მთავარი » ქრისტიანობა

ცხოვრების გზის სწორი არჩევანი…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.03.2012 3 კომენტარი | 6,322 ნახვა

უწმიდესი და უნეტერესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

გზა “თუ პიროვნება ჭეშმარიტი სარწმუნოებით არ ცხოვრობს, მისი ინტერესები მიწიერი და მსწრაფწარმავალი სურვილებით განისაზღვრება, გზაც მისი არის ფართო და დამღუპველი მისი უკვდავი სულისათვის.

როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. “და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებას და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგს ეღირსება ვინმეს”.

დიახ, თითოეული ჩვენგანისათვის აუცილებელია ღვთისბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორც ის სინამდვილეშია, დავინახოთ რისი დათმობა არის შესაძლებელი და ის, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ. კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ.

უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა.

როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა, მიგვიყვანს იგი ღმერთამდე, აქვს მას მარადიული ღირებულება?

დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულის ამაღლებისათვის. ადამიანებზე ზრუნვა აუციებელია…

მატერიალურ-ტექნიკური ბუმის პირობებში კაცობრიობას რეალური საშიშროება შეექმნა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ ტექნიკურ პროგრესს სრულიად მოუმზადებელნი შევხვდით. ე.ი. ცალმხრივი განვითარება მოხდა. ამიტომ განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ადამიანის სულზე…

ჩვენი ეროვნული და პატრიოტული პოზიციების განმტკიცებას მივაღწევთ მაშინ, როცა თავიდან მოვიშორებთ გულგრილობას და უდარდელობას, არ გადავყვებით ხორციელს, ქვეყნის დამაკნინებელ სამ მანკიერებას: “გემოთმოყვარეობას, ვერცხლისმოყვარეობას და დიდების მოყვარეობას”. “როდის მივაღწევთ ამას? ალბათ მაშინ როცა ყოველი ქართველი, “ვაჟაიც და ქალაიც”, მიხვდება თავის საწადელს, ცხოვრებისა და სიცოცხლის მიზანს ერის წინაშე. ამაში დაგვეხმარება ქრისტე. ამას იმსახურებს ქართველი ერი, რომელიც ეწამა ქრისტიანობისათვის.

ყოველ ეპოქას თავის შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი- ხატება ღვთისა – უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შესცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.

ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურ და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში.

ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის. დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ რომ, გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი-დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყოდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს.”

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე – “ყველა ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ გულში, ვაღიაროთ ჩვენი შეცოდებანი. სინანული, აღსარება და ცოდვებისაგან განწმენდა აღადგენს ჩვენს ქრისტიანობას. არა თუ ცუდმედიდობა, ცუდმეტყველება, სხვისი განკითხვა და აუგი, არამედ სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული. ეს, და მხოლოდ, ეს კვლავ აღგვამაღლებს. წმიდა წიგნებში ნაბრძანებია, ტაძარი შეიძლება დაინგრეს და თავისი ქვებითვე აღადგინონ, მაგრამ ადამიანის დაშლილი სულის აღდგენა აღარავის ხელეწიფებისო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულზე. არ უნდა დაირღვეს ადამიანის სულის მთლიანობა, სახარებაც ასევე ბრძანებს-გწამდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, ტაძრს კი სულმთელი ადამიანი კვლავ აღაშენებს. დიახ, უნდა ვიზრუნოთ ტაძარზე, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძრები ადამიანებისათვის, მისი სულის ცხონებისათვის არის აგებული.”

მომზადა ნესტან ბლუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი