მთავარი » ქრისტიანობა

ცათა სასუფეველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.12.2018 | 2,428 ნახვა

რას წარმოადგენს ზეციური სასუფეველი, რას ნიშნავს მარადიული ცხოვრება და რას სიხარული აქვს მას? რატომ და როგორ უნდა ვეძიოთ ცათა სასუფეველი? გვესაუბრება დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი (ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია): “ცათა სასუფეველი ეგზომ გაუაზრებელი და ნაკლებად ხსომადია ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ წინაშე წარმდგარი მაცხოვარი ამგვარად გვასწავლის: დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი „ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.“ (მათ6.33) ღმრთის საუფლო ადგილით განუსაზღვრელი, ღმრთით მყოფობა, მით საზრდოობა, დახასიათებული უზადო სიმართლით, შვებით, სულის განსვენებით, სიყვარულით აღსავსე. რელიგიურ სარბიელზე წარმატებად სამოთხის გააზრება ხდება. თავად სამოთხის განმარტებაა საჭირო. ხალხური გააზრებით სანეტარო ყოფის მშვენიერი ბაღია. გრძნობადი განცდების დამატკბობელი. უფალი მოწყალედ ეკიდება ჩვენეულ გაგებას. თუმც, განმარტება-შემეცნებით გვასაზრდოვებს, გვათავისუფლებს მდაბალ შეხედულებათაგან და ჩვენ გონებრივ მზერას უმაღლეს სახედველისგენ მიაპყრობს. თავად გრძნობადი წარმოდგენა პირველარსებული ედემიდან მოდის. იგი სწორედ ხელშესახები, გრძნობადი არე იყო, მაგრამ სულიერი მოქმედებით აღვსებული. მიუხედავად ადამის ხორციელი სარბიელისა, იგი სულიერად საზრდოობდა. სწორედ მადლის მოქმედება იყო აღმატებული და ფიზიკურ სამყაროს თანაზიარი სულიერი არსება ორთავ სამყაროს ბუნებებს აღიქვამდა. გრძნობადმა ცდუნებამ სულიერს დააშორა. ჩვენი თვალსაწიერი სწორედ სულიერია. გრძნობადზე აქცენტმა კაცობრიობას სასიცოცხლო ძალა, ღმერთი დააკარგვინა. მაცხოვარი ყურადღებას საღმრთო სამყაროზე ამად მიაპყრობს. სხვაგვარად გამოთქმული ცათასასუფეველი ღმრთივმიერ სუფევას გულისხმობს და არა ადგილმდებარეობას. ღმრთის სუფევა მაცხოვნებელი და მაცხოვრებელი მადლის აქტიურად გამომხატველია. რამდენადაც ღმერთი ყოველგანმყოფია მისი სასუფეველიც ყოვლისმომცველია, მიუხედავად ჩვენი ადგილით განსაზღვრულობისა. თავის მხირვ ჯოჯოხეთი მადლთაგან სასიცოცხლო ძალთაგან, ნეტარების მომნიჭებელ თვისებათაგან დაცარიელებულია და ღმერთი იქ წარმოდგება, როგორც მართლმსაჯული. „ აღ-თუ-ვჰჴდე ცად, შენ მუნ ხარ; შთა-თუ-ვჴდე ჯოჯოხეთად, ახლოსვე ხარ“ (ფს. 138.8) ყოვლისმომცველობაში ჩვენი მადლით მყოფობა კუთრი მოღვაწეობის შესაბამისია. მიუხედავად საღმრთო მოწყალებისა სამართლიანობა ჩვენ მონდომების მიხედვით გვანიჭებს ღმერთში მკვიდრობას.

ღმერთი თავისი ბუნებით მარადიულია, მასთან მკვიდრებსაც მარადიულობას ანიჭებს. ადამიანი მის ხატად და მსგავსად ქმნილი უკვდავია, თუმც მარადიული მყოფობის სახეები განსხვავებულია. ფიზიკურ სიკვდილს გარდაცვალების სახით ვიცნობთ. „მიწა იყავ და მიწად მიიქცე“ (დაბ.3.19), ხოლო სულიერი კვდომა არსების გაქრობას არ გულისხმობს, მადლთა სრულად მოკლებას, საღმრთო ბოძებულობათა დაშრეტას. ამის სახე კი ჯოჯოხეთია. სანეტარო მარადიულობა სულიერი მდგომარეობის განსაზღვრებაა. სრული ნეტარება საყოველთაო მართლად აღგომის შემდეგ გვებოძება. სულიერი მდგომარეობის თვალსაჩინოებისთვის პატერიკებიდან თხრობას მოვიყვან. ერთ მონასტერში მლოცველმა ძმებმა სასუფეველში მყოფი ადამი იხილეს. მონაზვნებმა კითხვით მიმართეს: ადამ, გვითხარი მანდ როგორიაო. ადამმა უპასუხა: ენით აღუწერელი მშვენიერებააო. მამებმა დაწვრილებით ცოდნა ითხოვეს, ადამი აღარ პასუხობდა. კვლავ დაუცხრომლად მიმართავდნენ სიტყვებით: მოსაგრეობის მეტი სურვილი-შემართება ჰქონოდათ, წუთისოფელს არ ეცდუნებინა. ადამი კვლავ არ პასუხობდა. ამ საკვირველი ხილვის და ცათა სასუფევლის შესახებ პასუხის მისაღებად მლოცველ ძმებს დანარჩენებიც უერთდებოდნენ. ბოლოს, სრული კრებულის დაუცხრომელი ღაღადის შემდგომ: ადამ, მოგვხედ. ადამ, გვითხარი. ადამმა უპასუხა: თავად ღმერთს ვჭვრეტ, მისი სიღრმისეული მშვენიერების მხილველს არ ძალმიძს თვალი წამითაც მოვწყვიტო.

სასუფევლის მოპოვება ადამიანს თავისით არ ძალუძს. მისი გასაღები-მბოძებელი ჩვენი მაცხოვარია. პირველცოდვით მიღებული წყევის ახსნა მან მოგვანიჭა. სასუფევლის კარი თავადვე განგვიღო. მასში შესვლა და მკვიდრობა ცალსახად მის მიერ საგანგებოდ ბოძებული ცხოვრების გზის გავლით ხდება. ეს გზა ღმრთის და ადამიანის სიყვარულზე გადის. კუთრი გოლგოთის სავალი სწორედ ამ სიყვარულით იქმნება. უმთავრესი და ძირითადი ცნება სწორედ ამ მდგომარეობაზე საუბრობს. მის მიმდევართა სახელდებაც ამ ნიშნით ურთიერთსიყვარულით გამოხატავს. ბუნებრივია ამის საფუძვლიანი გააზრება მაცხოვრის დარად შინაგანი მსხვერპლის გაღებას ნიშნავს. მსხვერპლის რაგვარობა კი გარემო პირობათა შესაბამისია. რაც ასპარეზზე უპირველესად პირად, მომენტალურ თუ პერიოდულად დამახასიათებელ სურვილთა საპირისპირო სვლას გულისხმობს. თავადვე ასე გვეუბნება: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს; და სიტყუანი, რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებელისა მამისა ჩემისა.” (იოანე 14. 23,24). აქტიური შინაგანი ქმედების გარეშე ღმრთის სიყვარული არ არსებობს. საღმრთო სიყვარულის შესახებ მეტად ნათელ სწავლებას ვხვდებით ეგნატე ღმერთშემოსილის წერილებში: “ტრფიალებაი ჩემი ჯვარცმულ არს”, ამის დასტურად გაგრძელებაში ვისმენთ: “ხორბალი ვარ ღმრთისა და დავიფქვები მხეცთა კბილებით, რომ გავხდე წმიდა პური ქრისტესი. უფრო ის ეცადეთ, ალერსით აწვიოთ მხეცები, საფლავად მექნენ მე და არაფერი დატოვონ ჩემი ხორციდან…” ეს სიტყვები იმ დროს მიწერა გზად შემხვედრ ქრისტიანებს, როცა რომში ცხოველთა მიერ დასაგლეჯად გამზადებულ მსჯავრზე მიჰყავდათ, ქრისტიანებს მისი ტყვეობიდან გამოტაცება სურდათ. ტრფიალება სიყვარულის გარდარეულად აღმატებული სახეა, გამომხსნელის თანახამყოფისთვის, მარტვილობით დამოწმებისთვისაა ანთებული. თავის დროზე მაცხოვარმა ეგნატე ღმერთშემოსილი ყრმობაში კალთაში ჩაისვა, მკერდს მიიყრდნო და შემდეგი სიტყვებით შეაფასა: “ეგევითართათვის არს სასუფეველი ცათა”. მოცემულ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ გარდაუვალად მარტვილობის გზას, მაგრამ შინაგანი ღვაწლის, ქრისტეს მცნებათა ტვირთვის გარეშე ღმრთის სიყვარული არ არსებობს. “რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს.“(მათ 13. 27). ორი აზრი არაა, რომ უფალი თავის გზას მსუბუქად მოწოდებას ცდილობს, “უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს”, მაგრამ ეს სიმსუბუქე ჩვენეული ნდომით როდია გამოხატული. თავად გოლოგოთის გზა ჩვენთვის წინასახედ გაიარა, წუთისოფელში მის დარად სიარულის შედეგის საჩვენებლად. “უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნეს”. ეს კი პირად კომფორტთან შეზავებულობისგან შორსაა. რელიგიურობა თვითშეხედულებით და თვითსურვილობით (“მე ასე მინდა”) არ უნდა სუნთქავდეს, რაც სრულიად უცხო და საპირისპიროა ქრისტესეული სწავლებისგან. იგი იგნორია მის განკაცების მისიისა. ამაოდ ხდის გამომხსნელობის მსხვერპლს. მესიანურობა კი ღმრთისგან ჩვენდამი დიდი სიყვარულით გაღებული მსხვერპლია! “ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (იოანე 3.16). ასეთი გამოხატულებისთვის ზერელე დამოკიდებულება ვერაფერი სიყვარულის მთქმელია. ბუნებრივად თანმდევია საღმრთო წყალობაც. ღმრთის არმდომებელი ძალად არც არას მიიღებს. სამწუხაროდ, ვერც საბოლოოდ გაიმართლებს თავს. პასუხად მიიღებს: არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი.” (მათ 7.21, 23). არჩევანი თავისუფალი და ინდივიდუალურია, მიზეზ-შედეგობრივიც…”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი