მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ბავშვი – საზოგადოების სრულფასოვანი წევრი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.05.2013 | 7,694 ნახვა

ხშირად მშობლის მიერ აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომების გამო პიროვნებას მომავალში პრობლემები აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობისას. რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა, რომ ასეთი პრობლემის წინაშე არ დადგეს? ბავშვი რა ასაკიდან და როგორ უნდა ვანგრძნობინოთ ბავშვებს, რომ ისინი არიან სრულფასოვანი პიროვნებები?
„ამბიონს“ ამ საკითხზე ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგი, თამარ მუმლაძე ესაუბრა:

რამდენად გონივრულად ხდება დღეს მშობლების მიერ შვილის აღზრდა?

ბავშვის აღზრდა წარმოადგენს პროცესს ჩვილობიდან ზრდასრულ ასაკამდე, რომელიც გულისხმობს ბიოლოგიური მშობლების და/ან სხვა მზრუნველი პირების მხრიდან ბავშვის ფიზიკური, ემოციური, სოციალური, ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობას.

ალბათ არ მოიძებნება ისეთი მშობელი, რომელსაც დაშვებული არ ექნება გარკვეული შეცდომები ბავშვის აღზრდის პროცესში. მთავარია ეს შეცდომა არ იყოს იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სავალალო დაღი დაასვას პიროვნების ჩამოყალიბებას.

ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარ მიდგომას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, მშობელს/მზრუნველ პირს შეეძლოს ბავშვის საჭიროებების განსაზღვრა და მათი სათანადო დონეზე დაკმაყოფილება. ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს მშობლების/მზრუნველი პირების მიდგომები, მათი აღზრდის სტილი. ოპტიმალურია მიდგომა, როდესაც მშობელი/მზრუნველი პირი ბავშვისადმი სითბოს გამოხატვასთან ერთად, ერთი მხრივ, გარკვეულ საზღვრებში აქცევს ბავშვის დამოუკიდებლობას, გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს ბავშვის ქცევას (თუმცა ისე, რომ უხსნის ამ შეზღუდვების აზრსა და მიზეზს) და მეორე მხრივ, არ ახშობს ბავშვის ინიციატივასა და ცნობისმოყვარეობას, იჩენს მზაობას ბავშვების აზრების მოსასმენად და განუწყვეტლივ ზრუნავს მათ სწავლასა და განვითარებაზე. ასეთი მიდგომა შეესაბამება ე.წ. „ავტორიტეტული“ აღზრდის სტილს. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი აღზრდის სტილის შემთხვევაში ბავშვები ყველაზე კარგად ახდენენ გარემოსთან ადაპტაციასა და სოციალური კომპეტენციის მაღალი დონითაც გამოირჩევიან.

რა არის საჭირო ბავშვის საზოგადოებაში ინგერაციისათვის?

ბავშვის სოციალური განვითარება ჩვილობიდან იწყება. ჩვილის პირველი ღიმილი უკვე მიუთითებს სხვა პიროვნებასთან ურთიერთობის მოთხოვნილებაზე და უნარზე. თანდათანობით ბავშვის უნარები ვითარდება, ქცევების რეპერტუარი იზრდება და სოციალური მოთხოვნილებებიც უფრო მრავალფეროვანი ხდება.

უნდა ითქვას, რომ ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა საბავშვო ბაღი და სკოლა, მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია არ აკისრია. ეს არის გარემო, სადაც ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა დაამყაროს პირდაპირი კონტაქტი თანატოლებთან და უფროსებთან. შესაბამისად, პირველ რიგში, ხელი უნდა შეეწყოს ბავშვების ჩართვასა და აქტიურ მონაწილეობას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინკლუზიას, რადგან, სამწუხაროდ, ხშირად ისინი ასეთი დაწესებულებების მიღმა რჩებიან ფიზიკური გარემოს ადაპტაციის დეფიციტის, მშობლების არასაკმარისი ძალისხმევის ან სხვა ფაქტორების გამო. შესაბამისად, ისინი მოკლებულნი არიან არა მარტო საგანათლებლო გარემოს, არამედ სოციალურ ურთიერთობებსაც, რასაც თავის მხრივ მივყავართ სოციალურ იზოლაციამდე.

როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ისე ოჯახმა ხელი უნდა შეუწყოს ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. ერთი მხრივ, უნდა მოხდეს ბავშვებში სოციალური უნარების განვითარება (მაგალითად, კომუნიკაციის უნარები, სოციალური წესები, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, კონფლიქტების მოგვარება და ა.შ.), მეორე მხრივ, კი უზრუნველყოფილ უნდა იქნას ბავშვების ჩართვა სხვადასხვა გასართობ აქტივობებში, ღონისძიებებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (გასართობი პარკები, კაფე-რესტორნები, კინო, თეატრი) და ა.შ.

ხშირად უმწეო პატარების მიმართ ახორციელებენ ჩაგვრას დამცირების, დაცინვის, დაყვირების, შეშინების ფორმით. რა შეიძლება გამოიწვიოს ამგვარმა დამოკიდებულებამ ბავშვში და დააბრკოლებს თუ არა მომავალში იგი საზოგადოებასთან ჯანსაღ ურთიერთობაში?

სისტემატიური ჩაგვრა, დამცირება, დაყვირება, შეშინება მიიჩნევა ბავშვზე ძალადობად, რამაც უდავოდ ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვის ფსიქიკურ განვითარებასა და ფუნქციონირებაზე. იმ მრავალფეროვან ნეგატიურ მოკლევადიან თუ გრძელვადიან შედეგებს შორის, რასაც ძალადობა იწვევს, არის ბევრი ისეთი სირთულე, რამაც შესაძლოა პირდაპირი გავლენა მოახდინოს საზოგადოებასთან ჯანსაღ ურთიერთობაზე. მაგალითად, ასეთი სირთულეებია სხვადასხვა სახის ემოციური და ქცევითი პრობლემები (თვითშეფასების დაბალი დონე, ემოციური რეგულაციის პრობლემები, აგრესიული ქცევები და ა.შ.). ერთი მხრივ, პრობლემა შეიძლება თავად პიროვნებას უშლიდეს ხელს ურთიერთობის დამყარებაში, მეორე მხრივ კი, შესაძლოა საზოგადოებამ არ მიიღოს პიროვნება სწორედ ამ პრობლემის გამო.

დღეს ბავშვების უმრავლესობას საზოგადოებასთან კონტაქტი არასრულფასოვნად აქვს. ძირითადად ურთიერთობებს ამყარებენ ვირტუალური ფორმით, რაც შემდეგ თავს იჩენს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

ვირტუალური კომუნიკაცია პიროვნებებს შორის კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმაა, რასაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია დღევანდელ საზოგადოებაში. კომუნიკაციის აღნიშნული ფორმას განსაკუთრებული როლი აკისრია იმ შემთხვევებში, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ადამიანებს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაცია არის შესაძლებელი (მაგალითად, ფიზიკური დისტანციის გამო). არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ვირტუალური კომუნიკაცია ურთიერთობის დამატებით ფორმას წარმოადგენს. მაგრამ თუ ვირტუალური კომუნიკაცია ანაცვლებს სხვა სახის ურთიერთობებს და ბავშვი უმეტეს დროს კომპიუტერთან ატარებს, მაშინ ეს არც თუ ისე სასიკეთოა. მსგავს სიტუაციებში გარშემომყოფებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გაზარდონ ბავშვის ინტერესი და ჩართულობა რეალურ სოციალურ ურთიერთობებში. პირველ რიგში, სასარგებლო იქნება, თუ შევეცდებით იმის მიზეზების განსაზღვრას, თუ რატომ ანიჭებს ბავშვი უპირატესობას ვირტუალურ კონტაქტებს. იქნებ სიმორცხვეა ის მიზეზი, რაც აშინებს ბავშვს დაამყაროს პირდაპირი კომუნიკაცია თანატოლებთან?! იქნებ ბავშვის დაბალი თვითშეფასებაა მიზეზი?! ან იქნებ გარემო არ აძლევს საშუალებას ჩაერთოს რეალურ სოციალურ აქტივობებში (მაგალითად მშობლები არ უშვებენ ეზოში სათამაშოდ, არ უშვებენ დაბადების დღეებზე და ა.შ.)?! უამრავი ასეთი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, რისი ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება (მიზეზების აღმოფხვრა, ალტერნატიული ურთიერთობების ხელშეწყობა) დაგვეხმარება „დავაბრუნოთ ბავშვები ვირტუალური სამყაროდან რეალურ სამყაროში“.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი აღვიქვათ საზოგადოების სრულფასოვან წევრად?

ბავშვისადმი არსებული შეხედულებები და დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმ მიდგომებს, რაც ბავშვის აღზრდის პროცესში გამოიყენება გარშემომყოფების მხრიდან.

ბავშვის საზოგადოების სრულფასოვან წევრად აღქმა უბიძგებს ადამიანებს რომ პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, მოუსმინონ მათ აზრებს, გაითვალისწინონ მათი სურვილები, საჭიროებები, ინტერესები და შეუქმნან სათანადო პირობები სრულყოფილად განვითარებისა და პიროვნების ჯანსაღი ჩამოყალიბებისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული უფლებები (არსებობს გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კონვენცია), რომელთა აღიარება და დაცვა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი