მთავარი » სხვადასხვა

ბედნიერი ადამიანები – ზაქარა პაპა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.01.2013 3 კომენტარი | 3,704 ნახვა

“ადამიანი ამქვეყნად იმისთვის კი არ ცოცხლობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.”

სტენდალი

ზაქარა პაპა ყველა ადამიანს სურს, ბედნიერი იყოს, თუმცა ყველას თავისებურად ესმის ეს ცნება. ზოგი მთელი ცხოვრება ცდილობს გაარკვიოს, თუ რა არის ბედნიერება და როგორ ეწიოს მას, ზოგი კი ადვილად პოულობს.

ჩვენ ირგვლივ შეუმჩნევლად ცხოვრობენ ისეთი ბედნიერი ადამიანები, რომლებიც გულით სიკეთესა და სიყვარულს დაატარებენ, გვერდით ჰყავთ საყვარელი ადამიანები. მთელი ცხოვრება იმ საქმეს აკეთებენ, რაც ძალიან უყვართ, ბოლომდე იხარჯებიან, თავიანთი შრომით სიკეთეს ანიჭებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც.
ასეთი ადამიანები სიმშვიდესა და სიყვარულს აფრქვევენ და გარშემომყოფთაგანაც იმავეს იღებენ.

“ამბიონი” ასეთ ადამიანს ესაუბრა. მას ბედნიერებისათვის სულაც არ სჭირდება დიდი მატერიალური სიმდიდრე, რადგან ის აქვს, რასაც ოქროთი ვერ იყიდის. ბედნიერია თავისი ცხოვრებით, საკუთარი ადგილი და მიზანი იპოვა ამ სამყაროში და მშვიდად და სიყვარულით ასრულებს მას.

გთავაზობთ ინტერვიუს. სტილი დაცულია.

ზაქარა ნიკადიმოვი: “ზაქარა მქვია, ნიკადიმოვი ვარ გვარათა. ამბობენ, ბერძნების გვარიაო, მარამა, სიმართლე რო ვთქვათ, ჩვენ ბერძნებისგან ცოტა შორსა ვართ. ნიკოლაძეები ვყოფილვართ და მერე რუსი რო შემოვიდა, რუსმა დაწერა ნიკადიმოვი. ასე წავიდა ჩემი საქმე, დღესაც ნიკადიმოვათ ვიწერები.

86-ე წელში ვარ. გორის რაიონში, სოფელ რეხაში ვარ დაბადებული. 14 წლიდანა ცხვარს ვმწყემსავ. მესხეთში მწყემსს თხოვილობდნენ, იქიდან გამამგზავნეს ახალციხის რაიონში, სოფელ კლდეში. მეც მოვედი და აქ დავიწყე ცხოვრება. ცოლი შევირთე აქაური. 1951 წელში დავქორწილდით. აქ კაი ხახლია, ძალიან კარგი. ძალიან ძვირფასად ვართ, კაი მეზობლობა გვაქვს, უმაღლესი ხახლია აქა.
ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, ძალიან კარგი იყო.. ძალიან კმაყოფილები ვართ..:

საუბარში ზაქარა პაპას მეუღლე, თბილი და მოსიყვარულე, ტკბილხმიანი მოხუცი ქალბატონი გვერთვება.

მარიამ ტაბატაძე: “მე დავიბადე სოფელ ანდრიაწმინდაში. 1936 წლიდანა არეულობა და ომი რო დაიწყო , გადავედით ანდაში იმიტომ, რომ იქ სხვა ერის ხახლი არავინ არ მისულიყო . ხოდა დავსახლდით 32 კვამლი. 32 კვამლიდან გახდა 60 კვამლი. 60 კვამლიდანა, ახლა ამ დღეებში, არი 12 კვამლი დარჩენილი. იმიტო, რო ზოგი გამარჯვებაში წავიდა, ზოგი ახალციხეში წამოვიდა და ასე…

ასე დაიშალა სოფელი.. მერე ანდიდან წამომიყვანა ამან”.

ზაქარა პაპა: “მიყვარს ჩემი საქმე, ახლა მყავს ჩემი საკუთარი 25 სული ცხვარი თხებიანათა. სოფლის ცხვრებთან ერთად დამყავს. გვყავს მწარმოებელი ყოჩი. წარმოებისთვინა ვინახავთ. ცხვარის მოვლას ცოდნა უნდა. ზაფხულში სიცხე აწვალებს, ზამთარში – სიცივე. ცხვრის წესი ასეთია. ცხვარს უნდა ყოველთვის სიგრილე. დოლიანობაზე სითბო უნდა. რო დოლობს, ბატკნებს რო იგებენ, დოლი ეგ არი. თუ დაავადება გაუჩნდება რამე, ნემსს ვუკეთებთ ჩვენა. თუ ფეხს მოიტეხავს ცხვარი, არტახნებს, ფიცრის ნატეხებს გავთლით, გავაკეთებთ სპეციალურად და შევუკრავთ მოტეხილ ფეხსა და ურჩება 20 დღეში.

ასე, მთელი დღე მინდორში ვურჩევთ, სად კაი ბალახია, სად ჩრდილია, იქ წყალი უნდა დავალეინოთ. მშვიდათ გაუძღვები წინა, მირეკამ იქა. დალევს წყალსა და შემოტრიალდება ისევ ისე საძოვარზე. თუ სიცხე არი, ჩეროს ვურჩემთ, რო სიცხეში ცოდო არი. ცხვარს თავის ქალა თხელი აქ და მალე ეცემა თავში სიცხეი.

მე ძალიან კმაყოფილი ვარ მაგალითათა. შეჩვევა იცის ამანა. ისე შეგაყვარებს თავსა პატარა ბატკნობა, რო კაი ლამაზი ბატკნები იბადებიან ხოლმე, იმათი სიყვარულითა, რას იზან, აბა, უნდა მოუარო, კაცო. ძალიან მიმზიდველი საქონელია. მე მენანება ხოლმე, ზოგჯერ რო დავანებებ თავსა და არ მივდივარ ცხვარში, მერე ისევ ისე მიტრიალდება გული, ცოდო არის, წავიდე, მივხედო”.

ზაქარა პაპას ცხვრები გარშემო ჰყავდა შემოხვეული. როცა გვესაუბრებოდა, სიყვარული და სითბო არ შორდებოდა მის სახეს. ბედნიერი მოხუცი ირგვლივ სიხარულსა და სიმშვიდეს ასხივებდა.

ახალციხე, სოფელი კლდე, 2013 წელი.
ნესტან ბლუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი