მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვი და აგრესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.04.2014 3 კომენტარი | 8,699 ნახვა

“აგრესია წარმოშობს აგრესიას, ასე რომ, აგრესიით აგრესიასთან ბრძოლა უშედეგოა”…

რა წარმოშობს მოზარდში აგრესიას და როგორ აღმოვფხვართ იგი? “ამბიონს” ამ თემაზე ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის” ფსიქოლოგები ესაუბრნენ.

დიანა ნიკოლაიშვილი: „გამოვყოფ ორი ცნებას: აგრესია – ეს არის ადამიანის ბუნებრივი საპასუხო რეაქცია სხვა ადამიანის ან გარემო პირების ქმედებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ კეთილდღეობას და აგრესიულობა – აგრესიული ბავშვი ეს არის ადამიანის ხასიათის თვისება, მოქმედების სტრატეგია, რომლის დროსაც ადამიანი უფრო ხშირად ირჩევს აგრესიას, როგორც საპასუხო რეაქციას გარემოზე და სხვა ადამიანებზე.

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელმაც შეიძლება მოზარდებში აგრესია განაპირობოს. ეს თემა იმდენად ვრცელი და მრავალწახნაგოვანია, რომ მისი შესწავლა, გაანალიზება და კლასიფიცირება სრულყოფილად ჩვენ დრომდე ვერ მოხერხდა. შევეცდები გავამახვილო ყურადღება ყველაზე ხშირ მიზეზებზე:

• უფროსების მაგალითი, თუ ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც აგრესიულობა ნორმაა, ის მაგალითს იღებს და „ჩვეულ ენაზე“ გასცემს პასუხს. ხშირად ეს გარემო არის ოჯახი, სკოლა, ეზო…

• პროტესტი – ხშირად უფროსები ან თანატოლები აიძულებენ, უბრძანებენ ბავშვს მოიქცეს ისე, როგორც მას არ უნდა და ეს შეიძლება აგრესიის მიზეზი გახდეს.

• ინფანტილიზმი – ხშირად აგრესიული მოზარდის ფსიქიკური და კალენდარული ასაკი არ ემთხვევა ერთმანეთს, ამ შემთხვევაში მას ჯერ არ აქვს გათვითცნობიერებული ქცევის ნორმები, რამაც შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.

• ასევე, მინდა აღვნიშნო, მოზარდების „უცნაური“ იუმორის გრძნობა, რომელსაც უფროსები ვერ უკეთებენ სწორ ინტერპრეტაციას.

• ყველაზე მძიმე მიზეზი არის მოზარდის პათოლოგიური ხასიათი, მომატებული აგზნებადობა და კონფლიქტურობა.“

უმთავრესად, რა ასაკში ვლინდება ბავშვთა აგრესია და რა შემთხვევაში უყალიბდება ბავშვს აგრესიულობა ჩვევად?

დიანა ნიკოლაიშვილი: „აგრესია შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში. თვეების ბავშვის ყვირილი, ტირილი, უხეში მოძრაობები არის ბავშვის მცდელობა გამოხატოს ემოციები და არის აგრესიის გამოვლინება. თუმცა ეს არის საპასუხო რეაქცია არახელსაყრელ პირობებზე.

რაც შეეხება ჩვევას, ის ყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ხვდება, რომ ეს არის სასურველის მიღებისა და ურთიერთობის საუკეთესო საშუალება.”

რა ფორმით ვლინდება აგრესია ბავშვებში?

დიანა ნიკოლაიშვილი: „გამოვყოთ აგრესიის ორი ფორმა: პირდაპირი და ირიბი. პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში აგრესიული ქცევა მიმართულია იმ პიროვნების მიმართ, აგრესიული გოგო რომელმაც გამოიწვია აგრესია. ირიბი აგრესიის შემთხვევაში აგრესიული ქმედება ვერ ან არ ხორციელდება მისი გამომწვევის მიმართ და გადადის სხვა (ხშირად უფრო სუსტი) ადამიანის, არსებისა ან საგნების მიმართ.

ასევე აგრესიის ფორმებია:

• ფიზიკური აგრესია – ფიზიკური ძალის გამოყენება;
• ვერბალური აგრესია – სიტყვიერი აგრესია ან ყვირილი, კივილი;
• გაღიზიანება – ნეგატიური გრძნობების გამოხატვის მზადყოფნა;
• წყენა;
• უნდობლობა, ეჭვიანობა;
• ნეგატივიზმი.

ზრდასთან ერთად აგრესიის გამოხატვის ფორმები იცვლება.“

რისი გაკეთებაა საჭირო ბავშვებში აგრესიის აღმოსაფხვრელად და რას ურჩევთ იმ მშობლებს (ადამიანებს), რომლებიც ბავშვზე ახორციელებენ აგრესიას, ძალადობას?

ნინო ვერხვიაშვილი: „აგრესია წარმოშობს აგრესიას, ასე რომ, აგრესიით აგრესიასთან ბრძოლა უშედეგოა.
მშობლებს ვურჩევ, უარი თქვან ურთიერთობის ნეგატიურ სტილზე, როგორიცაა:

• ბრძანებების, მუქარისა და ბრალდებების გამოყენება;
• ბავშვის ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა;
• „შენ-მესიჯის“ მუდმივი გამოყენება;
• ბავშვის გრძნობების, სურვილებისა და ინტერესების იგნორირება.
ურთიერთობის ამგვარი სტილი ბავშვს უბიძგებს ბრძოლისა და საპასუხო აგრესიისკენ სამაგიეროს გადახდის მიზნით. ასე რომ, სიტუაციის გამოსწორებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ბავშვთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება და ეს შესაძლებელია თუ მშობელს აქვს უნარი:

• ბავშვთან ისაუბროს საკუთარ განცდებსა და გრძნობებზე „მე-მესიჯის“ მეშვეობით;
• „აქტიურად უსმინოს“ ბავშვის შინაგან სამყაროს, ბავშვის გრძნობებს;
• არ შეაფასოს ბავშვის პიროვნება და აქცენტი პიროვნების ნაცვლად ქცევაზე გაკეთდეს;
• დაინახოს პოზიტიური განზრახვა ბავშვის სიტყვებსა და ქმედებებში;
• ფლობდეს საკუთარი ემოციური მდგომარეობის თვითრეგულაციის მექანიზმებს.

ამ ჩამონათვალიდან აქცენტს პირველ პუნქტზე ანუ „მე-მესიჯზე“ გავაკეთებ. „მე-მესიჯი“ – ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ზრდასრული ბავშვს საკუთარი გრძნობებისა და უარყოფითი განცდების შესახებ ატყობინებს და არ აკრიტიკებს ბავშვის პიროვნებას ან მის ქცევას. „მე-მესიჯი“ ხშირად იწყება სიტყვით „მე“. მაგ., „მე მიჭირს კონცენტრაცია როცა ჩემი საუბრის ფონზე კიდევ ვინმე საუბრობს. ამისგან ვღიზიანდები და ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. რიგ-რიგობით ვისაუბროთ, გეთაყვა“.

„მე -მესიჯი“ – ეს არის გზავნილი ჩვენი გრძნობების შესახებ და ის პროტესტს ძალიან იშვიათად იწვევს, რადგან ის ბრალდებას არ შეიცავს. ის გულისხმობს ბავშვთან თანასწორ ურთიერთობას და მისი მეშვეობით ბავშვს საშუალება ეძლევა პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქცევაზე. ბავშვი თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს ზრდასრულისგან „ახალი ინფორმაციის“ მიღების შემდეგ.

„მე-მესიჯის“ შექმნა ხდება შემდეგი ფორმით:
სიტუაცია -> რა გრძნობებს იქვევს ჩემში
მაგ.,
როცა ფეხსაცმელზე ტალახს ვხედავ -> ვღიზიანდები
რას განვიცდი -> სიტუაცია
მაგ.,
მე ვბრაზდები -> როცა გაკვეთილის ახსნის დროს ლაპარაკობენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ „მე-მესიჯის“ მეშვეობით ურთიერთობის გაუმჯობესება ხდება არა მხოლოდ აგრესიული ქცევის მქონე ბავშვებთან, არამედ – ზოგადად ადამიანებთან.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • elisabedi says:

    დღეს ბევრი ადამიანი აგრესიულად არის განწყობილი,სამწუხაროდ, ტაძარშიც კი შეინიშნება მსგავსი ტიპის საქციელი რაც ადამიანს აბრკოლებს რწმენაში

  • Teona says:

    Samwuxarod xdeba aseti faqtebic,chemi shvili 12wlisaa,3wlidan yovel shabat-kviras eziareboda da umetes dros tacarshic vatarebdit.exla ramodenime tvea agar unada tacarshi wamosvla im mizezit rom ramodenimejer uxeshad da mwaret mices shenishvna radgan avadmyofobidan gamomdinare eklesiashi xan chumad damelaparaka.me ratqmaunda xels vuwyob da sxvadasxva tacarshic damyavs.me uflis imedi maq.mjera mova dro chemi giorgi isev daubrundeba eklesias da agar dachirdeba eklesiashi damalva imis shishit ar datuqoson.

  • როზა გაფრინდაშვილი says:

    ყველა აქ ჩამოთვლილი რეკომენდაცია კარგია, მაგრამ აგრესიის პირველმიზეზი – შინაგანია, რაც ყველა აქ ჩამოთვლილის პირველმიზეზია! ანუ,აგრესია რაიმე ინსტინქტური მოთხოვნილების დაბლოკვაზე – მიმართული, შემაფერხებელი ფაქტორისგან თავდასაცავი რეაქციაა, რაც ჩვილობაში გაუცნობიერებელი პროტესტია! დიდი ალბათობით, შესაძლოა ადამიანმა თავისი აგრესიულობის მიზეზი (მომატებული აგზნება იქნება ის თუ უფროსების უგულისყურობა) ვერც/არც დიდობაში გააცნობიეროს. მოთხოვნილებებს კი სრულად რა დააკმაყოფილებს! ანუ – არის მოთხოვნილება? არ არის მისი დამაკმაყოფილებელი საშუალებები? ე.ი. არის აგრესიაც! პრევენცია კი მხოლოდ მოთხოვნილებათა კონტროლის უნარია, რასაც დღეს აღარ ასწავლიან, პირიქით, რაც შეიძლება უკონტროლოდ აღძრავენ ისეთ მოთხოვნილებებს, რაზეც მოზარდთა უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება უსახსრობის გამო! ამიტომ გაიზარდა ჩვენში “უმიზეზოდ აშარებული” ახალგაზრდობა. ამის “წამალი” სპორტი, სპორტი და კიდევ სპორტია ან ცეკვა-სიმღერა, რაც ასევე უსაშველოდ ძვირი ღირს, ჩვენი მოსახლეობის 90-მდე პროცენტისათვის! აქციები ვინმეს (დამნაშავის) მიმართ კი არ უნდა გაიმართოს, არამედ უნდა მოვითხოვოთ სპორტისა და სახელოვნებო დარგების დაფინანსება ბიუჯეტიდან ანუ მოსახლეობისთვის – უფასოდ! ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოზარდი თავისი აგრესიის კონტროლს – მისი ენერგიის კონსტრუქციულად “დახარჯვას” არ ისწავლის! (თუმცა, ახლა აღარც ამას ასწავლიან).

    როზა გაფრინდაშვილი

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი