მთავარი » საზოგადოება

“ჩემი გული დარჩენილია საქართველოში… სხვა რა გითხრათ..!!!”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.11.2011 4 კომენტარი | 3,304 ნახვა

საუკუნეების წინ საქართველოდან ბედის უკუღმართობის გამო გადახვეწილი ქართველები მუდამ გულით დაატარებდნენ სამშობლოს უდიდეს სიყვარულს, სევდასა და მონატრებას. ამ სიყვარულმა საუკუნეებს გაუძლო და შთამომავლობით გადმოეცათ “ჩვენებურ გურჯებს”. ჰასანიჰასან მიდილლიოღლუც (მედელაშვილი) ის ქართველია, ვინც საქართველოს სიყვარული წინაპრებისაგან ქართულ გენთან ერთად მემკვიდრეობით მიიღო. ბატონი ჰასანი თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. იგი ქართულ ლიტერატურას თარგმნის თურქულ ენაზე. “ამბიონი” ბატონ ჰასანს ესაუბრა.

გვიამბეთ თქვენ შესახებ… სად დაიბადეთ, თქვენი წინაპრები რა გვარისანი იყვნენ, როგორ მოხვდნენ თურქეთში?

შავი ზღვის პირას გირესუნის რაიონში, ბულანსაკში დავიბადე 1947წელს. წინაპრების გვარი მედელაშვილი ყოფილა. 1876-78 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როდესაც რუსეთის იმპერიამ ოტომანები დაამარცხა, ჩემი წინაპრები სწორედ მაშინ გადმოიხვეწნენ საქართველოდან თურქეთში, რადგან მუსულმანები იყვნენ და რუსეთის ცარისტული ხელისუფლების შეეშინდათ.

ქართული ენა როდის შეისწავლეთ?

მამაჩემი ქართველია, დედა – თურქი. დედაჩემმა ისწავლა ქართული ენა და ძალიან ლამაზად საუბრობდა ქართულად. ჩვენს სოფელში ყველა ქართველი იყო და თურქულად ლაპარაკი არ შეიძლებოდა. სკოლაში კი ქართულ ენაზე საუბარი მაშინ სირცხვილი იყო. როცა სოფელში ამოვდიოდი, ქართულად ვლაპარაკობდი, ქალაქში ჩასვლისას კი თურქულად.

ბატონო ჰასან, თქვენი პროფესიის შესახებ რას გვეტყვით? ამჟამად რას საქმიანობთ?

სკოლის დამთავრების შემდეგ პატარა ბავშვებს სკოლაში ვასწავლიდი. ექვსი წლის მერე უნივერსიტეტში შევედი და თურქული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გავხდი. ქართველი კაცი თურქული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი! საინტერესოა.

1989 წელს სარფის საზღვრის გახსნისას, ბულანსაკში ვცხოვრობდი. საქართველოდან მოსულ მანქანებს ვაჩერებდი და სტუმრად სახლში მიმყავდა. ძალიან მიხაროდა ჩემი ხალხის სტუმრობა… მათ ქართულ წიგნებს ვთხოვდი. პირველი წიგნი ნახატებიანი გახლდათ, პირველი ნახატი კი “ცხენები”. ნახატების დახმარებით ვისწავლე ქართული ანბანი და მერე სხვადასხვა წიგნებიდან ვსწავლობდი და ვსწავლობდი.. ასე გავაგრძელე, ჯერ კითხვა და წერა, მერე თარგმნა..

მუჰაჯირებირომელი ლიტერატურული ნაწარმოებები გაქვთ გადათარგმნილი და ახლა რას თარგმნით?

პირველად ნოდარ დუმბაძის ინგლისური ენიდან თურქულად თარგმნილი “მე ვხედავ მზეს” წავიკითხე. ძალიან მომეწონა ეს ნაწარმოები.. მაგრამ ინგლისურიდან თარგმნილს, ქართული სული არ ეტყობოდა.. და ეს მე მეწყინა.. როგორც კი წინაპრების ენაზე წერა-კითხვა ვისწავლე, მაშინ ვიფიქრე პირველად, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები მეთარგმნა. მოთხრობების წიგნი ვიპოვე და იქიდან ვთარგმნე პირველად “ჭინკები” (“çingeneler”), შემდეგ “საფლავი” (“mezarlık”). ახლა ვთარგმნი “კუკარაჩას” და ვაპირებ “ხაზარულას”.

სხვა მწერლის ნაწარმოებების თარგმნასაც აპირებთ?

ამ კითხვაზე ახლა ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი მომავალში რა იქნება. მე ჩემებურად ვაკეთებ, რაც შემიძლია. ჩემი მიზანია ბევრი ქართული წიგნი წავიკითხო და გადავთარგმნო.

თუ ყოფილხართ საქართველოში და აპირებთ უახლოეს მომავალში ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლას?

1989 წელს როგორც კი გაიხსნა სარფის საზღვარი, მაშინ საქართველოში პირველად ჩამოვედი. სამი დღე ვიყავი. იმ დროს ქართულად წერა-კითხვა არ ვიცოდი. წინაპრების ენაზე რომ ვერ ვწერდი და ვკითხულობდი, ძალიან განვიცადე.

საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მინდა. რომ შეიძლებოდეს, ქართველებს თურქულ ენას ვასწავლიდი, მეც უკეთესად შევისწავლიდი ქართულ ენასა და ლიტერატურას. ძალიან კარგი იქნება…

ბატონო ჰასან, რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?

საქართველო არის ჩემი დედა სამშობლო. ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. თურქეთში დავიბადე და ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი გული დარჩენილია საქართველოში.. სხვა რა გითხრათ…!!!

ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი