაუდებელი, კვალიფიციური დახმარება. შოკის აცილების მიზნით უნდა ვეცადოთ, ჩვენი ყოველგვარი მოქმედება იყოს ნაკლებ მტკივნეული, გარდა ამისა, უნდა მოვერიდოთ ინფექციის შეტანას დამწვრობის ზონაში.

– როგორ ვუმკურნალოთ მსუბუქ დამწვრობას სახლის პირობებში?

ხალხური მედიცინა დამწვრობისთანავე გვირჩევს წყლის დასხმას დაზიანებულ ადგილზე. კარგია აგრეთვე ალოეს წვენი, თეთრი ღვინო, თაფლის წასმა, გახეხილი უმი კარტოფილის დადება, კარტოფილის ფქვილის შეფრქვევა. ეს საშუალებები აჩერებს წვას. წვის შეჩერების შემდეგ იწყებენ მალამოებით მკურნალობას.

ხალხური მალამო დამწვრობის სამკურნალოდ:

ადუღებენ 1 ჭიქა მცენარეულ ზეთს, გადმოდგამენ ცეცხლიდან და ამატებენ 50 გრ თაფლის სანთელს, 20 გრ სუფთა პარაფინს. რომ გაცივდება, ამატებენ 1 კვერცხის გულსა და 2 ტაბლეტ სტრეპტოციდს.

თუ შემთხვევით მიიღეთ მსუბუქი დამწვრობა და არ იცით, როგორ მოიქცეთ, გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები. ხოლო გართულების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

26 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.