მთავარი » სხვადასხვა

ცხელ-ცხელი ამბები (ახალი წლის შუაღამით)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.01.2018 ერთი კომენტარი | 7,799 ნახვა

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელიშუაღამეს ბევრი აღარა აკლდარა, გულ-სისხლ-დანთხეული და ფიქრებ აღელვებული ბუხრის წინ ვიჯექი და ვეძლეოდი ოცნებებს; სხვა და სხვა სურათები, ჩემის წარსულის ცხოვრებიდამ, გულსაკლავადა მეხატებოდენ თვალწინ, მაგრამ არცერთზედ კი ისე არ გაჩერებულა ჩემი ჰაზრი და გონება, როგორც ერთზედ: ეს იყო ჩემი გულის ფიცარი!… გულს მოდგინეთ დავუწყე თვალიერება, მსურდა შემეტყო, იყო რამე სასიამოვნო მთელის წლის განმავლობაში მაზედ დაწერილი თუ არა… ნევსის კურწის ოდენა ადგილიც ვერ ვიპოვე, რომ ეკლით არ ყოფილიყოს ნაჩხვლეტი!… მაგრამ მთელ-გულის ფიცარზედ კი მაინც რაღაც ჯვარადინად იყო დაბეჭდილი: ამოვიკითხე და კი რა გამოდგა: შუა გულზედ ეწერა დიდის ასოებით: “იმედი”, მარჯვენა კუთხით “გამარჯობა შრომას”, მარცხნივ: “ქება გამბედაობას”, ზევით: “საზოგადოდ ერთი ყველასათვის” და ქვევით: “დიდება მოთმინებას”…

უეცრად გვერდში ამომიდგა ყმაწვილი და შემეხვეწა: “მამა, დრო არის წერა-კითხვა ვისწავლო და გამიკვეთე ანბანი, რომ ყველაზედ უმალ ეგ ნაწერი ამოვიკითხო, და ჩემს გულის ფიცარზედაც გადავიხატო…” კიდევ დაიწყო ტიკ-ტიკი, მაგრამ სანამ გაათავებდა, უეცრად თოფის ხმა მომესმა, რომელმაც გამომიყვანა ოცნებიდამ… შეიქმნა ნამდვილი თოფის სროლა; ეს იყო შალდუღი, რომლითაც ხალხი ჩვეულებისამებრ მიეგებებოდა ახალ წელს და ისტუმრებდა ყველასგან მოძულებულს ძველ-წელიწადს!… მეც, სრულიად გამოფხიზლებულმან, აღარ დავაგდე ჩვენებური ჩვეულება, ერთი მეც ვესროლე ძველ წელიწადს. შევუდექი “იმერელის” კეთებას!… აქ სხვა რამ არ იფიქროთ: “იმერელს” მე გოზინაყს ვეძახი.

მართლადაც დიდი მსგავსება აქვსთ ზნეობითად ერთმანეთში: იმერელიც გოზინაყივით ტკბილია პირშიდა, როცა მოგშორდება ზურგს უკან, მწარეა. ისიც ისე გიძვრება პირში, თავს გაყვარებს, კბილებს გიკრავს, გეწებება, უზომოთ გახარჯებს თავს და ბოლოს კი დაგამწარებს: კბილებს გატკენს და ან მუცელზედ გაგბერავს!… ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც წამოდუღებულმა თაფლმა ქაფი მოიღო; ქაფს მოხდა დაუწყე და თანაც ვფიქრობდი: რომ იმერეთიც ასე მოიქაფოს, არას აწყენს მეთქი! თითქოს ეს ჩემი ჰაზრი გამოიცნო თაფლმა – უეცრათ თითქმის სულ ქაფად გადაიქცა, ისე რომ წმინდა თაფლი ბევრი აღარა დარჩა რა და რაც დარჩა, უეცრად ისიც ნაცარში ჩამეღვარა. მომივიდა გული… და ჩავწექი საწოლში და ვითარცა სტუდ… ვითარცა… წვეროს… ვითარცა…

ქვეყნის მუშას დაძინება არ გამჭირვებია და თანაც სიზმარი ვნახე: დიდებული დარბაზი განათებული და მდიდრად შემკული, შუაზედ ოქროს ტახტით, ერთი აღმოსავლეთისაკენ ჰქონდა კარები და მეორე დასავლეთისაკენ. აღმოსავლეთით მოისმა საამო ხმა სხვა და სხვა საკრავებისა; გაიღო კარები და მრავლის ხლებულებით დედოფლურად, მომცინარის სახით შემობრძანდა ახალი წელიწადი, მანტია-მოსილი და თავ-გვირგვინიანი სტუმარი ძალიან ჰგავდა ჩემს სატრფოს, კეკლუცად შებრძანდა ტახტზედ და გარს შემოეხვიენ მას სხვა და სხვა ტომის კაცები, ამავე დროს დასავლეთით მოისმა გახურებული ბრაწის ტკაცა-ტკუცი. გაიღო კარები და ერთ დედაბერმა შემოჰყო თავი, ტალახით გალაფული, გარყვნილების ბეჭდით სახეზედ, თმა გაწეწილი და ზურგზედ გუდა მოკიდებული, – ის იყო ძველი წელიწადი, თაყვანი სცა ახალ წელიწადს და რა შეიტყო, რომ ახალმა წელიწადმა ზიზღით შეხედა მას, საზარელის ღიმილით უთხრა: “ლამაზო ქალბატონო! მეც შენისთანა ვიყავი შარშან ამა დროს, მაგრამ ვერა მხედავ, დღეს რა ვარ; იცოდე, რომ შენც ჩემი ხვედრი მოგელის!… ისეთის ქვეყანაში შედიხარ, რომელშიაც… სიფრთხილე გმართებს. უმჯობესია ახლავ გამოიკითხო და გაიგო იმათი ალიან-ჩალიანი და ხამათ არ შეხვიდე. მე შემიძლია რამოდენიმე ცნობა მოგცე”… ამ სიტყვებმა ცოტა არ იყოს ჩააფიქრა ახალი-წელიწადი და მაშინ კი უთხრა დედაბერს: “შენ, დედა-ჩემო, კენტი წელიწადი იყავ და ბედი არა გქონდა; მე კი ლუწი ვარ, ბედნიერი, და მასთანაც მომხმარე ხალხიც თანმახლავს. იმათის წყალობით ავს ავათ მოვეკიდები და კარგს კარგად. ჯერ ეს მითხარი – უპირველესი საჭიროება, განათლება, როგორ მიდის – კარგათ. ეს თითო ღერი სანთელი ყოველ ოჯახში იწვის, თუ არა მეტი, და სადაც სანთელი არ არის, იქ ცეცხლს ანთებენ; მართალია, შეშა კი გაძვირდა, მაგრამ ახლა ტყიბულის ნახშირის იმედი აქვსთ ჭკვიანებს!” მიუგო ძველმა წელიწადმა. – არა, მაგას არ გკითხავ: მე გკითხავ გონების განათლებაზე!
– რა უფრო ბევრი დაითესა შარშან რა უფრო მოიმკო.
– ქვრივ-ობოლ-ოხრის ცრემლები, და მოიმკო ადვოკატობა, ის ადვოკატობა, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან ნაქები არის.
– კიდევ აპირებენ ადვოკატობას წლეულაც, თუ არა.
– უფროც.
– მაშ, ჩემო ერთგულო! (მიუბრუნდა შავ-კაცს,… – რომელსაც რაღაც ყურში ჩაუჩურჩულა). შავმა კაცმა თავი დაუკრა, მოახსენა: “ბაშ უსტაო!” – და გაიღიმა…
– ხალხი გახსნილი არისო! იკითხა კიდევ ახალმა წელიწადმა.
– როდესაც ძინავს, საზოგადოთ ყველა გახსნილა და კერძო კი როცა სამხაროს სჭამენ ხოლმეო! მიუგო.
– ქალები უფრო გახსნილნი არიან თუ კაცები?
– ქალები, ქალები… და ამიტომაც არაფერს აკეთებენო.
– მაშ, კარგიო, უბრძანა ერთს ყვითელს კაცს… და ისევ მიუბრუნდა ბებერს:
– ახალგაზდობა რას შვრება.
– არაფერს: ენა ექავება და წვერებზედ ხელს ისვამს. ბევრი უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ ბედავს, საზოგადოებას ემონება…
– მაშ, მათი აზრი რა არის.
– პერანგი…
– როგორ თუ პერანგი.
– დიახ, როდესაც პერანგს გამოიცვლიან, მაშინ ჰაზრსაც იცვლიან ხოლმე.
– წიგნობრობა მათი არას ამბობს.
– როგორ არა, გამოდიან, იბეჭდებიან გაზეთები და ჟურნალები, მაგრამ მკითხველები ცოტა ჰყავთ, რადგანაც ქართული კითხვა ყველას ეზარება!
– მაშ, კარგი: მობრძანდით აქ თქვენ, უთხრა ერთს გამხდარს და საშიშარ კაცს. უ, ჭლექო! ვინც წელს ქართული გაზეთები და ჟურნალები არ გამოიწეროს, ის შენთვის ჩამიბარებია!
– ახლა ისიც მიბრძანეთ, ჩემო დედილო, ეგ ხომ საზოგადო იყო, ახლა კერძოობით ცოდვები, ვის რა ჩაუდენია, ისიც მომიყევი.
– ეგ შორს წავა, ჩემო შვილო, მაგრამ გუდაში, ყველას ცოდვის დავთრები მაქვს; ჩემ ხელში ვის რა ცუდი უქნია, ყველა ჩეწერილია, ეს წაიღე… იამა ახალ წელიწადს, ჩამოართვა დავთრები და უბრძანა მის მხლებლებს: წაიღეთ ეს დავთარი და ჩააბარეთ აკაკი წერეთელს, რომ ყოველ კვირაში თითო თავი ამ დავთრისა “ცხელ-ცხელ ამბებში” გამოურიოს ხოლმე და თუ არ აასრულოს, სასიკვდილოთ ნუ გამოიმეტებთ და ისე კი შეფერთხეთ ხოლმეო.
– რომ… ნება არ მისცესო. ჰკითხა გამოცდილმა ძველმა წელიწადმა.
– მაშინ კი რაღა გაეწყობა! იმას თავი დაანებეთ და ყველამ… -ს დაუკარით თავიო…

აქ მე გამომეღვიძა და ვნახე, რომ დავთარი მართლა ხელში მეჭირა და ნურას უკაცრავათ, ბატონებო, თუ წლეულ ჩემმა “ცხელ-ცხელმა ამბებმა” შეახუროს ვინმე. ჩემი ბრალი არ იქნება: “ძალა აღმართს ხნავსო,მოგეხსენებათ”.

დაიბეჭდა გაზეთ “დროებაში” 1872 წელი, #1, ხელმოწერით აკაკი.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • zviadi says:

    ძალიან მაგარიაააა… მომწონს ეს რუბრიკა.. გადასარევია პირდაპირ.. მადლობააა.. ნამდვილად კარგი იდეააა, ასეტი დიდებული მწერლების სტატიებს რომ გვახსენებთ..

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი