მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ბექა ოპიზარი – ძველი ქართველი ოსტატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2016 ერთი კომენტარი | 2,876 ნახვა

ოქრომქანდაკებელი ბექა ოპიზარი ცხოვრობდა XII ს-ის მეორე ნახევარსა და XIII ს-ის დასაწყისში. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ გაგვაჩნია. სახელწოდება ოპიზარი მოწმობს, რომ ან წარმოშობით იყო კლარჯი (ოპიზა კლარჯეთშია), ან თავისი მოღვაწეობით იყო დაკავშირებული ამ ცნობილ სავანესთან. ბექა, ეტყობა, დიდად მიღებული და დაფასებული ოსტატი იყო, რადგან მისი დამკვეთნი მაღალი სასულიერო წოდების პირნი (თვით მეფის კართან დაახლოებულნი) იყვნენ, მისი ხელიდან გამოსულ ნამუშევრებში მისი სახელი ყოველთვის თვალსაჩინო ადგილასაა, მას პატივისცემით იხსენიებენ შემკვეთთა წარწერებშიაც.

დღემდე გადარჩენილია ბექას მხოლოდ ორი ნაწარმოები – ანჩისხატის ჩარჩოს მოჭედილობა და წყაროსთავის სახარების ყდა. არსებობს ცნობა მესამის შესახებაც, მაგრამ თვით ნამუშევარს აღარ მოუღწევია: ეს ანჩის სახარების ყდა იყო.

ბექა ოპიზარი

წყაროსთავის სახარების ყდა XII ს-ის ბოლო წლებს მიეკუთვნება. სახარება, როგორც მოწმობს მისი ასომთავრული წარწერა, გადააწერინა და მოაჭედინა ტბეთის ეპისკოპოსმა, “გლახაკმა” იოანე საფარელ-მტბევარმა. ყდაზე არის ბექას ხელმოწერაც: “ქრისტე შემიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი”.

ანჩის სახარების ყდა უკვე აღარ არსებობდა 1895 წელს: როდესაც ეს სახარება ე. თაყაიშვილმა ნახა წალკის სოფელ წინწყაროში, თურქეთიდან მოსული ერთი ბერძნის ოჯახში, მას უკვე ხის ყდა ჰქონდა. მაგრამ ხელნაწერის ბოლოს დართულ ანდერძში ნათქვამია, მე სოფრომ მწიგნობარმა ეს სახარება “მოვაჭედინე ღმრთისა მიერ კურთხეულს, ღირსსა ოქროჲს მქანდაკებელსა ბექასაო” – ეს სიტყვები იმითაცაა საყურადღებო, რომ გვიჩვენებს, რამდენად აფასებდნენ ბექას თანამედროვენი. ანდერძში მოხსენებული პირების მიხედვით ირკვევა, რომ ბექას ეს ნაწარმოები 1193-სა და 1207 წლებს შუა შეუსრულებია.

ანჩის მონასტერთანაა დაკავშირებული ბექას მესამე ნაწარმოებიც – სახელგანთქმული ანჩისხატი, რომლის ჩარჩოც მან ანჩის ეპისკოპოსის იოანე ანჩელ-რკინაელის შეკვეთით მოჭედა. ანჩისხატი თამარ მეფის სურვილითა და მისივე ხარჯით მოუჭედავთ. უფრო გვიან მაცხოვრის ხატი სამცხის ათაბაგთა ოჯახს ეკუთვნოდა, XVII ს-ში კი თბილისს ჩამოაბრძანეს და დაასვენეს ძველ ეკლესიაში, რომელსაც ამის შემდეგ ანჩისხატის ეკლესია ეწოდა. ბექა ოპიზარი ამჟამად ანჩის ხატი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია, ხოლო წყაროსთავის სახარება სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

სახარების ყდა ვერცხლისაა, მოოქრული. მას ორი რელიეფური კომპოზიცია ამკობს: ერთ მხარეს ე.წ. ვედრების გამოსახულებაა (ტახტზე მჯდომი ქრისტე, მის მარჯვნივ ღვთისმშობელი, მის მარცხნივ – იოანე ნათლისმცემელი), მეორე მხარეს – ჯვარცმა (ჯვარცმულ ქრისტეს აქეთ-იქით ღვთისმშობელი და იოანე მოციქული, ჯვრის განივი მკლავის ზემოთ – ორი ანგელოზი წელზევით). ორივე გამოსახულება ჩასმულია ფართო ორნამენტულ ჩარჩოში. ჩარჩოები უწყვეტი არაა: ოთხსავ მხარეს შუა ადგილას წყდება და ადგილს უთმობს ან ძვირფასი თვლის ბუდეს (ჯვარცმის გარშემო), ან ასეთსავე ბუდეებს და თვით სკულპტურულ ფიგურებს – მარიამსა და იოანეს – რომელნიც, ამგვარად, ჩარჩოს ხაზის არეში არიან შეჭრილნი (ვედრების სცენა).
ახალი, ეპოქისთვის დამახასიათებელი ისაა, რომ ჭედურ ნაწარმოებში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება არა სკულპტურულ გამოსახულებას, როგორც ეს XI ს-ში იყო, არამედ დეკორაციულ-ორნამენტულ მხარეს. თვით სკულპტურულ ფიგურებშიაც, რომლებიც მტკიცედ, მთელი სიმძიმით კი აღარ დგანან მიწაზე, არამედ ოდნავ ეხებიან მას. მათს დაგრძელებულ პროპორციებში, ჯვარცმულ ქრისტეს რამდენადმე მანერულ ფიგურაშიაც დეკორაციულობისკენ გადახრა იგრძნობა. ბექას ხანა სწორედ ამით განსხვავდება XI ს-სგან, როცა ქართული ოქრომქანდაკებლობა თავის უპირველეს მიზნად საკუთრივ სკულპტურულ-პლასტიკურ ამოცანათა ამოხსნაც ისახავდა.

წყარო: ვ. ბერიძე “ძველი ქართველი ოსტატები”, 1967წ.
მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.