მთავარი » საზოგადოება

“ჩვენც დავბერდებით”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.09.2013 | 2,645 ნახვა

1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ გამოაცხადა. ალავერდობა გაეროს პრინციპია სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ, საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს მთავრობებს ჩართონ ისინი, როცა ეს შესაძლებელი იქნება, თავის ეროვნულ პროგრამებში. იგივე დღე – 1–ლი ოქტომბერი, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 სექტემბერის N467 ბრძანებულების თანახმად, ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ არის გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში.

ხანდაზმულებად ითვლებიან 60-74 წლის ადამიანები, მოხუცებად – 75-89 წლისანი, ხოლო დღეგრძელებად 90 წელს გადაცილებულები.

ხანდაზმულთა დღეს მსოფლიო აღნიშნავს ღონისძიებებით. ამ მხრივ სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან, სადაც 1–ელ ოქტომბერს ფესტივალები, საქველმოქმედო აქციები, კონფერენციები და კონგრესები ეწყობა. საქართველოშიც 1–ელ ოქტომბერს ქართველი ხანდაზმულების პატივისცემის ნიშნად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ღონისძიებებს მართავენ. „ამბიონი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობა მოყვასისათვის“ დამფუძნებლებს ესაუბრა, რომლებიც ამ დღის აღსანიშნავად ახორციელებენ პროექტს „ჩვენც დავბერდებით“. მათი მიზანია თითოეულმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს უფროს თაობას, მათ საჭიროებებსა და გულისტკივილს.

„ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მივიწყებული უფროსი თაობისაკენ საზოგადოება უნდა მობრუნდეს. არ შეიძლება „სახვალიოდ“ საქმის გადადება – მრავალჭირნახული ეს თაობა შეიძლება უდროოდ და გულნატკენი გავუშვათ ამა ქვეყნიდან და „მოვიჭრათ“ ჩვენი ფესვები, რაც ჩვენს მომავალს სათუოს გახდის. ჩვენი უგულისყურობით და მოჩვენებითი ყურადღებით არ უნდა დავუშვათ უფროსების პატივისცემის, მათს წინაშე ვალდებულების შეგრძნების, ჩვენი ქვეყნის ღირებულებების გაქრობა, რაც მიგვიყვანს ეროვნული თვითმყოფადობის დაკარგვამდე,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში „მშვიდობა მოყვასისათვის“.

რუსუდან კვიკვინია (ორგანიზაციის დამფუძნებელი): „ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ჰუმანური (იგივე საზოგადოებრივი, ადამიანური) განვითარების კოეფიციენტი, რომელიც მრავალი კომპონენტით ხასიათდება. მოხუცი ბებია მათ შორის უმთავრესია: მთლიანი შიდა პროდექტი 1 სულზე, განათლების დონე, სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამ კომპონენტების ერთიანი მაღალი დონე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მაღალ დონეს. შეუძლებელია ქვეყანას ჰქონდეს განვითარებული ქვეყნის წოდების პრეტენზია, თუ იქ არ არის უზრუნველყოფილი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის პირობები. ამდენად, ხანდაზმულთა პრობლემები არ არის მხოლოდ ადამიანების პირადი პრობლემა. ეს უნდა იყოს ამ პრობლემისადმი სახელმწიფოებრივი ზრუნვის მიზანი, ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიმართულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ხდება ხანდაზმული ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულების გამოვლენა. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შეფასებით, ხანდაზმული ადამიანების 4 – 6% მსოფლიოში ამა თუ იმ ფორმით ცუდ დამოკიდებულებას განიცდის. ეს იქნება ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური თუ ფინანსური დეფიციტი.

ხანდაზმულები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. კერძოდ, 2007 წელს, საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობა 19,6%-ს შეადგენდა, ხოლო, მეცნიერთა ვარაუდით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 30%-იან ზღვარს მიაღწევს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებულია ხუთასამდე ადამიანი, რომელთა ასაკი 100 წელზე მეტია“.

ედუარდ ოსიპიანი (ორგანიზაციის დამფუძნებელი): „მივმართავთ საზოგადოების ყველა ფენას: სამინისტროებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, მეწარმეებს…, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა ამ დღეს ხანდაზმულთა მიმართ პატივისცემის გამოხატვაში და გახდეს დონორი ორგანიზაცია. მოვახდენთ ხანდაზმულთათვის საზეიმო ვახშმის ორგანიზებას. პროექტს მხარს უჭერენ: აკაკი ვაშალომიძე, რომან რცხილაძე, გივი სიხარულიძე, დავით როსტომაშვილი და სხვა. სამიზნე ჯგუფი შედგება 20 ხანდაზმულისაგან, რომლებიც მოზიდულ იქნა ჩვენ მიერ. ამ ეტაპზე, ჩვენი გენერალური სპონსორი გახდა “ორიფლეიმ-ჯორჯია” და, კერძოდ, ქალბატონ სუსანა ავეტიანის ჯგუფი.

გვახსოვდეს, ხანდაზმულთა თაობა თანამედროვე უმცროს თაობას უნდა აღიქვამდეს როგორც საიმედოს, რომელიც ამკვიდრებს უფროსებისადმი პატივისცემის და ყურადღების გარემოს, რაც იქნება მშვიდი, დაფასებული სიბერის, ეროვნული ღირებულებების დაცვის გარანტი.“

შეგახსენებთ, მსოფლიოში აღირიცხება 650 მლნ ხანდაზმული ანუ, 60 წელს გადაცილებული ადამიანი. მეცნიერების ვარაუდით კი, 2050 წლისათვის ხანდაზმულთა რაოდენობა 2 მლრდ-ს მიაღწევს. ხანდაზმულთა რიცხოვნობის ზრდა გულისხმობს ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას. ხანდაზმულთა ხვედრითი წილის ზრდა კი მიუთითებს მოსახლეობის აღწარმოების დაბალ დონეს, რასაც საბოლოოდ მივყავართ მოსახლეობის რაოდენობის კლებისაკენ. ამიტომ ქვეყნის მთავარი ყურადღება უნდა იყოს მიქცეული ამ პრობლემებისადმი, რადგან ჩვენი მოსახლეობის მცირერიცხოვნობა არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ ეს პრობლემები თვითდინებაზე იქნეს მიშვებული.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი