მთავარი » სხვადასხვა

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია!!!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.08.2010 7 კომენტარი | 20,737 ნახვა

ბაგრატი კარგავს ისტორიულ–მხატვრულ ღირებულებას და იგივე საფრთხე შეიძლება დაემუქროს ოშკს, რასაც გარკვეული მიზეზების გამო, თან შეიძლება დაერთოს ვითარების გართულება, აჭარაში და შესაძლოა დანარჩენ საქართველოშიც.

ოშკიჩვენი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლები რეალური საფრთხის წინაშეა – ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ძეგლი კარგავს ისტორიულ-მხატვრულ ღირებულებას და იგივე საფრთხე შეიძლება დაემუქროს ოშკს, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში (რომელიც დღეს თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებს შიგნითაა მოქცეული), რასაც გარკვეული მიზეზების გამო, თან შეიძლება დაერთოს ვითარების გართულება, აჭარაში და შესაძლოა დანარჩენ საქართველოშიც.

ამ აზრის გამოთქმის უფლებას გვაძლევს, მიმდინარე წლის 30 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენს მიერ შეკრებილი ცნობები: კონკრეტული უწყებებიდან და კვლევითი ცენტრიდან მიღებული პასუხები, ჩვენს კითხვებზე; ხელოვნებათმცოდნეებთან, ისტორიკოსებთან, მუზეუმების დირექტორებთან ჩაწერილი ინტერვიუები; 2009 წლის 24 სექტემბერს გავრცელებული საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება; მთავრობისთვის პატრიარქის მიერ გაგზავნილი ერთგვარი გამაფრთხილებელი წერილი; საქართველოში თურქეთის ელჩის უარი, პრესა.გე-ს კითხვებზე და ბაგრატსა და ოშკზე, ჩვენივე საიტზე, აქამდე დაბეჭდილი არაერთი პუბლიკაცია.

იუნესკოს და საპატრიარქოს პოზიციის სრული უგულებელყოფა!

29 ივლისს, ბრაზილიაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34-ე სესიაზე, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანეს. იუნესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გადმოაქართულეს, ნათქვამია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი სერიოზულადაა შეშფოთებული ბაგრატზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებით და მის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს.

იუნესკოს შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყების წარმომადგენლები არაფრად აგდებენ და აცხადებენ, რომ დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება და ბოლომდე მივა. იქვე იმასაც მიუთითებენ, რომ ამას იუნესკოსთან შეთანხმებით შეძლებენ და თანაც ისე, რომ ბაგრატი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიიდან არ ამოიშლება. 30-31 ივლისს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ, თბილისში საჯაროდ განაცხადა, რომ რესტავრაციის ბოლომდე მიყვანაა საჭირო… ამ დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკა ვაჩეიშვილი ბრაზილიაში იმყოფებოდა, საიდანაც ქართულ მედიასაშუალებებს ფაქტიურად იგივე გაუმეორა და თან დასძინა – ახლა იმაზე ვზრუნავთ, რომ ბაგრატზე დაწყებული სამუშაოები გავამართლოთ და იმაზე ვიზრუნოთ, რომ ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან არ ამოვარდესო.

ბაგრატზე გარკვეული სამუშაოების დაწყება იმ მრავალრიცხოვანი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა, რომელშიც კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი. ამ საბჭოში ორი ხელოვნებათმცოდნე – ციცინო ჩაჩხუნაშვილი და ირინე ელიზბარაშვილი შეეწინააღმდეგნენ იმ პროექტს, რომლის მიხედვითაც ბაგრატზე სამუშაოები დაიწყო. ამ ორ ადამიანს გამოუჩდნენ საბჭოს მიღმა მყოფი ძალიან ბევრი თანამოაზრეები: ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ისტორიკოსები, მსახიობები, მწერლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მოკლედ, ბაგრატის ირგვლივ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა დაიწყო. იმდენად დიდი, რომ ამას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა:

2009 წლის 22 ოქტომბერს, სააკაშვილმა გელათის აკადემიის აღდგენილი შენობის გახსნის დროს, განაცხადა, ვიცი, რომ ბაგრატზე დიდი დავა მიდის, მაგრამ ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ტაძარი ორ წელიწადში არ აღდგებაო – “ამ საკითხზე აზრზს საერთოდ არ შევიცვლი. ბაგრატი უნდა აღდგეს, ბოლომდე დამშვენდეს და მთელი თავისი ბრწყინვალებით ისევ წარმოუდგეს საქართველოს”.

ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს საპატრიარქო, ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების ინიციატივით და გარკვეული წინადადებით გამოვიდა. 2009 წლის 24 სექტემბერს საპატრიარქომ ასეთი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა – “რადგან მიმდინარე პროცესებმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ჩვენი პოზიცია ასეთია: დროებით შეჩერდეს ყოველგვარი სამუშაოები, შეიქმნას როგორც კულტურის სამინისტროს, ისე საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომელშიც უნდა შევიდეს დღევანდელი სახით სამშენებლო საქმიანობის მოწინააღმდეგე პოზიციის მქონე ექსპერტებიც. აღნიშნულმა კომისიამ დეტალურად უნდა შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სამუშაოების შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით”.

ამ განცხადების გაკეთებიდან 10 თვე გავიდა, მაგრამ იმათ, ვისაც ეს ყურად უნდა ეღო, არაფრად ჩააგდეს – ბაგრატზე სამუშაოები კი შეაჩერეს, მაგრამ დროებით – მიმდინარე წლის 17 ივნისს ისევ განაახლეს, ხოლო კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს და იუნესკოს წარმომადგენლებით დაკომლექტებული ერთობლივი კომპეტენტური კომისია, რომლის შექმნის წინანადებითაც საპატრიარქო გამოვიდა, დღემდე არ შექმნილა.

ბაგრატზე მიმდინარე სამუშაოების მოწინააღმდეგეთა განმარტებით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ტაძარს ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, ანუ ავთენტურობა დაეკარგება და პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდანაც ამოიშლება, რომელშიც იუნესკომ 1994 წელს შეიყვანა.

როგორც ბაგრატის, ისე ოშკის ირგვლივ, ჩვენს კითხვებზე პასუხები დღემდე ვერ მივიღეთ, ვერც კულტურის სამინისტროსგან და ვერც ამავე უწყებისადმი დაქვემდებარებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან. ნიკა ვაჩეიშვილის უწყებაში 3 კითხვა ინტერნეტის მეშვეობით 19 ივლისს გადავაგზავნეთ. ამ უწყებაში სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურეს, რომ კითხვები მიიღეს, რომლებიც ასეთი შინაარსის გახლდათ:

1. რა სტადიაშია მოლაპარაკებები, ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ, საქართველოში გარკვეული ძეგლების რესტავრაცია-მშენებლობის შესახებ? ბატონო ნიკა, 8 მაისს, პრესა.გე-სთვის მოცემულ ინტერვიუში, სათაურით – “ოშკის აღდგენის სანაცვლოდ ბათუმში მეჩეთს ააშენებენ”, აღნიშნეთ, რომ “ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება”; 2. რამდენად ითვალისწინებს ქართული მხარე, ზემოხსენებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქის პოზიციას, რომელმაც 2008 წლის 20 ივნისს, პრემიერ–მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში, საქართველოს მთავრობა მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა? 3. გთხოვთ, კიდევ ერთხელ გვითხრათ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული რომელი ქართული ტაძრების რესტავრაცია იგეგმება და აქ, საქართველოში რომელ ძეგლებს უნდა ჩაუტარდეს რესტავრაცია, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენების პარალელურად?

რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ამ კითხვებზე არ გვიპასუხა, 30 ივლისს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრისგან ვცადეთ ამ კითხვებზე პასუხის მიღება. ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა კითხვები ინტერნეტით გადაგვაგზავნინა და გვითხრა, რომ 3–4 აგვისტოს მივიღებდით პასუხებს. 3–ში სატელეფონო საუბრისას განგვიცხადა, რომ ნიკა ვაჩეიშვილის საქართველოში დაბრუნებას დაელოდებიან და პასუხს მხოლოდ ამის შედმეგ გაგვცემენ. აქვე დავაზუსტეთ, რომ ვაჩეიშვილი სამშობლოში ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა.

ცნობისათვის – ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ნიკა რურუა აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქულ მხარესთან, ხოლო პრესა.გე-ს კითხვებზე პასუხებს იმიტომ ვერ სცემს, რომ დეტალურად არ იცნობს მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს – სამინისტროს კულუარებიდან ჩვენამდე მოღწეული სარწმუნო ინფორმაციის მიხედვით, თურქეთიდან, რურუას სახელზე მოსულ დოკუმენტებს ისე აგზავნიან ვაჩეიშვილის სააგენტოში, რომ რურუა არც ნახულობს; შესაბამისად, იქით გასაგზავნი პასუხებიც ვაჩეიშვილზეა მინდობილი, ოღონდ ხელს რურუა აწერს.

ტაოს ძეგლებმაც ბაგრატის ბედი შეიძლება გაიზიარონ – ისტორიულ-მხატვრული ღირებულება დაკარგონ!

რურუა და ვაჩეიშვილი ჩვენს კითხვებზე პასუხების გაცემისგან იკავებენ თავს, თორემ, ცენტრალურ ტელეარხებს კომენტარებს დაუზარელად აძლევენ. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ძეგლების აღდგენის მიზნით თურქულ მხარესთან დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ მომზადებული სიუჟეტების სიუხვით ტელეკომპანია “იმედი” გამოირჩევა, რომელშიც ძალიან ვრცლად საუბრობენ ხოლმე ისტორიულ ტაოში ქართული ტაძრების მძიმე მდგომარეობაზე; გაკვრით ამბობენ, რომ ქართული ტაძრების აღდგენის სანაცვლოდ თურქული მხარე მოითხოვს: ახალციხეში მეჩეთის და ქობულეთის რაიონში, სოფელ კვირიკეში ჯამეს რესტავრაციას. არც რურუა, არც ვაჩეიშვილი და მათთან ერთად, არც ის სპეციალისტები, რომლებიც ამ მოლაპარაკების პროცესში პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულები, არაფერს ამბობენ, რომ თურქული მხარე ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენებას ითხოვს. პრესა.გე-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია, როგორც ზემოთაა აღნიშნული, 8 მაისს ნიკა ვაჩეიშვილმა დაგვიდასტურა, მაგრამ მანაც შესანიშნავად იცის და მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ დაწერილ სტატიაზე ძალიან დიდი ძალა აქვს ტელევიზიას, რომლის მაყურებელსაც ჯერჯერობით უმალავენ ამ ინფორმაციას, რაც ბუნებრივია, დამატებით კითხვებს აჩენს.

სწორედ ამიტომ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ლევენთ მურათ ბურჰანს ასეთი შინაარსის კითხვებით წერილობით მივმართეთ: 1. რა ეტაპზეა საქართველოსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით? 2. უშუალოდ ვინ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში, თურქული მხრიდან? 3. კონკრეტულად რომელი ძეგლების აღდგენაა გათვალისწინებული, თურქეთის ტერიტორიაზე? 4. უშუალოდ რომელი ძეგლების აღდგენას ითხოვს თურქული მხარე, საქართველოს ტერიტორიაზე? 5. კონკრეტულად რა პრინციპით შეარჩიეთ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძეგლები? 6. საინტერესოა, ამ მოლაპარაკების პროცესში რაიმენაირი ფორმით ჩართულები არიან თუ არა თქვენი ქვეყნის სასულიერო პირები, მეცნიერები?

თურქეთის ელჩის მდივანმა, სატელეფონო საუბრისას განგვიცხადა, რომ ელჩი ჩვენს კითხვებს გაეცნო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ მოინდომა. იქვე დაგვაკვალიანეს – საქართველოს მთავრობას მიმართეთ და შესაბამისი პასუხებიც მათგან მიიღეთო.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ნიკა ვაჩეიშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდება. თან, როგორც კულტურის სამინისტროში განგვიმარტეს, ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწყობას გეგმავს.

საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრულმა და არეულ–დარეულმა პოლიტიკამ, ისტორიულ ტაოში ძეგლების აღდგენის თაობაზე, ერთხელ უკვე (ორი წლის წინ) დააფრთხო თურქული მხარე და წელიწადზე მეტი ხნით გაყინა ეს მოლაპარაკებები. ახლა კი როგორი ვითარებაა და რა ფაზაშია ეს მოლაპარაკებები, არავინ იცის – ოფიციალურად ამაზე დროდადრო ზედაპირული, უფრო პიარზე გათვლილი განცხადებები კეთდება, მაგრამ რეალურად რა ხდება, საზოგადოებამ არ იცის.

ყოველ ჯერზე, როცა ამ საკითხზე ვაჩეიშვილის სააგენტოს, ან კულტურის სამინისტროს პრესსამსახურების ხელმძღვანელებს ვუკავშირდებით და ვინტერესდებით, რამდენად ითვალისწინებენ ამ მოლაპარაკების დროს კათალიკოს–პატრიარქის პოზიციას, გვპასუხობენ, რომ რა თქმა უნდა, პატრიარქის პოზიცია გათვალისწინებულია. თუ ამ საკითხს ზედაპირულად არ შევხედავთ და ჩავუღრმავდებით, გამოდის რომ მისი უწმინდესობის პოზიციას თურქეთთან მოლაპარაკების დროს არანაირად არ ითვალისწინებენ და არაფრად არ აგდებენ.

2008 წლის 20 ივნისს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, იმჟამინდელ პრემიერ–მინისტრს ვრცელი წერილი მისწერა, რომელშიც მისმა უწმინდესობამ მთავრობა იმ საფრთხის შესახებ გააფრთხილა, რომელიც ხელშეკრულების იმგვარი სახით გაფორმებას შეიძლება მოჰყვეს, როგორითაც ის მზადდებოდა. პატრიარქის წერილის სრული ვერსია პრესა.გე-მ 9 მაისს დაბეჭდა მასალაში, სათაურით – ილია მეორე: “აღნიშნული სახით ხელშეკრულების დადება გაუმართლებელია”. პატრიარქის წერილი საპატრიარქოში მოგვცეს და იქვე განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის პოზიციაში კორექტივები არ შესულა.

კორექტივები არც საქართველოს ხელისუფლების პოზიციაში და დამოკიდებულებაში შესულა – მოლაპარაკების პირველ ეტაპზე (ჩაშლამდე) ოშკის, ხანძთის და იშხანის აღდგენის სანაცვლოდ, ახალციხეში მეჩეთის, სოფელ კვირიკეში ხის ჯამეს რესტავრაცია და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის რეპლიკის აშენება იგეგმება; “ისინი დააფინანსებენ თავიანთ ძეგლებს და ჩვენ დავაფინანსებთ ჩვენს ძეგლებს”, – გვითხრა ნიკა ვაჩეიშვილმა ინტერვიუში, რომელიც 8 მაისს დაიბეჭდა.

პრესა.გე-მ ისტორიკოსებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კონკრეტული მუზეუმების დირექტორებთან და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში სცადა გაერკვია ის ძეგლები, რომელთა აღდგენას მოითხოვს თურქული მხარე, ჩვენია, თუ როგორც ვაჩეიშვილი ამბობს “მათი”.

მეჩეთი ახალციხეში, რომლის რესტავრაციაც იგეგმება, რაბათის ტერიტორიაზეა და დღეს იქ მუზეუმია, რომლის დირექტორმა, ციცინო ლაფაჩმა გვითხრა, რომ მეჩეთი გამუსულმანებული ქართველის, გვარად ჯაყელის, იგივე აზი ახმედ ფაშას ინიციატივით, მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, 7 წლის განმავლობაში შენდებოდა; 1828 წლის 15 აგვისტოს, როდესაც ახალციხის საფაშო დაიშალა და იქ თურქებს რუსებისა და ქართველებისგან შემდგარი ჯარის ნაწილები ჩაენაცვლნენ, გამუსულმანებული ქართველის მიერ აშენებული მეჩეთი ეკლესიად აკურთხეს და ერთი მხრიდან საკურთხეველი მიაშენეს, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა. მუზეუმის დირექტორის განმარტებით, მეჩეთი, რომელშიც ამჟამად ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენაა განთავსებული, ნორმალურ მდგომარეობაშია და მხოლოდ სახურავს სჭირდება გადაღებვა.

რაც შეეხება კვირიკეს ჯამეს, ქობულეთის რაიონში – როგორც პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა გვითხრა, გასულ წელს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს დავალებით, რეგიონში ძეგლების პასპორტიზაციის პროცესი განხორციელდა, რა დროსაც კვირიკეს ჯამეს ქართული კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჩავლეიშვილის განმარტებით, კვირიკეს ჯამე აშენებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს; ამჟამად მოქმედი ჯამეა – მასში იქაური მუსულმანი ქართველები ლოცულობენ; ეს ძეგლი ნორმალურ მდგომარეობაშია, არც წყალი ჩამოდის, არც კედლებია დაზიანებული, მაგრამ კარგი იქნება, თუ შიგნით ჩატარდება სარესტავრაციო სამუშაოები, გამომდინარე რეგიონში არსებული კლიმატური პირობებიდან, რომელიც ხეს ვნებს.

“ეს არის ჩვენი კულტურის ძეგლი, ქართველი მაჰმადიანების სალოცავი და ჩვენ მას კანონით ვიცავთ, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. სხვათა შორის, მიმდინარე თვეში ძეგლების მონიტორინგის განხორციელებას ვიწყებთ, მათ შორის კვირიკეს ჯამეც იქნება. ასე რომ ძეგლი ყურადღების ქვეშ არის”, – გვითხრა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მარიკა დიდებულიძემ, პრესა.გე-ს კითხვებზე პასუხის გაცემა, ამავე ცენტრის თანამშრომელს, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილს სთხოვა, რომლის პასუხები, ძეგლის წარმომავლობის ირგვლივ, ირაკლი ჩავლეიშვილის პასუხებისგან ოდნავ განსხვავებულია.

ირინე ელიზაბარაშვილიც ამბობს რომ კვირიკეს ჯამე ნორმალურ მდგომარეობაშია და სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც ჯამეს შეიძლება ჩაუტარდეს, დიდ თანხებთან დაკავშირებული არ არის. რაც შეეხება იმას, ძეგლი ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის თუ არა, ხელოვნებათმცოდნე ამბობს: “ჯამეში ფუნქციურად ყველაფერი ისეა, როგორც მუსულმანურ სალოცავში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ორნამენტაციაში ქართული მოტივებია; შესაძლოა ხელოსნები იყვნენ მუსულმანური რელიგიის მიმდევარი ქართველები; ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქართულ-ოსმალური კულტურის ნაზავი”.

ისტორიის აკადემიურ დოქტორს, რუსლან ბარამიძეს, რომელიც ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელია, კვირიკეს ჯამეს ირგვლივ ბუკლეტი აქვს გამოცემული. ჩვენთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ჯამე 1860-1862 წლებს შორისაა აგებულია, არხაველი ლაზი ოსტატის მიერ; “დამუშავებულია ლაზური და ზოგადად ქართული კულტურის ტრადიციების ფარგლებში; ძალიან ბევრ საინტერესო, ტრადიციულ ორნამენტს მოიცავს, რომელიც დამახასიათებელია ქართული ხითხუროობისათვის; კვირიკეს ჯამე შეტანილია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში”.

ბათუმში წარსულში არსებული აზიზიეს მეჩეთის შესახებ რუსლან ბარამიძემ ასეთი რამ გვითხრა: “ბათუმის მეჩეთების ისტორია ოსმალთა ბატონობის დროიდან იწყება. პირველი, ე.წ. აზიზიეს მეჩეთი ბათუმში 1863 წელს უნდა აგებულიყო, ქალაქის განაშენიანების გეგმის ფარგლებში. ის სულთან აზიზის დედის, ვალიდე ხანუმის ინიციატივით გაკეთდა, ოსმალო სამხედროებისთვის, ნავსადგურის მიდამოებში… სამწუხაროდ, არქიტექტურა და ინტერიერი ჩემთვის უცნობია, მხოლოდ რამდენიმე გარე სურათი მაქვს ნანახი. ასე რომ ჩემთვის ძნელი იქნება შევაფასო როგორი შენობა იყო, ვთქვა რაიმე მის არქიტექტურაზე, ან რაიმე სხვა ღირებულებაზე”.

საერთოდ, აზიზიეს მეჩეთის ირგვლივ ინფორმაცია მწირია და გამომდინარე აქედან, ვერც რუსლან ბარამიძემ გაგვცა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი. ამიტომ, ვერც მოვიძიეთ (ეს არც სხვა სპეციალისტებმა იციან დაზუსტებით) აზიზიეს მეჩეთი გასაბჭოების შემდეგ მოუვლელობის გამო დაინგრა თუ ძალის გამოყენებით დაანგრიეს.

ამ ვრცელი მასალის ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ კულტურის მინისტრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პრესა.გე-ს კითხვებს უპასუხებენ, რის შემდეგაც უფრო დაზუსტებული ინფორმაციის მოწოდებას შევძლებთ, როგორც ბაგრატის ტაძრის, ისე ისტორიულ ტაოში არსებული ქართული ტაძრების აღდგენის ირგვლივ, რომელთაც იგივე საფრთხე შეიძლება დაემუქროთ, თუ ქართული მხარე, იმავე მეთოდებით დაიწყებს ტაოში ტაძრების რესტავრაციას, როგორითაც ამას ბაგრატთან მიმართებაში აკეთებს – დაჩქარებული ტემპით, იუნესკოს პოზიციის იგნორირებით და გარკვეული ქართველი სპეციალისტებისა და საპატრიარქოს პოზიციის უგულებელყოფით.

ნინო მიქიაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ნენე says:

    ცოტა გაუგებარია ამ წერილის პათოსი…
    ყველაფრის მიუხედავად ვერ გავიგეთ, ამ წერილის ავტორს ქართული ეკლესიების აღდგენა ადარდებს თუ ვინმეს დადანაშაულება?
    თუ ძეგლების ბედი თქვენთვის მნიშვნელოვანია და თუ მიგაჩნიათ რომ უნდა აღდგეს, რატომ დგებით კონფრონტაციულ პოზიციაზე?
    თურქები ისედაც მოუვლიან იმ ჩვენს ტაძრებს , ისე რომ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავი იმართლონ, მაგრამ საკითხავია ჩვენ რა?
    თუ დღეს ისევ ვაჭრობა დავიწყეთ რა და რის სანაცვლოდ, ჩვენ ქართველები ჩვენივე რადიკალიზმის- ან ყველაფერი ან არაფერი – მსხვერპლად ვაქცევთ, ჩვენს ფასდაუდებელ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას..
    ქართული გულარხეინობის (ერისა და ბერის)წყალობით ყველაფერი თავზე დაგვემხობა და რაც მთავარია, თურქებისათვის ეს სულაც არიქნება მტკივნეული, პირიქით ბრალს ჩვენ დაგვდებენ და მართალიც იქნებიან, რადგან უკვე რამდენიმე წელია ისინი გამოდიან ამ ურთიერთ თანამშრომლობის ინიციატივით და გვთხოვენ ჩავერთოთ ამ საქმეში… ჩვენ ისტორიული შანსი გაგვიჩნდა ეს ძეგლები არა მარტო ჩვენ მიგვაჩნდეს ქართული კულტურის ნიმუშებად, არამედსხვასაც გავაგებინოთ რომ ეს ასეა!
    გაიხსენეთ ჩვენი მეზობლების დაუზარელი მცდელობები, ოშკის , იშხნის და სხვათა მისაკუთრებისა და რომ არა პოლიტიკურად არც ისე მტკიცე დღევანდელი ქართულ- თურქული მეგობრული ურთიერთობა, ამ საკითხზე ალბათ ხმასაც არავინ ამოიღებდა…
    თურქებიდან ასეთმა ფრაზამაც გაიჟღერა, რომ არა პრემიერისა და კულტურის მინისტრების ქართული წარმომავლობა, ეს საკითხები არც დადგებოდაო!
    მაგრამ სადამდე იქნებიან ისინი პოსტებზე? მერე? გგონიათ ისევ შეგვეხვეწებიან? და ისინი რამეს დაკარგავენ ამით? როგორც თქვენ ამბობთ და ალბათ ასეცაა, კვირიკე და რაბათი ქართული მემკვიდრეობაა და ჩვენ მაინც მოვუვლით, მაგრამ ვინ მოუვლის ოშკსა და ხანძთას? სომხებმა ასეთ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციაშიც მოახერხეს თავიანთი ძეგლების აღდგენა და წირვა- ლოცვის დაყენებაც კი, ჩვენ კი მხოლოდ ერთმანეთის ჩასაფრებითა და ტალახის სროლით ვართ დაკავებული…
    პირველი ხელშეკრულების პროექტიც ხომ ამ მიზეზებით ჩაიშალა- აქაოდა ჩვენ არაფერი დაგვბრალდესო და ხელი დაიბანეს და მერე ეს ხელი ერთმანეთისკენ გაიშვირეს…
    მაპატიეთ გაცხარება, მაგრამ ეგების როდესაც ასეთ მგრძნობიარე თემებს ვეხებით, უფრო მეტად დავფიქრდეთ შედეგებზე და არა ჩვენი პოზიციის ურყეობაზე!

    ალბათ მკითხავთ, ჟურნალისტები რა შუაში ვართ, ვისაც ეს ეხება მათ გააკეთონ საქმეო, მ,აგრამ დამერწმუნეთ იმ ქვეყანაში , როცა საქმე მეორე ხარისხოვანია და პიარი პირველი, სწორედ ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ ოქროს შუალედის მოძებნა.

  • ნენე says:

    Церкви и монастыри Западной Армении – район Эрзурума – Церковь Ошкванк (Ошки)
    http://www.westernarmenia.net
    Церкви и монастыри Западной Армении – район Эрзурума – Церковь Ошкванк (Ошки)http://www.westernarmenia.net/index.files/oskvank.htm

  • ნაtია says:

    ნენეს ვეთანხმები … თან მეც გამაღიზიანა ამ სტატიის ტონმა..უმთავრესი ისაა შედეგი რა იქნება.მთავარია სანამ დროა და ამის შანსი, ჩვენი ტაძრები აღვადგინოთ და ერთმანეთთან ჯიბრს მოვრჩეთ.

  • BentleyJohn says:

    Do you acknowledge that this is correct time to get the business loans, which can realize your dreams.

  • დათო says:

    დროზე თუ არ ჩაუტარდა რესტავრაცია ხვალ შეილება დაინგრეს ისეთ მდგომარეობაშია ეგ ძეგლები

    თან სომხები როგორც ყოველთვის ტავისად აცხადებენ, იმისთვის კი არ მიუქცევიათ ყურადღება ქართული წარწერები როა ყველა ძეგლზე

  • ტაო-კლატჯეთის ტერიტიაზე ქართული მართლმადიდებლური ძეგლების გარდა შემორჩენილია უძველესი ფარულ (კრიპტები) ნიშნიანი ქვები, ისეთი როგორიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა (სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი,ხევი, რაჭა და გურიის მთიანეთი). ჯვარი ქრისტიანობამდეც ღვთაებრივი-დამცველი ნიშანი რომ იყო ამაზე ყურადღების გამახვილება გვმართებს ლაზებთან და ჭანეთის მოსახლეობასთან. ეთნოგრაფების და პალეოგრაფების გარეშე რაიმეს დაგეგმა დღევანდელ ტაო-კლარჯეთის მიწაზე, არასწორი იქნება. ძეგლების შეკეთება იმ ადგილობრივი მუსულმანი ქართველებისთვისაც უნდა იყოს საამაყო.

  • ნუცა says:

    მე არ ვიცი რა ხდება მაგრამ იმას ვეთანხმები რომ ქართული ძეგლები ნადგურდება და ამას უნდა ეშველოს!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი