მთავარი » ქრისტიანობა

ბრწყინვალე აღდგომის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.04.2023 | 226 ნახვა

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

„აღდგომა იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს“

დღეს გამოიხსნება სამყარო – ხილული და უხილავი ქვეყანა. ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, აღსდექით მასთან ერთად. ქრისტე ამაღლდა თავისი დიდებით – ამაღლდით თქვენც, ქრისტე აღსდგა საფლავიდან – თქვენ კი ცოდვათაგან იხსენით თავი. განიხვნება კარნი ჯოჯოხეთისანი, შეიმუსრება სიკვდილი, განდგება ძველი ადამი, იშვება ახალი.

აღდგომა, აღდგომა უფლისა! და კიდევ გეტყვით სამების თაყვანსაცემად: აღდგომა! დღესასწაული დღესასწაულთა და ზეიმთა ზეიმი; იგი იმდენად აღმატებულია ყველა, თუნდაც საუფლო დღესასწაულზე, რამდენადაც მზე აღემატება ვარსკვლავებს.

დაე, მოკლედ განვიხილოთ თავად „აღდგომის“ ანუ პასექის სახელწოდება. დიდებულ და თაყვანსაცემ აღდგომას ებრაელების ენაზე „პასექი“ ეწოდება, რაც ისტორიულად, ებრაელი ერის ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქანაანში გადასახლებას, ხოლო სულიერად, მიწიერიდან ზეციურისკენ, აღთქმული მიწისაკენ გადასვლას უკავშირდება.

თუ ჩვენ, ვინც დავეცით ცოდვისა და გემოთმოყვარეობის შედეგად, კერპთაყვანისმცემლობამ და სისხლის- ღვრის უსჯულოებამ გაგვიტაცა, ისევ უნდა ავმაღლებულიყავით და პირველქმნილ მდგომარეობას დავბრუნებოდით ჩვენი ზეციერი მამის, შემოქმედის უდიდესი გულმოწყალებით, რომელმაც ვერ დაითმინა, რომ ესოდენ დაზიანებული დარჩენილიყო მისი ქმნილება: მაშინ, როგორ უნდა შექმნილიყო იგი ხელახლა? როგორ მოხდებოდა ეს ხელახალი შობა?

ვერ გამოდგებოდა სწრაფი და უხეში ჩარევით ექიმობა, ვინაიდან ასეთ წამლობას, საუკუნეების მანძილზე ფესვგადგმული სიმსივნის გამო, შეიძლება ახალი იარა წარმოეშვა; ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოსასწორებლად გათვალისწინებული იქნა მოკრძალებული და კაცთმოყვარე ხერხი კურნებისა; ირიბი ტოტიც კი ვერ იტანს უეცარ გადაღუნვას და ზედმეტ ძალისხმევას იმისგან, ვისაც მისი გასწორება სურს, და შეიძლება სულაც მოტყდეს კიდეც, ვიდრე გასწორდეს. გახედნილი და მრავალნაცადი ცხენიც ვერ ითმენს დამქანცველ რბოლას შექებისა და ალერსის გარეშე. ამიტომაც გვეძლევა შეწევნად სჯული, ვითარცა კედელი, რომელიც უფალსა და კერპებს შორის აღმართულა, რათა კერპებს განგვაშოროს და ღმერთთან მიგვიყვანოს. თავიდან იგი დათმობაზე მიდის რაღაც მცირედმნიშვნელოვანის მიმართ, რათა მოიპოვოს უმნიშვნელოვანესი. გარკვეულ დრომდე უშვებს მსხვერპლს, რათა ჩვენში უფლის შემეცნება აღადგინოს. ხოლო შემდეგ, როცა დადგება დრო, იგი მსხვერპლსაც აღარ დაუშვებს, თანდათანობითი აკრძალვებით ბრძნულად გარდაგვქმნის და უკვე მორჩილებისადმი შეჩვეულები, სახარებისაკენ მივყავართ.

სწორედ ამგვარად შემოვიდა ჩვენში წერილობითი სჯული, რომელიც შეგვკრებს ქრისტეში. აი, ამგვარია, ჩემი აზრით, ესოდენ აღმატებული მსხვერპლის მიზეზი!

ვის მიმართ და რატომ დაიღვარა ჩვენს გამო დათხეული სისხლი იესო ქრისტესი? ჩვენ ეშმაკის მფლობელობაში ვიყავით, ცოდვით გაყიდულნი, რომლებმაც ვნებათმოყვარეობით ჩვენივე დამახინჯებული მდგომარეობა შევიძინეთ. და თუ გამოსყიდვისას საფასე მიეცემა იმას, ვინც ძალაუფლებას ფლობს: ჩნდება კითხვა: ვის მიმართ და რა მიზეზით იქნა შეწირული ეს საფასური – მაცხოვრის წმიდა სისხლი? თუ ეშმაკისადმი შეიწირა, მაშინ რაოდენ შეურაცხმყოფელია ეს ყოველივე! ამ შემთხვევაში ისე გამოდის, რომ ყაჩაღი, ანუ ბოროტი სული ღებულობს გამოსყიდვის საფასურს, და ღებულობს არა მარტო ღმერთისგან, არამედ თავად მას, უფალს იღებს მსხვერპლად; თავისი სისასტიკისათვის იგი იმდენად დიდ, უზომო ხარკს ღებულობს, რომ ამის გამო სამართლიანად დაგვინდობდა კიდეც. და თუ სხვაგვარადაა, და მამა ღებულობს ამ მსხვერპლს, როგორ ხდება ეს? ჩვენ ხომ მის ტყვეობაში არც ვყოფილვართ? მეორეც, რა მიზეზით შეიწყნარებს მამას სისხლი მხოლოდშობილი ძისა, მან ხომ არ მიიღო მსხვერპლად ისააკი, რომელიც მამამისმა შეწირა? უფალმა ხომ ადამიანის შეწირვით ჩაანაცვლა? და თუ ეს ასეა, მაშინ აქედან ჩანს, რომ მსხვერპლი მიიღო მამამ, ოღონდ არა იმიტომ, რომ თავად მოითხოვდა ან საჭიროებდა ამას, არამედ ღვთის განგებულების გამო და იმიტომ, რომ ადამიანი უნდა განწმედილიყო ღვთის განკაცებით, რომელსაც ბოროტის დამარცხებით თავად უნდა გამოვეხსენით და თავისთან ავეყვანეთ თავისივე ძის მეშვეობით, რომელიც ყოველივეს მამის სადიდებლად იქმოდა. ამგვარია ქრისტეს საქმენი, დანარჩენზე კი დუმილი ეგების.

თუმცა სპილენძის გველი ჯვარზე შხამიანი გველებისგან თავდასაცავად ეკიდა, ის მაინც არ იყო ჩვენთვის ვნებულის პირველსახე, არამედ რაღაც მის საპირისპიროს გამოხატავდა და იმ ადამიანს, ვინც მას შეხედავდა, არა იმ რწმენის ძალით გადაარჩენდა, რომ იგი მაინც ცოცხალი იყო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ დამხობილი უკვე მოკვდინებულიყო და სიკვდილით თავის ძალასაც აკვდინებდა.

სადაა სიკვდილო საწერტელი შენი? სადაა, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? (1 კორ. 15, 55) შენ დაგამარცხა ჯვარმა, მოგაკვდინა სიცოცხლის მომნიჭებელმა; უსულო, მკვდარი, უძრავი და უმოქმედო ხარ; თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებ გველის სახეს, მაგრამ მაინც სამარცხვინო ბოძისთვის ხარ განწირული.

ჩვენ შევიქმენით, რათა კეთილდღეობით გვეცხოვრა, და კეთილდღეობით ვცხოვრობდით მას შემდეგ, რაც შევიქმენით. ჩვენ სამოთხე ჩაგვაბარეს, რათა ნეტარებაში გვეცხოვრა, ჩვენ მოგვეცა მცნება, რათა მისი დაცვით დაგვემსახურებინა დიდება, – მოგვეცა არა იმიტომ, რომ ღვთისთვის ცნობილი არ იყო ჩვენი მომავალი, არამედ იმიტომ, რომ მან თავისუფლების კანონი დაადგინა. ჩვენ ვცდუნდით, რადგან შური აღგვეძრა: დავეცით, რადგან სჯულს გადავუხვიეთ; ვმარხულობთ, რადგან არ დავიცავით მარხვა და ხე ცნობადით ვიძლიენით; ვინაიდან მცნება მარხვისა ჩვენთვის ძველიც იყო და თანამედროვეც, რომელიც თითქოსდა სულისათვის ძიძა იყო და აღვირი ტკბობისას.

ჩვენ ამ მცნების დაცვით უნდა დავიბრუნოთ ის, რაც მისი დარღვევით დავკარგეთ. ჩვენ ვსაჭიროებდით უფლის განკაცებას და მის მოკვდინებას, რათა გავცოცხლებულიყავით. მასთან ერთად მოვკვდით ჩვენც, რათა განვწმედილიყავით, მასთან ერთად აღვსდექით, ვინაიდან ჩვენც მოვკვდით მასთან ერთად. მასთან ერთად განვდიდდით, რადგან მასთან ერთად აღვსდექით. ბევრი სასწაული მოხდა მაშინ: ჯვარცმული უფალი, დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე (რაც იმიტომ მოხდა, რომ ქმნილებასაც უნდა თანაეგრძნო შემოქმედისთვის), განპობილი კრეტსაბმელი, ნეკნიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი (პირველი იმიტომ, რომ ჯვარცმული ადამიანი იყო, მეორე კი იმიტომ, რომ იგი ადამიანზე აღმატებული იყო), შერყეული მიწა, მკვდართა საფლავთაგან აღდგომა რწმენით იმისა, რომ ოდესმე იქნება მომავალი და საყოველთაო აღდგომა, სასწაული დაკრძალვის ჟამს… და განა ვინმე შეძლებს, ღირსეული ხოტბა შეასხას ამ სასწაულებს? მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს. სისხლის მცირე წვეთები მთელ სამყაროს ხელახლა ქმნის და ყოველი ადამიანისთვის ხდება ის, რაც არის მაწვნისდედა (კვეთი) რძისათვის, რომელიც გვკრებს და გვაერთიანებს.

დიდებული და წმიდაა აღდგომა, მთელი სამყაროს განწმენდა!

მოამზადა ნათია თარაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 13 (272), 2004 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი