მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

რა იწვევს შიშს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.06.2020 2 კომენტარი | 532 ნახვა

ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი

რა იწვევს შიშს სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა და როგორ შევამციროთ შიშისგან გამოწვეული სტრესები? ფსიქოთერაპევტი დიანა ნოკოლაიშვილი პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებს:

სანამ შიშებზე, როგორც პრობლემაზე დავიწყებთ ლაპარაკს მინდა აღვნიშნო, რომ შიშს დამცველობითი ფუნქცია აქვს და შიში არის ისეთივე ემოცია, როგორც სხვა დანარჩენი ემოციები. ადეკვატური შიში იცავს ადამიანს უამრავი საფრთხისგან და შიშის გაქრობა შეიძლება საშიში იყოს ადამიანის კეთილდღეობისთვის და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის. მაგალითისთვის, მინდა მოგიყვანოთ გზაზე გადასვლის შიში – ეს შიში ნორმალურია და არ საჭიროებს თერაპიას მაშინ, როდესაც ადამიანს შიში უჩნდება დიდ გზაზე გადასვლის დროს, სადაც ბევრი მანქანა სწრაფად მოძრაობს. თუ ამ შიშს მოიშორებს ადამიანი, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ეს ის შიშია, რომელსაც მშობლები უნერგავენ ბავშვს, რათა დაიცვან ის მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად დაიწყებს გადაადგილებას. გზაზე გადასვლის შიში პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როდესაც ის ჩნდება გადასასვლელზე, ან პატარა გზაზე მანქანების არარსებობის შემთხვევაში, ამ დროს ჩვენ ფობიაზე ვსაუბრობთ და ეს ის სიტუაციაა, სადაც ადამიანს დახმარება ესაჭიროება შიშის გადასალახად.

არის შიშები, რომელიც ბიოლოგიურად ჩადებულია ჩვენში. ეს ის შიშებია, რომელიც ცხოველებსაც აქვთ გამოხატული – ხმამაღალი ბგერის და სიმაღლიდან ვარდნის შიში. დანარჩენ შიშებს კი ადამიანი ცხოვრების მანძილზე იძენს და ამას სხვადასხვა გზით აკეთებს.

ეს გზებია: ტრავმა – ამ დროს ადამიანი მსხვერპლის როლშია და მას სიკვდილის ან ძლიერი ზიანის განცდა აქვს – ამ მექანიზმით ყველაზე ძლიერი შიშები ყალიბდება და ადამიანი დამოუკიდებლად ან არასპეციალისტის დახმარებით ტრავმულ შიშს ვერ მოერევა – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ბავშვს აუცილებლად სჭირდება სპეციალისტის – ფსიქოთერაპევტის დახმარება!

დასწავლა – მშობლები ძალიან ბევრ რაღაცას ასწავლიან ბავშვებს. მათ შორის არის რეაგირების მოდელი ამა თუ იმ გამღიზიანებელზე, ობიექსა თუ სიტუაციაზე. იმ შემთხვევაში თუ მშობელს აქვს ფობია, ბავშვი უნებლიედ დაისწავლის ამ ტიპის რეაგირებას და უპირობოდ დაიჯერებს რომ ესა თუ ის ობიექტი არის საშიში და მასზე ამ ტიპის რეაქცია (შიში) უნდა ჰქონდეს. გარდა მშობლების ფობიებისა, ბავშვებს ხშირად აშინებენ ბუათი, მარტო დარჩენით, ავად გახდომით, მდინარეში ან ზღვაში დახრჩობით, ძაღლით თუ სხვა ცხოველით. თუ ბავშვს უპირობო რწმენა აქვს მშობლის – ის დაისწავლის ამ შიშებს და მომავალში ამ ტიპის ემოციას გამოავლენს ობიექტთან შეხვედრის შემთხვევაში.

განპირობება – არის საკუთარი გამოცდილებით ინფორმაციის მიღების გზა – მაგალითად დაუყეფა, დაუღრინა ან მიახტა ბავშვს ძაღლი რადენჯერმე და ბავშვი იღებს გადაწყვეტილებას მოერიდოს ძაღლს, რადგან უსაფრთხოებას ვერ გრძნობს ამ დროს. და როგორც ახლა განვიხილეთ ძაღლის მაგალითზე, ასევე, შეიძლება ნებისმიერ უცნობ ან ახალ მოვლენასთან მოხდეს.

ბავშვებს ყველაფერი ახალი და მათთვის უცნობი იზიდავთ და ის თუ რა რეაქციას გამოიწვევს ეს „სიახლე“ მომავალში, დიდწილად იმ ზრდასრულებზე არის დამოკიდებული, რომლებიც ბავშვის აღზრდაში იღებენ მონაწილეობას.
ნებისმიერ ასაკს თავისი შიშები აქვს: ორი წლის ბავშვებს ბოროტი ბუა აშინებთ, სკოლამდელ ასაკში მარტო დარჩენა, დაწყებით კლასებში – ცუდი ნიშნების მიღება და მშობლების იმედების არ გამართლება, მოზარდებს – უარყოფის, მიუღებლობის და დაცინვის შიში ახასიათებთ. ასეთი ასაკობრივი შიშები ნორმალურია გარკვეულ ასაკში და ზრდასთან ერთად თავისით გვარდება, თუმცა მათი ფობიის სახით დარჩენის რისკი ყოველთვის არსებობს.
თუ ეს შიში არ არის ტრავმული გამოცდილებით გამოწვეული, რომლის დროს აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია, მათ უკვალოდ ალაგებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს!

ხუთ წლამდე ბავშვი საჭიროებს მშობლის დაცვას და მხარდაჭერას, მისთვის საკმარისია იმის ღრმა ცოდნა, რომ მშობელი არ მიატოვებს და ყოველთვის დაიცავს.

ხუთი წლის შემდეგ შიშის შემთხვევაში შეგიძლიათ შემდეგი მეთოდები გამოიყენოთ:

შიშის (საშიში ობიექტის, არსების, ბუას) დახატვა, მას რისი ეშინია, იმის აღმოჩენა, ნახატში მისი შესუსტება ან ფიზიკურად ნახატის განადგურება. თქვენი ინსტრუქცია ამ დროს უნდა იყოს ასეთი:

  1. დახატე ის, რაც გაშინებს, როგორია ცეცხლის, სიბნელის… ბუა? წარმოიდგინე როგორ გამოიყურება და დახატე.
  2. როგორ ფიქრობ, რისი ეშინია? (მაგალითად ცეცხლის ბუას ეშინია წყლის ან თოვლის, სიბნელის ბუას მზის…) რა მოუვა, როდესაც თავის შიშს შეხვდება?
  3. მიუხატე და ნახე რა მოუვა, გადააკეთე ნახატი, ახლა როგორია? საშიშია, საცოდავი თუ სასაცილო?
  4. თუ აღარ არის საშიში, შეთავაზეთ ბავშვს მისი დამარცხება, თუ კვლავ საშიშია მოიფიქრეთ კიდევ როგორ დაასუსტებს ( ჯადოსნური ჯოხი, კეთილი ანჯელოზი, ძილის ელექსირი). მას შეუძლია ნახატის დაკუჭვა, დაფლეთვა, ფეხქვეშ გათელვა, უნიტაზში ჩარეცხვა.

ამ სავარჯიშოს დროს ბავშვი ჯერ იკვლევს თავის შიშს, შემდეგ ეჭვი შეაქვს მის სიძლიერეში, შემდეგ ასუსტებს, შედის კონფრონტაციაში და ამარცხებს.

იგივე სტრუქტურა პლასტელინის მეშვეობით ან სათამაშოებით შეგიძლიათ ააწყოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს რეალური რაღაცის ეშინია, მაგალითად ძაღლის, გველის, მგელის, ამ შემთხვევაში სტრატეგია ოდნავ იცვლება:

  1. დახატე ის, რაც გაშინებს, როგორია ზომით, ასაკით დიდი თუ პატარა?
  2. როგორი იყო პატარა? რატომ გახდა საშიში?
  3. რა უყვარს? გემრიელი საჭმელი, მოფერება, მეგობრები, ხალისი, სიცილი…
  4. რა იცი ძაღლის, გველის, მგლის შესახებ (აქ ხშირად ძალიან მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება – იკბინება, შხამიანია, ბოროტია)
  5. გაუფართოვეთ ცოდნა ამ ობიექტის შესახებ, წაუკითხეთ ან მოუყევით სხვადასხვა საინტერესო ფაქტები.
  6. ჩაუხატე ის, რაც უყვარს, დაიმეგობრე, მოეფერე.
  7. როგორ შეიცვალა ნახატი მას მერე რაც დამეგობრდით? (მიეცით ნახატის გადაკეთების შესაძლებლობა.)

ამ სავარჯიშოს დროს ბავშვი ჯერ იკვლევს თავის შიშს, შემდეგ იკვლევს და ეცნობა მას და ბოლოს იმეგობრებს.

იგივე სტრუქტურა პლასტელინის მეშვეობით ან სათამაშოებით შეგიძლიათ ააწყოთ.

მესამე ტექნიკის ინსტრუქცია კი ასე ჟღერს:

  1. დახატე ის რაც გაშინებს
  2. გადააკეთე სასაცილოდ
  3. ბავშვთან ერთად გააფერადეთ და დასცინეთ
    ის რაც გვაცინებს, კარგავს ავტორიტეტს, აღარ არის საშიში.
    იგივე სტრუქტურა პლასტელინის მეშვეობით ან სათამაშოებით შეგიძლიათ ააწყოთ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი