მთავარი » ქრისტიანობა

ბზობა-ბაიაობა საქართველოში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2021 | 19,397 ნახვა

ბზობა იგივე ბაიაობა ათთორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულს განეკუთვნება. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად იდღესასწაულება, ბზა როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით – ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა – შეეგება. იმ კუთხეებში თუ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ბზობა-ბაიობა, როგორც ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვითაა დადგენილი, აღდგომის წინა კვირას მთელ საქართველოში იდღესასწაულება.

დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციების შესახებ გვესაუბრება ნინო ღამბაშიძე (ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი):

სვანეთის ყველა სოფელში ბზობის საღამოს გოგონები უკაცრიელ სახლში იკრიბებოდნენ და მღეროდნენ ე.წ. ლიგლოვი – კრირიელოს (კირიე ელეისონს): “ქრისტე! მიუტევე ცოდვები ჩემ გარდაცვლილს (დაასახელებდნენ) და დღეგრძელი და ყველა საქმეში წარმატებული ამყოფე ჩემი ნათესავი (დაასახელებდნენ) და ოჯახის წევრი (დაასახელებდნენ)”. თითოეული გოგონა ჩამოყვებოდა და მოიხსენიებდა თავის მიცვალებულებს და ცოცხლებს, დანარჩენები კი მასთან ერთად იმეორებდნენ. გარეშეს, ვისაც ლიგლოვაშში მისიანების მოხსენიება ენდომებოდა, როგორც ცოცხლების ასევე მიცვალებულების, მომღერლებისთვის კაკალი ან მარილის ნატეხი უნდა მიეცა, თითქოსდა იმის გამო, რომ მაცხოვარს მათი ლოცვები შეესმინა. გოგონები ვნების კვირაში, ოთხშაბათ-პარასკევის გარდა, ამ წესს სიმღერის გარეშე ასრულებდნენ. ხალხის რწმენით ამ დღეეებში არ ვარგოდა სიმღერა.

სვანეთში ბზობის საღამოდან მთელი მომდევნო კვირის ანუ ვნების კვირის განმავლობაში ლიროკინალი ანუ ბოროტი ძალის განდევნა იწყებოდა. ბზობა საღამოს ყველა ოჯახის უფროსს ტყიდან ეკალი მოჰქონდა, რომლის ტოტებს კარის ქვეშ, ყველა ფანჯარასა და ნახვრეტში დებდა, რათა სახლში ბოროტი ძალა არ შესულიყო. ლიროკინალის წესი ამგვარად სრულდებოდა: ოჯახის უფროსი ხელში იღებდა პატარა ნაჯახს, დანარჩენი ბავშვები და მამაკაცები მუგუზალს და გამორბოდნენ გარეთ, თან იძახდნენ: “ფუი! უწმინდურო ძალაო, დაგეწვათ ფრთები! შეგიცნობთ და გამოგარჩევთ ისევე, როგორც შავ ცხვრებს თეთრებისაგან. თქვენ შესახებ ხსოვნა თორმეტი მთის იქით. წმინდა გიორგის ბეჭდით ხართ დაბეჭდილები; ლითონის იარაღით ხართ დაჭდევებულები. აიღეთ კბილებით ქვის ფილა, ჩვენთან კი ჯვრისა ძალაა! ქვიშისა და ქვის ფილის გარდა სხვა არავითარი საჭმელი არ გქონდეთ!” ამის შემდეგ ოჯახის უფროსი ნაჯახის ყუას ურტყამდა ქვას და ამბობდა: “დაე აქციეთ ქვად თქვენი მომავალი!” დანარჩენებიც იმავეს იმეორებდნენ და აკეთებდნენ. ბოროტი ძალების განდევნის ამ წესს ყველა ოჯახი ვნების ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს ასრულებდა.

რაჭა-ლეჩხუმში ეს დღე უქმე იყო. მიდიოდნენ ეკლესიაში და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მოტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს (ლეჩხუმი). რაჭაში ცეცხლში ჩაგდებული ბზა თუ ცეცხლის ალში ორჯერ ან სამჯერ წაღმა დატრიალდებოდა, ეს კარგი წელიწადის მომასწავებელი იყო, თუ უკუღმა _ ცუდის.

სამეგრელოში ბზობა-ბაიობას ბაიას ყვავილს, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ. ბზობას ამზადებდნენ ფხალეულს, რომელშიც ბაიას ყვავილს აუცილებლად გაურევდნენ. სწამდათ, რომ ფხალეულის შეჭმის შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ენერგიით სავსენი იქნებოდნენ. ბზობისთვის ასევე უნდა ეჭამათ თევზი. ეკლესიაში კურთხევის შემდეგ ბზა სახლში მოჰქონდათ. მას მიცვალებულსაც უდებდნენ საფლავზე და ერთმანეთსაც ჩუქნიდნენ. ზოგან მამაკაცები იკრიბებოდენ და ბზებით ეკლესიას სიმღერით გარს უვლიდნენ. ისინი ბზას ეკლესიაში მისულ ხალხს ჩუქნიდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: “ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით”. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულებისთვის ზურგიელს აკეთებდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხარშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, “დაპურებული” იყო და ხალხის რწმენით პურის თავთავი კარგად დაისხამდა. იცოდნენ სანთლის დანთება. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ე.ი. დადიოდნენ ყოველდღე), ოთხშაბათიდან კი “დაიუქმებდნენ”. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას ხალხი ეკლესიაში მიდიოდა. ბზა ზეთისცხების შემდეგ მოჰქონდათ სახლში. აქაც თვლიდნენ, რომ თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, პურის უხვი მოსავალი ექნებოდათ, თუ არა და პირიქით. ბზობას კახეთში მიცვალებულებისთვის წანდილს ხარშავდნენ, აკეთებდნენ ზურგიელს. კახეთში სწამდათ, რომ თუ ზურგიელს არ შეჭამდნენ, მათი მიცვალებულები საიქიოში წყალს ვერ დალევდნენ. მათ წყალთან არ მიუშვებდნენ. ეკლესიიდან ბზა რომ მოჰქონდათ, ერთმანეთს დაარტყამდნენ, თან გაულექსდავდნენ:

“აჰა, ყვაო ბზა,
ეგერიოს გზა,
მიტრიალდი, მოტრიალდი,
გაოხრდი და გატრიალდი.”

ხალხი ცდილობდა მთელი დღის განმავლობაში ყვავი არ დაენახა: ყვავი წიწილას აღარ შეჭამსო. ხალხში ასეთი გამოთქმა არსებობს: “ბზობის ყვავივით გაქრაო”, რაც ვისმეს ერთბაშად გაუჩინარებას ნიშნავს. მთელი ზამთრის განმავლობაში ყვავი სარჩოს საძებნელად სოფელს დასტრიალებს. ხალხის დაკვირვებით გაზაფხულზე, რომლის დადგომასაც იგი ბზობას უკავშირებდა, ყვავები სოფლის მახლობელ ტყეებში მიფრინავენ, სადაც საკვებს უხვად პოულობენ, ბზობის შემდეგ კი სოფელში იშვიათად ჩანან.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ, – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. კახელებმა კარგად იცოდნენ, რომ ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს, შესაძლოა, ხარება წინ უსწრებდეს ბზობას, ან პირიქით. იმ შემთხვევაში, თუ ხარებობა ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თავში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ბზობას ხევში ბზობა-კაზარობას ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ნაკურთხ წყალს ასხამდა. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდ.

მთელ ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში არის ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმ. გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში იგი არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმ. გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა, ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რაიმეს შეამთხვევდა. დაზარალებული მივიდოდა მკითხავთან, რომელიც ერთი საკლავისა და სანთელ-საწირის მიტანას დაავალებდა. ფშავში ბზობა მათურის მთავარანგელოზის ხატში იცოდნენ. მიცვალებულის პატრონს ეკლესიაში თევზი მიჰქონდა და იქ მყოფებს უმასპინძლდებოდა. ხატში არც საჭმელის მიტანა იცოდნენ და არც სასმელის. ხევისბერი მლოცველის მიერ მიტანილ სანთელს ჩამოქნიდა, დაანთებდა, ილოცებდა ხატის ყმებისთვის, რის შემდეგაც მლოცველი შინ ბრუნდებოდა.”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი