მთავარი » ქრისტიანობა

,,ჩვენ – სულელ ქრისტესთვის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.05.2019 | 357 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: ქრისტეს ეკლესიის წმინდანთა ცხოვრების ახლოს გაცნობა ძალზედ სასარგებლოა ყოველი ქრისტიანისთვის. მათი ცხოვრებისეული მაგალითებით აღესრულება ახალი თაობის მორწმუნეთა აღზრდა და განსწავლა. თითოეული წმინდანი განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს, რადგან გარკვეულ თავისთავადობას ინარჩუნებს. ამიტომ ამ უამრავ წმინდანისგან შემდგარ დასში გარკვეული კატეგორიებიც არსებობს, მათი საერთო ნიშან-თვისებებიდან გამომდინარე. მაგალითად, ცალკეულ კატეგორიებად შეიძლება დავანაწევროთ: წინასწარმეტყველები, მოციქულები, მოწამეები, უვერცხლო მკურნალები, ღირსი მამები და დედები და სხვანი. აქვე წმინდანთა დასში გვხვდება ერთი კატეგორია, რომელიც თითქოს ცალკე არ დგას, რადგან ღირსთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ წმინდა ეკლესია დამატებითი ეპითეტით ამკობს მას – ღვთისთვის სულელთა – სალოსთა კრებული.

სალოსები, სხვა წმინდანთაგან განსხვავებით, მორწმუნეთათვის ერთმნიშვნელოვან მაგალითად ვერ გამოდგებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მათი ცხოვრება არამხოლოდ ზოგად საკაცობრიო ზნეობრივი ნორმებისაგან არის გამიჯნული, არამედ თვით ქრისტიანული ზნეობრივი კანონებისგანაც. მათი ცხოვრების გარეგნულ ნიშან-თვისებებზე საუბარი ადვილია, მაგრამ ძალიან ხშირად შინაგანი მოტივაციის გარკვევა რთულდება უბრალო, მოკვდავი ადამიანსთვის. სალოსთა მსახურება გრძელდება და თანამედროვეობაში არაერთმნიშვნელოვან რეაქციებს იწვევს, ამიტომ აუცილებელია ამ მსახურების არსის მეტად შესწავლა, რათა მეტად შეგვეძლოს ამგვარი ქარიზმის მქონე პიროვნებებზე მართებული დასკვნების გაკეთება.

სალოსობის არსის დადგენაში ისტორიული ანალიზი დაგვეხმარება. ქრისტეს შობის შემდეგ პირველ სამ საუკუნეში ვერ ვხვდებით ამ განსხვავებული მსახურების აშკარა მაგალითებს. ამის მიზეზი, როგორც დღევანდელი გადასახედიდან ირკვევა, ამგვარი მსახურების აუცილებლობის არ არსებობა იყო. იმ დროს ეკლესია იდევნებოდა, ამიტომ ყოველი ადამიანი, ვინც, დევნულობის მიუხედავად, ქრისტიანული პრინციპების მიმართ სიმტკიცეს ინარჩუნებდა, უკვე მიუღებელი იყვნენ ამ ქვეყნის ძლიერთა და ხელმწიფეთათვის. რაზეც წმიდა პავლე მოციქული პირდაპირ მიგვითითებს: ,,არამედ სულელნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ბრძენთა, და უძლურნი იგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, რათა არცხვინოს ძლიერთა. და უაზნონი იგი სოფლისანი და შეურაცხნი გამოარჩინა ღმერთმან და არაარსნი იგი, რათა არსნი იგი განაქარნეს” (1კორ.1;27-28). ქრისტიანული ცხოვრება ძალადობასა და აგრესიას იწვევდა ამ უსამართლო ადამიანთა მხრიდან. ამიტომ იმ პერიოდში სალოსთა მსახურების საჭიროება ჯერ არ ჩანდა, ვინაიდან ყველა ღირსეული ქრისტიანი ამ წუთისოფლის სულელად მოიაზრება.

უკვე VI-VII საუკუნეებიდან სალოსობის თვალსაჩინო მაგალითები გვხვდება, რომელთაგანაც მკვეთრად გამორჩეულია ორი პიროვნება: სვიმეონ ემესელი (VIს.) და ანდრია კონსტანტინეპოლელი (IXს.). მათი ცხოვრებიდან ვიგებთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მდაბიო სურვილებისა და ყოველგვარი ვნებებისაგან განიწმინდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ, ღვთის მოწოდებით, ფართო საზოგადოებაში აქტიური ქარიზმატული მოქმედება დაიწყეს.

ამრიგად, სანამ ქრისტიანობა იდევნებოდა, მანამდე ღვთისაგან სალოსობისკენ მოწოდება ნაკლებად შეინიშნებოდა, ხოლო დევნის შეწყვეტის შემდეგ ნელ-ნელა სამოღვაწეო ასპარეზზე ქრისტესთვის სულელნიც გამოჩდნენ.

ამ მცირე ისტორიული ექსკურსიდან გამომდინარე, შეგვიძლია შემდეგი დასკვნის გაკეთება – სალოსობა თავისი არსით წუთისოფელთან დაპირისპირებაა. მას არსებობისთვის სიმშვიდე სჭირდება, რადგან დევნულობისას ყველა დევნილი უპირისპირდება წუთისოფელს, ხოლო სიმშვიდეში პირდაპირ მხოლოდ სალოსები უპირისპირდებიან მას.

სალოსთა წუთისოფელთან დაპირისპირებას მკვეთრი გარეგნული და არაორდინალური სახე აქვს, რაზეც სიტყვაც კარგად მიგვანიშნებს _ ქრისტესთვის სულელი, გიჟი და გონებადაულაგებელი ადამიანი. ამგვარ მსახურებას საფუძვლად დიდ წილად წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებიც უდევს: ,,უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რათა იყოს ბრძენ” (1კორ.3:18), ასევე პირდაპირი სიტყვიერი მითითება: ,,ჩვენ – სულელ ქრისტესთვის” (1კორ.4:10).

ისინი ადამიანთა მზერისა და ყურადღებისათვის გამომწვევად მოქმედებენ, რათა უფრო ნათლად და მკაფიოდ აისახოს თითოეული ქმედება. ეს მათი დღის რეჟიმია, ხოლო ღამე ფარული ღვაწლია – მყუდროება, მდუმარება და ღმერთთან განუწყვეტელი ლოცვითი კავშირი. დღის გარეგნულ მსახურების ზოგადი სურათია: მარხვის დარღვევა, მაღალი საზოგადოების და ფარისევლების მხილება, ზოგჯერ სიშიშვლე ან გლახაკად ჩაცმულობა, უპოვარება, მათხოვრობა, დამცირებისა და შეურაცხყოფის ძიება და ზოგჯერ წინასწარმეტყველება.
როგორც არ უნდა განვიხილოთ და ჩამოვაყალიბოთ მათი გარეგნული ქცევები, უმთავრესი მაინც შინაგანი გამოძახილია, ის, რაც მათ გარეგნულ ქმედებას წარმართავს. ამ ქმედებათა განმაპირობებელი ერთი მიზეზი, როგორც ავღნიშნეთ, წუთისოფელთან ჭიდილია. თუმცა, პირველი და უმთავრესი მიზეზი მოყვასის სარგებელზე ფიქრია, რადგან პიროვნება, რომელიც სულიერად განწმენდილი, დამდაბლებული და უპოვარია, სხვა ადამიანთა შეწევნას აღარ საჭიროებს. ამიტომ მათი ხალხში ყოფნა ადამიანთა კეთილდღეობას გულისხმობს.
კიდევ ერთი მიზეზი ამგვარი მსახურებისა სხვათათვის სარგებლობასთან ერთად საკუთარი თავის დაცვის მცდელობაა. რათა გარეგნული და გიჟური საქციელით ხალხისგან პატივისცემა და სიყვარული არ გამოიწვიონ. აქ ერთი თავისებურებაც არ უნდა გამოგვრჩეს, ისინი ამ შემთხვევაშიც მხოლოდ საკუთარ თავზე როდი ფიქრობენ, არამედ ხალხის იმ ნაწილზეც, ვინც ამდაგვარი სიყვარულის გამოხატვის შემთხვევაში პიროვნების გაკერპებას მოახდენდნენ.

აღნიშნულ მიზეზთა მიხედვით კარგად სჩანს, რომ სალოსები ნორმებს, კანონებს და დამკვიდრებულ მორალს ებრძვიან. ამით მიგვანიშნებენ, რომ ღმერთი და სულიერი ცხოვრება კანონზე მაღლა დგას და რომ კანონი სულიერების მიღწევის საშუალებაა და არა მიზანი. ამიტომ კანონს კი არ უარყოფენ, არამედ მის არასრულფასოვნებაზე მიანიშნებენ. ამ კანონებში ის გარეგნული ტრადიციები და წესები იგულისხმება, რომელთა გარეშეც ქრისტიანებს ცხოვრება ვერც კი წარმოგვიდგენია.

ეს ყოველივე საკმაოდ რთულად აღსაქმელია. ამიტომ ბიზანტიურმა ეკლესიამ ამდაგვარი მსახურება ფაქტიურად უარყო კიდეც, რათა სიცრუისა და ჭეშმარიტების აღრევა, ეკლესიის კანონთა, წეს-ჩვეულებათა და საეკლესიო სამართლის დაკნინება და საბოლოოდ ეკლესიის საფუძვლის მოშლა არ მომხდარიყო. რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ეკლესიაზე, სადაც ქრისტესთვის სულელნი მრავლად გამოჩნდნენ.
მთავარი ჩვენთვის ის უნდა გახდეს, რომ სალოსებთან მიმართებაში არ შეგვექმნას ცრუ წარმოდგენები. ცრუ მსახურება ჭეშმარიტებად არ მივიჩნიოთ და ამით თავად ჭეშმარიტება არ დაკნინდეს.

ქრისტე და სალოსობა

ახლა სალოსობის მსახურება ქრისტესთან მიმართებაში განვიხილოთ, ვინაიდან იგია ჩვენი ამოსავალი – გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება (იოან.14:6). ამიტომ მასთან ამგვარი შედარება სალოსობის ცნებას ამოხსნის.

ქრისტე, გარეგნული მკვეთრი მოქმედებათა მიხედვით, არ იყო სალოსი. მაგრამ ამდაგვარი მსახურებისგან სრულად როდი იყო გამიჯნული; თავად მისი ახლობლები ვერ იგებდნენ მის ქმედებას: ,,და ესმა მის კერძოისათა და გამოვიდეს შეპყრობად მისა, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: ,,განკრთომილ არს” (მარკ.3:21). ქრისტე არასდროს არ მოქმედებდა სალოსივით, მაგრამ მისი ქმედებები ძალიან ხშირად იმ დროის საზოგადოებრივი მენტალიტეტისათვის მიუღებელი იყო: შაბათის წინააღმდეგ გალაშქრება (მათ.12:1), მეზვერეებთან და ცოდვილებთან სიახლოვე (მარკ.2;15-16), მეძავეებთან საუბარი (იოან.4;7-26; იოან.8:11), ტაძრიდან მოვაჭრეების გამოდევნა (მათ. 21:12) და ბოლოს თავად ჯვარი. იმდროინდელ საზოგადოებაში ყველაზე სამარცხვინო დიდ დამსჯელ იარაღად მიიჩნეოდა. ანუ იესო ქრისტე, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი სალოსი იყო მისი სულისკვეთებით. ამას პავლე მოციქული შემდეგნაირად გადმოგვცემს: ,,ჯვრის სიტყვა წარწყმედილთათვის სიცოფეა, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღვთისა” (1კორ.1:18).

ამრიგად, სალოსები ქრისტეს სულისკვეთების აღსრულებაში ყველაზე მეტად მოწადინებულნი არიან, რადგან არაფრად არ მიაჩნდათ ამქვეყნიური პატივი და სიმდიდრე: ,,წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე” (მათ.19:21). მათი ერთაერთი საფიქრალია – ქრისტესთან უწყვეტი კავშირი, წუთისოფლის მხილება და მოყვასის სარგებელისთვის ცხოვრება.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.