მთავარი » ქრისტიანობა

ცილისწამება – ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2013 | 6,154 ნახვა

„მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამებისას და თუ კეთილისმყოფელისა ვინმემ იკადრა ცილისწამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა?“

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

როგორ მოვიქცეთ, როდესაც დაუმსახურებლად ცილს გვწამებენ? ცილისწამების შესახებ გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა მალხაზ ყიფიანი:

„ცილისწამება ანუ დაბეზღება არის ნაყოფი მტრობისა და სიძულვილისა. ხოლო წმიდა წერილი ამ ცოდვას კაცისკვლას ადარებს. ცილისმწამებელი, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებს. იღებს რა საკუთარ თავზე ამ ცოდვას, საუკუნო სასჯელისათვის განიმზადებს თავს. ცილისმწამებელი ვინ მოსთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხადარა ენის მიტან-მოტანა, დაბეზღება, რომელსაც ადამიანი თავისი ენით აღასრულებს. ამ საძაგელ ჩვეულებას ცილისწამებისას რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისათვის. საღვთო წერილი იაკობ მოციქულის პირით გვეუბნება: “ღმრთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება“. ასეთი ადამიანი მთელ სხეულსაც ამოსდებს აღვირს, რადგან ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა ადამიანმა, სხვა ცოდვასაც ადვილად მოერევა, რომელიც კაცის ბუნებაში მრავლადაა ფესვგადგმული. იგივე მოციქული ენას ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს უწოდებს. მართლაც, თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დააბეზღებ, ცილს დაწამებ, მის გულში სიძულვილის ცეცხლს დაანთებ და ამით იმ ბოროტმოქმედს ემსგავსები, რომელმაც კაცი სასიკვდილოდ გაიმეტა და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს ხელით შეეხები და ფიზიკურად გაუსწორდები, თუ გველის მსგავსად მომაკვდინებელი გესლიანი ენით მოწამლავ. მით უმეტეს, მრავალი შემთხვევა და მაგალითი ვიცით, რომ ფიზიკური ტკივილი ადამიანს მორჩენია, ენით მიყენებული სულიერი ჭრილობა კი შეიძლება მთელი ცხოვრება თან გაგყვეს. ამიტომ ადამიანმა ყოველთვის კარგად უნდა იფიქროს, თავისი სათქმელი აწონ-დაწონოს და მერე თქვას ყოველი სიტყვა.

ცილისმწამებელი უნდა გვებრალებოდეს, როგორც სასიკვდილო სასჯელს დაქვემდებარებული და მასზე უნდა ვლოცულობდეთ. ამის მაგალითს თვით უფალი იძლევა სახარებაში, როდესაც ცილისმწამებელთა და მაგინებელთ მამაზეციერს ავედრებს და მიმართავს: „მიუტევე, უფალო, რამეთუ არა იციან, რას იქმან.“

ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში განუწყვეტლივ გვიხდება საწყენ და მტკივნეულ შემთხვევებთან შეჯახება, რომელშიდაც ჩვენი მოთმინება იწრთობა. უფალს სურს ჩვენი ცხონება. ის, რაც გულის სიმშვიდეს გვიკარგავს, ერთგვარი გაკვეთილია და მისი მეშვეობით ჩვენი სარწმუნოება გამოიწრთობა. თუ ამ უსამართლობას – ცილისწამება იქნება თუ სხვა წყენა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი, დიდსულოვნად დავითმენთ, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ან რაიმე სულიერი ნიჭით გვასაჩუქრებს.

მრავლისმომთმენი კაცი ისეთივე მდიდარია გონებით, როგორც ის, ვინც ბრძნულ სიტყვას გულისყურით ისმენს.

მოთმინებით ადამიანი მოიპოვებს და დაიმარხავს სიკეთეს, აღისრულებს გულისწადილს, უმტკივნეულოდ დაძლევს ყოველგვარ განსაცდელს. მოთმინების გარეშე არ არსებობს სულიერი ნიჭები და არც ცხონება. რამეთუ როგორც სახარება ბრძანებს: „რომელმა დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს.“

როგორც აუცილებელია მარილი საჭმელში, ასევე აუცილებელია, ადამიანს მოთმინების უნარი ჰქონდეს. ჩვენ მცირედითაც არ უნდა შევუშინდეთ ცილისმწამებლებს, რომლებიც აშფოთებენ ჩვენს გულს. რა თქმა უნდა, ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება, მაგრამ როდესაც მოვუხმობთ რწმენას და გავაცნობიერებთ, რომ ყველაფერი ღვთისაგანაა, არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევავაც კი თანდათან შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც ჩვენ ვითმენთ სულგრძელებით, თავმდაბლობითა და მშვიდი დამოკიდებულებით ჩვენი ცილისმწამებელთაგან, რადგან ამ ყველაფერს აქვს ერთი დანიშნულება – ჩვენი გადარჩენა და სულის ცხონება.

ჩვენც ცილისმწამებელთა დაუმსახურებელი ლანძღვა თუ დაბეზღება უნდა მივიღოთ, როგორც მაცოცხლებელი წამალი, რომელიც მწარეა, მაგრამ სასარგებლო. ჩვენ კი ყოველივე ამას წინ უნდა აღვუდგეთ და ვძლიოთ ლოცვებით, მოწყალებით, დიდსულოვნებით.

ცილისმწამებელი ადამიანები ამ ცოდვის მოუნანიებლობის შემთხვევაში საუკუნო სასჯელს ექვემდებარებიან და პირველ რიგში, აღსარებისა და სინანულის გზით უნდა განიწმინდონ სული და ზიარებით კი ქრისტეს შეუერთდნენ. ამ მავნე ჩვევას ადამიანმა თავი რომ დააღწიოს, საჭიროა სისტემატური სინანული – განცდა საკუთარი ცოდვისა, სიახლოვე ღმერთთან, ეკლესიურ საიდუმლოებებში ხშირი თანამონაწილეობა. ამ და სხვა საშუალებებით ცილისმწამებელი ადამიანი ნელ-ნელა დათმობს თავის მავნე ჩვევებს, მიდრეკილებებს და ქრისტეს კეთილი მოწაფე შეიქმნება.“

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი