მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ბეთანიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (XII-XIIIსს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.10.2011 ერთი კომენტარი | 11,949 ნახვა

ბეთანიის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს გარდაბნის რაიონში, ვერეს ტყიან ხეობაში, თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 16 კმ მანძილზე.

მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმიდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეა აგებულია. რესტავრირებულია XIX საუკუნის ბოლოს.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების – ორბელიანების – საგვარეულო საძვალეს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. 1851 წელს ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო.
ბეთანია
ტაძრის შიდა მოხატულობა საოცარი ფრესკებითა და ჩუქურთმებით გამოირჩევა. ის ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის – XII-XIII საუკუნის მიჯნის – გამორჩეული ნიმუშია. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო “ვედრების” კომპოზიცია. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდის კედლებზე გამოსახული არიან წინასწარმეტყველები, რომელთაც ხელში ქართულწარწერებიანი გრაგნილები უჭირავთ. გუმბათის მოხატულობა ერთიანად შელესილია. ჩრდილოეთ კედლის მხატვრობა მაცხოვრის ვნებებზე მოგვითხრობს, სამხრეთის კედლისა-ძველი აღთქმის სცენებს წარმოგვიდგენს. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დასავლეთი კედელი განკითხვის დღის ამსახველ კომპოზიციას ეჭირა. თამარის ფრესკამოხატულობა შესრულებულია თამარ მეფის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყრდედ გამოცხადების ხანაში. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია გიორგი III, წმიდა თამარ მეფე და ლაშა-გიორგი. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი სამი ფრესკიდან. თამარის ფრესკის გამოჩენა მხატვარ გ.გაგარინის სახელს უკავშირდება, მან ტაძრის ჩამონგრეული ქვების გასუფთავებისას გამოაჩინა მეფის ფრესკა.

ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია.

XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. მონასტერი ცოტა ხნით დაცარიელდა, თუმცა 1978 წელს, უწმიდესმა და უნატარესმა ილია მეორემ, (კომუნისტობის ჟამს) ხელისუფლებისგან გამოითხოვა ნებართვა, რათა მონასტერი აღდგენილიყო. მართლაც, მონასტერი მოქმედი გახდა. ის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ლიკა says:

    გვესაჭიროება ტრანსპორტი ექსკურსიისთვის ბეთანიაში წასასვლელად გვინდა 45 ადგილიანი 8_სთვის ან 9 რიცხვისთვის დაგვიკავშირდით 593 64 53 81-იკითხეთ ნაილი!!!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი