მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

დაამარცხე ბულინგი!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.11.2017 | 412 ნახვა

ბულინგი სამეცნიერო ლიტერატურაში არასათანადო მოპყრობის აღსანიშნავად იყენებენ ტერმინებს – ბულინგი(ინგ. Bully – ხულიგანი, მოძალადე), მობინგი (mob –ბრბო, mobbing – თავდასხმა, შევიწროება). ბულინგი (მობინგი) გულისხმობს დაშინებას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დევნას იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სხვა ადამიანში შიში, მორჩილება. ადრე ეს იყო მხოლოდ ყოფითი ცნება მაგრამ ბილო 20 წლის განმავლობაში გახდა სოციალურ-ფსიქოლოგიური და პედაგოგიური ტერმინი, რომლის უკან დგას სოციალური, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური პრობლემები.

ბულინგის სამი ტიპი არსებობს: ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური.

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ ამ თემაზე ესაუბრა კერძო სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორს – ქეთევან ვეშაპიძეს (პროფესიით ექიმი).

რამდენი ხანია, რაც სკოლა „ჰელიოსი“ ფუნქციონირებს, სკოლის სახელი რამ შთაგაგონათ?

– ორი წელია რაც სკოლა „ჰელიოსი“ ფუნქციონირებს. (ჰელიო- ბერძნ. მზე) მზე, სითბო, სინათლე საერთოდ ყველაფრის საწყისია, რამაც ამ სახელწოდებამდე მიგვიყვანა.

როგორია ბულინგის მსხვერპლი ბავშვების ემოციური და ქცევითი მახასიათებლები?

– ბავშვებს ვაკვირდები, როგორც ექიმი. ბულინგის მსხვერპლი ბავშვები არიან ცხოვრებაზე გაღიზიანებულები, ემოციურად დაჩაგრულები, ხშირად ტირიან და შფოთავენ, ადვილად ეცვლებათ განწყობა, დილით ცუდ ხასიათზე იღვიძებენ, არაადეკვატურად იქცევიან, აქვთ დაბალი თვითშეფასება, უჭირთ გაბედულად საუბარი, მსხვერპლი ხშირად მარტოა, სხვა ბავშვებისგან გარიყული.

როგორია ბულინგის ინიციატორი ბავშვების ემოციური და ქცევითი მახასიათებლები?

– ბულინგის ინიციატორ ბავშვებს უყვართ სხვებზე ბატონობა, არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან, ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან, მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობას არ განიცდიან.

ბულინგის ინციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ?

– რა თქმა უნდა აგრძელებენ, თუ ბავშვს არ ყოფნის ფსიქოლოგიური მიდგომა, თუ ვერ გააკეთა ანალიზი. ბავშვებს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად, შენიშვნები და მითითებები უნდა მივცეთ ძალიან კორექტულად, ზოგჯერ შეიძლება ეს მითითება იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის უფრო ჩაიკეტოს და უფრო აგრესიული გახდეს. უნდა იცოდნენ თითოეული მიდგომა, უნდა იყო თვითონ მზად ფსიქოლოგიურად, მშობელი იქნება ეს, პედაგოგი თუ ფსიქოლოგი. დარიგება უნდა იყოს გაწონასწორებული თითოეული შემთხვევისათვის რომ ბავშვი უფრო არ დავაზიანოთ. თუ ვინმე არ დაეხმარება გააგრძელებს ასე მოქცევას.

უნდა იმუშაონ როგორც ბულინგის განმახორციელებელ ბავშვზე ასევე მსხვერპლზეც?

– ბულინგი მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს როგორც ძალადობის განმახორციელებელზე, ასევე ძალადობის მსხვერპლსა და ძალადობის მოწმეზე (დამკვირვებელზე). სკოლა ბავშვს მორალურად უნდა დაეხმაროს და ბულინგის განმახორციელებელი ბავშვის თვისებები გამოიყენოს მის სასიკეთოდ. შესთავაზოს მას საკუთარი მიზნის მიღწევის სოციალურად მისაღები გზა. ამ დროს ვეყრდნობით ამ ბავშვის ძლიერ მხარეებს: ხატვა, ძერწვა, კონკრეტული საგნით ძლიერი დაინტერესება, მიღწევები სპორტში და ა. შ. სასურველია ბავშვს ვაჩვენოთ, რომ წარმატებით შეუძლია თანაკლასელებისაგან აღიარების მიღება. აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია მშობელთან საუბარი და ბავშვის დაკავება, როგორც სკოლაში ასევე სახლში. მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. ინდივიდუალური და საქმიანი საუბარი ბავშვთან.

თქვენთან რა მდგომარეობაა, რა ზომებს მიმართავთ მსგავსი ფორმების გამოვლენისას?

– ჩვენთან ბულინგის შემთხვევები ნაკლებად არის, რადგან თითოეულ ბავშვს ვუდგებით ინდივიდუალურად. ვიცნობთ თითოეული ბავშვის მდგომარეობას, პრობლემებს. ბავშვები არიან მთლიანი კონტროლის ქვეშ, შემოდიან და გადიან ბარათებით. მშობლებს აქვთ პროგრამა ტელეფონებში, რითაც აკონტროლებენ ბავშვი როდის შემოვიდა სკოლაში და გავიდა, რა ნიშანი და რა კომენტარი მიიღო. ატვირთულია იმ დღესვე ექვს საათამდე. ყველა ვართ ჩართულები. ვცდილობთ გავერკვეთ რატომ მოდის ესა თუ ის აგრესია ამ ბავშვისაგან და აღმოვფხვრათ თავიდანვე სანამ მიიღებს მასშტაბურ სახეს. ფსიქოლოგის, მასწავლებლების და დირექტორის დახმარებით მალევე გვარდება. ჩვენს სკოლაში მოსწავლეები დადიან ფორმით, ჩამორთმეული აქვთ ტელეფონები, შექმნილია თანაბრობა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ბულინგის შემთხვევებს.

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ ამ თემაზე ესაუბრა ამავე სკოლის ფსიქოლოგს – თამარ თედორაძეს.

ბულინგის დროს როგორი ფსიქოლოგიური ტრავმები შეიძლება მიიღოს ბავშვმა?

– ბულინგის დროს ორივე ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იცვლება.

მოძალადეს: მუდმივი სწრაფვა დაჩაგვრისაკენ, აგრესია ყველას მიმართ და ა.შ. მსხვერპლს: საკუთარ თავში იკეტება, მუდმივი შიში აქვს, აგრესია უჩნდება გარემოს მიმართ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორივეს სჭირდება დახმარება.

აგრესიის გამოვლინება თავად ბავშვზე განხორციელებული აგრესიის შედეგია?

– უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება, როდესაც ბავშვზე ძალადობენ (არა მარტო ფიზიკურად) ის ამ ბრაზს ვერ გამოხატავს მასზე ბევრად ძლიერთან.

ბულინგის პროფილაქტიკა როგორ უნდა განხორციელდეს?

– საჭირო არის, როგორც ფსიქოლოგების, ასევე მასწავლებლებისა და მშობლების ჩარევა. ბავშვების ინფორმირება სხვადასხვა პროექტებითა და პრეზენტაციებით. ეტაპობრივად ისეთი პირობების შექმნა, სადაც ბულინგი (მობინგი) ვერ განხორციელდება. უნდა განისაზღვროს პრობლემის არსი, სერიოზულობა, სიხშირე, ხანგრძლივობა, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.

ფსიქოლოგის რჩევები პედაგოგებს და მშობლებს.

– ბავშვი დღის უმეტეს ნაწილს სკოლაში ატარებს, სწორედ ამიტომ სკოლა დიდ როლს თამაშობს მათ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. მოუსმინეთ, ისე რომ არ შეაწყვეტინოთ საუბარი. უნდა იყოთ თანამგრძნობნი, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ნახეთ როგორ წარიმართება მოვლენები. საჭიროა ბავშვთან საუბარი იმის შესახებ რაც თავს გადახდა. უფროსმა აშკარად არ უნდა გამოხატოს აღშფოთება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური უკუკავშირი და შეაფერხოს სხვა დროს მასთან საუბარი. ნორმალურია, რომ ბავშვი წუხს, ის არასოდეს შეეგუება ჩაგვრას. შეძლებისდაგვარად, უნდა აუხსნათ დაჩაგრულს, რომ პასუხის გაცემა მჩაგვრელზე ძალადობის გარეშეც შეუძლია. მჩაგვრელს, რომ მისი ქცევა არ მოგწონთ. გამოიყენეთ მის მიმართ სანქციები. ჰკითხეთ რა სურს მოხდეს მომავალში, ხშირად მათი სურვილია ბულინგის აღმოფხვრა.

ბულინგის პრობლემა მთელ მსოფლიოში არსებობს. პრობლემის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობა. აუცილებელია, ბავშვების მიერ ძალადობრივ ქმედებებზე ყურადღების გამახვილება და მისი აღმოფხვრა ადრეულ ასაკში. საზოგადოებამ უნდა აღკვეთოს ბულინგის ყველანაირი გამოვლინება და დაამარცხოს ბულინგი.

მოამზადა ლელა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.