მთავარი » ქრისტიანობა

ბერი თეოფანე კორძაია – ღირსეული სვანი მოღვაწე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.10.2013 ერთი კომენტარი | 4,425 ნახვა

სვანეთი – მთებისა და კოშკების მხარე, გამორჩეულია უამრავი შუასაუკუნოვანი ტაძრითა და მათში დაცული საგანძურით – უძვირფასესი ჭედური ჯვარ–ხატებით. მკაცრი ბუნებრივი პირობებისა და ეკონომიური სირთულეების გამო რეგიონი მიგრაციას განიცდის და მოსახლეობისგან იცლება.

თბილისის „პატარა სამების“ მედავითნე თამარ გლაზოვა სვანეთს პირველად 4 წლის წინ ესტუმრა… ერთადერთი სვანი სქემმონაზონისგან – დედა ნინოსგან (თამარ კორძაია) დაწვრილებით შეიტყო მისი წინაპრის, ღირსეული სვანი მოღვაწის – ბერი თეოფანე კორძაიას შესახებ….

თამარ გლაზოვა: „დედა ნინოს სახლი განცალკევებით დგას. ის სოფელ იფარიდან სამიოდე კილომეტრითაა დაშორებული. წვირმი აქ მოხვედრა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი. ამიტომ სვანები ამ ადგილს ფეხშარს უწოდებენ…
დედა ნინო 66 წლისაა. იგი მონაზვნობის ჯვარს პედაგოგიურ საქმიანობასაც უთავსებს და მეურნეობასაც მარტო უძღვება. მისი წინაპარია არქიმანდრიტი თეოფანე კორძაია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. დაიბადა ზემო სვანეთში, მოინათლა 18 წლის, ნათლობამდე დაისა რქმევია, ხოლო ნათლობით– თეოფანე უწოდეს. მას გაენათის მონასტერში შეუსწავლია წერა– კითხვა, გალობა და ტიპიკონი. 1860 წელს ბერად აღკვეცილა. 1861 წლის 17 აგვისტოს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ხელი დიაკვნად დაასხა, ხოლო იმავე წლის 30 სექტემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ მღვდლად აკურთხა.

მღვდელმონაზონმა თეოფანემ ზემო სვანეთის სოფელ წვირმის მაცხოვრის ფერიცვალების სამრევლო ეკლესიაში 40 წელი იმსახურა, მღვდლობის 30–ე წელს აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სვანების მონათვლასა და სარწმუნოებაში განმტკიცებაში (მოუქცევია 3 000 –მდე კაცი), რადგანაც იმ დროისთვის მართლმადიდებლობა მისუსტებული იყო წარმართული წეს–ჩვეულებების ხარჯზე. ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობასაც – მისი მონაწილეობით შეადგინეს „ლუშნუ ანბან“ – სვანური ენის სახელმძღვანელო (იგი სამენოვანი იყო – სვანურ–ქართულ–რუსული). წვირმი საკუთარი სახსრებით ინახავდა რამოდენიმე სულ ქვრივ– ობოლს, აღადგინა, შეაკეთა და გადახურა XI-XII საუკუნის წვირმის ფერიცვალების ეკლესია, აუშენა სამრეკლო–კოშკი და ეკვდერი.
წვირმში მსახურების პერიოდში ბერ თეოფანეს გადაუწყვიტავს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შესაფერისი ადგილიც შეურჩევია– სოფ. წვირმსა და იფარს შორის მთის ფერდობზე მდებარე მუხნარში, ულამაზეს ადგილას. 1864 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის სვანეთში ვიზიტის დროს ბერმა თეოფანემ მას ეკლესიისთვის შერჩეული ადგილი აჩვენა. 12 წელიწადი დასჭირდა ადგილის შესაძენად და მოსაწესრიგებლად, ხოლო 1876 წელს ბერმა გაბრიელ ეპისკოპოსს მიმართა თხოვნით და მიიღო კიდეც ნებართვა ეკლესიის ასაშენებლად. როგორც სამრევლოს მღვდელს, მამა თეოფანეს წელიწადში 400 მანეთი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ეს თანხა არ იყო საკმარისი ეკლესიის ასაშენებლად. ამიტომ მას შემოწირულობების შეგროვებაც მოუხდა. ამ პერიოდში მან მთელი საქართველოს მონასტრები მოიარა, გაეცნო მათ ტიპიკონებს, განსაკუთრებით შიო-მღვიმის მოწონებია (შიო- მღვიმის ტიპიკონი ერთ- ერთი უძველესთაგანია), მისი მსგავსი შეუდგენია თავისი სავანისთვისაც და ყველიერის ხუთშაბათს დღესასწაული განუწესებია (ამ დღეს მხოლოდ საქართველოს ეკლესიაში აღინიშნება ღირსი მამის შიო მღვიმელის ხსენება, რაც სხვა ტიპიკონებში არაა).

1901 წლიდან ბერი თეოფანე გადადის ფეხშარის სამონასტრო კომპლექსში, სადაც იმ დროისთვის აშენებული ჰქონდა მიძინების დიდი ეკლესია, ფეხშარი წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე ეკვდერით, 9 ქვის სენაკი და სვანური სახლი. მონასტერში მოღვაწეობისას მამა თეოფანემ ორი ბერი მოიყვანა, მაგრამ მათ გაჭირვებიათ შეგუება თეოფანეს ასკეტური ცხოვრების წესთან და წამოსულან.

არქიმანდრიტი თეოფანე აღესრულა 1911 წელს, ნათლისღების წინა დღეს. იგი საკუთარი ხელით გათხრილ საფლავში დამარხეს, ეკლესიის საკურთხეველში. მისი გარდაცვალებისას ასეთი რამ მომხდარა: ნათესავ გოგონასთვის უთქვამს, არ შეგეშინდეს იმის, რასაც ნახავო. თვითონ დაწოლილა საწოლზე სენაკში (სენაკი ტაძართან მიდგმულ სამრეკლო–კოშკში ჰქონდა მოწყობილი) და ხელში სანთელი დაუჭერია. სარკმლიდან სინათლე შემოსულა, სენაკში გაუვლია და სანთელი აუნთია, ხოლო ბერს მშვიდად მიუბარებია სული უფლისთვის. მისი გარდაცვალებიდან რაღაც დროის შემდეგ, მისივე დანაბარების მიხედვით, საფლავი გაუხსნიათ და გადაბრუნებული უნახავთ. ნათქვამი ჰქონია, თუ გადავბრუნდი საფლავში, ცუდი დრო მოვაო. და მართლაც, დადგა 1924 წელი, როცა ეკლესია– მონასტრებს ხურავდნენ…

ღვთის წყალობით, დედა ნინოს აღკვეცა ზუსტად ნათლისღება დღეს დაემთხვა, 2010 წელს. ერთი საუკუნის თავზე აღდგა სასულიერო წოდების ლოცვა კორძაიების გვარში. ამ დროისთვის ტაძარი სავალალო მდგომარეობაში იყო, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და ქვები ცვიოდა. მარტო ღვთის იმედიღა რჩებოდა.

3 წლის წინ მოულოდნელი სასწაული მოხდა: „P.S.“ – ში გასული სიუჟეტის შემდეგ საზღვარგარეთ მოღვაწე დედა ნინოს ყოფილმა მოსწავლეებმა თანხა შეაგროვეს და ტაძარი განადგურებას გადაურჩა. ახლა ტაძრის აღდგენამდე სულ ცოტაღა რჩება, ხოლო სამომავლოდ დედა ნინოსა და ზემო სვანეთის მღვდელმთავარს სურვილი აქვთ, სენაკებიც აშენდეს და სვანი განმანათლებლის აგებულ ტაძარში მონასტრული ღვთისმსახურება აღდგეს. მამა თეოფანეს ლოცვა– კურთხევა ჰფარავდეს სვანეთსა და სრულიად საქართველოს, ამინ!“

ათი წელიწადია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ცალკე გამოიყო და ამ პერიოდში თითქმის ყველა სოფელში გაიხსნა ტაძარი, დაინიშნა მღვდელი და აღდგა წირვა–ლოცვა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი