მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.08.2011 8 კომენტარი | 20,272 ნახვა

წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი, კახეთის მხარეში,
ქ. სიღნაღის მახლობლადაა აგებული. მდებარეობს თბილისიდან 115 კმ. დაშორებით.
ბოდბის მონასტერი
აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა. მას შემდეგ ტაძარზე მუდამ ზრუნავდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები: ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში გააფართოვა და მოკაზმა ეკლესია; IX საუკუნეში მას დღევანდელი, სამნავიანი ეკლესიის სახე მიეცა; XII საუკუნეშე დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე I-მა კვლავ განაახლა მოციქულთა სწორის განსასვენებელი; XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი თეიმურაზ I-მა აღადგინა.

XVII საუკუნიდან ბოდბეში მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, სადაც მოწაფეებს საერო მეცნიერებებსაც შეასწავლიდნენ. განთქმული იყო აქაური წიგნთსაცავის სიმდიდრე.

წმ. ნინოს საფლავიროდესაც წმიდა ნინო გარდაცვლილა, მეფე მირიანს სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოუსურვებია მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. ეკლესია უშუალოდ საფლავზე აუგიათ. სააღმშენებლო სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია.

ისტორიკოსების მტკიცებით, ბოდბის საეპისკოპოსო ვახტანგ გორგასლის ეპოქაშიც არსებობდა. ბოდბის საეპისკოპოსოს დიდი მნიშვნელობა ჩანს XIII საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტიდან, სადაც 35 ეპისკოპოსთა რიგში ქისიყელი (იგივე ბოდბელი) მეშვიდე ადგილზეა მოხსენიებული, ალავერდელსა და კუმურდოელს შორის, რაც დიდ პატივს ნიშნავს.

XV საუკუნიდან კახეთის მეფეების კურთხევის ცერემონიალი ბოდბეში ტარდებოდა. 1492 წელს აქ ეკურთხა მეფედ ალექსანდრე პირველი; 1605 წელს – თეიმურაზ პირველი.

ბოდბის მონასტერიXVI საუკუნეში კახეთში საერისთავოები გაუქმდა და მსხვილ ფეოდალურ ერთეულებად მხოლოდ საეპისკოპოსოები დარჩა. კახეთი ოთხ სადროშოდ დაიყო. მათ შორის პირველი ადგილი ბოდბელს ეკავა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: “… არიან სადროშონი მისნი კონდოლამდე და მანავამდე, და არს ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არს პირველი ეპისკოპოზი კახეთისა პატივისათვს წმიდისა ნინოსა”. ეპისკოპოსი თავად მიუძღვოდა ლაშქარს, მას თან ახლდა ჯვარისმტვირთელი, რომელსაც ხელთ ეპყრა დროშა. 1631 წელს კახეთის მეფე თეიმურაზ I-მა ტაძარი შეაკეთა.

XVIII საუკუნის II ნახევრიდან ბოდბეში საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი არსებობდა. XVIII საუკუნეში ბოდბე დიდძალი მამულების მფლობელია.

ტაძარმა სამნავიანი ბაზილიკის სახე VIII-IX სს.-ში მიიღო. ნავების აღმოსავლეთ მონაკვეთებში აფსიდებით დასრულებული სათავსებია გამოყოფილი: ჩრდილოეთით – სამკვეთლო, სამხრეთით – წმინდა ნინოს ეგვტერი. მათი შესასვლელები თაღოვანია. წმიდა ნინოს ეგვტერში, ჩრდილოეთ კედელთან არის 20 სმ სიმაღლის აგურის შემაღლება, რომელზეც წმიდა ნინოს ფერწერული გამოსახულებაა წარმოდგენილი. 1997 წლამდე აქ იდგა მიხეილ საბინინის მიერ შეწირული მარმარილოს ქვა. ამჟამად არსებული საფლავის ქვა არის ოთხ სვეტზე დამყარებული მარმარილოს მასიური ფილა, რომლის ზედაპირი ორნამენტული მორთულობითაა დამუშავებული. სამკვეთლოსა და ეგვტერის აფსიდებში კედელთან მიდგმული ტრაპეზებია გამართული.

ეკლესიის მოხატულობა ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი გამაგრება და გაწმენდა მოხდა 1997 წელს. ეკლესიის კედლებზე წარმოდგენილია სცენები ძველი და ახალი აღთქმებიდან, წმიდა გიორგის და წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, იოანე ბოდბელის ორი პორტრეტი. ბოდბის ტაძრის კანკელი, ისევე როგორც კედლის მხატვრობა, 1823 წელსაა შესრულებული ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე მაყაშვილის მიერ. ბოდბის ტაძარში არსებული საფლავები ძირითადად განლაგებულია ნავთა გამყოფ ბურჯებს უკან და ნართექსში. სამხრეთი ბურჯის წინ განისვენებს იოანე ბოდბელი.

1888 წელს ბოდბეს ოჯახით ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსნდრე. აღნიშნულია, რომ მისი ჩამოსვლისათვის ბოდბის ტაძარს რესტავრაცია ჩატარებია. 1889 წელს ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა იღუმენია იუვენალია. მას რუსეთიდან ჩამოყვა 6-7 მონაზონი, თუმცა მათი რიცხვი მცირე დროის მონაკვეთში 200-მდე გაიზარდა.

ბოდბის მონასტერი1889 წლის შემდეგ ბოდბეში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ამ ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. 1902 წლიდან ბოდბეში იღუმენიად დაადგინეს იუვენალია II (თამარ მარჯანიშვილი, კოტე მარჯანიშვილის და), რომელმაც დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის გასაძლიერებლად. მისი მცდელობით აღდგენილი იქნა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და გალობა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ბოდბეში აშენდა სამონასტრო შენობები, ეზო შემოიზღუდა ქვის გალავნით. 1906 წ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის განკარგულებით ბოდბეს I კლასის მონასტრის წოდება მიენიჭა.

1924 წელს კომუნისტებმა მონასტერი დახურეს. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

1991 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი ცხოვრება აღდგა.

2002 წელს აღდგა სამრეკლო. მთავარ ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი.

მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს “წმინდა ნინოს წყაროს” უწოდებენ. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამბობენ, რომ მას ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

ბოდბის ტაძარი დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, მოქმედი დედათა მონასტერია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი