ჭორი და დაბეზღება
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

“ერთ-ერთი ცუდი და მავნებელი ჩვეულება, ანუ ცოდვა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენში, ეს არის ჭორის და ენის მიტან-მოტანა, დაბეზღება, რომელსაც ადამიანი თავისი ბოროტი ენით აღასრულებს. ეს ცოდვა ერთნაირადაა გავრცელებული, როგორც მდაბიოთა, ისე მაღალ წრეში, განსაკუთრებით კი ქალთა შორის. ზოგიერთი ქალი მთელ დღეს იმაში ატარებს, რომ ჭორი გაავრცელოს და ენა მიიტან-მოიტანოს; ასე რომ, ეს საქმე მისთვის დღიურ საზრდოდ ქცეულა. ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნეთესავი გადაუმტერებია ერთმანეთისთვის. ერთი ძირითადი მიზეზი იმ სუძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, მოყვასთა და ნათესავთა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა.
ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვადაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ, რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმრთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება. მას შეუძლია აღვირი მთელს სხეულს ამოსდოსო. ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება. იაკობ მოციქული ენას უწოდებს ცეცხლს, სიცრუის სამკაულს, მთელი სხეულის შემაგინებელს. მართლაც თუ ვინმეს ენას მიუტან და შენს მოყვასს ბოროტად დაასმენ, მის გულში შურისა და სიძულვილის ცეცხლს დაანთებ; თანაც ენის მინტანი მარტო იმას კი არ ამბობს, რაც გაიგონა, არამედ ხშირად თავისას უმატებს, ავრცელებს და ამკობს. ე.ი. მოციქული სამართლიანად უწოდებს ენას სიცრუის სამკაულს. ენა ბოროტისა სავსეა მომაკვდინებელი გესლით, რომელიც მსგავსად გველის გესლისა წამლავს და კლავს ადამიანს. აი, როგორ მკაცრად კიცხავს საღმრთო წერილი ბოროტი ენის მოქმედებას. კაცმა კარგად უნდა იფიქროს და მერე თქვას ყოველი სიტყვა.”
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.