მთავარი » ქრისტიანობა

დაბეზღება – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.10.2018 | 1,472 ნახვა

ბეთანიის ეკლესია “დაბეზღება – ჩვენს ქვეყანაში ერთი დიდად მავნებელი და ქვეყნის შემარცხვენელი სულიერი სენი და ვნებაა გავრცელებული, – ეს არის მთავრობასთან კაცის საიდუმლო შესმენა, ანუ დაბეზღება სიტყვიერად, ან წერილობით, რომელიც უმეტესად გამოგონილი სახელითაა ხელმოწერილი. ეს ერთობ სასირცხვო და საზიზღარი საქმეა! დაბეზღება არის ცილისწამება, ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა, ხოლო საღმრთო წერილი შურისძიებას, მტრობასა და ცილისწამებას კაცისკვლას ადარებს. დამბეზღებელი თავის თავს ვნებს, ცოდვას თავის თავზე იღებს, ხოლო თავის სურვილსა და განზრახვას ვერ ასრულებს. ოდცასამი წელიწადია სამწყსოში ვარ და ამ ხნის განმავლობაში, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემზე უმაღლეს მთავრობას ორასი დაბეზღება და შესმენა მაინც მიუვიდა. რა ცოდვა და უსჯულოება არ მომაწერეს: მკვლელობა (მღვდელი გურგენიძე თვით საკურთხეველში მოკლაო), მრუშობა, მეძაობა, ქურდობა, სიწმიდეთა პარვა, ხელმწიფის ღალატი! პირჯვრის წერა სულ არ მცოდნია, უსამართლო ვყოფილვარ, უღმერთო, ანგაარი, მექრთამე და სხვა მრავალი! და რა გამოვიდა ამ დაბეზღებათაგან? სრულიად არაფერი! მთავრობას ერთი ამათგანი მაინც რომ დაეჯერებინა, აქ როგორღა დამაყენებდა! ჭეშმარიტებას ვიტყვი, მე თვით ისინი მეცოდება, რომელნიც ამდენს მაბეზღებენ. ისინი მე კი არა, თავიანთ თავს ამტყუნებენ; საკუთარი ხელით თვისი ცოდვის სიგელს სწერენ, რომელიც მათ სასჯელის დღეს შესარცხვენად წარმოუდგება. მე კიდეც მიხარია და მათი მადლობელიც ვარ, ვინც ასე მდევნის და მთავრობასთან მასმენს. სახარებაში ასე სწერია: ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან თქვენზედა ყოველი სიტყვა ბოროტი. აი, ეს სიტყვა მანუგეშებს. გაამრავლონ ჩემზე ყვედრება, ცილისწამება, დაბეზღება, – ამით მე ისინი კეთილს მიყოფენ. სხვა რამე კეთილი და სათნო ღმრთის წინაშე არაფერი მიქნია, მე ცოდვილმა ჩემი დიდი წოდება ვერ გავამართლე და ყოველთვის მეშინია, რომ ღმერთმა არ დამსაჯოს, მაგრამ იქნება ამით მაინც შემიწყნაროს ღმერთმა, რომ ყოველივე ამას სულგრძელად ვითმენ და ლოცვაში მათზე არ ვჩივი, არამედ, კიდეც ვევედრები: მიუტეოს მათ, გამოასწოროს მათი ცუდი ხასიათი. უთუოდ ღმრთის განგებით არის, რომ ამდენი ყვედრება, ცილისწამება და ბოროტი სიტყვა დამედვა. იქნება ღმერთს ჩემი ცოდვების განწმენდა და ჩემი ცოდვილი სულის ცხონება ამით სურს. ისიც შეიძლება, რომ ჩემი დამბეზღებელთაგანი არათუ დაჩაგრული, არამედ დაჯილდოებულიც იყოს ჩემგან; თუ იგი ერისკაცია, ერთ შენდობას მაინც მივცემდი და ერთხელ მაინც ჯვარს გადავწერდი, – ესეც კეთილის ყოფაა მაგრამ მაინც მემტერება და ჩემს გაშავებას ცდილობს. მე ღმერთი უფრო შემიბრალებს და მომიტევებს ჩემს ცოდვებს, მაგრამ იმ საცოდავს უდიდესი ბრალი დაედება. უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამების უფლებას მტერზედც არ გვაძლევს, და თუ ვინმემ კეთილისმყოფელს ცილისწამება და შესმენა აკადრა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღმრთისასა?”, – წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი