მთავარი » კულტურა

ბურჯი ეროვნებისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.05.2018 | 373 ნახვა

iakob gogebashvili

“ღრმა კავშირი დედა-ენისა ერის სულთან და ხორცთან, მის წარსულ ცხოვრებასთან. დედა-ენის უარყოფას სწავლა-აღრდაში მოსდევს დიდი დაქვეითება ადამიანის ყოველ მხრივ”

დედა-ენა გარეგნობით როდია ადამიანის არსებასთან შეკავშირებული, იგი როდი ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა-და რბილში, მთელს მის ბუნებაში; იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზედ, მის ფსიქოლოგიურს და ფიზიოლოგიურს აგებულებაზედ. ყოველს ადამიანს დაბადებიდგან ჰყვება მიდრეკილება და ნიჭი დედა-ენის ადვილად და ღრმად შესწავლისა სწორედ იმ გვარად, როგორც ბულბულს ჰყვება დაბადებითგანვე ბულბულის გალობის ნიჭი, იადონს – იადონურის გალობის ნიჭი და სხვა. ბავშვის ყოველ აზრს, წარმოდგენას, გრძნობას და სულის მოძრაობას მხოლოდ დედა-ენა ჰხატავს სინამდვილით და სისრულით.

ამასთან დედა-ენა არის ძვირფასი სალარო, დაუსრულებელი რვეული, რომელშიაც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა, ფანტაზიისა და გულისა, ნაფიქრისა, ნაგრძნობისა და ნამოქმედარისა და რომლის შესწავლა ბავშვს აკავშირებს მთელის ერის სულთან და გულთან, მის ხანგრლივ ისტორიულს ცხოვრებასთან და ავსებს მას სულიერის ღონით და მხნეობით. ამიტომ, როდესაც რომელიმე მშობელი თავისს შვილს დედა-ენას აშორებს და უცხო ენას ასწავლის, რასა შვრება ის ამითი? იგი ხელიდგან ართმევს თავის შვილს ერთად-ერთს ძლიერს ღონისძიებას გონების სწორე გახსნისათვის სიპატარავის დროსა, მის ბუნების შესაბამს იარაღსა, რომლის ხმარება და გამოყენება ბავშვს ძლიერ ეადვილება, და ძალად აჩეჩებს ხელში იმისთანა შეუსაბამო იარაღს, რომლის მოხმარების შეთვისება ძლიერ ძნელია და რომელიც არას დროს არ გაუწევს ბუნებითის იარაღის სამსახურსა.

ის მოვლენა, რომ ზოგი ადამიანი ზედმიწევნით სწავლობს უცხო ენებსა, სრულიად არ ეწინააღმდეგება დედა-ენის ორგანიულს შეხორცებასა მისს ბუნებასთანა. უხელო ადამიანები ხშირად ფეხითა სჭრიან და აკეთებენ თითქმის ყველა იმას, რის გაკეთებისთვისაც ღმერთს ჩვენთვის ხელი მოუნიჭებია; მაგრამ ნუ თუ ამ ფაქტს შეუძლიან ვისიმე თვალში შეამციროს ხელების უბადლობა, შეუდარებლობა სხვა-და-სხვა საქმის გაკეთებისათვის! ამავე აზრის დასასრულებლად მარჯვე მაგალითს წარმოადგენ ამერიკის ერთი შროშანი. ეს შროშანი საოცარი ოსტატობით ჰბაძავს ყველა ფრინველის გალობასა და ყველა ცხოველის ხმაურობასა, ბულბულის გალობიდან დაწყებული ძაღლის ყეფამდე. გარნა მხოლოდ თავისი ბუნებრივი სტვენა უხდება მას, მხოლოდ ამ სტვენით ჰხატავს კაფიოდ და სრულიად ნამდვილს მოძრაობას და გრძნობას სულისას, მარტო ამ თავისი სტვენით ასიამოვნებს მსმენელსა, აწონებს თავსა და თავისს არსებობის თავისებურებას და სარგებლობას ამტკიცებს.

მეტადრე ერთს ფრიად სიმპატიურს სფერაში აშკარავდება უძლურება ყევლა უცხო ენისა. ეს გახლავთ ნაზის გრძნობის, ალერსის სფერა. ბავშვი, მოშორებული და მოკლებული დედა-ენას, ვერას დროს ვერ მიესაყვარლება თავისს მშობელთა და ნათესავთა სრულის გრძნობის გამომხატველ სიტყვებით, ვერასდროს ვერ იპოვნის იმისთანა ღრმად გულში მოსახვედრს გამოხატულებათა, როგორნიც არიან “შენი ჭირიმე”, “შენ გენაცვალე”, “შენ გეთაყვანე”, “თავ შემოგევლე”, “წამლად დაგედე” და მრავალი სხვანი. ამისთანავე უძულრებას ენისას იგივე ბავშვი გამოსცდის დიდობაშიაც თავისს გულის სატრფოს წინაშე, რომელსაც გულის ენის მაგივრად თავისი მხურვალე გრძნობა და სიყვრული უნდა განუცხადოს მექანიკურად დასწავლილი, ცივი სიტყვებითა, მეხსიერების ენითა და ამით შეასუსტოს, შელახოს, და შეურაცხჰყოს თავისი ძლიერი გრძნობა და თავისი წმინდა გულის ტრფიალი.

კიდევ უფრო უძლურია უცხოე ენა აღზარდოს, გაფურჩქნოს და სრული ძლიერებით გამოხატოს ის მაღალი და ღრმა მოძრაობა სულისა, რომელსაც ჰქვიან სარწმუნოებრივი გრძნობა. სარწმუნოება, სასოება მთლად და სავსებით სუფევს ადამიანის გულში, და მხოლოდ გულში. ღმერთი არის მეუფე გულის, და მხოლოდ გულისა. ის მხურვალე გრძნობა, რომლითაც ადამიანი მიმართავს უფალსა, სავსებით გამოიხატება მხოლოდ დედა-ენით, იმიტომ რომ მხოლოდ დედა-ენა არის ენა გულისა, გრძნობისა. სხვა ენა აქ ყოვლად უძლურია. მხოლოდ დედა-ენაზედ შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ…

დიაღ, მხოლოდ დედა-ენა არის ენა სულისა და გულისა, – ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა.

ნაწყვეტი იაკობ გოგებაშვილის სტატიიდან “ბურჯი ეროვნებისა”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.