მთავარი » ქრისტიანობა

დაკრძალვის წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.02.2021 | 285 ნახვა

რა უნდა ვიცოდეთ დაკრძალვის შესახებ

გარდაცვალების შემთხვევაში, პირველივე დღიდან დასაფლავებამდე, მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგას ნაკურთხი ხატი. ამასთანავე მიცვალებულის თავთან იდება ნაკურთხი მარილი, ღვინო, ზეთი, ხორბალი, წყალი და მისი საფლავისთვის ნაკურთხი მიწა.

სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს), იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვლოცულობთ აღმოსავლეთით პირმიქცეულნი, რადგან მაცხოვრის მეორედ მოსვლას აღმოსავლეთიდან ველით. ამიტომ, აღმოსავლეთისკენ მიბრუნება მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშანია.

მიცვალებულის ხელები უნდა იყოს მკერდზე გადაჯვარედინებული, მარჯვენა მარცხენაზე დადებული.

გარდაცვლილს გულზე უნდა ეკიდოს ნაკურთხი ჯვარი, ასევე მარცხენა ხელშიც უდებენ ჯვარს.

საერო პანაშვიდის დროს სასურველია, საერო სიმღერებისა და მუსიკის ნაცვლად, შესრულდეს საეკლესიო საგალობლები.

მიცვალებული უნდა დაიკრძალოს გარდაცვალებიდან ყველაზე მეტი სამი-ხუთი დღის განმავლობაში.

წესის აგება

ჩვეულებრივ დღეისათვის წესის აგებას ასრულებს მღვდელი ცხედართან ოჯახში ან ეკლესიაში – დასაფლავების დღის დილით ან წინა ღამეს. თუ გასვენების ან წინა დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. წესის აგება ასევე უნდა შესრულდეს მართლმადიდებლობითა და აღდგომის სასოებით აღსრულებული ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი ვერ ან არ აუგეს.

საფლავი

ცხედრის ჩასვენებისას მიცვალებულის ყველა გამცილებელი, სამარის ამოვსების წინ ყრის მასში თითო მუჭ მიწას. ამგვარად, მიცვალებულს მიაბარებენ მიწას, საღვთო განგებულებისადმი მორჩილების ნიშნად: „…მიწა ხარ და მიწადცა მიიქცე“ (შეს. 3, 19).
მიცვალებულს სამარეში ასვენებენ პირით აღმოსავლეთისკენ. საფლავის მიწა უნდა იკურთხოს დაკრძალვამდე. მოძღვრის მიერ საფლავის კურთხევა ასევე სრულდება მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში (და ნებისმიერ დროსაც, როცა ამას ჭირისუფალი ისურვებს). დასაფლავების დღიდანვე, საფლავზე აღმართული უნდა იყოს მღვდლის მიერ ნაკურთხი ჯვარი, ცხონების სიმბოლო. ჯვარი შეიძლება ნებისმიერი მასალისაგან იყოს დამზადებული (ხისგან, ქვისგან, ლითონისგან).

ქრისტიანის საფლავი არ უნდა იყოს მდიდრული. თუ ნათესავებს სურთ წააწერონ ეპიტაფია, მაშინ უკეთესია, ტრადიციულად, გამოვიყენოთ სიტყვები წმინდა წერილიდან ან ლოცვებიდან, და არა რაიმე ფრაზები თუ ლექსები.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი