მთავარი » ქრისტიანობა

ცხრა ნეტარება – პირველი ნეტარების განმარტება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2012 | 3,912 ნახვა

“ცხრა ნეტარება – ეს არის იმ ქადაგების ნაწილი, რომელიც მაცხოვარმა წარმოთქვა გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მახლობლად შემაღლებულ ადგილას და გახლავთ ერთ-ერთი ვრცელი ქადაგება სახარებაში აღწერილთა შორის. იგი მთაზე ქადაგების სახელითაა ცნობილი”, – მამა არჩილ ხაჩიძე.

ცხრა ნეტარება ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” შემოგთავაზებთ თითოეული ნეტარების განმარტებას. 9 ნეტარების მნიშვნელობასა და პირველი ნეტარების შინაარსზე კუკიის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, მამა არჩილ ხაჩიძე გვესაუბრება:

მამა არჩილ ხაჩიძე: “მაცხოვარი ამ ქადაგებით ისევე, როგორც პირველი სიტყვებით: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა, – ადამიანებს იმ უმთავრესი მიზნისაკენ მიაქცევს, რაც არის სულის ცხონება და ზნეობრივი, ღირსეული ღვთისნიერი ცხოვრება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს ხდება მაცხოვრის საზოგადო მსახურების დაწყების პირველ დღეებშივე. ამქვეყნად ბევრი პიროვნებისთვის გაუგებარია, თუ რისთვის უნდა იცხოვროს, რა შინაარსი აქვს სიცოცხლეს, რატომ დაიბადა…ვიცით, რომ უამრავი ფილოსოფიური მიმდინარეობაც კი თითქოს და რაღაც ამაღლებულს, ამ სოფლისაგან, ჩვეულებრივი ყოფითისაგან უფრო მეტად განშორებულს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ პირიქით გახლავთ იქ, სადაც ღმერთი არ არის. არსებობდა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობებიც, რომლებიც ამსოფლიური ნეტარებისა და ტკბობისაკენ მოუწოდებდა ადამიანს და არ არსებობდა ის ზნეობრივი ბარიერი და მეტრი, რომლითაც პიროვნება შეცვლიდა საკუთარ ცხოვრებას უკეთესობისა და ღვთისნიერებისაკენ.

მთაზე ქადაგება უამრავ სხვადასხვა თემას მოიცავს: როგორც ძველი აღთქმის რჯულის განმარტებას, ისე ახალი აღთქმის რჯულის დაფუძნების წინაპირობებს, ტენდენციებს, გეზს, მიმართულებებს, ვექტორებს. აქ არის საუბარი ქორწინებაზე, მიტევებაზე, გვერდზე მყოფზე, პატივზე, მარილზე, რომლითაც ეს სოფელი უნდა დამარილდეს, მოციქულებსა და ზოგადად, ყოველი ქრისტიანის მოვალეობაზე, დაფარულად ლოცვაზე, იმაზე, რომ ყოველი ღვაწლი ღვთისაგან დაფასდება და კაცთათვისაც სახილველი გახდება. მაგრამ ეს 9 ნეტარება, რომელსაც სიმბოლურად ახალი აღთქმის 10 მცნებას უწოდებენ, თავის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მორწმუნეთა ცხოვრებაში.

რა არის ამის განმსაზღვრელი და სიახლე? ერთი ის, რომ ძველი აღთქმის 10 მცნება უფრო ამკრძალავია, რადგან ადამიანს უკრძალავს ამა თუ იმ უღირსი საქციელის ჩადენას, ვთქვათ, არ იპარო, არა კაც ჰკლა, არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი და ა.შ. ხოლო 9 ნეტარება, ანუ როგორც მას სიმბოლურად უწოდებენ, ახალი აღთქმის 10 მცნება, პირიქით, ადამიანებს ასწავლის, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ზნეობრივ სრულყოფილებას და ამიტომაც ყოველი მუხლი იწყება სიტყვით „ნეტარება“, რაც ყოველთვის გულისხმობს უაღმატებულეს მდგომარეობას ლხენისას, განცხრომისას, სიკეთისას, მაგრამ ამავდროულად, ვთქვათ, თუკი სიტყვა განცხრომა შეიძლება რაღაც უარყოფით კონტექსტსაც გულისხმობდეს თავის თავში, აი, ნეტარება ვერასოდეს, თუ ძალით არ დავტვირთეთ, ვერასოდეს დაიტვირთება უარყოფითი, ბიწიერი შინაარსით. სიტყვა „ნეტარება“ სიწმინდეს, ღირსებას, ღვთისაგან ადამიანის ნეტარყოფას გულისხმობს და და ახალი აღთქმის 10 მცნება ადამიანებს მიაქცევს სწორედ იქით, თუ რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა მიაღწიონ ქრისტიანულ სრულყოფას.

ნეტარებანი რამდენადმე კონკრეტულნი არიან, თუმცა, იმავდროულად, არ არიან ფიქსირებულნი. თითოეულ მათგანს გააჩნია ერთგვარი სივრცე. პირველ რიგში, ნეტარებანი სწორი სულიერი განწყობის მიმართულებას გვიჩვენებენ და არა იმას, რომ, ვთქვათ, მაინცდამაინც ეს უნდა გააკეთო და ის – არა. ასეთი ასოკირკიტობა, რაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა ფარისევლობად აქციეს, ყოვლად მიუღებელია ახალი აღთქმის რჯულისათვის, რაც არის სიყვარულისა და მადლის რჯული, როგორც იოანე ღვთისმეტყველიც აღნიშნავს: რჯული მოსესაგან მოგვეცა, მაგრამ მადლი, ჭეშმარიტება და ცხოვრება – მხოლოდ იესო ქრისტესაგან.

9 ნეტარებაში, უპირველეს ყოვლისა, აღწერილია უმჯობესი, ანუ საუკეთესო გზები ნეტარი მდგომარეობის მისაღწევად და მითითებულია უმთავრესი ქრისტიანული სათნოებები, როგორიც არის მოთმინება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მშვიდობისმყოფელობა და ა.შ. გავიხსენოთ, თავად მაცხოვარმა რა ბრძანა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისა და დაიმარხონ იგი, ანუ ყველაზე მეტ ნეტარებას ადამიანი აღწევს მაშინ, როდესაც ის ღვთის სიტყვას ისმენს და ასევე, არ დაგვავიწყდეს მათეს სახარების დასაწყისში თქმული მაცხოვრის სიტყვები: ვინ არის სასუფევლისა და ჩემი ღირსი? ვინ იხილავს ზეციურ სასუფეველს და მამის სახლს? ვინ აღასრულა ჩემი მცნებები? – რომელმან ისმინა და ჰყოო. ანუ მარტო მოსმენა საკმარისი არაა. ვთქვათ, ადამიანმა გაიგო, რომ მოწყალება კარგია, მაგრამ არავის დაეხმარა, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მისთვის უფრო მეტი სასჯელის მომაწევნელია ღვთის მიერ, რადგანაც პიროვნებამ იცოდა, როგორ უნდა ეცხოვრა და არანაირად აღასრულა, როგორც გენიალურ ნაწარმოებში დიდი შოთა რუსთაველი ბრძანებს: არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა. თუ ადამიანმა თვითონ არ გააკეთა რაღაც, მაშინ ის, რომ იცოდა, უნდა გაეკეთებინა, ელოცა, მოწყალე უნდა ყოფილიყო, ეპატიებინა, არაფერს შეცვლის.

პირველი ნეტარება იწყება სიტყვებით: “ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი.”

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამის აღნიშვნა: წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელსაც ხელში ჩაუვარდა ფურცელი, რომელზეც აღწერილია განძის ადგილსამყოფელი, ანუ ერთგვარი რუკა, ან მინიშნება. როგორი რთულიც არ უნდა ჩანდეს აქ აღწერილი განძის მოსაპოვებელი გზები, როგორი შორიც არ უნდა ჩანდეს და სახიფათო ეს გზა, ნებისმიერი ადამიანი ამ ფურცელს სათუთად გაუფრთხილდება, ინფორმაციას მთელი ძალით დაიცავს და რაც უფრო რთული ჩანს ეს გზა, მით უფრო მეტ მეგობარს მოუწოდებს, მეტ ადამიანს დაიახლოვებს და მათთან ერთად გაემზადება ამ დიდი გზის გადასალახად და აქედან გამომდინარე, რამხელა უგუნურებაში ვარდება ადამიანი, რომელმაც ისეთ დიდ საგანძურს, როგორიცაა ცათა სასუფევლის მიღწევის შესახებ სწავლის მოსმენა, მხოლოდ იმის გამო დაანება თავი, რომ რთულად მოეჩვენა იგი. რა თქმა უნდა, ეს ყოვლად მიუღებელია და შეცდომაა ადამიანისა, თუმცა ღმერთმა ქნას და ინებოს, რომ უფლის წყალობით ყოველ ადამიანში ყოფილიყოს ის სულიერი ახოვანება და ძალა, რომელიც შეაძლებინებს ადამიანებს, გაბედულად შეუდგნენ ქრისტეს გზას, რადგან თუ ნაბიჯს არ გადადგამს პიროვნება, ისე ვერსად მიაღწევს. ადამიანი კი თავისი საქციელით ფასდება და ხე ნაყოფით იცნობა. თუ არაფერი დათესა კაცმა, მაშინ ვერაფერს მოიმკის და არც უნდა ჰქონდეს პრეტენზია საზღაურზე.

პირველი ნეტარება მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, რადგან აქ არის აღწერილი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც არის საფუძველი, შეიძლება ითქვას, მეორე საფეხური სულიერი წინსვლისა. გზანი უფლისანი გამოუკვლეველნი არიან და ვინ როგორ მივა უფლამდე, ეს მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ ზოგადი სიტუაცია აღვწეროთ: თუკი პირველად ადამიანი ჭეშმარიტების ძიებას იწყებს, ან განსაცდელი შეემთხვევა და ამიტომ მოდის ტაძარში, ან ტრადიციულად მორწმუნეთა ოჯახში გაიზარდა და ეკლესიაში დადის, ამის შემდგომ იწყება ის პირადი ღვაწლი, რომელზეც ვსაუბრობდი, ის, თუ როგორ უნდა შეიძინოს ადამიანმა თვითონ პირადი სულიერი გამოცდილება და როგორ უნდა გადადგას ის ქმედითი ნაბიჯები, რაც მას სულიერ სრულყოფამდე მიიყვანს.

სულის სიგლახაკე ის საფუძველთა საფუძველია, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაღაცის გაკეთება. გავიხსენოთ სინელი მამების ნათქვამი: უამრავი ადამიანი შესულა სამოთხეში სასწაულებისა და დიდი მწიგნობრობის გარეშე, მაგრამ ვერავინ – თავმდაბლობისა და ღვთის სიყვარულის გარეშე. სულიერ სიგლახაკესთან შედარებით, ის სიგლახე სულ სხვაა, რასაც ყოფით ცხოვრებაში მატერიალური თვალსაზრისით ვაწყდებით.წარმოვიდგინოთ ღვთის გლახა, რომელიც ქუჩაში ზის და მოწყალებას ითხოვს. მას ეს არ ერიდება. ხვდება, რომ თავად არ შეუძლია დაპურება, საკუთარი ძალით არ ძალუძს თავის რჩენა.თუნდაც მაგალითად მოვიყვანოთ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დასახმარებლად მეზობელს ან მეგობარს ეძახის და ხვდება, ის ამას მარტო ვერ შეძლებს, ვერ დაამთავრებს. ყველა დამხმარეს ელოდება. საქმის კეთებაც სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მარტო თვითონ არის ძალიან უძლური, სუსტი, იმის ვერ შემძლებელი, რისი გაკეთებაც თვითონ უნდება.

ასევეა სულიერი სიგლახაკეც, როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ ჩვენით არაფერი შეგვიძლია მაცხოვრის სიტყვებისამებრ, რომ ჩვენი ნებით ერთ წყრთასაც ვერც მოვიკლებთ და ვერც მოვიმატებთ. ასე რომ, როდესაც პიროვნება ხვდება, რომ რაც კი რამ გაგვაჩნია, უფლისგან გვაქვს თავად სიცოცხლის ჩათვლის, აზროვნება იქნება ეს, ფიზიკური თუ სულიერი ძალები, მორალური განწყობა, საახლობლო თუ სხვა სახის ნიჭი, ნებისმიერი ტალანტი, მაშინ აცნობიერებს, რომ თავად ღმერთი უნდა იყოს მისი შემწე ამა თუ იმ საქმის კეთებაში და ყველაფერი, რაც კი ღვთისაგან აქვს, ისევ უფლის სადიდებლად უნდა გამოიყენოს და შეუძლებელია სხვაგან წაიღოს. ვინც მისცა, ისევ მან იცის მასზე უკეთესად, თუ ეს ყოველივე როგორ უნდა იქნას გამოყენებული. ყოველი ასეთი ადამიანი ძალიან ღირსეულია, რადგან აცნობიერებს საკუთარ სიმცირეს ღვთის წინაშე.

ქრისტიანობა შეუძლებელია შეფასდეს ამქვეყნიური თვალით. დავით მეფსალმუნე ამბობს: მატლ ვარ და არა კაც. მტვერი ვარო ქარისაგან გასაფანტი, მაგრამ ამას თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, რომ თურმე უფლის ხორციელი წინაპარი, დიდი წინასწარმეტყველი, მეფე და საზოგადო მოღვაწე დავით მეფსალმუნე მატლი ყოფილა და მთელი მისი ცხოვრება – მტვრის ფასი, ძალიან ბრმა და ბეცი მკითხველები ვიქნებით. არადა ვიღაც შეიძლება ფსიქიატრიულში იმაზე აცხადებს პრეტენზიას, რომ ჰიტლერია, ნაპოლეონი ან მთელი ქვეყნის ბატონ-პატრონი. მაცხოვარი, ერთის მხრივ, ყოველთვის ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, მაგრამ იმავდროულად საოცარი თავმდაბლობის, თვინიერების, სიმშვიდის მაგალითია, თავად გახლავთ განკაცებული ღმერთი. როგორც ათანასე დიდი ამბობს, ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთად ექცია. ასე რომ, ადამიანი მაცხოვრის მიმბაძველი უნდა იყოს, როგორც პავლე მოციქული გვარიგებს: მობაძავ ჩემდა იქმენით, ვითარცა მე ქრისტესა. ანუ ისე მომბაძეთ, როგორც მე ვბაძავდი და ვბაძავ ქრისტესო.

ასე რომ, ადამიანისთვის აუცილებელია, თავისი სულიერი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აცნობიერებდეს საკუთარ სიგლახაკეს, იმას, რომ თავისი ძალით ვერაფერს შეძლებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს სულიერი მდგომარეობა – სულიერი სიგლახაკე ძალიან ბევრი რამის მიმცემია ადამიანისთვის, ამაოებისთვის მას უკვე აღარ სცალია. როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის სიმცირეს, კიდევ უფრო ნაკლებად სურს, რაღაც უკუღმართობას მიჰყოს ხელი და წარმავალს მოახმაროს საკუთარი სიცოცხლე. უფრო ამაღლებულისკენ მიიწევს. ეს ყველაფერი რაღაც პარადოქსულია თითქოს, მაგრამ შეუძლებელია ქრისტიანობა შეფასდეს არაქრისტიანული აზროვნებით. ქრისტიანობაში წარმოუდგენელია, მორწმუნემ იცოდეს, რომ თავმდაბალია. თუკი იცი, რომ თავმდაბალი ხარ, ე.ი. ამპარტავანი ყოფილხარ. ქრისტიანი ყველაფერს ღვთისაგან ელის, საკუთარი ღვაწლის შეფასებასაც კი. განა ადამიანმა არ იცის, რომ თავმდაბლურად მოიქცა?! ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქრისტიანს აზროვნების უნარი არ გააჩნია. ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანი ყველაზე დიდი მოაზროვნეა. ის ძალიან ბევრს იღწვის, შრომობს, იცის, რომ თავი დაიმდაბლა ვიღაცის წინაშე, მაგრამ ის ამით არასოდეს ამპარტავნებს, რადგან თავმდაბლობა და ამპარტავნება შეუთავსებელია, ისინი უფრო რთულად მორიგდებიან, ვიდრე ცეცხლი და წყალი. ასე რომ, ყველაფერს სჭირდება სწორი დამოკიდებულება.

არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული პრეტენზია გააჩნიათ. გავიხსენოთ თავად მაცხოვრის სიტყვები: მოვიდა იოანე, არ ჭამდა, არ სვამდა, უდაბნოში ცხოვრობდა და ამბობდით, ეშმაკისგან არისო და მოვიდა ძე კაცისა, ჭამს, სვამს, არავის ერიდება და თვლით, რომ ისიც ეშმაკისგანაა. ბოლო-ბოლო რა გინდათო? სული წინააღმდეგობისა და უკმაყოფილებისა თუ არსებობს, ადამიანი ვერაფერს მიიღებს ვერასოდეს. არიან პიროვნებები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ სხვისა და მტრის სიყვარულს გვასწავლის. რა თქმა უნდა, ამას გვასწავლის, მაგრამ შეუძლებელია ადამიანმა ეს ყოველივე ისწავლოს, თუ მას მანამდე არ აქვს ნასწავლი საკუთარი თავის სიყვარული, რადგან ქრისტიანობა, პირველ რიგში, სწორედ საკუთარი თავის სწორ და არა ეგოისტურ სიყვარულს გვასწავლის. შეუძლებელია ადამიანი რაღაცას გაუფრთხილდეს, თუ ის რაღაცა მისთვის ძვირფასი და საყვარელი არ არის. თუ პიროვნება ვერ ხვდება თავის თავში ჩადებული ღვთის ხატებისა და მსგავსების მნიშვნელობას, შეუძლებელია მან ისეთი ღვაწლი იტვირთოს, როგორიცაა მარხვა, მოწყალება, ვიღაცისთვის რაღაცის პატიება, თავის დამდაბლება, გაცემა საკუთარი ქონებისა, შრომისა, ფიზიკური თუ ემოციური ძალებისა. ქრისტიანობა გვასწავლის სწორედ იმას, რომ ეს რაღაცა ღირს ამად. ასე რომ, სწორი უნდა იყოს ადამიანის დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი და სწორი იქნება შედეგებიც, რასაც ადამიანი მიაღწევს.

სულიერი სიგლახაკეც არის ის, რაც მარადიულად თანამდევი უნდა იყოს ადამიანისათვის. პიროვნება ძალიან ბევრს დაკარგავს ამ ყველაფრის გარეშე. მიემსგავსება იმ ფარისეველს, რომელმაც ღვთის წინაშე ასე ილოცა: მადლობა, რომ მეც არ ვარ ზოგიერთივით მტაცებელი, ფლიდი, ძუნწი. დღეში ორჯერ ვმარხულობ და ა.შ. ეს სახარებისეული პასაჟი ყველასათვის კარგადაა ცნობილი. ამ დროს მეზვერე უკან იდგა და ცხარე ცრემლით გულში მჯიღს ირტყამდა: ღმერთო, უღირსი ვარ და შემიწყალე მე ცოდვილიო. ასე რომ, მისი უწმიდესობაც ბრძანებს: ზოგს ჰგონია, რომ ფარისეველი გამტყუნებული გამოვიდა. სახარებაში კი წერია, რომ უფრო მეტად განმართლებული გამოვიდა მეზვერე. ფარისეველიც გამართლდა გარკვეულწილად, რადგან წესიერად ცხოვრობდა, ტაძარში გადიოდა, ლოცულობდა. რა თქმა უნდა, ამის ფასი არასოდეს იკარგება. ხშირად გაიგონებთ: თუ არ მარხულობ, ეკლესიაში სიარულს აზრი არ აქვსო. ზოგი მასაც განიკითხავს, ვინც მარხულობს და რაღაც მიზეზის გამო ვერ დადის ტაძარში. რა თქმა უნდა, აქვს აზრი ამ ყველაფერს. ამის მაგალითია თუნდაც ეს იგავი. ის პიროვნება, რომელიც თავმდაბლობითა და გულშემუსვრილებით მიდის უფალთან, აუცილებლად განმართლდება. ძალიან ხშირად ადამიანები დადიან ტაძარში, მაგრამ მაშინვე ანებებენ სიარულს თავს, როგორც კი ის პრობლემა მოუგვარდებათ, რამაც ისინი ეკლესიაში მიიყვანა. ამაზე დიდი ცოდვა, რასაც ღმერთთან განშორება ჰქვია, არაფერია და ისევე არ ეპატიება არავის, როგორც სული წმიდის გმობა. ამ დროს ადამიანი ვარდება ამპარტავნებაში, რადგან თვლის, რომ ღმერთი აღარ სჭირდება, რადგან დაანება თავი ეკლესიაში სიარულს, არადა არც მისი მდგომარეობა შეცვლილა და არც სამსახური. ისევ ის ადამიანია, მაგრამ მოუგვარდა პრობლემა, შემოაწვა სიზარმაცე. აქ სულიერ ბრძოლასაც ვერ უარვყოფთ, მაგრამ პირველ რიგში, ყველაზე დიდი ტრაგედია ისაა, რომ თავად მიუშვა საკუთარი თავი ნებაზე და ჩათვალა, რომ ღმერთი აღარ სჭირდება. ეს უდიდესი საფრთხე და საშიშროებაა, რაც მრევლის ყოველ წევრს შეიძლება მოელოდეს და რასაც ძალიან უნდა ერიდებოდეს ყველა, რადგან არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო ფარისეველი.

პავლე მოციქული ბრძანებს: ქრისტიანები ვინ ვართ? ვითარცა გლახაკნი და მართალთა განვამდიდრებთ, ვითარცა არარა გვაქვს და ყოველივე გვაქვსო (კორინთელთა ეპისტოლე). ცნობილია, გონიერი ადამიანები, ზოგჯერ არაქრისტიანებიც კი, როგორ აცნობიერებდნენ ამ ქვეყნის წარმავლობას. მაგალითად, მეფეები, რომელთაც განსაკუთრებული სახის კვერთხი გააჩნდათ. ბიზანტიის იმპერატორებსაც კი ის ერთგვარი სფერო, რომელიც ხელში ეჭირათ, მიწით ჰქონდათ სავსე, რათა ყოველთვის ხსომებოდათ, რომ მიწაა და წარმავალია ყველაფერი. გავიხსენოთ ალექსანდრე მაკედონელის მაგალითი. ამ მსოფლიო ისტორიის შემქმნელმა და მისთვის გეზის შემცვლელმა დაიბარა, რომ როდესაც დაკრძალავდნენ, ორივე ხელი გაშლილი გადმოეშალათ სასახლიდან, რათა ყველას დაენახა, რომ თან არაფერი მიჰქონდა.

ამპარტავნებას ცოდვების დედას უწოდებენ მამები, რადგან მხოლოდ ამპარტავანი თვლის, რომ მას შეუძლია, აქვს უფლება, ვიღაც დაჩაგროს, ვიღაცას ებატონოს, არ აპატიოს. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს. ტაძარი უფლის სახლია და ყოველი ადამიანი, ვინც კი დაბადებულა, მორწმუნე თუ ურწმუნო, ღვთის შვილია. ყველას არაერთხელ გაგვიგონია, თუ რა არის უფლის უდიდესი შესაწირი: სინანულის ცრემლი და გული და სული შემუსრვილი, რასაც ღმერთი არასოდეს შეურაცხყოფს. ეს გახლავთ სწორედ ის, რაც პირველ ნეტარებაში იგულისხმება და მისი მიმდევარი ადამიანები აუცილებლად დაიმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი