მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ბეშქენ ოპიზარი – ძველი ქართველი ოსტატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.12.2016 | 5,336 ნახვა

ბერთის სახარება ოქრომჭედელი ბეშქენ ოპიზარი ცხოვრობდა XII ს-ში, იყო უფროსი თანამედროვე მეორე ცნობილი ოქრომჭედლის ბექა ოპიზარისა. თავისი მოღვაწეობით და საფიქრებელია, წარმოშობითაც დაკავშირებული იყო სამხრეთ საქართველოსთან. ჩვენთვის ცნობილია მისი ერთადერთი ნამუშევარი – ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა, რომელიც გელათის მონასტერში ინახებოდა.

ყდის ერთ მხარეს გამოსახულია ჯვარცმა, მეორე მხარეს ვედრება, (ამასვე იმეორებს ბექაც). ჯვარცმიან მხარეს ყდის ოთხივე კუთხე უჭირავს ჩუქურთმიან არშიებს, ინტერვალები ამ არშიების მონაკვეთებს შორის განკუთვნილია ძვირფასი თვლებისთვის. ქრისტეს, მარიამისა და იოანეს ტრადიციული ფიგურები პროფესიული ოსტატობითაა შესრულებული, მაგრამ ჯვარცმულის სხეული ნამდვილად კი არ ჰკიდია, არამედ რამდენადმე მანერულადაა დაყენებული. ვედრების მხარეს ორნამენტული ნაკვეთები აგრეთვე კუთხეებშია მოთავსებული.

მანძილი მათ შორის ზემო და ქვემო არშიებზე შევსებულია მშვენივრად შესრულებული რელიეფური ასომთავრული წარწერებით, მარჯვნივ და მარცხნივ კი მათ შორის ჩასმულია მარიამისა და იოანე ნათლისმცემლის ხელებაპყრობილი, რამდენადმე დაგრძელებული, ფიგურები (ეს ორი ფიგურა ბევრად უფრო მეტყველია, ვიდრე ჯვარცმის მარიამი და იოანე). შუა ადგილი უჭირავს ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრ ფიგურას, რომელიც თავისი ზომით დიდად აღემატება ორ დანარჩენს. ბერთის სახარების ყდა მისი ტანსაცმლის რთული ნაკეცები, რომლებიც რამდენადმე დეკორაციულ შთაბეჭდილებას ტოვებს, ქრისტეს ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს, რომ ბეშქენი ფრიად დახელოვნებული ოსტატი იყო და როგორც მისი დროის სხვა ოქრომჭედლებს, ამასაც განვითარებული ჰქონდა დეკორაციული დამუშავების ალღო.

ყდის წარწერები მოგვითხრობს, რომ “ოქროპირისა ნივთითა მოიჭედა სახარებაი ესე”, რომ “მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისაითა”.

თვით წიგნის მრავალრიცხოვან მინაწერთა შორის არის ერთი ასეთიც: “დეკანოზო, გევედრები, რომელ ესე სახარება დიაკონთა სათრეველად არა შეჰქმნა და უეკლესიოდ ღამესა არასადა გაარებდე. და უკუეთუ ვინმე სენაკსა შინა დაიდვას, ესემცა წმიდანი მახარებელნი მრისხანენი არიან მისნი…”, და სხვ. მინაწერებიდანვე ჩანს, რომ სახარება ბერთის მონასტერს ეკუთვნოდა (ბერთა მნიშვნელოვანი მონასტერი და კულტურული ცენტრი იყო კლარჯეთში).

წყარო: ვ. ბერიძე “ძველი ქართველი ოსტატები”, 1967წ, გვ. 48-50.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი