მთავარი » ქრისტიანობა

“და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა” – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.05.2022 | 95 ნახვა

მეხუთე თხოვნა

„და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა” – ამ სიტყვებით ჩვენ შევთხოვთ ღმერთს შეგვინდოს შეცოდებანი ისე, როგორც თავად ჩვენ ვპატიობთ ცოდვებს იმ ადამიანებს, რომელთაც გვაწყენინეს, ანდა ბოროტი საქმე შეგვამთხვიეს. ამ თხოვნაში სიტყვა „თანანადებნი“-ს ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ ცოდვებს, ხოლო სიტყვა – „თანამდებთა“-ს ქვეშ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცით დამნაშავენი არიან ჩვენს წინაშე.

ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში მიიჩნევა, რომ თუკი ჩვენ თანანადების – ვალის, ანუ ჩვენი ცოდვების მოტევებას ვევედრებით ღმერთს, ხოლო თავად არ ვპატიობთ ჩვენს მაწყინებელთ და პირად მტერთ, მაშინ ვერც ჩვენ ვიღებთ ღმერთისაგან ჩვენი ცოდვების მოტევებას.

რატომ იწოდებიან ამ თხოვნაში ცოდვები თანანადებად – ვალად, ხოლო ცოდვილნი – თანამდებებად, ანუ მოვალეებად? იმიტომ, რომ უფალმა ჩვენ მოგვცა ძალაც და ყველაფერი აუცილებელიც იმისთვის, რომ კეთილ საქმეებს ვიქმოდეთ, ჩვენ კი ძალზე ხშირად მთელს ჩვენს ენერგიასა და ყველა შესაძლებლობას ცოდვისაკენ მივმართავთ და, ამგვარად, მოვალენი – თანამდებნი ვხდებით ღმერთისა, როგორც მის მიერ ბოძებული ნიჭის არადანიშნულებისამებრ გამომყენებელნი. მაგრამ, რადგანაც მრავალი ადამიანი ცოდვას გაუცნობიერებლად სჩადის, თავიანთი შეცთომილების გამო, ამიტომ უფალი მოწყალეა მათდამი და ჩვენი გულწრფელი მონანიებისას მოგვიტევებს ცოდვებს. და ჩვენც, ადამიანებიც, ღმერთს უნდა ვბაძავდეთ და ვპატიობდეთ ჩვენს თანამდებთ – მოვალეებს, ანუ ჩვენს მაწყინებელთ.

იესო ქრისტე მოგვიწოდებს გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ვაკურთხევდეთ ჩვენს მაწყევართ და სიკეთეს ვიქმოდეთ ჩვენი მოძულეებისათვის, ვლოცულობდეთ ჩვენი მაგინებლებისა და მდევნელებისათვის. და ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ უფლის ამ მცნებას, შეუეჭვებლად პატიობენ თავიანთ მტრებს, თავადაც ღირსნი შეიქმნებიან ცოდვათა მოტევება მიიღონ ღმერთისაგან. მაგრამ ყველა ადამიანი როდი ამაღლებულა ზნეობრივი სრულყოფილების ასეთ საფეხურამდე. ამიტომ, თუკი ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია აიძულოს თავი, სიკეთე გასცეს მტრისათვის (ანუ კეთილს უყოფდეს მას), მაგრამ უკვე ძალუძს თავის შეკავება შურისძიებისაგან მტერზე, არ მრისხანებს თავის მტერზე და ყველა წყენას პატიობს მას, მაშინ ასეთ ადამიანს (ვინც არ წყვეტს თავის სულიერ ზრდას, მიმართულს მტრისა და მაგინებელისათვის კეთილ საქმეთა აღსასრულებლად), მაინც აქვს უფლება თავისი ცოდვების მოტევებასაც სთხოვდეს ღმერთს. ხოლო იმ ადამიანს, ვინც განურისხდება თავის მტრებსა და მაგინებლებს, სწყევლის მათ და ბოროტი სურს მათთვის, არა აქვს უფლება ღმერთს მიმართავდეს თავისი საკუთარი ცოდვების მოსატევებლად. „რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მათ. 6, 14-15).

ამიტომ, სანამ ამ თხოვნით მივმართავდეთ ღმერთს, ჩვენ ყველა პირად მტერსა და მაწყინებელს უნდა შევუნდოთ; ასევე უნდა შევურიგდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც აქვთ ჩვენს საწინააღმდეგოდ, ანუ იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენ არ ვურისხდებით, მაგრამ რომლებიც თავს ჩვენგან ნაწყენებად მიიჩნევენ. „…მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა…“ (მათ. 5, 24). და მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩვენ თხოვნით მივმართოთ ღმერთს ჩვენი საკუთარი ცოდვების მოტევებისათვის.

ხოლო თუკი ადამიანი არ პატიობს შეცოდებებს თავის პირად მტრებსა და მაწყინებლებს, მაგრამ მაინც მიმართავს ღმერთს ამ თხოვნით, მაშინ იგი ითხოვს ისევე მოექცნენ მას, როგორც თავად ექცევა თავის მაწყინებლებს. ჩაუფიქრდით ამ თხოვნის აზრს: „მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვთხოვთ ღმერთს ჩვენს ცოდვებთან მიმართებაში ისევე მოგვექცეს, როგორც ჩვენ მოვექეცით ჩვენს მაწყინებლებს. ანუ ჩვენ ვთხოვთ ღმერთს იმას, რომ თუკი თავად ჩვენ არ ვაპატიეთ ჩვენს მაწყინებლებს მათი ცოდვები, არც მან არ შეგვინდოს შეცოდებები. წმინდა მამა – ნეტარი ავგუსტინე ამ სიტყვების გამო შემდეგს წერდა: ღმერთი „გეუბნება: შეუნდე და მეც შეგინდობ! შენ არ შეუნდე? – თავადვე ხარ საკუთარი თავის მოწინააღმდეგე, და არა – მე!“

ცხონებისათვის მნიშვნელოვან საქციელზე – შევუნდობდეთ ჩვენს მაგინებლებსა და მტრებს – უფალმა იესო ქრისტემ მოგვითხრო თავის იგავში მევალის შესახებ, რომელშიც იმაზეა საუბარი, რომ მეფემ ძალზე დიდი ვალი აპატია თავის მონას, ბოროტმა მონამ კი არ აპატია მცირე ვალი თავის თანამოძმეს. როცა მისი ამ საქციელის შესახებ ხელმწიფემ შეიტყო, განურისხდა მას და სასტიკად დასაჯა ბოროტი მონა. „და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანანადები მისი. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი“ (მათ. 18, 34-35).

ამიტომ, სანამ ღმერთს მივმართავდეთ თხოვნით ჩვენი ცოდვების მოტევებისათვის, აუცილებელია ჩვენს მაწყინებელთაც ვაპატიოთ მათი შეცოდებანი ჩვენს წინაშე, და გვახსოვდეს, რომ როგორც ჩვენ შევუნდობთ ჩვენს მტრებს შეცოდებებს, ამგვარადვე უფალიც მოგვიტევებს ჩვენს შეცდომებს.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი