მთავარი » სხვადასხვა

ბლოგოსფერო „ქართულ სფეროში“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.12.2010 ერთი კომენტარი | 3,267 ნახვა

შენი კუთხე ინტერნეტში

ბლოგიპირადი დღიური, მეგობრების დღიური თითქმის ყველა ახალგაზრდის განუყოფელი ნივთი იყო. 1994 წელს კი შეიქმნა ონლაინ – დღიური, დღეს უკვე ეწ. ბლოგი, რომელმაც წინამორბედები ჩაანაცვლა და მსოფლიო ქსელს – ინტერნეტს დაუკავშირა.

ბლოგი არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი ვებ-საიტი, რეგულარული ჩანაწერებით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სხვადასხვა მოვლენებზე, ახალ ამბებს კონკრეტული თემის შესახებ, ასევე კომენტარებს მათზე, რაც ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ბლოგის მრავალგვარი ტიპი არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ჟანრობრივად. არსებობენ მაგალითად, პოლიტიკური, ბიზნესის, მოდის, კულინარიული, ხელოვნების ბლოგები და ა.შ.
ყველაზე გავრცელებული სახეა პირადი, ეწ. პერსონალური ბლოგი, რომელიც ყოველდღიური მოვლენების ამსახველ ჩანაწერებს შეიცავს.

ინფორმაციის გავრცელებისა და აღწერის ეს ტიპი ყველაზე პოპულარულია. დღეს უკვე მილიონობით ონლაინ დღიური არსებობს.
2008 წლის ივნისის მონაცემებით, ტექნორატი 112 ,8 მილიონ ბლოგს ითვლიდა.

თითქმის ყველა ბლოგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემა ან სოციალური ქსელი, რომელიც ბლოგოსფეროშია თავმოყრილი.

ბლოგოსფეროს ქართული ვერსიაც არსებობს, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ქართული ბლოგების აგრეგატორი www. blogroll.ge 2009 წელს „გაეშვა“. საიტზე 612 ბლოგია დარეგისტრირებული, რომლებშიც 34 826 პოსტი დაიწერა. 2010 წლის 14 მაისის მონაცემებით, ქართულ ბლოგოსფეროში დღეში საშუალოდ 127 ახალი პოსტი იწერება. მათ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ასაკის, შეხედულებების და ინტერესების მქონე 606 ბლოგერი წერს.

606 ბლოგერიდან ერთ-ერთია როკოს (ნოდარ დავითურის) „შავით თეთრზე“ ბლოგი, რომელიც ბლოგოსფეროს რეიტინგით ერთერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარულია. საინტერესოა ბლოგერი როკოს აზრი ზოგადად ბლოგსა და ქართულ ბლოგოსფეროზე.

რას ნიშნავს იყო ბლოგერი? რა არის საჭირო წარმატებული ბლოგერისათვის?

როკობლოგერი ნიშნავს, გქონდეს ბლოგი. სულ ეს არის. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად ყველას შეუძლია, რამდენად საინტერესო იქნება ესა თუ ის ბლოგი. წარმატებასაც ალბათ სწორედ საინტერესოობა განაპირობებს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანისათვის ხარ საინტერესო. შესაძლოა მხოლოდ 100 მკითხველი გყავდეს და თავს წარმატებულად თვლიდე, იმიტომ, რომ მხოლოდ ვიწრო სფეროს შესახებ წერ, მაგალითად ბირთვულ ფიზიკაზე, მაგრამ თუ მომავალ ბლოგერს ამბიციები აწუხებს, შესაძლოა 500 მკითხველითაც არ იყოს კმაყოფილი და ეს ხდება ზუსტად მოტივაციის გაქრობის და ბლოგზე თავის დანებების მიზეზი. ეს კი თავისთავად ე.წ „მკვდარი ბლოგების“ არსებობას უწყობს ხელს.

რამდენად მიიღო ბლოგები ქართველმა ინტერნეტ – მომხმარებელმა?

როგორც ყველაფერი, ბევრ შემთხვევაში არასწორად გაიგეს. რამდენიმე ქართულ ბლოგ-ჰოსტინგ სისტემაიყო, სადაც გახსნილი ბლოგების უმრავლესობა უბრალოდ ვარეზ-საიტები იყო (ფილმების, პროგრამების ჩამოტვირთები და ა.შ)
თუმცა არის ჯგუფი, ვინც ზუსტად მიხვდა ბლოგის არსს და ქმნის დღევანდელ ქართულ ბლოგოსფეროს.

შენი აზრით, საქართველოში ბლოგი გახდა თუ არა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული საშუალება? ჩაანაცვლებს თუ არა იგი ბეჭდურ მედიას?

ბლოგი ბეჭდურ მედიას ვერ ჩაანაცვლებს. ბეჭდური მედია შესაძლოა ჩანაცვლებული იქნას ამავე მედია-საშუალებების ონლაინ – გამოცემებით. ბლოგი არ არის სიაახლეების გავრცელების მთავრი წყარო და არც არის ეს მისი ფუნქცია. ის კონკრეტული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის პირადი ჩანაწერების ჟურნალია, ანალიტიკური ხასიათის და არ არის ნიუ- საიტი. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბევრი სიახლე სწორედ ბლოგებიდან გავრცელებულა, მაგრამ მისი ძირითადი ფუნქცია მაინც მიმოხილვები, ანალიტიკა და ზოგადი თემებია.

ბლოგებზე ხშირია რეკლამები რა ხდება შენს ბლოგზე რეკლამის თვალსაზრისით?

ჩემს ბლოგზე რეკლამა არასოდეს განთავსებულა. იყო შემოთავაზებები, მაგრამ უარი ვთქვი. არ არის ეს ისეთი შემოსავლის წყარო, რომ მიღირდეს ინტერნეტში „ჩემი კუთხის“ , რაღაც ნაწილის ვინმესთვის მიქირავება. თუ კონკრეტულ ბრენდს ან სერვისს პირადად ვთვლი, ხოლმე ნამდვილად სასარგებლოდ ან საინტერესოდ , სულაც შეიძლება პოსტი დავწერო, მაგრამ „შეკვეთილი“ პოსტები ჩემთვის მიუღებელია.

და ბოლოს ორიოდე სიტყვა შენს ბლოგზე. რატომ „ შავ-თეთრი“ ? რა არის შენი ბლოგის მიზანი?

„შავ-თეთრი“ იმიტომ, რომ სიმარტივე მიყვარს და მინდოდა გაზეთის, საკითხავი საიტის ესთეტიკა ჰქონოდა და არა სათვალიერებელის. სათვალიერებელი საიტები ძალიან ბევრია, საკითხავი კი – ცოტა. შემდეგ „შავით თეთრზე“ სლოგანშიც ჩარჩა და უბრალოდ ტრადიციად შემორჩა ამ ბლოგს.

მისი არსებობის მიზანი თავიდან მარტივი იყო – წმინდა ტექნიკური. ვებ-დეველოპერი ვარ და საკუთარ ბლოგზე ვისწავლე wordpress ძრავის დამუშავება. შემდეგ კი იყო პერიოდი, როცა ბევრი დრო მქონდა, დავიწყე წერა, იმის შესახებ, რაც მაინტერესებდა. შედეგად, ისე რომ მეც არ მოველოდი, rocko.ge ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტიური ბლოგი გახდა. იყო პოსტები, რომელზეც პერმანენტულად რამდენიმე ასეული კომენტარები იწერებოდა, იგზავნებოდა ელფოსტით, ვრცელდებოდა ფორუმებით და ა.შ. ალბათ მისი ერთ-ერთი უნებლიე მიზეზი ბევრი ადამიანის გაბლოგერება იყო. ხშირად უთქვამს სხვადასხვა ბლოგერს, რომ შენი ბლოგის გამო გადავწყვიტე მეც ბლოგერობაო და ეს ძალიან სასიამოვნოა.

ბევრი ადამიანის გაბლოგერება კვლავ გაგრძელდება და საინტერესო, ნიჭიერი ადამიანების საშუალებით ბლოგი გახდება თავისუფალი სიტყვისა, ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო გზა.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი