მთავარი » ჯანმრთელობა

“ბრტყელტერფიანობა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.12.2011 32 კომენტარი | 41,673 ნახვა

ბრტყელტერფიანობა გავრცელებული დაავადებაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, განსაკუთრებით კი – მოზარდებში. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ზრდა-განვითარებას და მიმართონ ექიმს საკონსულტაციოდ, რადგან ბრტყელტერფიანობის მკურნალობა პატარა ასაკში უფრო ადვილი და შედეგიანია, ვიდრე მოზრდილებში და ზრდასრულ ასაკში.

ბრტყელტერფიანობა ბრტყელტერფიანობის ფორმებისა და მისი გამომწვევი მიზეზის შესახებ “ამბიონს” ექიმი ორთოპედი მანანა ღუდუშაური ესაუბრა:

“ბრტყელი ტერფი ანუ ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის თვალსაჩინოდ შემცირება, ან კიდევ ტერფის “გაბრტყელება”. უფრო ხშირა ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა. არსებობს შეხედულება იმის შესახებ, რომ ბრტყელტერფიანობა ძირითადად გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება, ან კიდევ ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე. თავისი წარმოშობის მიხედვით, არჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ბრტყელტერფიანობას. ცნობილია შეძენილი ბრტყელი ტერფის შემდეგი ფორმები: რაქიტული, პარალიტური, ტრავმატული და სტატიკური.

რაქიტული – ბრტყელი ტერფის წარმოშობის მიზეზი რაქიტში მდგომარეობს. ამ დროს კუნთ-სახსროვანი აპარატის შესუსტებასთან ერთად ტერფის ძვლოვანი ქსოვილის გარბილება ხდება, რაც საერთო ჯამში მის გაბრტყელებას იწვევს.

პარალიტური – ბრტყელი ტერფი უფრო ხშირად პოლიომიელიტის შედეგია. იგი ვითარდება იმ კუნთების დამბლის შედეგად, რომელთა მეშვეობით ხდება ტერფის ძვლების მდებარეობის შენარჩუნება. ტრავმატული ბრტყელი ტერფის მიზეზია სხვადასხვა ხასიათის ტრავმა (მოტეხილობა, მყესების გაგლეჯვა და სხვა), რის შედეგადაც ტერფის ნორმალური მდგომარეობა ირღვევა, მით უმეტეს, როდესაც მოტეხილი ტერფის ძვლები არასწორად ხორცდება. ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმე ტერფზე ქმნის ყველა პირობას იმისათვის, რომ არაფიზიოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა ტერფმა ბრტყელი ფორმა მიიღოს.

სტატიკური – ბრტყელი ტერფი ამ პათოლოგიის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა (იგი 90% შემთხვევაში გვხვდება) და იგი კუნთ-სახსროვანი აპარატის სისუსტით არის განპირობებული, რომლის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ტერფის გადატვირთვა. გარდა მძიმე ფიზიკური დატვირთვისა, სტატიკური წარმოშობის ბრტყელი ტერფი ადამიანში ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომის, არაშესაფერისი ფეხსაცმლის ტარების, სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში და სხვა. მისი განვითარების მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს ხანგრძლივი დატვირთვის შედეგად ხდება იმ კუნთების გადაძაბვა, რომელთა მეშვეობით ტერფის თაღი მაგრდება. ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმის ცენტრი იცვლის თავის მდებარეობას და ტერფის შიგნითა კიდისაკენ გადანაცვლდება. აღნიშნულს მოჰყვება როგორც ტერფის შემადგენელი ძვლების ცდომა, ისე ტერფში არსებულ ნერვულ დაბოლოებებზე ერთგვარი ზეწოლის განვითარება, რაც იწვევს ტკივილითი ხასიათის შეგრძნებას. ბრტყელი ტერფი ხშირად გვხვდება ხერხემლის დეფორმაციის (სქოლიოზის) დროს, ამიტომ მისი გამოვლინება ექიმს არასოდეს უნდა ავიწყდებოდეს. ბრტყელი ტერფი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. რაც უფრო ნაკლებია ტერფის თაღის სიმაღლე, მით უფრო ბრტყელია ტერფი.

ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში დასაწყისში გვაქვს ისეთი ჩივილები, როგორიცაა: ადვილად დაღლა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, წვივის კუნთების ტკივილი და იშვიათად – წელის ტკივილი. ბრტყელი ტერფით განპირობებული უარყოფითი ხასიათის შეგრძნებები ხშირად ნელა ვითარდება, მაგრამ მოგვიანებით, განსაკუთრებით ასაკის მომატებასთან ერთად, ეს შეგრძნებები თანდათან უფრო მკვეთრად იჩენს თავს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს და ჩვილ ბავშვებში ბრტყელტერფიანობა ჩვეული მოვლენაა, რაც არასწორია, პირიქით, ექიმი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება ნაადრევ ასაკში გამოავლინოს ბრტყელტერფიანობა, ისევე, როგორც ხერხემლის დეფორმაცია. ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ ბავშვის კუნთების სისუსტე, სხეულის წონის თვალსაჩინოდ მომატება, რის გამოც ბავშვი ცდილობს, მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით ტერფი გარეთ შეატრიალოს, რაც ხელს უწყობს ბრტყელი ტერფის ჩამოყალიბებას.

ბრტყელი ტერფის გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, ასევე მოზარდებშიც.

ტერფის ფორმის შესწავლა იწყება დათვალიერებით. ამ დროს ტერფი მოწმდება გამოსაკვლევი პირის მდგომარე და მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნის დროს, დათვალიერება ხდება წინიდან, გვერდიდან და უკნიდან. ასევე ბრტყელი ტერფის დადგენა შეიძლება პლანტოგრაფითა და კომპიუტერით. მიმართავენ აგრეთვე ტერფის რენდგენოგრაფიას.

ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა აუცილებლად ბავშვთა ასაკიდან უნდა დაიწყოს, ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც უმჯობესია, იყოს ტყავის, შედარებით განიერი ქუსლით. აუცილებელია ფეხსაცმლის ძირზე, იქ, სადაც განლაგდება ტერფის თაღი, დამაგრდეს სპეციალური ტყავის შემაღლება-სუპინატორი, რომელიც ხელოვნურად ხელს უწყობს ტერფის თაღის ამაღლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს, რომლის დროსაც დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება.

კონსერვატიული მკურნალობიდან წამყვანი მნიშვნელობა სამკურნალო ფიზკულტურას მიენიჭება. ამ დროს ტარდება სპეციალური ვარჯიშები, რომელთა მეშვეობით ხდება როგორც ტერფის თაღის შემაღლება, ისე დასუსტებული კუნთ-სახსროვანი აპარატის გამაგრება და სხეულის სტატიკის გამოსწორება”.

რა პროფილაქტიკურ ვარჯიშებს შეიძლება მივმართოთ სახლის პირობებში?

მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რაც კარგი იქნება გაითვალისწინოს ყველა იმ ადამიანმა, ვისაც აწუხებს ბრტყელტერფიანობა.

შიშველი ფეხებით ფეხის წვერზე ოთახში სიარული, ტერფის გარეთა კიდეების დაყრდნობით, ფეხის გულებით რაიმე მკვრივი საგნის გორება, ჩოქმბჯენის მდგომარეობაში ფეხის წვერებსა და ხელებზე დაყრდნობით ოთახში გადაადგილება, ჩაბუქნება, ფეხშიშველი სიარული, ფეხის თითებით წვრილი საგნების აღება (ასანთის ღერები, სიმინდის მარცვლები). ვარჯიშები საჭიროა ჩატარდეს დილასა და საღამოს თითო ვარჯიშის 10-15-ჯერ გამეორებით. ბრტყელი ტერფის შემთხვევაში მოზარდი არ უნდა დაუშვან სპორტის ისეთ სახეობაში, სადაც წამყვან მოძრაობად სირბილი ითვლება.

თანდაყოლილი გართულებული ბრტყელი ტერფის შემთხვევაში იშვიათად შესაძლოა მივმართოდ ოპერაციულ მკურნალობას.

ორთოპედიაში ჩემი ხანგრძლივი მუშაობისა და დაკვირვების შედეგად დავადგინე (ასევე ზოგიერთი ორთოპედიც იზიარებს ჩემს აზრს): ბრტყელტერფიანობა ხშირ შემთხვევაში გენეტიკურია და ადრეულ ასაკში (3 წლიდან) სუპინატორის დანიშვნა საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა.

ძვირფასო მშობლებო, თუ არ მოგეწონათ თქვენი შვილის ტერფის ფორმა, ან თქვენს შვილს აღენიშნება ჩემ მიერ ჩამოთვლილი ჩივილები, აუცილებლად მიმართეთ ექიმ ორთოპედს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

32 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი