მთავარი » საზოგადოება

ჩვენებურები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2010 8 კომენტარი | 11,730 ნახვა

კიროს ასლანიძნელია ჩვენებურებზე უემოციოდ საუბარი… მათ თვალებსა თუ ყოველ სიტყვაში ხომ დღესაც აშკარად გამოსჭვივის ის სამშობლოსადმი ნოსტალგია და სიშორით გამოწვეული ტკივილი, რაც ვერც დრომ და ვერც მანძილმა ვერ გაანელა. ისინი ახლაც ცდილობენ, არ დაივიწყონ მშობლიური ენა, ტრადიციები და ინარჩუნებენ ქართულ გენს, ქართულ სულს, სიამაყით უწოდებენ თავს გურჯს და გურჯისტანის ხსენებაზე ცრემლი ადგებათ თვალზე საქართველოს მონატრებისა და სიყვარულის ნიშნად.

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენებურების გული სამშობლოსადმი გაცილებით მეტი სიყვარულით არის ანთებული, ვიდრე ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ქართველებისა. მათ ყველაზე მეტად თანამემამულეების წარმატებები ახარებთ, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ადევნებენ და იმ დღეზე ოცნებობენ, როცა სამშობლოში დაბრუნდებიან და ქართველები ერთად ვიქნებით.

რამდენად შენარჩუნებული აქვთ ჩვენებურებს ტრადიციები, ენა, სარწმუნოება, ფოლკლორი? რა განასხვავებთ მათ ჩვენგან? რა აწუხებთ და რა ახარებთ? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორსა და გადაცემა “ჩვენებურების” ავტორს, ბატონ გიორგი კალანდიას გაესაუბრა.

ბატონ გიორგის გადაცემა “ჩვენებურების” დაარსების იდეა რვა წლის წინ, ლაზეთში პირველად სტუმრობისას გაუჩნდა. გადაწყვეტილი ჰქონდა, გადაეღო სიუჟეტი, მაგრამ როდესაც მაღაზიაში მეგრული საუბარი გაიგონა, გაიცნო ჩვენებურები, მათთან ბევრი საერთო დაინახა და კეთილგანწყობა იგრძნო, მიხვდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიუჟეტის თემა არ იყო. გაუჩნდა სურვილი, გადაცემის კეთება დაეწყო და თავისი ხალხისთვის გადმოეცა ის ბედნიერი წუთები, წამები და განცდები, რაც იქ ყოფნისას მიიღო: “თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი, რადგან საშუალება მქონდა, ეს ადამიანები რეალურად მენახა. ვფიქრობ, ამ გადაცემამ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ჩვენებურები გააცნო დაწყებული ბაიარ შაჰინით და დამთავრებული ცნობილი ლაზი მომღერლით, ლაზისტანის ბულბულად წოდებული ქაზიმ ქოიუნჯუთი და რაღაც ძალიან მოკრძალებული წვლილი შეიტანა ქვეყნისათვის სასარგებლო საქმეში”.

ბატონი გიორგის თქმით, მისი გადაცემის მიზანიც სწორედ ის არის, რომ როდესაც ჩვენი და იმერხეველი გურჯების შვილიშვილები პირისპირ აღმოჩნდებიან, ერთმანეთს უკვე კარგად იცნობდნენ. “მახსოვს, ფერეიდანში გადაადგილება გვიჭირდა, რადგან ჩვენს გარშემო ქართველების უზარმაზარი მასა იყო შეკრებილი. მოგვყვებოდნენ, გვესაუბრებოდნენ. ხურდა ფულიდან დაწყებული ყველაფერი დავარიგეთ, რაც შეგვეძლო. ბოლოს გვთხოვდნენ, საქართველოსაგან სამახსოვროდ მათთვის ხელის გულზე ქართული ასოები დაგვეწერა.

ჩვენს მოგზაურობას თურქეთში ასეთივე დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა. ადიხარ 2200-2300 მეტრზე და გგონია, იქ ადამიანებს ჩვენს შესახებ არაფერი გაუგონიათ. მათ კი მართლაც შეიძლება არ იცოდნენ, საქართველოს ხელისუფლებაში ვინ არის, რა არის ევროკავშირი, შეიძლება ბევრი რამ არ ესმოდეთ, მაგრამ აუცილებლად იციან ოქროსფერთმიანი თამარ მეფე და დიდი და ძლევამოსილი მეფე დავითი. ეს ყველაფერი სიამაყით გავსებს. ჩემს ოპერატორს, ლევან ლეკიაშვილს თურქეთის ერთ-ერთ რეგიონში ყოფნისას ვუთხარი კიდეც: ახლა უცებ მთებიდან რომ ერეკლე მეფემ გადმოიხედოს და დაიძახოს, ჯარი შეკრიბეთო, არ გამიკვირდება-მეთქი, რადგან მეგონა, მართლაც იმ ეპოქაში ვიყავი. ეს განცდები, ემოცია სამარის კარამდე მიმყვება. თამამად შემიძლია ვთქვა, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც საქართველოს საზღვრებს მიღმა ამდენი რამ ენახოს. ჩვენ თითქმის ყველაფერი აღვრიცხეთ, დავაფიქსირეთ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ცვლილებების საუკუნე მოდის. XXI საუკუნეს მიგრაციები, კოსმოპოლიტიზმი, ნაციების აღრევა, გადაადგილებები, გადასახლებები მოაქვს და ყველაფერი ეს დაკარგვისათვისაა განწირული”.

ბატონი გიორგი ჩვენებურებს სამ დიდ ჯგუფად ყოფს. ესენია: თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები. ჩვენებურების მრავალრიცხოვნებით თურქეთი გამოირჩევა: “ამ ხალხს დღემდე შენარჩუნებული აქვს ენა – ეს უპირველესი, რაც მათი ეთნიკურობის დამახასიათებელი ნიშანია და ტრადიციები, სარწმუნოება – მხოლოდ საინგილოში, ისიც ქართველების ნაწილს. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ რეგიონში, მაგალითად, თურქეთის მაღალმთიანეთში, ართვინის მხარეში, მაჭახელაში, იმერხევში ახლაც ვხვდებით ისეთ ტრადიციებს, რაც ჩვენთან დაკარგულია, აღარ არსებობს. ვთქვათ, ბერიკაობა. ეს რიტუალი ჩვენ არასწორად წარმოგვიდგენია. სინამდვილეში, ბერიკები ტახები არიან და ამ ღონისძიების მიზანია, დამსწრე საზოგადოება რაც შეიძლება მეტად გააცინოს. ქალის ფორმაში შემოსილი ორი მამაკაცი ცეკვავს წრეში. ისინი პატარძლებს განასახიერებენ. მათ ტახის ფორმაში გადაცმული მამაკაცები იცავენ. პატარძალს რაც უფრო დიდხანს ეცეკვები, მით უფრო ვაჟკაცი იქნები. თუმცა ტახები ცდილობენ, ეს ფაქტი არ დაუშვან. ამას შეხუმრებული ცემა-ტყეპა და იუმორისტული ნომრები მოჰყვება.

გარდა ამისა, ბევრი ისეთი კერძი აქვთ, რაც საქართველოში არ გამისინჯავს და არც არსებობს. აღსანიშნავია მისალმების ტრადიციაც. ისინი ერთმანეთს მხარზე კოცნიან. მათი სუფრის წესიც ძალიან მომწონს. წესიერი, ზომიერი ქეიფი იციან. სუფრასთან მსხდომნი ეშაირებიან ერთმანეთს. აქ შეგიძლიათ მოისმინოთ ისეთი მარგალიტები ქართული ფოლკლორისა, რასაც ქართულ სუფრაზე იშვიათად გაიგონებთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიდი ტრადიციების ქვეყანაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიმღერა “გელინო” და “სამ შალახო შალახო” მათი წყალობით გავიცანით.

გიორგი კალანდიაჩვენებურებს საქართველოში მცხოვრები ქართველებისაგან რამდენიმე ფაქტორი განასხვავებს. პირველ რიგში, ეს არის ენა. მაგალითად, ფერეიდანში შეგიძლიათ ის ქართული გაიგონოთ, რომელიც საქართველოში შაჰ-აბასის დროს ჟღერდა. როცა ისინი გადაასახლეს, ქართულ სამყაროს მოსწყდნენ, თავიანთ გარემოში ჩაიკეტნენ, ამიტომ წინაპრების ენა ვეღარ განავითარეს, ვეღარ დახვეწეს, როგორც ქართული სალიტერატურო ენა. ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებს ერთი მნიშვნელოვანი რამ ახასიათებთ: როცა ფერეიდნელი ამბობს “აქ”, სინამდვილეში საქართველოს გულისხმობს, ანუ ის არ გეტყვის, “აქ” ჩემთან დაჯექიო, რადგან სამშობლოში არ არის. იტყვის, “იქ” ჩემთან დაჯექი, ანუ ირანში… ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ჩვენებურმა მკითხა: აქაურობაში რა ხდებაო. ჩავთვალე, საუბარი ირანზე იყო, მაგრამ შემდეგ ამიხსნა, რომ თურმე აქაურობა მათთვის საქართველოა.

მეორე რიგში, აღსანიშნავია ის, რომ 400 წლის განმავლობაში ქართველს ქართველი არ მოუკლავს, ქართველს ქართველისათვის არაფერი მოუპარავს, ქართველს ქართველთან კონფლიქტი არ ჰქონია. გამოირჩევიან ერთმანეთის მხარდაჭერით, სიყვარულით, ტრადიციების ერთგულებით, შეკრულობითა და ურთიერთგატანით. ასევე, განასხვავებთ რელიგია, თუმცა ვთვლი, რელიგია ყველას პირადი საქმეა. დანარჩენი ყველაფერი საერთო გვაქვს. ჩვენ მაინც ყველანი ქართველები ვართ.

ჩვენებურებს დიდი სურვილი აქვთ, სამშობლოზე უფრო მეტი იცოდნენ. ამაზე სახელმწიფოც ბევრს უნდა ზრუნავდეს, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ თვალსაზრისით მხოლოდ ჩემი გადაცემა არსებობს, იმის დასტურია, რომ ეს სახელმწიფოს აქტიური მზრუნველობა არ არის და მესმის, რადგან ჩვენს ქვეყანას უამრავი პრობლემა აქვს. ცნობილი გამონათქვამი არსებობს: ჩვენ საქართველოსი არაფერი გვჭირდება, არც ფული, არც პატივი. ჩვენ საქართველოს ყურადღება და მოფერება გვინდაო. მათ სურთ, ქართული სახელმძღვანელოებით დავეხმაროთ, რასაც ვერ ვახერხებთ. საბედნიეროდ, არის ქართული ტელევიზიები, მაგრამ აქაც მეტნაკლები პრობლემაა. ჩვენ ძალიან ჩქარა ვსაუბრობთ. ისინი ამბობენ, ისე ცქვიტად ლაპარაკობთ, თითქოს ძაღლი მოგდევთ, სად გეჩქარებათო. ამიტომ უფრო ნელი სალიტერატურო ქართულია საჭირო, რომ ჩვენებურების გონებამ აღიქვას.

წერილი, რომელიც ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ქართველმა საქართველოს პრეზიდენტს მისწერა, დღემდე შენახული მაქვს. ტექსტი ასე იწყება: “იქნება შენს გულისპირზე შუბლი დამადებინა, რომ მთელი ჩემი 400 წლის ნაღველი და დარდი შენთვის მეთქვა. მჯერა შენი, რადგან მინახიხარ რუსთაველზე ცივ ღამეებში და წვიმიან აჭარაშიც. პრეზიდენტები ბევრჯერ ყოფილან ირანში, მაგრამ ფერეიდანი არ გახსენებიათო…” და ბოლოს ასე მთავრდება: “თუ სამშობლოში ვერ დავბრუნდით, ღმერთმა ქნას, ერთმანეთს შორის მაინც ვიაროთ და თუ ძმები ვერ გამოვდექით, იქნებ კარგი მეგობრები მაინც ვიყოთო”. მე მინახავს დიდი სახელმწიფოები სხვა დიასპორებზე როგორ ზრუნავენ. მაგალითად, თურქეთში სპეციალური ტელეარხი არსებობს იმისათვის, რომ იქ მცხოვრებმა და მოღვაწე ქართველებმა მოისმინონ. მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანს ჩვენს აზერბაიჯანულ რეგიონებში თავისი კორესპოდენტები ჰყავს, რომლებიც ჩვენებურებს საქართველოზე ინფორმაციას მუდმივად აწვდიან. ჩვენთან ეს არ ხდება. ვისურვებდი, მათი სამშობლოსადმი დიდი ინტერესის დაკმაყოფილება მინიმალურად მაინც შევძლოთ. მინახავს მუსლიმანი ბავშვები, რომლებიც გულზე ვერცხლის ძეწკვს ატარებენ. მასზე ვერცხლისაგანვე დამზადებული ქართულის მოცეკვავე გოგო-ბიჭია ჩამოკიდებული. ეს მათი ქართველობის სიმბოლოა. ამით ცნობენ, რომ ისინი გურჯები არიან. თურქეთის შუაგულში, ანატოლიაში, ბურსაში ქუჩაში მიმავალს ისიც მომისმენია, თურქებმა ერთმანეთს როგორ გადაულაპარაკეს ჩვენს მოპირდაპირე მხარეს მყოფ ჩვენებურებზე, ნახე, გურჯები მოდიანო. ანუ გურჯობა იქ ძალიან საპატივსაცემო რამ არის.

ერთი ცნობილი გამონათქვამი მახსენდება: “მირჩევნია უცხოეთში ვიყო გურჯი, ვიდრე საქართველოში – თათარი”. როცა ჩვენებურები საქართველოში ჩამოასახლეს, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ჩვენმა მოსახლეობამ მათ ვერ გაუგო. ვერ შეეგუა მათ ტრადიციებს, რელიგიას და ვერ მიიღო ისინი, როგორც ქართველები. ამიტომ ეს ხალხი სამშობლოდან გულდაწყვეტილი წავიდა. ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: 1873 წლიდან 1921 წლამდე, როდესაც ართვინის ვილაიეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო, არც ერთ დიდ ქართველს იქ არ უმოგზაურიაო. არავინ ნახა ოშკი, ხანძთა, ხახული. ერთადერთი ეს გახლდათ ექვთიმე თაყაიშვილი.

სამსონ ფირცხალავა, XIX საუკუნის საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე და ჟურნალისტი ამბობდა: “ჩვენი ბედნიერების მზე ამოვა და გაბრწყინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მუსლიმ და ქრისტიან ქართველს შორის რელიგიის გარდა არანაირი განსხვავება არ იქნება”. აი, ჩვენ თუ ამას მივაღწევთ, თუ ამ ადამიანებს გულითა და სულით გავუერთიანდებით, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება. ჩემი გადაცემის მიზანიც სწორედ ეს არის, რადგან ჩვენ იმ თაობას წარმოვადგენთ, რომელმაც ეს ხალხი მხოლოდ წიგნებიდან იცოდა, თორემ ქართულ დოკუმენტალისტიკას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. გამონაკლისია გურამ პატარაია, რომელმაც ფილმი “შორია გურჯისტანამდე” გადაიღო.

რაც შეეხება ტაო-კლარჯეთს, ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია და ამაში ვერავინ შეგვედავება. ჩვენ თურქეთს ძალიან ბევრ რამეში უნდა ვუმადლოდეთ და გეტყვით, რატომაც: დღესაც, 600 წლის შემდეგ რომ იქ ჩვენი ტაძრები დგას, იქ რომ ჩვენი მოსახლეობა ქართულ ენაზე საუბრობს, ეს მათი დიდი დამსახურებაა. თურქეთის სახელმწიფოს გულწრფელ მადლობას ვუხდი, რადგან ჩვენს მოსახლეობას, სისხლსა და ხორცს, ჩვენს განუყოფელ ნაწილს თავისი ეროვნულობის დაკარგვის საშუალებას არ აძლევს”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი