მთავარი » კონკურსი

დავით კოჩაძე – “ჩემი სკოლა” – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2015 | 2,155 ნახვა

გამიცანი, მკითხველო!

მე დავით კოჩაძე ვარ. მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე და ტყუპი ძმების უფროსი ძმა. ვცხოვრობ სოფელ ვარძიაში. ჩემი სოფელი ისტორიულია. დავით კოჩაძე სოფელს ამშვენებს გარდასულ დღეთა უტყვ მოწმედ აღმართული, თამარ მეფის დროს აგებული ღვთისმშობლის ტაძარი. მიყვარს ჩემი სოფელი, მწვანეში ჩაფლული ჩემი მშობლიური სკოლა, რომელსაც არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ სკოლაში სწავლობდნენ ჩემი მშობლები, ბებია-ბაბუები. აქვე მუშაობენ დედაჩემი და ჩემი ბებო, რომლებიც სხვა პედაგოგებთან ერთად ემსახურებიან მომავალი თაობის სწავლა-აღზრდის საქმეს. ამიტომ ჩემი სკოლა ჩემი ოჯახივით ახლობელი და მშობლიურია.

სკოლის ისტორია

1845 წელს სოფელ ვარძიაში გაიხსნა პირველი ქართული საეკლესიო სკოლა გიორგი ანთაძის ხელმძღვანელობით. ამ სკოლაში სწავლობდნენ სურვილისამებრ როგორც თავადაზნაურთა, ისე გლეხთა შვილები. საეკლესიო სკოლაში ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას, ქართულ ენასა და მათემატიკას.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1931 წელს, ვარძიის საეკლესიო სკოლა გადაკეთდა დაწყებით სკოლად, ოთხწლედად, სადაც სავალდებულო შეიქნა სწავლება ოთხი კლასის ფარგლებში ყველა ახალგაზრდისა რვიდან თექვსმეტ წლამდე განურჩევლად მისი ქონებისა და გვარიშვილობისა. დაწყებითი სკოლის გამგედ მუშაობდა გიორგი ბედიაშვილი. მასწავლებლებად მუშაობდნენ თამარ ნიჟარაძე, სევერიან ხიჯაკაძე, ალექსანდრე ქუთათელაძე, პეტრე სულაქველიძე, ილია მეტრეველი, ბაბო კამკამიძე.

1932 წლის 25 სექტემბერს ვარძიის დაწყებითი სკოლის ბაზაზე გაიხსნა ვარძიის შვიდწლიანი სკოლა. მისი პირველი დირექტორი იყო დავით ლოლაძე. მასწავლებელი კი-ოლია მაჭავარიანი. გაკვეთილები ტარდებოდა დაწყებითი სკოლის შენობაში მეორე ცვლაში, რადგან პირველ ცვალაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ.

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა

1933 წელს სკოლისათვის სახლი იქირავეს ვარძიელი პავლე გამცემლიძისაგან, ხოლო მალევე აიგო სკოლის შენობა ე.წ. “ხარაზის სოულზე”. სკოლას ეწოდა “სოფელ ვარძიის კოლმეურნე-ახალგაზრდობის სკოლა.” მისი დირექტორი იყო დავით წერეთელი. ამ სკოლაში სწავლობდნენ ვარძიისა და მისი მიმდებარე სოფლების ახალგაზრდობა. დავით წერეთლის შემდეგ აღნიშნულ სკოლას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ შალვა ბოჭორიშვილი, გიორგი ბაციკაძე, აკაკი მდივნიშვილი, გიორგი ჭანტურია, შალვა ანთაძე, გიორგი (გუგულა) ღამბაშიძე, შალვა ტოროშელიძე.

დიდი სამამულო ომის წლებში ვარძიის შვიდწლიანი სკოლა “ხარაზის სოულიდან” გადმოიტანეს სოფლის წალკოტში, ე.წ. “ნაძვნარში” და ამით სამუდამოდ დამკვიდრდა სკოლის მუდმივი ადგილსამყოფელი. სკოლას ხელმძღვანელობდა შალვა ტოროშელიძე.

1955 წელს სკოლის დირექტორად და ისტორია-საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლად ინიშნება ქ. ქუთაისის პედინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, სოფ. ჩალხაეთის დ/სკოლის ყოფილი გამგე-მასწავლებელი შალვა ერემიას ძე ხიჯაკაძე. 1956 წელს სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი: დაინგრა ძველი შენობა და მის ნაცვლად აიგო ახალი ხის შენობა 18 ოთახით.

1967 წლის 1 სექტემბერს ვარძიის რვაწლიანი სკოლის ბაზაზე გაიხსნა საშუალო სკოლა, ხოლო 1975 წელს აიგო სკოლის ახალი კაპიტალური შენობა. სკოლას მიენიჭა ცნობილი თეატრალური მოღვაწის, სოფელ ვარძიის ღირსეული შვილის, დოდო ანთაძის სახელი.

1991 წლამდე სკოლას ხელმძღვანელობდა შალვა ხიჯაკაძე. 1991 წლიდან 2001 წლამდე სკოლის დირექტორი იყო ვახტანგ შერგელაშვილი, ხოლო 2001წლიდან 2011 წლამდე-ფრიდონ ხიჯაკაძე, რომლის დირექტორობის დროსაც სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.

2011 წლიდან დღემდე სკოლას ხელმძღვანელობს ჯამბულ ხიჯაკაძე. ამ პერიოდში შემოიღობა და კეთილმოეწყო სკოლის ეზო და მისი მიმდებარე ტერიტორია, დამონტაჟდა სველი წერტილები, გარემონტდა სპორტ-დარბაზი, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა კომპიუტერული კაბინეტი, სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამდიდრდა ახალი ლიტერატურით, შემოიზიდა ახალი სასკოლო ინვენტარი.

ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყოველგვარი პირობა აქვთ შექმნილი სანიმუშო სწავლა-აღზრდისათვის. სკოლას ემსახურება 26 მაღალკვალიფიციური პედაგოგი, მათგან 5 სერთიფიცირებული.

დავით კოჩაძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლა
VII კლასის მოსწავლე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი