მთავარი » ქრისტიანობა

“და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა” – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.05.2022 | 472 ნახვა

მეექვსე თხოვნა

„და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა” – ქრისტიანული რელიგიურ-ზნეობრივი და ფილოსოფიური წარმოდგენების თანახმად, განსაცდელი არის გამოცდა, გამოხატული იმით, რომ ადამიანი შეიძლება ცოდვაში ჩავარდეს, ანუ ბოროტება, ცუდი საქციელი ჩაიდინოს.

ადამიანებისათვის განსაცდელი წარმოადგენს მისი მორალურ-ზნეობრივი ძალებისა და თვისებების გამოცდას, როცა ადამიანს მისდრეკენ ღმერთის რჯულის დამრღვევი ცოდვის ჩადენისაკენ. ასევე, განსაცდელი შეიძლება გამოვლინდეს ადამიანის რწმენისა და სათნოების გამოცდაშიც. უფალი ღმერთი არასდროს არ დაუშვებს ადამიანზე ისეთი განსაცდელის მოწევნას, რომელსაც ეს პიროვნება ვერ გაუძლებს, ვერ გადაიტანს, რომელიც მას ცოდვის ჩადენას აიძულებს, აცთუნებს. ღმერთისაგან მომდინარე განსაცდელი მხოლოდ რწმენის გამოცდაში ვლინდება, როგორც ეს მაგალითად, აბრაამისა და იობის შემთხვევაში იყო.

ყველანაირი ცოდვიანი საცთურით, მხოლოდ ბოროტი სული გამოსცდის ადამიანს; ასევე თვით ადამიანმაც შეიძლება აცთუნოს საკუთარი თავი და გარშემო მყოფმა ადამიანებმაც შეიძლება აცთუნონ იგი. მრავალი, ყოველგვარი საცთურის წინაშე დგომა ამქვეყნად მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის გარდუვალი ხვედრია. განსაცდელთან ადამიანის შეხვედრისას შეინიშნება შემდეგი კანონზომიერება: რაც უფრო ძლიერია საცთური, მით უფრო ძნელია მასთან ბრძოლა, მაგრამ, ამავე დროს, მით უფრო საამო და სასიხარულოა გამარჯვება, საცთურის დაძლევა. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი ადამიანი მრავალ განსაცდელს ხვდება ქვეყნიურ ცხოვრებაში, ჩვენ არ უნდა ვეძიებდეთ მასთან შეხვედრას, არამედ უნდა ვცდილობდეთ მის არიდებას და ჩვენს მოყვასთაც ვეხმარებოდეთ ამაში. ასე მოქცევა იმის გამო გვმართებს, რომ ზედმეტად არ შევაფასოთ ჩვენი ძალები, თავიდან ავიცილოთ თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის მოიმედეობა და არ ჩავვარდეთ ცოდვაში.

მაგრამ თუკი ადამიანს განსაცდელი ეწვია და მან მისთვის თავის არიდება ვერ შეძლო, მაშინ რკინისებური ნება, გონიერების ნათელი და ღმერთის შეურყეველი რწმენა უნდა დაუპირისპიროს მას, რომელნიც აუცილებლად შეეწევიან მას ნებისმიერი განსაცდელის ძლევაში. სინანული, მარხვა და ლოცვა – საწინდარია იმისა, რომ ადამიანი გაიმარჯვებს საცთურებსა და განსაცდელებზე. ქრისტიანული შეხედულებებით, ადამიანს მომადლებული აქვს ღმერთისაგან სულის ძალა, რომელიც ბატონობს მის სხეულზე და შეეწევა მას ნებისმიერი გულისთქმის, ავხორცობისა და ცოდვიანი სურვილების ძლევაში. უფალმა ღმერთმა შეუდრეკელი სულის ულევი ძალით შემოსა ადამიანი, სულიერი ძლიერებით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მას ნებისმიერი საცთური დასძლიოს და თავისი ახლობელი ადამიანების ცთუნებებსაც ებრძოლოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ განსაცდელად იწოდება ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანზე ვინმე ან რაიმე ბოროტ ზემოქმედებას ახდენს და ცოდვის ჩადენისაკენ უბიძგებს, ანუ აცთუნებს, რომ შესცოდოს, უჯერო, ბოროტი საქმე თუ საქციელი ჩაიდინოს. და აი, ამ თხოვნაში ჩვენ ვევედრებით ღმერთს დაგვეხმაროს, რომ გავუძლოთ საცთურს და არ შევცოდოთ, ვძლიოთ ცოდვას. ამით ჩვენ ვთხოვთ უფალს შეგვეწიოს ცთუნების ძლევაში და შეგვაძლებინოს, რომ არ ჩავიდინოთ ბოროტება.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი