მთავარი » ქრისტიანობა

ცრურელიგიურობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.06.2017 3 კომენტარი | 4,538 ნახვა

ალბათ ხშირად გსმენიათ თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებისგან, რომ სწამთ სხვადასხვა ნივთებისა და მოვლენების. ალბათ შეხვედრიხართ “ეკლესიურ” და “არაეკლესიურ”ადამიანებსაც, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ე.წ. დედა მატრონას პურს, წითელ სამაჯურს იერუსალიმიდან, გიშერს ჩვილ ბავშვებზე, ჰოროსკოპულ სუვენირებს, გზაზე შავი კატის გადარბენას … ეს ყოველივე სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის. საიდან იღებს სათავეს პრობლემა და რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსგავსი ფაქტებისადმი? “ამბიონს” ამ თემაზე ესაუბრა წყნეთის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი:

“ისტორიის მსვლელობისას რელიგია აქტიურად იყო სპეკულირების საგანი. რელიგიას გვერდით თანსდევდა ფსევდორელიგიურობა. სწორედ ეს უკანასკნელი იძლევა სპეკულირების საბაბს. რა არის ფსევდორელიგიურობა? ყოფითს მიჯაჭვული ადამიანები ნებსით თუ უნებლიეთ, გვერდს ვერ უვლიან სულიერ სამყაროს, თუმცა მათი წარმოდგენა მის შესახებ მეტად ბუნდოვანი და პრიმიტიულია. ეს პრობლემა აქტიურია, როგორც რიგით პერსონათა, შავი კატა ასევე ეკლესიურად მცხოვრებთა შორის. ისინი ღმერთს ძალმოსილებიდან გამომდინარე გამომყენებლურად ეკიდებიან. მასთან ურთიერთობა ანგარებითია. პირადი კეთილდღეობის გამოსათხოვად „ირწმუნებენ“. ამგვარ „მორწმუნეთა“ მთელი რიგი სათხოვარი ცალსახად ამქვეყნიური ინტერესებია და ღმერთი წარმოუდგენიათ, როგორც ხელშემწყობი და მფარველი. აღარაფერს ვამბობ უპიროვნო „სულიერი ძალების“ რწმენაზე. რაც შეეხება მერმის, იგი მეტად ბუნდოვნად წარმოსახვადია, პასიური თემაა, ცხოვრების დასკვნით ნაწილში „ესეც ყოველშემთხვევისთვის სათადარიგო“, „იქაც რომ კარგად ვიყო“. ქრისტეს სწავლების მთელი არსი სრულიად გაუგებარი და ინტერესმოკლებულია. ტაძრად მსვლელობა, მარხვა, ლოცვა,… ზოგად რიტუალები უფლის მომადლიერების პროცესად ქცეულა. აღნიშნულთა შინაარსი კი სრულიად გაუგებარი. რა თქმა უნდა, უფალი ჩვენზედ უპირობოდ ზრუნავს, ჩვენი თხოვნა-ართხოვნის მიუხედავად.

და როდესაც კითხვა გაჩნდება კი მაგრამ არ მოვითხოვოთ? პასუხი შემდეგია „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი… ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი – სამოსლისა? მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? და სამოსლისათჳს რაჲსა ჰზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის! არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. უკუეთუ თივაჲ იგი ველისაჲ, რომელი დღეს არს და ხვალე თორნესა შთაეგზნის, ღმერთმან ესრეთ შემოსის, არა-მე უფროჲს თქუენა, მცირედ-მორწმუნენო? ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. ხოლო თქუენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ცათასა და სიმართლესას მისსა და მერმე ყოველივე შეგეძინოთ თქვენ“. სწორედ ეს ბოლო წინადადება არის რელიგიურობის ამოსავალი, რაც ნაკლებად შეიმჩნევა ადამიანთა შორის.

საპირისპიროდ კი მიდის თილისმათა უწყვეტი ძიება. სამწუხაროდ, თილისმა-ავგაროზად მიიჩნევა თვით ჯვარ-ხატიონი. მათი ადგილი ფსევდორელიგიურ ცხოვრებაში ბარაქის მომტანად, საფარველად დასახულა. ამგვარი რწმენა კი ითავსებს ყოველივეს რაც ამ შინაარსს შეესაბამება. ასეთი ქრისტიანად წოდებული კი არსით სხვა არაფერია, თუ არა წარმართი კერპთაყვანისმცემელი. ამის ნათელი სახეებია ჩვილ ბავშვებზე გიშრის თუ სხვა მსგავსთა ქვათა შებმა. ეკლის, ნალის, შელოცვების მოთავსება სახლსა თუ სახლის კარებზე, ავტომობილებზე და სხვა მოხმარების საგნებზე. ამასთან, სხვა აღმსარებლობებიდან რაიმე ავგაროზნიშნის გადმოღება. წითელი ძაფი მკითხავ-შემლოცველ, ექსტრასენს-წინასწარმეტყველბთან სვლა და მათგან რეკომენდირებული ნივთების ქონა. საყოველთაოდ გავრცელებული ჰოროსკოპულ სიმბოლოთა სასოება. სახალწლო პერიოდში არაერთი „ქრისტიანის“ ოჯახში ნახავთ წლის ჰოროსკოპულ სუვენირს საგანგებოდ შემოსასელში, მისაღებ თუ სასტუმრო ოთახში, ზედ ნაძვისხესთან, საფულესთან და ა.შ. ავგაროზული დამოკიდებულება წმიდა წერილთან და ამ ნიშნით 90-ე ფსალმუნის ტარება. გავრცელებულია მოსაზრება ამ ფსალმუნით ბოროტ ძალთა დევნის შესახებ.

გაკვირვებულ მკითხველს შევახსენებ: მაცხოვრის უდაბნოში ორმოცდღიანი მარხულობის შემდეგ, ეშმაკისგან სამგზის გამოცდის დროს მაცდური სწორედ 90-ე ფსალმუნს იყენებს: გარდაიგდე თავი შენი ტაძრიდან, „რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხნი შენი.“ კვლავ შემეკითხებით არსებული მოსაზრება? პასუხი შემდეგია. ქრისტიანმა იგი ან ზეპირად იცოდა, ან თანდაქონილ ტექსტს ლოცვად იყენებდა. სწორედ გულისხმიერი ლოცვის აღვლენით და არა მექანიკური ჩაკითხვით იგერიებდა ბოროტ ძალებს. ვფიქრობ, სახარებიდან მოყვანილი ფრაგმენტი ბევრის მთქმელია და ამ ფსალმუნის თილისმად დასახვას წყალს უწურავს. ზოგადად ადამიანის მფარველი საღმრთო მადლია. რელიგიურობა ანუ ღმრთისკენ სვლადობა სწორედ ამის პირობაა. ამის ნათელი მაგალითია წმიდათა ცხოვრება, თუნდაც ბევრისთვის ნაცნობი წმიდა ქალწულმოწამე იულია და მოგვყოფილი კვიპრიანე ანტიოქელის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების თხრობა. სადაც ქრისტეს მადლით აღჭურვილი ქალწული ჯადოქრის ეზოს (ტაძრისკენ მოკლე გზისთვის) უშიშრად კვეთდა, მცოდნეთათვის ამ სულიერი ჭიდილის სახე თვალსაჩინოა. თუ პიროვნება ჯანსაღი რწმენით არ იქნა აღჭურვილი, სულიერ ჭიდილში საგანთა მიერ საღმრთო მფარველობის იმედი ფუჭია. ამის პარალელურად მავანნი განზრახ ქმედებით მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს ცინიკურად დასცინიან და სათანადო ატრიბუტიკით სპეკულირებენ. ეს ყველაფერი კი მკრეხელობამდე მიდის. რომელიმე ტაძარ-მონასტერში ნაკვეთი სეფისკვერის გაყიდვა (თითქოსდა ის რაიმე სპეციფიურს სხვათაგან განსხვავებულს ფლობდეს), წმიდა ადგილების მიწით და სხვა საგნებით, ზერელედ სასწრაფო წესით ნაკეთები ჯვარ-ხატიონით (რაც დიდი უპატივცემულობაა) და ბოლოს, სრული უაზრობით ამა თუ იმ ადგილის სახელით ვაჭრობით. ამის შესახებ გრიგოლ ღმრთისმეტყველს სათანადო სწავლებაა აქვს დაწერილი, თავად იერუსალიმში მომლოცველად მყოფი იქ არსებული უმსგავსოების ნახვით აღშფოთებული წერს (პერიფრაზს მოვიყვან): საღმრთო მადლი ყველგან თანაბრად მოედინება, შეჩვენებულ იყოს ის ვინც იტყვის, რომ რომელიმე ადგილი სხვაზე მადლით აღმატებულია.
ბოლოს აღნიშნული ტენდეცია დაიბადა ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ომის დროს მიტაცებული ნამდვილი თუ ცრუ რელიქვიები „პილიგრიმთა“ მიერ აქტიური ვაჭრობის საგანი იყო. სწორედ რომ „ბაზარი“ სავსე იყო ნაყალბევი „სიწმიდეებით.“ ამ დროს გვევლინება ევროპაში რამდენიმე კვართი ქრისტესი. თითოეულ მათგანს (ქალაქს) პრეტენზია აქვს რელიქვიის ნამდვილობაში. წმიდათა აუარება ნაწილები და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთები. ეს პროცესი დღესაც აქტიურია. ამ საკითხით დაინტერესებულნი არიან მეგამწარმოებლები. ჩინეთში (არაქრისტიანთა მიერ) მასობრივად იწარმოება სხვადასხვა სახის რეგალიები, რომლებიც ამა თუ იმ ადგილის სახელის შესაბამისად საღდება. რასაც უკვე არა – სასოებამდე, არამედ შეურაცმყოფელ ვითარებამდე მივყავართ.

დღეს აქტიურად ისმის შემოთავაზება: იერუსალიმური ან ნეტარი მატრონას მონასტრის ცომი, სხვადასხვა სახის რეკომენდაციებით. აღნიშნული შემოთავაზება სრულიად უცხოა ქრისტიანობისთვის, მიზანი მთავარი მომწოდებლისა უცნობია, თუმცა თვალსაჩინოა მცდელობა საღმრთო ძღვენის შებილწვისა. ასევე ბოლო პერიოდში რეკლამირებით შემოდის იერუსალიმის ძაფი, თანმოყოლილი განმარტებითი ინსტრუქციით. მისი სულიერი დატვირთვის ძიებას რომ შევეშვათ, პასუხი მარტივია. ეს ვიღაც უღმერთოს ცინიკური სპეკულაციაა. ჩვენ კი გამოუკვლეველად ბრმად ვღებულობთ. რაც ჩვენ შინაგან სახეს წარმოაჩენს. სწორედ რომ შორს ვართ ქრისტესგან. ნამდვილად რომ სასაცილო მდგომარეობაში ვიგდებთ თავს. ღირსი მამა დავით გარეჯელი იერუსალიმის მოსალოცად ჩასული, უფლის ნატერფალ ქალაქში თავს შესვლის ღირსად არ ცნობს და შორიდან მლოცველი ღმრთისგან სრული მადლით, ჯილდოვდება. განვმარტოთ, რომ არა აღნიშნული ქვანი იყვნენ მადლის მატარებელნი, არამედ თავმდაბლობით მამა დავითს მოეცა. ფსალმუნის სიტყვებით: „მდაბალთა მოსცეს მადლი“. ქვანი კი იყო სამახსოვრო სახე ამ მდგომარეობისა. მაცხოვნებელი მადლი ადამიანს მოეცემა და მისით მის შემოგარენ გარემოს. ნებისმიერი წმიდის საყოფელი უწინ არასმქონე ან პირიქით, ბოროტების სავანე იყო (მაგ: ზედაზნისმთა, ნეკრესი, ალავერდი). ასე რომ, მადლი არა საგნებში, არამედ ჩვენი ქმედება-სულისკვეთებით ღმერთში უნდა ვეძიოთ. საბოლოდ კი, ქრისტეს სიტყვებს შეგახენებთ: „იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. სწორედ გონიერება წარმართავს სიწმიდის და მადლის გზას, რითაც ადამიანი ღმერთს შეიმოსავს და მისით მთელ სამყაროს.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ლელა დგებუაძე says:

    დიდი მადლობა, საინტერესო თემაა

  • mama levani says:

    ადამიანი თუ კი სასოების გარეშე მიეახლება წმიდა რელიქვიებს, თუნდაც თვის საფლავს უფლისას, ჯვარს ცხოველმყოფლეს, კვართებს მაცხოვრის და ღმრთისმშობლისას( თვინიერ საღვთო საგანგებო გადაწყვეტილებისა) იქ არსებულ მადლს ვერ ტანაეზიარება. პირიქით კი ღმრთისადმი მსასოებელი ყოველგვარი დამხმარე საშუალების გარეშეც კი აღივსება სრულფასოვანი მადლით!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი