მთავარი » ხატები და ფრესკები

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი “ცოდვილთა თავმდები”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.04.2018 | 1,205 ნახვა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (ნაწყვეტები ბალაამის მონასტრის მოსაგრე ბერის მამა ბორისის ხელნაწერიდან)

ხატის მოპოვება

კვირა დღეს, გვიან წირვაზე დიდძალი ხალხი იყო ეკლესიაში. მე მგალობელთა ჩარდახში ვიყავ, დასავლეთის კარიბჭის თავზე. ქვემოთ უკვე სეფისკვერებს არიგებდნენ. მეც ქვემოთ ჩავედი და სარკმელთან, ჩემი საკუჭნაოს მოპირდაპირე მხარეს, მაგიდაზე გაზეთში გახვეული და თოკით შეკრული სქელი დაფა დავინახე. ვიფიქრე, ალბათ, ვიღაცას დარჩა და წასაღებად მობრუნდება-მეთქი, და ყურადღება აღარ მივაქციე.

დამთავრდა ღვთისმსახურება, დავკეტე ეკლესია. დაფა ისევ უწინდელ ადგილას იდო. მე სასადილოდ წავედი.

ნასადილევს ეკლესიის დასალაგებლად მოვიდნენ. მაგიდაზე დადებულ დაფას ყურადღებას არავინ აქცევდა. მე კი მივუახლოვდი, შინაგანი ხმა მეუბნება: „აიღე და საკუჭნაოში შეინახე!“ შემოხვეული გაზეთი შემოვაცალე, ვხედავ ძალზე შავი, სქელი დაფაა. ლურსმნებით მივხვდი, რომ ეს ხატია. მასზე არაფერი ჩანდა. ჯერ მინდოდა სხვენზე ამეტანა დაფა, მაგრამ შინაგანმა ხმამ მიკარნახა: „რატომ მიგაქვს სხვენზე, გაწმინდე და დაინახავ, რაც არის ეს!“

მეც ჩვარი ავიღე, ნავთში დავასველე და წმენდა დავიწყე. ჭუჭყი თანდათანობით ჩამოსცილდა დაფას და მალე მაცხოვრის პირისახე დავინახე. მომეჩვენა, თითქოს პირდაპირ მე შემომყურებდა; მერმე ღვთის დედის სახეც დავინახე და ზედწერილიც ხატზე: „მე ვარ თავმდები ცოდვილთა ჩემი ძის წინაშე“.

კვლავ დავიწყე ხატის გაწმენდა, მაგრამ მაინც ვერ შევძელი ჯეროვნად გამესუფთავებინა; მინდოდა ასე დამეტოვებინა იმ დღეს, მაგრამ შინაგანი ხმა კვლავ მკარნახობს: „მეორე მხარეც გაწმინდე!“ მე განვაგრძე საქმე და აი, წარწერაც გამოჩნდა: „საკვირველმოქმედი ხატი, რომელიც არის ხამოვნიკიში, წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში. მისი ასლი შექმნილია 1854 წელს. დღესასწაულია 7 მარტს“.

ეს ამბავი ზაფხულში ხდებოდა, ივლისის თვის ერთ საღამოს. ძმები ტაძრის ეზოში იყვნენ. მამა ვალენტინი, ეკლესიის ეკონომი, მეუბნება:

– გამოასვენე საკვირველმოქმედი ხატი, რომელიც შენ გამოგეცხადა!

მე გამოვასვენე. ყველანი შემოეხვივნენ, ათვალიერებენ, წარწერას კითხულობენ. მერმე ამბობენ:

– ეს სიწმიდე ეკლესიაში უნდა დავასვენოთ!

მაგრამ მე ჯერ არ მინდოდა ქრისტიანთა მოდგმის დამცველის, თავმდებისა და მეოხმყოფელის – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გადაცემა, და ის ჩემთან დარჩა.

მაგრამ, აი, ეჭვი გამიჩნდა – „ნამდვილად სასწაულთმოქმედია კი ეს ხატი. იქნებ ეს მხოლოდ ასლია სასწაულთმოქმედი ხატისა?.. როგორ, ნუთუ სასწაულთმოქმედი ხატია ჩემს სენაკში?!“… ამის შემდეგ მე სიზმარი ვნახე, რომელიც ორგზის განმიმეორდა:

ვნახე ღვთის დედის ხატი იმ სახატეში, რომელიც მე თვითონ ვიყიდე მისთვის; მოხუცი ბერი ღრუბლებიდან თითით მანიშნებდა ხატზე და მეუბნებოდა: „ხედავ ამ ხატს? – იგი სასწაულთმოქმედია! ხანძრის დროს იგი მრთელი გადარჩა, ცეცხლი ვერ შეეხო მას!“

ამ დროს გამომეღვიძა. ავდექი, შევხედე ხატს და კვლავ დავიძინე. სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ მეცხადება მოხუცი ბერი და ამჯერად მკაცრად, მრისხანედ მეუბნება: იხილე! შენს სენაკში საკვირველმოქმედი ხატია! გახსოვდეს ეს!“ ამის თქმაზე მოხუცი ბერი თვალს მიეფარა. ყოველივე ამის შემდეგ ჩემი ეჭვებიც განქარდა.

ღვთის დედამ გადაარჩინა თავისი ხატი ტბაზე ქარიშხლის დროს

ერთხელაც მე ბალაამის მონასტერში გავემგზავრე მოსკოვიდან. მგზავრობა გემ „კიოტოთი“ მომიწია. ხატიც თან მიმქონდა. სახატის მინა თხელი ფანერით იყო დაფარული და თოკით შეკრული. როგორ კი ტბაში შევედით, ძლიერი ქარი ამოვარდა და ვეება ტალღები აქეთ-იქით აგდებდა ხომალდს. ამასობაში ღამეც დადგა. ხატი ზემოთა თაროზე მედო, აქვე ეწყო სხვა გზავნილები და ნივთები. ძლიერი რყევისაგან ხატი ძირს ჩამოვარდა და ზემოდან საგნები დააცვივდა. სახატეს მინამ გაიწკარუნა და მე ვიფიქრე, უკვე გატყდა და ალბათ ხატიც დააზიანა, გაკაწრა-მეთქი. მინდოდა გამეხსნა და მენახა, მაგრამ ისეთი ძლიერი რყევა იყო, რომ ვერაფრით ვერ შევძელი. გამთენიისას გემი ქალაქ სერდობოლს მიადგა. ქარიც ჩამდგარიყო.

მე ხატის თვალიერებას შევუდექი. იგი იატაკზე ესვენა მინით მაღლა, ზემოდან სხვადასხვა ნივთები და ბარგი ეყარა. მაგრამ, ჰოი, საკვირველებაც: ჩავედი ბალაამის მონასტერში, შევედი სენაკში, ფრთხილად გავხსენი შეფუთული ხატი და ვხედავ, მინა მრთელია. ამის შემდეგ მღვდელმონაზონი ნიფონტეს ვაუწყე, ის კი მეუბნება:

– ეს სასწაულია! ღვთის დედამ თვითონვე გადაარჩინა თავისი ხატი!

„ძველ სტილს ადექი!“

1925 წელს ბალაამის მონასტერში გაყოფა მოხდა ახალი სტილისა და ძველი სტილის მიმდევრებზე. უფროსობა გვაიძულებდა ახალ სტილზე გადასვლას, მაგრამ მრავალმა ძმათაგან არ ისურვა ამის გაკეთება. დაიწყო ურჩთა განსჯა-გასამართლება. ჩამოვიდა საეკლესიო ხელმძღვანელობა და ჩვენი იღუმენის მამა პავლინეს მეთაურობით სამსჯავრო მოაწყეს. მაშინ ბევრნი დაითხოვეს სავანიდან. ჩემმა რიგმაც მოაწია. საეკლესიო მმართველობიდან ჩამოსულებმა მკითხეს:

– აღიარებ თუ არა იღუმენად მამა პავლინეს? თუ ივლი ტაძარში ახალი სტილის მიხედვით?

მათ შეკითხვაზე მე არ შემეძლო პასუხის გაცემა, რადგან იმ წამს რაღაც ძალამ მეტყველების უნარი წამართვა. ისინი დაეჭვდნენ და კვლავ მკითხეს:

– რაო, რატომ არაფერს გვპასუხობ?

მე კი მუნჯივით ვიდექი და ხმის გაღება არ შემეძლო.

– ჰო, კარგი! წადი, ღვთის მონაო, და მოიფიქრე! – მითხრეს მათ ბოლოს.

ჩემს სენაკში განმარტოებულმა გულში ლოცვა-ვედრება მივმართე ღვთის დედას, ჩემს თავმდებსა და მეოხმყოფელს: „მარქვი მე, ზეციურო დედოფალო, და მიჩვენე ცხოვრების გზა, – რომელ მხარეს ვიარო, ახალ სტილს დავადგე, თუ ძველზე დავრჩე? ტაძარში ვიარო, თუ სხვაგან სადმე?“ სამზარეულოში ჩემი მორჩილების აღსრულებისას ღვთის დედის წინაშე ვლოცულობდი მე, ცოდვილი. როცა დავსრულე საღამოს საქმე, ჩემს სენაკს მივაშურე და გულის სიწრფოებაში ასე გავიფიქრე: „ამდენს ვილოცავ და რატომ არაფერს მაუწყებს-მეთქი ღვთის დედა?!“ მაგრამ ღვთის წყალობამ არ მიმატოვა. ანაზდად ჩემს სენაკში ჩვენი ტაძარი მეჩვენა – ისეთივე, როგორიც სინამდვილეშია: იმავე სიმაღლის, ისეთივე სიგრძისა და სიგანის. დიდად გავოცდი ამ საკვირველი ჩვენების გამო: როგორ თავსდება-მეთქი ამოდენა ტაძარი ჩემს მომცრო სენაკში?! მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა: „ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი! მისთვის არაფერია შეუძლებელი!“ ამ დროს ზემოდან საეკლესიო კრეტსაბმელი ჩამოეშვა, ლურჯი ფერისა. კრეტსაბმელის შუაგულში ოქროს ჯვარი იყო. ტაძარი კრეტსაბმელის მიღმა დარჩა და აღარ მოჩანდა.

იდუმალი ხმა კვლავაც გავიგონე თითქოს: „ძველ სტილს დაადექი და აღარ გადაუხვიო მას!“ და ამ დროს ქალის ხმაც მესმის მაღლიდან, რომელიც მეუბნება:

– თუ გსურს გადარჩე და ცხოვნდე, წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათა გადმოცემა დაიმარხე, და არა ამ ბრძენთა!

ზუსტად იგივე ჩვენება განმიმეორდა მეორედაც, შემდეგ მესამედაც. ამ სასწაულის შემდეგ ყოველივე მიეფარა ჩემს თვალთაგან და მე მარტო დავრჩი ჩემს სენაკში. გულმა ჩემმა განიხარა, რომ უფალმა ხსნის გზა მიჩვენა ღვთისმშობლის ლოცვითი მეოხმყოფლობით. და მას უკან ამ დიდ სასწაულს ხშირად ვიხსენებ ხოლმე ადამიანთა ხსნისათვის.

საკვირველი გადარჩენა ხანძრისაგან

1931 წლის 19 ნოემბრის ღამეს (ძველი სტილით) ბალაამის ორი ღვთისმოშიში ბერი და კიდევ ერთი ღმრთივმოყვარე სული ვინმე, ჩუმად და მოწიწებით აღასრულებდნენ ღამისთევის ლოცვას თავიანთ სენაკში საეკლესიო ჩვეულებისა და წესდებულების შესაბამისად. ხოლო ილოცვიდნენ ისინი ზეციური დედოფლის საკვირველი და ღრმადპატივდებული სენაკის ხატის წინაშე, რომელიც იწოდება „ცოდვილთა თავმდებად“.

მშვიდად და გულმოდგინედ ლოცულობდნენ მონაზვნები. და აი, შუა მსახურების ჟამს, გალობის – „აქებდით ყოველნი სახელსა უფლისასა“ შემდეგ, ჩვეულებისამებრ, მთხვევა და ამბორისყოფა დაიწყეს წმიდა ხატისა, და როგორღაც ერთ-ერთმა მონაზონმა თავისი მოსასხამის კალთა უნებლიეთ გამოსდო შუშის დიდი ლამპის სადგამს და წააქცია. ლამპა იატაკზე დაეცა, დაიმსხვრა, ნავთი საკმაოდ დიდი რაოდენობით ხის იატაკზე დაიღვარა. ამოტრიალებული პატრუქი ზემოდან ჩაქრა და რატომღაც ქვემოთა მხრიდან დაენთო, ისე, რომ იატაკზე დაღვრილ ნავთს არ შეხებია და არ აუალებია.

ეს სამი მლოცველი ადამიანი სულაც არ შეშფოთებულა მომხდარის გამო. მართალია, ისინი კარგად ხედავდნენ იატაკზე დამდგარ ნავთის გუბეს, მის შუაგულში ამოტრიალებულ ლამპას და მეორე მხრიდან ცეცხლმოკიდებულ პატრუქს, მაგრამ სრულიად დამშვიდებულნი უყურებდნენ ამას და ისე განაგრძობდნენ ღამისთევის ლოცვის აღსრულებას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო და მათ არანაირი საშიშიროება არ ემუქრებოდათ.

ხოლო როცა ისინი უკვე ამთავრებდნენ ღამისთევის ლოცვას, ბოლომდე ჩამწვარი პატრუქი თავისით ჩაქრა. მსახურების აღსრულებისთანავე ბერმა ბორისმა ჩვრით მოწმინდა იატაკზე დაღვრილი ნავთი. იგი იმდენად ბევრი დაღვრილიყო, რომ ბერმა იატაკის ორი დიდი ჩვარი, ერთიანად გაჟღენთილი მოწმენდილი ნავთით, გარეთ გაიტანა და იქ დანთებულ ცეცხლში ჩააგდო: ისინი ხმაურით აალდნენ და დიდხანს იწვოდნენ ძალუმად მგზნებარე ვეება ალით.

ასე რომ, ეს ღვთისმოყვარე ბერები მხოლოდ ახლა მოვიდნენ გონს, როცა მსახურება დასრულდა და გარეთ დიდი კოცონი ენოთ; მიხვდნენ, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე იდგნენ, მაგრამ ზეციური დედოფლის დაცვითა და თანადგომით თავიდან აიცილეს უბედურება: წმიდა ხატის ძალით აღსრულებულმა სასწაულმა ისინი დიდი ხანძრისაგან იხსნა, რომელსაც არა მხოლოდ მათი სენაკი, არამედ მთელი მონასტერიც შეიძლებოდა გაენადგურებინა, რადგან ნაგებობათა უმრავლესობა აქ ხისა იყო.

ზეციური დედოფალი სახატედან გამოვიდა

1957 წლის 7 მარტს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის – „ცოდვილთა თავმდების“ დღესასწაულზე მე ღამისთევის ლოცვას აღვასრულებდი მამა ალექსანდრესთან ერთად (ეს უკვე ბალაამის ახალ მონასტერში ხდებოდა, საბჭოთა რუსეთის საზღვრებს გარეთ – რედ.). როცა სადიდებელის გალობა დავიწყე, ხოლო შემდეგ კანონის კითხვაც, მამა ალექსანდრე ხატზე სამთხვევად წავიდა; აიღო ზეთი კანდელიდან და თვითონაც იცხო შუბლზე ჯვარის სახით და შემდეგ მეც მცხო. მე ვუთხარი მას:

– წაიკითხე კანონი! მე წავალ, ხატს ვემთხვევი.

და აი, როცა ხატს მივუახლოვდი, ვხედავ, სახატეს კარი გაღებულია, ხოლო ზეციური დედოფალი გამოსულა სახატედან და გარეთ დგას, როგორც ცოცხალი, სიხარულით აღსავსე, ყრმა იესოსთან ერთად. მე ვემთხვიე მის ხელს და ღვთაებრივი ყრმის ფეხს, ორივე თბილი იყო! მივედი მამა ალექსანდრესთან და ვეუბნები გახარებული:

– უყურე, ღვთის დედა გამოსულა სახატედან და გარეთ დგას ცოცხალივით! წადი, შენც ეამბორე და თაყვანი ეცი!

მაგრამ როცა ის მიუახლოვდა ხატს, ზეციური დედოფალი უკვე თავის უწინდელ ადგილზე იყო.

ვინც რწმენით და წრფელი გულით ილოცავს ღვთის დედის წინაშე, მისთვის ზეციური დედოფალის გულმოდგინედ ლოცულობს თავისი ძისა და უფლის წინაშე, უფალი კი ყოველივეს მისი ვედრებისამებრ აღასრულებს და არავის არ სტოვებს თავისი საღმრთო მოწყალების გარეშე“…

დედა ღვთისმშობლის სასწაულები.
მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში. კრებული II
თბილისი, 1997 წ.
წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი